06:22 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
მადონა თედორაძე

ემიგრანტი ქალის წერილები: გამომრთეთ, გამომრთეთ, თორემ გადავიწვები!..

© photo: courtesy of Madona Tedoradze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
155930

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი, ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა.

მადონა თედორაძე: „უცხოეთში არ შემხვედრია უვარგისი, უხერხემლო ქართველი ქალი, თითქოს ყველანი დარჩეულები არიან“.       

საქართველოში მასწავლებელი ვიყავი, თბილისის 180-ე საშუალო სკოლაში ვასწავლიდი. ერთ დღეს, ქვეყანა რომ აირია, სხვების მსგავსად მეც არჩევანის წინაშე დავდექი, მერე კი ემიგრაციის გრძელ გზას დავადექი...

მახსენდება, რომ სამი დღე და ღამე ვიმგზავრეთ. თბილისიდან ავტობუსით წამოვედი. მთელი გზა ღრუბლებს ვუყურებდი. სულ მჩვეოდა მათი თვალთვალი, მაგრამ ასეთი მეტყველი არასოდეს ყოფილა. მერე თითქმის ნახევარი დღე, თესალონიკიდან ათენში ჩასვლამდე გახსენებას ვცდილობდი – რა ანეგდოტი მომიყვა მანანამ გამოცილების დროს, სიცილით რომ დავიხოცეთ? დღემდე ვერ გამიხსენებია. მთელი გზა დედის დამწუხრებულ სახეს „ვხედავდი“ და მისი ხმა „მესმოდა“: ეს შენ არ უნდა დაგმართნოდა, შვილო...

მადონა თედორაძე
მადონა თედორაძე

გამოცილების დროს გულომ, ჩემმა მეზობელმა გვერდზე გამიყვანა და მერამდენედ დამმოძღვრა: "იცოდე, რომ სამუშაოდ მიდიხარ, მონად კი არა!" ანის სიტყვებიც მახსოვს: "შენ არავინ დაგიჯერებს ასეთი რომ ხარ, მეც დიდხანს არ მჯეროდა და უცხო ხალხისგან არ გაგიკვირდეს თუ ვერ გაგიგეს“. ეკამ ცრემლები ვერ შეიკავა, ქეთი თითქოს ახლა მიხვდა, რა უნდოდა, ჯილდამ გულზე ხელი დაირტყა და მხოლოდ მან რომ იცის, ისეთი იმედი გამომატანა...

მერე, მახსოვს, ჩამთვლიმა. სიზმარში თვითმფრინავზე ვიდექი, აკრობატული ნომერი უნდა ჩამეტარებინა და აღმოვაჩინე, რომ დამცავი ღვედი არ მეკეთა. ამის გაფიქრებამაც კი შემძრა და გამომაღვიძა.

- არ უნდა გასწიო რისკი, როცა დედა გყავს, - გავიფიქრე იმ დროს და მე დედა მყავდა...

უცებ გამომეღვიძა. ჩამოვსულვართ. ნაცნობი ქალი და მე ავტობუსიდან გადმოვედით.

- ესეც ომონია, - გვითხრა მძღოლმა.

ქუჩა უნდა გადაგვეჭრა და დაბნეულ-დაბუჟულები კინაღამ მანქანას შევუვარდით. მან დაამუხრუჭა და გაისმა სართულიანი გინება ჩვენი დედების მისამართით... დალოცვილი ქართულით!

მადონა თედორაძე
მადონა თედორაძე

- ქართველები, ქართველები! - სიხარულით ავჟივჟივდით...

უცხოეთში არ შემხვედრია უვარგისი, უხერხემლო ქართველი ქალი. თითქოს დარჩეულები არიან. ასეცაა – განა ყველა გაბედავს და უცნობი ბედის შესახვედრად გაიწევს? ასე ზღაპრებში ხდება – ბევრი იარა, თუ ცოტა... წლების წინ შეჭიდებული ვიყავით სიდუხჭირეს, ჩვენ – დიასახლისები, ექიმები, მასწავლებლები, მსახიობები, ყველა პროფესიის ქალები. პირველ ხაზზე მდგარი ჯარისკაცები ვართ – შიშველი, მაგრამ ძლიერი ხელებით ვიბრძვით. ყოველდღიური რწმენით და მიზნით სავსეა ჩვენი საქმე.

უკან საქართველოა, ოჯახები და ჩვენც დინებას კალმახივით ახეული ლაყუჩებით აღმა მივუყვებით. იქნებ უფრო პარტიზანებს ვგავართ – მტერი რომ ვერაფრით მოიხელთებს, ყველგან რომ ყველაფრის საქმის კურსშია...

- "დედი, ამანათი იქნება კვირას“.

- "მარიამს ბებოსგან დაბადების დღისთვის“.

- "ბანკეტზე გიორგის, ბებოს სიცოცხლეს“.

- "ვაიმე, ახლავე მიიყვანეთ ექიმთან, საუკეთესოსთან, გადაამოწმეთ“.

და ფუსფუსი, ლოცვა. ლოცვა დედისა, ცაში ღმერთს რომ სწვდება!.. 

მადონა თედორაძე
მადონა თედორაძე

მახსოვს, ბავშვობაში მამულეთში იყო ყველაფერი ის, რასაც ახსნა არ სჭირდება და ასე ეძებს ჩვილობიდან სული – მშობლიური. ჩემი თბილი კერია – სოფელი ხერია. დიდხანს ვერ გამეგო, ვინ იყო ჩემი ნამდვილი ბიძია, მამიდა, ბიცოლა, ბიძაშვილი... ყველანი იმდენად მშობლიურები იყვნენ. ჩემი ტოლა გოგო-ბიჭები ფეხშიშველა დარბოდნენ. აბა, იმათ ხომ არ ჩამოვრჩებოდი და ცოტა ხანში ეკლებითა და ხიჭვებით სავსე ისევ მათი ზურგით სათრევი ვხდებოდი. ზაფხულობით ერთიანად ივსებოდა ბავშვებით იქაურობა. ვმართავდით კონცერტებს და ვიწვევდით სოფლელებს. ჩამოვაფარებდით ფარდებს, ისინი კი დასხდებოდნენ დაღლილნი და იწმენდდნენ სიხარულის ცრემლებს... ყველაფერი წარსულის ფარდის მიღმა დარჩა, შორს და სამუდამოდ...

უცხოეთში ზომბებივით ავმუშავდით... ავმუშავდით, ავმუშავდით და დავრჩით ასე ჩართული!.. ზოგჯერ ძილში ჩემივე ბუტბუტი მესმის ხოლმე: გამომრთეთ, გამომრთეთ, თორემ გადავიწვები!..

 

მთავარი თემები