ქორეოგრაფი, რომელმაც თანამედროვე ლაზები ქართული ცეკვის მშვენიერებას აზიარა თურქეთში

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ქორეოგრაფს, რომელმაც თურქეთში, ინეგლოში ქართული ცეკვის ანსამბლი დააარსა.

როდესაც 2010 წელს ბესო ბუხაიძე ინეგოლში მიიწვიეს, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ ვინ იცეკვებდა მის მიერ დაარსებულ ანსამბლში, თუმცა სახელწოდებამ „ჩვენებურები” ეს საკითხი თავისთავად გადაჭრა...

ამ ანსამბლის წევრები აჭარიდან გადასახლებული ლაზები არიან, ვისთვისაც ქართული ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფიული ილეთები არ არის – საკუთარ ფესვებთან დაბრუნების გზა და საშუალებაა.

ანსამბლმა დაარსების დღიდან არაერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, არაერთი კონცერტი ჩაატარა. დროთა განმავლობაში კი პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.

© photo: courtesy of Beso Buxaidzeანსამბლი "ჩვენებურები" სცენაზე
ქორეოგრაფი, რომელმაც თანამედროვე ლაზები ქართული ცეკვის მშვენიერებას აზიარა თურქეთში - Sputnik საქართველო
ანსამბლი "ჩვენებურები" სცენაზე

მაკედონიის საერთაშორისო კონკურსზე ანსამბლმა „ჩვენებურები“ პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთის პროექტში „ნიჭიერი“ ნახევარფინალში გავიდა და მაყურებელი აღაფრთოვანა.

როგორც გავიგეთ, ინეგოლი, სადაც, არაოფიციალური სტატისტიკით, ქართული წარმომავლობის ყველაზე მეტი ადამიანი სახლობს, ბოლო დროს სწორედ ანსამბლ „ჩვენებურებით“ გახდა ცნობილი...

© photo: courtesy of Beso Buxaidzeოჯახთან ერთად
ქორეოგრაფი, რომელმაც თანამედროვე ლაზები ქართული ცეკვის მშვენიერებას აზიარა თურქეთში - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

– ბატონო ბესო, ალბათ ინეგოლში თქვენ როგორც მხოლოდ ქორეოგრაფს არ აღგიქვამდნენ...

– ზუსტად ასე იყო... საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ: ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როცა ცეკვა დავიწყე, ექვსი წლის ვიყავი და ამის მერე ამ სფეროში ვარ დაკავებული. ადრე ვცეკვავდი ანსამბლში „ოქროს საწმისი”, რომლის ხელმძღვანელი ბატონი გია ლიპარიშვილი იყო. რაც შეეხება ინეგოლს, იქ მიწვევა ჩემთვის დიდი პატივი იყო, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ეთნიკურად ყველაზე ბევრი ქართველი ცხოვრობს, აქ დაახლოებით 18 ქართული სოფელია. ინეგოლში ქართული ტრადიციების მიმდევარი ხალხი ცხოვრობს. აქ ძალიან უყვართ ჩვენი კულტურა. ამიტომაც ქართული ცეკვის შესწავლის ბევრი მსურველი აღმოჩნდა. როდესაც ინეგოლში მიმიწვიეს, იმჟამინდელი ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი მეჰმედ ნური თაიარი, იგივე მამია დუმბაძე გახლდათ. მის თვალებში იმხელა ენთუზიაზმი და ქართული კულტურის ისეთი სიყვარული დავინახე, რომ მივხვდი, ამ ხალხისთვის ქართული ცეკვა სამშობლოსთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა და საშუალება იყო. ამჟამად სათვისტომოს სათავეში ბატონი ომერ ფარუკ დემირთაში უდგას. ლაზები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

© photo: courtesy of Beso Buxaidzeბესო ბუხაიძე რეპეტიციაზე
ქორეოგრაფი, რომელმაც თანამედროვე ლაზები ქართული ცეკვის მშვენიერებას აზიარა თურქეთში - Sputnik საქართველო
ბესო ბუხაიძე რეპეტიციაზე

– ალბათ ანსამბლის პირველი კონცერტი დღემდე გახსოვთ...

– როდესაც პირველი ფესტივალი ჩავატარე, მას ზღვა ემოცია მოჰყვა. კონცერტის შემდეგ სცენაზე მიმიწვიეს და მადლობა გადამიხადეს. მერე შემომეხვივნენ და ყველამ ერთად ხელში ამიყვანა – ასე გამოხატეს სიხარული და მადლიერება. კულისებში ყველა ასაკის თვალცრემლიანი ადამიანები შემოდიოდნენ, ხელებზე მეფერებოდნენ და მკოცნიდნენ. როცა მათ სიხარულს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ამის მიზეზი მე ვიყავი, ბედნიერებით ვივსებოდი. ფესტივალის შემდეგ ყოველი რეპეტიცია დღესასწაულივით იყო. ვხედავდი ბავშვების გაორმაგებულ მონდომებას, ისინი ხშირად მეუბნებოდნენ სიტყვებს, რომლის გამოც თავს საოცრად უხერხულად, მაგრამ ბედნიერად ვგრძნობდი: „ჩვენთვის პირველი ღმერთია და მეორე – თქვენ”... 

© photo: courtesy of Beso Buxaidzeმოცეკვავეებთან ერთად
ქორეოგრაფი, რომელმაც თანამედროვე ლაზები ქართული ცეკვის მშვენიერებას აზიარა თურქეთში - Sputnik საქართველო
მოცეკვავეებთან ერთად

– სცენაზე როგორ ვლინდება ლაზების ქართული გენები?

– ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს: ორივეს ძალიან გვიყვარს საქართველო და ეს მათ სულისკვეთებაში ვლინდება – ისეთ ცეცხლს ანთებენ ხოლმე სცენაზე, რომ ამას დარბაზის სულ ბოლო რიგში მჯდარი მაყურებელიც გრძნობს. მათი ცეკვა გულგრილს არავის ტოვებს. ინეგოლში ჩამოდიოდნენ ხოლმე და ჩემ რეპეტიციებს ესწრებოდნენ ბატონები ანზორ ერქომაიშვილი და ფრიდონ სულაბერიძე. ისინი ბავშვების ემოციური გამოსვლით ძალიან ბედნიერები იყვნენ და ხშირად იმეორებდნენ, რომ მე დიდ საქმეს ვაკეთებდი, ეს კი ჩემთვის დამატებითი სტიმული იყო...

– საქართველოში თუ გამოსულა „ჩვენებურები“?

– საერთოდ კონცერტით ძალიან ბევრ ქალაქში გამოვდიოდით, მაგრამ განსაკუთრებით ამაყი მაშინ ვიყავი, როდესაც საქართველოში ჩავატარეთ. ეს ჩვენი მოცეკვავეებისთვის თავისებური გამოცდასავით იყო, რომელიც წარმატებით ჩააბარეს! „ჩვენებურები“ დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს არა მარტო ჩემი, მთელი ანსამბლისა და ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელობის შრომის ნაყოფია. იმედი მაქვს, რომ ქართული ცეკვის ცეცხლი ინეგოლში არასოდეს ჩაქრება – ჩემ შემდეგ მას ჩემი ლაზი მოსწავლეები არ გაანელებენ და მერე უკვე ისინი ასწავლიან ქართულ ცეკვას მომავალ თაობებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0