ქართველი ქირურგი პეტერბურგში და უცხოელი პაციენტის ქართულად წამოცდენილი „ვაი, დედა“

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ განაგრძობს საზღვრებს გარეთ მცხოვრები წარმატებული ქართველების გაცნობას, დღეს ამისთვის სანქტ-პეტერბრუგში „ჩავალთ“.

უჩა დოლიძე – ექიმი, რომელიც 2001 წლიდან სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და ადგილობრივ სისხლძარღვთა ინოვაციურ კლინიკაში წარმატებულად საქმიანობს. ძირითადად ქვედა კიდურების ვარიკოზულ დაავადებას მკურნალობს. მანამდე თბილისის სამედიცინო აკადემია დაამთავრა, 2001-2003 წლებში სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო სასწავლებელში ქირურგიაში ორდინატურა გაიარა.

დღეს ქართველ ექიმს დიდი სურვილი აქვს საქართველოში დაბრუნდეს, თუმცა მიზეზთა გამო ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება... დარწმუნებული ვართ, რომ მისი დაბრუნებით ქართული მედიცინა გამოცდილ, კვალიფიციურ სპეციალისტს შეიძენს.

© photo: courtesy of Ucha Dolidzeუჩა დოლიძე
ქართველი ქირურგი პეტერბურგში და უცხოელი პაციენტის ქართულად წამოცდენილი „ვაი, დედა“ - Sputnik საქართველო
უჩა დოლიძე

– ბატონო უჩა, თავიდან დავიწყოთ, ექიმის პროფესიის არჩევა როდის გადაწყვიტეთ?

– ექიმი ოჯახში არავინ მყავს, ექიმობა დაბეჯითებით დაახლოებით მეშვიდე-მერვე კლასში გადავწყვიტე, რადგან ქიმიამ, როგორც საგანმა დამაინტერესა და ძალიან მომეწონა. ხოლო როცა მეცხრე კლასში ანატომიის შესწავლა დავიწყეთ, ამის მერე მომავალი პროფესიის არჩევანზე აღარ დავფიქრებულვარ. 1994 წელს ბათუმის პირველი პროფილური გიმნაზია დავამთავრე. ჩემი სკოლის პერიოდი, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები ბათუმს უკავშირდება. ბავშვობა აქ გავატარე, ამიტომ ბათუმი ჩემთვის მშობლიური სახლია, აქ შევიგრძენი სითბო, თავისუფლება, მეგობრობა, ერთგულება, ზღვა, სიმწვანე და წვიმა...

© photo: courtesy of Ucha Dolidzeუჩა დოლიძე
ქართველი ქირურგი პეტერბურგში და უცხოელი პაციენტის ქართულად წამოცდენილი „ვაი, დედა“ - Sputnik საქართველო
უჩა დოლიძე

– თბილისის სამედიცინო აკადემიის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ორდინატურა ქირურგიაში სანქტ-პეტერბურგში გაგევლოთ?

– როცა ინსტიტუტს ვამთავრებდი, მაშინ ასეთი მოარული აზრი სუფევდა სტუდენტებში, რომ რუსეთის ნებისმიერ დიდ ქალაქში პოსტდიპლომური განათლება საუკეთესო ვარიანტი იყო. შესაბამისად, მეც იქით გადავწყვიტე წასვლა და მოვხვდი პეტერბურგში.

© photo: courtesy of Ucha Dolidzeუჩა დოლიძე
ქართველი ქირურგი პეტერბურგში და უცხოელი პაციენტის ქართულად წამოცდენილი „ვაი, დედა“ - Sputnik საქართველო
უჩა დოლიძე

– თქვენ მუშაობთ სისხლძარღვთა მიმართულებით, რა სახის ინოვაციებია დარგში და პირადად თქვენ მკურნალობის რა ფორმას მიმართავთ? 

– 2008 წლიდან დღემდე ვმუშაობ სისხლძარღვთა ქირურგიის ვიწრო დარგში – ფლებოლოგიაში, რომელიც ვენების დაავადებების მკურნალობას ემსახურება. 2008 წლიდან კლინიკაში წარმატებულად ვიყენებთ მცირეინვაზიურ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ განაკვეთების გარეშე, ადგილობრივი გაუტკივარებით, ნაწიბურებისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე მივიღოთ მკურნალობის დადებითი შედეგი. ძირითადად ვმკურნალობ ქვედა კიდურების ვარიკოზულ დაავადებას, ესთეტიკურ ვარიკოზს, რისთვისაც ლაზერულ და მიკროქირურგიულ ტექნოლოგიებს ვიყენებ.

© photo: courtesy of Ucha Dolidzeქალიშვილთან ერთად
ქართველი ქირურგი პეტერბურგში და უცხოელი პაციენტის ქართულად წამოცდენილი „ვაი, დედა“ - Sputnik საქართველო
ქალიშვილთან ერთად

– საქართველოში თუ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, ან პერიოდულად მაინც აქ ჩამოსვლას?

– რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას და აქ საქმიანობას, დაახლოებით ხუთი წელია ვცდილობ უკან დაბრუნებას და, სიმართლე გითხრათ, ადგილობრივი ბიუროკრატიის და ერთეული პიროვნებების ხელის შეშლის გამო დღემდე ვერ მოვახერხე გადმოსვლა. ისე, ძალიან მინდა დაბრუნება და, მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად დავბრუნდები.

© photo: courtesy of Ucha Dolidzeკოლეგებთან ერთად
ქართველი ქირურგი პეტერბურგში და უცხოელი პაციენტის ქართულად წამოცდენილი „ვაი, დედა“ - Sputnik საქართველო
კოლეგებთან ერთად

– ქართველი პაციენტები თუ გყავთ?

– ქართველი პაციენტი ცოტა მყოლია და მათი მიღება და მათთან მუშაობა ყოველთვის მიხარია, ისინი ყველაზე საუკეთესოები მგონია. ქართველ პაციენტთან არა, მაგრამ ქართულთან დაკავშირებით ერთი ამაღელვებელი ამბავი მახსენდება: ერთი ნაოპერაციები უკრაინული წარმოშობის პაციენტი მყავდა, რომლის პირველი შეხვევის დროს თითქოს რამდენჯერმე მომესმა ქართულად ნათქვამი: „ვაი დედა". ამ ფაქტს საქართველოში ალბათ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იმ გარემოში ქართული სიტყვების გაგონებამ ჩემში სხვა ემოცია გამოიწვია. როცა მეორე დღესაც გავიგე იგივე, ვკითხე, ქართული იცოდა თუ მეჩვენებოდა. აღმოჩნდა, რომ ის მამაკაცი საქართველოში გაზრდილი ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ქართველი არ იყო და ენაც თითქმის დავიწყებოდა, ძლიერი ემოციებისა და გრძნობების გამომხატველ ფრაზებს მაინც ბავშვობის ენაზე წარმოთქვამდა...

© photo: courtesy of Ucha Dolidzeკოლეგებთან ერთად
ქართველი ქირურგი პეტერბურგში და უცხოელი პაციენტის ქართულად წამოცდენილი „ვაი, დედა“ - Sputnik საქართველო
კოლეგებთან ერთად

– როგორია ქართველი ქირურგის პეტერბურგული „თეთრი ღამეები“?

– ჩემთვის პეტერბურგი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, რომელთანაც ბევრი დადებითი და თბილი ემოცია მაკავშირებს. აქაურ კლიმატს კარგად შევეგუე, ვფიქრობ, ალბათ იმიტომ, რომ ის ბათუმისას ჰგავს. საქართველოში ყველაზე მეტად მენატრება ჩემი პატარა ლელეშკო, კიდევ, რა თქმა უნდა, მთლიანად ოჯახი, მშობლები, მეგობრები და ყველაფერი ქართული, რაც განსხვავებულად, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევს ადამიანს...

ყველა ახალი ამბავი
0