21:33 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
79840

საბედნიეროდ, ყველა ადამიანის ცხოვრებაშია თუნდაც ერთი ისეთი შეხვედრა, რომელიც წლების მერე უფრო დაუჯერებელი გეჩვენება და ადამიანი, ვისთან ურთიერთობაც რაც დრო გადის უფრო ფასდაუდებელი ხდება.

ქალბატონ ია სულაბერიძესაც ახსოვს ამბავი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება და შეგნება, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ამოაყირავა... სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან მისი, პროფესიით ექიმის, პოეტად ხელდასმა, არც მეტი, არც ნაკლები, მურმან ლებანიძის მიერ მოხდა!.. 

დღეს იგი ხუთი პოეტური კრებულის ავტორი, ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ლაურეატი, იტალიაში ჩატარებული კონკურსის "ახალგაზრდა ევროპის" გამარჯვებული და პრემიის მფლობელი გახლავთ.

ის სულებერიძე ტარიელ ჭანტურიასთან ერთად
ის სულებერიძე ტარიელ ჭანტურიასთან ერთად

- ქალბატონო ია, თქვენს ფბ-სტატუსზე ასე გიწერიათ: „სამედიცინო ინსტიტუტი - ჯანდაბა ჩემს თავს“. რატომ ჯანდაბა? გაიძულეს, სამედიცინოზე ჩაბარება თუ მოდა იყო და ფეხის ხმას აჰყევით?

-აი, სწორედ მასე - მოდაში იყო, მაშინ თუ მაგარი იყავი, აუცილებლად უნდა დაგემთავრებინა სამედიცინო ინსტიტუტი, არადა, მაგარი ვიყავი... რომანტიკოსიც ვიყავი, მაგრამ ტექნიკური საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია ძალიან მაგრად ვიცოდი.. სამედიცინოზე ფიზიკა ქიმია ბარდებოდა და ამ საგნებში როგორც თევზი წყალში ისე ვიყავი. თანაც, იმ დროს სრული ისტერიკა იყო - ქალი სამედიცინოს თუ დაამთავრებდა, იმაზე ამბობდნენ მზითევი რაღად უნდაო? ასეთი სტერეოტიპები არსებობდა. პედიატრიული ფაკულტეტი დავამთავრე და მერე ექვსი წელი რუსთავის პირველ პოლიკლინიკაში ვიმუშავე, ასე რომ, დიპლომი მარტო მზითევში არ წამიღია...

ის სულაბერიძე
ის სულაბერიძე

- ძალიან საინტერესო და მე ვიტყოდი, სათავგადასავლო „პოეტური ოდისეა“ გქონდათ, მოგვიყევით...

- იყო და არა იყო რა... რა თქმა უნდა, ზღაპარს არ ვყვები, მაგრამ ჩემთვის ეს ამბავი ზღაპარია და ჰქონდეს ასეთი დასაწყისი. 1986 წელია და მე სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. თანაც ლექსებმაც არ დამანება თავი. მათ ჯგუფელებს, მეგობრებს ვუკითხავ და თავს მიწონებენ, ინსტიტუტის საღამოებსა და სტუდენტურ დღეებზე ვკითხულობ და არის ტაში!... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს, მოდი, ჩვენზე უფრო კომპეტენტურს წააკითხეო. ჩიტი რომ ხეზე იჯდა და ხელის აქნევას ელოდებოდა, ისე ვიყავი. ვტაცე ერთ საერთო რვეულს ხელი, გადავაწიკწიკე რამდენიმე "ჯილა" ლექსი და არც მეტი, არც ნაკლები, "ცისკრის" რედაქციას მივადექი, მაშინ ჯანსუღ ღვინჯილია იყო რედაქტორი. ბატონმა ჯანსუღმა დახედა ჩემს რვეულს, უკან გამომიწოდა და ამიხსნა, რომ „ცისკარი" პროფესიონალთა, ანუ უკვე სახელმოხვეჭილ  მწერალთა კავშირის წევრ-ხელოვანთა ორგანო იყო და მე დამწყებ და ახალფეხადგმულთა ორგანოსათვის, "ნობათისათვის" მიმემართა.

იტალიის კონკურსის ორგანიზატორები და მხატვარი გოგი წერეთელი (ცენტრში) ია სულაბერიძის დაჯილდოების ცერემონიაზე
ია სულაბერიძე - იტალიის კონკურსის გამარჯვებული და ღონისძიების ორგანიზატორები

- ეჭვი მაქვს, ნაწყენი დარჩებოდით...

- თითქოს დამაკმაყოფილა პასუხმა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ნაწყენობა გამომყვა. ვერ ვხვდებოდი, რა მეწყინა... ამას მოგვიანებით მივხვდი - "ნობათის" რედაქციაში. "ნობათის" მაშინდელმა რედაქტორმა, აწ უკვე ჩემმა დღევანდელმა კარგმა მეგობარმა, ბაღათერ არაბულმაც დახედა ჩემს რვეულს და "ცისკრის" რედაქტორივით უკან გამომიწოდა- ხელნაწერ მასალას არ ვიღებთ, გადაბეჭდეთ და ისე მომიტანეთო. არაფერი მითქვამს, მაგრამ ბრაზმა რომ ამიტანა, მაშინ მივხვდი, იმ პირველი წყენის მიზეზსაც. არც ერთმა რედაქტორმა არ გადაშალა და არ ჩაიხედა რვეულში, ერთი სტროფიც არ წაუკითხავთ. იმ წუთებში დაბეჭდვაზე მეტად მათი აზრი მაინტერესებდა. რომ იცოდეთ, რა დღეში მყავს ამის გამო დღეს ბაღათერი?!..

მურმან ლებანიძესთან ერთად
მურმან ლებანიძესთან ერთად

- გავუსწრებ მოვლენებს და მკითხველს ვეტყვი, რომ ამ ამბავს ბევრად ბედნიერი ფინალი აღმოაჩნდა: თქვენი ლექსები ძალიან დიდმა ქართველმა პოეტმა მოიწონა...

- ასეც იყო... გადავწყვიტე, რედაქციებისათვის თავი დამენებებინა და პოეტის შეფასება მეძებნა. არჩევანის წინაშე არ ვმდგარვარ, ვიფიქრე: თუ პოეტს წავაკითხებ, მაშინ ის მხოლოდ მურმანი უნდა იყოს მეთქი. ის ყველაზე დიდია თანამედროვეებში, ყველაზე მეტად მიყვარს და მისგან უარყოფით შეფასებასაც ბედნიერი მოვისმენდი. მაშინ მურმანი რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ აბაშიძის მოადგილე იყო. მე ჩემი ტანჯული რვეულით მას სამსახურში ვეწვიე. მურმანის ავტორიტეტი უსაზღვრო იყო და ისიც, უზომოდ კეთილი და თავმდაბალი, ყველა ნაცნობის დამხმარე და გაჭირვების ტალკვესი გახლდათ. მოკლედ, შევედი ოთახში, ერთ მაგიდასთან გრიგოლ აბაშიძე (!) ზის, მეორესთან -მურმანი (!) აქეთ კიდევ მე, 20 წლის დაბნეული გოგო... ორივეს მივესალმე. ბატონო მურმან, თქვენთან ვარ-მეთქი... მიყურებს, რომ ამომიცნოს, დარწმუნებულია, რომ ვინმე ახლობლის შვილი ვარ და რაღაც უნდა ვთხოვო. ისიც თბილად გაღიმებული, მისთვის დამახასიათებელი დაბალი ხმითა და ოდნავ რაჭული კილოთი მეკითხება: „ვისი ხარ, გენაცვალე, შენა?"- შევატყე, დარწმუნებულია იმაში, რომ ნაცნობ სახელსა და გვარს გაიგონებს. ჰოდა, პაუზის მერე: ია სულაბერიძე ვარ-მეთქი, ვუპასუხე. „რა გაგჭირვებია, ია სულაბერიძეო?“ არადა, მადგა გასაჭირი - მურმან ლებანიძეს უნდა ვთხოვო- თუ არ შეწუხდებით, ამ ჩემს ლექსებს გადახედეთ და თქვენი აზრი მითხარით-მეთქი - ამას გაბედვა და თავხედობა არ უნდა?! "იმ" ია სულაბერიძემაც: ლექსებს ვწერო-ამოილუღლუღა. „უჰ, მე ისე გკითხე და შენ თურმე, მართლა გაგჭირვებიაო“ -მითხრა მურმანმა. „მერე, რა ვქნათ ახლაო?“... ამაზე სამივეს გაგვეცინა და გული მომეცა: „ბატონო მურმან, სავსე კი არაა ეს რვეული, სულ რამდენიმე ლექსია შიგ, თან ლამაზი კალიგრაფია მაქვს და წაკითხვისას არ შეგაწუხებთ. ეგებ წაგეკითხათ -მეთქი“-ამოვთქვი და მუდარით შევხედე. მურმანმა უცნაური, დამტუქსავი ღიმილით შემომხედა: „მაინცდამაინც მურმან ლებანიძემ გინდა, რომ პირველმა წაიკითხოს შენი ლექსებიო“?! მე ვუთხარი: „სხვამ არავინ წაიკითხა-მეთქი“ და წინა ვიზიტების ამბები მოვუყევი. მან თან გაიღიმა და თან წარბი შეიკრა: „უყურე შენ, მაგათაო“ მერე უცებ მეუბნება: „მომეცი აქა“...

ია სულაბერიძის წიგნის პრეზენტაცია
ია სულაბერიძის წიგნის პრეზენტაცია

- მოკლედ, გარისკეთ და თქვენი ლექსების რვეული მურმან ლებანიძეს გადაეცით... 

- ასე იყოს... ვერასდროს ვივიწყებ იმ გულის ამოვარდნას და იმ "მომეცი აქას". მოკლედ გავუწოდე რვეული. "სად სწავლობ, ია სულაბერიძე?" მკითხა:  როცა ვუპასუხე აშკარად არ მოეწონა: "არა უშავს, თუმცა, ინსტიტუტი ცუდი არაა, ზუსტად ერთ კვირაში გელოდებიო". იქ უკვე, წესით და რიგით, აღარაფერი მესაქმებოდა, მაგრამ წასვლა არ გინდოდა?! ძლივს დავიყოლიე საკუთარი ფეხები, რომ კარისაკენ წავეყვანე. ის ერთი კვირა უძილობის, უმადობის, მოლოდინის, ფორიაქის შვიდი დღე იყო. ვერ ვხვდებოდი, ეს დაუოკებელი ამბიცია საიდან გამოხტა. მერე მივხვდი, ეს ამბიცია არ იყო, უარყოფითი შეფასებით ჩემს კერპთან ურთიერთობა მთავრდებოდა და ეს იყო ის, რაც ყველაზე ძალიან არ მინდოდა. ერთი კვირაც გავიდა... ისევ ის კარი, ისევ ის ოთახი, ისევ გრიგოლ აბაშიძე და მურმან ლებანიძე და მე... საკუთარი გულისცემის ხმა მესმოდა და მეშინოდა სხვასაც არ ესმოდეს მეთქი... მისალმება მოვასწარი და გამარჯობის ნაცვლად მესმის: "კაცო, წუხანდლამდე არ მომიკიდია შენი ლექსებისათვის ხელი, რომ გამახსენდებოდი, სულ იმას ვფიქრობდი, იმ კარგ გოგოს ისეთი რა ვუთხრა, რომ ძალიან არ ვაწყენინო-მეთქი. ტექსტიც მოვიფიქრე: შენ ისეთ ინსტიტუტში სწავლობ, მაგისთვის დროის წართმევა არ შეიძლება, მთლიანად მედიცინის კარგად დაუფლებას უნდა დაუთმო შენი ენერგია და თუ ძალიან შეგაწუხებს, ხანდახან შეგიძლია, ლექსიც წერო." მე არ შევიმჩნიე, რომ ტირილი მომინდა და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვუმკლავდებოდი. მურმანმა გააგრძელა: "ჰოდა, წუხელ ავიღე ეს შენი რვეული და დავიწყე კითხვა და რას გეტყვი, იცი? -სულ აღარ მჭირდება იმ ჩემი დალაგებული ტექსტის თქმა, პირიქით, რაც შეიძლება, მეტი დრო უნდა დაუთმო ლექსებს, კითხვას, წერას. ისე, თუ თანახმა ხარ, მე -მამა და შენ -შვილი." თანახმა თუ ხარო? ასე მოკლე ხანში ორი თავზარი ერთდროულად მეტისმეტია, მაგრამ „გადავიტანე". კარადიდან თავისი წიგნი გამოიღო, კალამი მოიმარჯვა, გადაშალა, წააწერა და გამომიწოდა. ხომ არ ვიცოდი, რა დააწერა, მაგრამ იმ წამს ისეთი ძვირფასი გახდა ის წიგნი ჩემთვის, დღემდე ასეა. იცით, რა წააწერა? - "ჩემს საყვარელ პოეტს, ია სულაბერიძეს" და ხელმოწერა. მე ჯიბიდან ფურცელი ამოვიღე და მაგიდაზე დავუდე. ფურცელზე მისდამი მიძღვნილი ჩემი ლექსი ეწერა:

იღება კარი - უბრალო, თითქოს

და ყველა სიმის ერთად შერხევა!

კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს

თქვენი და ჩემი ხელის შეხება!

ვარ თქვენგან, თქვენით სმენად ქცეული,

სულს აღტაცება მივსებს ღვარებად,

თქვენ -ჭაღარა და ღვთისგან რჩეული,

თქვენ პოეტი და ცისფერთვალება!..

-მაშინ მე 20 წლის ვიყავი და მას შემდეგ 34 წელი გავიდა... მურმანმა მასწავლა ის, რომ რასაც ხელს მოვაწერ, მხატვრულად და გრამატიკულად გარანდულ-გამართული უნდა იყოს. მან მირჩია: ყველას ენდე, მაგრამ სანამ ფანქრით ხელში თვითონ არ წაიკითხავ, ისე არავის არაფერი დააბეჭდინოო. ამიტომ ჩემი პუბლიკაციებისა და წიგნების კორექტურას ყოველთვის თავად ვაკეთებ...

ია სულაბერიძე მურმან ლებანიძესთან ერთად
ია სულაბერიძე მურმან ლებანიძესთან ერთად

-ლოგიკური იქნება, თუკი ამ საუბარს, უფრო მონოლოგს, თქვენს მიერ დაწერილ-გარანდული რომელიმე ლექსით დავასრულებთ...

- მაშინ ეს იყოს ლექსი “ნაირსახეობა ძაფისა“

-რა ცოტაა, ვინც მისახვედრს მიგვიხვდება,

ყველანი ვართ გამოცდაზე, დრო კი გვცდის...

ზოგი ძაფი წინდისათვის იგრიხება,

ზოგი ძაფი -სახრჩობელას თოკისთვის...

რიყისაა - რაც ნაპირზე ირიყება,

მდინარე კი წავა, როდი მოგიცდის...

ზოგი ძაფი მანდილისთვის იგრიხება,

ზოგი ძაფი -სახრჩობელას თოკისთვის...

ჩემი სიტყვაც სხვა სიტყვებში რაკი ისმის,

ვიცი, თავის ტკივილია ზოგისთვის...

ზოგი ძაფი იგრიხება მანტიისთვის,

ზოგი ძაფი -სახრჩობელას თოკისთვის!..

 

 

მთავარი თემები