33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
მარიამ სირბილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არაერთი ქალი ებრძვის სიმსივნეს. ეს არც ისე მარტივი გზაა, თუმცა შეუძლებელიც არ არის. ამის დასტური კი მარიამ სირბილაძის საოცარი ისტორიაა.

მარიამი 33 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. სწორედ მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი დღეები იდგა მის ცხოვრებაში და შვილებთან ერთად ცხოვრებით ტკბებოდა, სრულიად მოულოდნელად სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ბევრი იბრძოლა, იმედი არასოდეს დაუკარგავს და საბოლოოდ, როგორც თვითონ ამბობს, „სიკვდილი მოკლა“. მარიამი ამჯერად იმ ქალებს ამხნევებს და თანადგომას უცხადებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ ეტაპს, რაც მან უკვე გადალახა.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. სანამ ძუძუს კიბოს დიაგნოზს დამისვამდნენ, ვცხოვრობდი ძალიან აქტიურად – სამსახური, ბავშვები, მეგობრები, მოგზაურობები. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიაგნოზის შემდეგ ამ კუთხით რამე შეიცვალა, გარდა იმისა, რომ მკურნალობის გამო მომიწია ოჯახისგან შორს ყოფნა.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

- რა სიმპტომები გქონდათ, რატომ გადაწყვიტეთ ექიმთან მისვლა?

- 2018 წლის მაისში, ერთ დილით ბავშვებთან თამაშის დროს მივიღე პატარა ტრავმა მარჯვენა ძუძუზე, რის შემდეგაც დამეწყო ტკივილები და იმ კონკრეტული ადგილის შეშუპება. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, რადგან მანამდე არანაირი სიმპტომი არ მქონდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქმე ისეთ რთულ პათოლოგიასთან მექნებოდა, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. ერთი თვის შემდეგ გადავწყვიტე დამენიშნა ვიზიტი მამოლოგთან და დავიწყე საუკეთესო მამოლოგის ძებნა მთელი ევროპის მასშტაბით. საბოლოოდ ბევრი წვალების შემდეგ მოვახერხე რომის ძუძუს კიბოს კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, პროფესორ რიკარდო მაზეტისთან დაკავშირება. 2018 წლის 19 ივლისს პროფესორმა საბოლოოდ დაადასტურა დიაგნოზი – სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კარცინომა. მესამე C სტადია, 32 მეტასტაზით ლიმფურ კვანძებში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა პაციენტისთვის დიაგნოზის სწორად და სიფრთხილით მიწოდებას. ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა. პროფესორთან საუბრის დასრულებისთანავე ვიგრძენი სიმშვიდე. მან შეძლო და ყველა შიში გამიქრო. ამიტომ ვთვლი, რომ ექიმის დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, დიაგნოზის სიფრთხილით და სწორად მიწოდება, გულწრფელობა არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდ როლს თამაშობს მოვლენების შემდგომ განვითარებაში.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeშვილებთან ერთად
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
შვილებთან ერთად

- ამ დიაგნოზს ელოდით?

- პროფესორ მაზეტისთან ვიზიტის დანიშვნა აღმოჩნდა ურთულესი. პირველი ვიზიტის შესაძლებლობა ოთხი თვის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში მქონდა, რაც ჩემ შემთხვევაში წარმოუდგენლად დიდი დრო იყო, ამიტომ პროფესორ მასეტის მდივანს გავუგზავნე ფოტოები და მოვუყევი ყველა სიმპტომის შესახებ. ეს დამეხმარა ორ კვირაში შევხვედროდი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მამოლოგს. დიაგნოზს უკვე ველოდი, ვიცოდი, რომ ის, რაც მჭირდა, არ იყო უბრალო მასტოპატია ან ფიბროადენომა. ამას ისიც ადასტურებდა, რომ პროფესორმა რაც შეიძლება მალე ისურვა ჩემი ნახვა. ეს ორი კვირა იყო ალბათ ყველაზე რთული პერიოდი მთელი ამ ისტორიის განმავლობაში.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeშვილებთან ერთად
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
შვილებთან ერთად

- ფსიქოლოგიურად როგორ შეხვდით ამ ამბავს, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- ფსიქოლოგიურად ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ვარ. არასოდეს მაშინებდა პრობლემები. უბრალოდ, როდესაც გგონია, რომ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი – კარიერაში, ურთიერთობებში, გყავს ჯანმრთელი შვილები, უამრავი განსახორციელებელი გეგმა, მიზანი და უცებ დგები სიკვდილის რისკის საფრთხის ქვეშ. როდესაც ექიმი გეუბნება, რომ კიბო გჭირს, ერთიანად ღამდება და იმ კონკრეტულ მომენტში რასაც გრძნობ, ამის აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. თავდაყირა დგება მთელი განვლილი ცხოვრება და ძალიან ბუნდოვანია მომავალი. საერთოდ არ მახსოვს როგორ დავტოვე პროფესორ მაზეტის სავიზიტო ოთახი, როგორ მოვედი სახლამდე და საერთოდ რას ვაკეთებდი სრული 24 საათის განმავლობაში. ძალიან ბევრი ვიტირე და არავისთან საუბარი არ მსურდა. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ის 24 საათი იყო მთელი ის დრო, როდესაც ავად ვიყავი. სარკესთან დავდექი და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ახლა სიკვდილის დრო არ იყო. ძალიან ბევრი რამე მქონდა გასაკეთებელი და ვერ მივცემდი კიბოს უფლებას ჩემთვის წაერთმია ძალიან ბევრი ბედნიერი დღე და მომენტი. ამიტომ დავიწყე ბრძოლა, ძუ ლომივით ვიბრძოლე მთელი ეს პერიოდი. საერთოდ არ ვგრძნობდი თავს ონკოლოგიურ პაციენტად. არ ვიცი საიდან ვპოულობდი ძალას მეზრუნა საკუთარ თავზე, ახალ სამსახურზე, სხვა პაციენტებზე, ახალ პროექტებზე და გეგმებზე, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

ახლა ვამბობ, რომ ვერ აღმოჩნდა საკმარისად ვერაგი ეს ავადმყოფობა, იმდენი ცუდი ადამიანი გაუშვა და იმდენი მზე ადამიანი შემოიყვანა ჩემ ცხოვრებაში. მთლიანად მომიხდა ყველაფრის გადაფასება, რაც მანამდე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო, ყველაფერმა აზრი დაკარგა. ძალიან უმნიშვნელო და პატარა დეტალებით ვარ ბედნიერი. უფრო მეტად მიყვარს საკუთარი თავი, უფრო მეტად ვუფრთხილდები, ვთვლი, რომ ყოველი დღე უფლის საჩუქარია და ამ საჩუქარს ვიღებ დიდი სიხარულით. უფრო მეტად ვუფრთხილდები ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს, მეტი სიფრთხილით ვეკიდები მათთან საუბარს, დამოკიდებულებებს. ვცდილობ ნაკლებად ვატკინო გული ადამიანებს, ვიყო ნაკლებად უხეში. ამ ავადმყოფობამ მასწავლა, ვიყო მზრუნველი საკუთარი თავის და სხვების მიმართ. ვთვლი, რომ მე და ყველა ადამიანმა, ვისაც მოგვიხდა სიკვდილთან ძალიან ახლოს ყოფნა, სხვებისგან განსხვავებით გაცილებით კარგად ვიცით სიცოცხლის ფასი. ამიტომ დიაგნოზის დღიდან ყოველდღე ვეუბნები ყველას, ვისთანაც შეხება მაქვს, რომ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, წავიდეთ სკრინინგ-ცენტრში, გამოვიკვლიოთ პრობლემური ორგანოები, რადგან ექიმთან წასვლა არ ნიშნავს სიკვდილს, ექიმთან წასვლა ნიშნავს ადრეულ პრევენციას, პრევენცია კი ნიშნავს სიცოცხლეს.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

- როგორ წარიმართა მკურნალობის პროცესი და რის გადატანა მოგიხდათ ამ ხნის მანძილზე?

- სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა ინდივიდუალური სამკურნალო გეგმა ჩემი პათოლოგიის ხასიათის, ჩემი ასაკის და კლინიკური მონაცემების მიხედვით. ეს გეგმა არ ითვალისწინებდა რადიკალურ მასტექტომიას. დავიწყეთ პირდაპირ ნეოადიუვანტური მკურნალობით, ქიმიო და თარგეტული თერაპია. ქიმიური პრეპარატით პაკლიტაქსელით და ორი ბიოლოგიური პრეპარატით, როგორიცაა ჰერცეპტინი და პერჯეტა. ჰერცეპტინის და პერჯეტას როლი HER2+ ხასიათის სიმსივნის შემთხვევების დროს არის უმნიშვნელოვანესი. რადგან ეს ორი პრეპარატი ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით პირდაპირ, დამიზნებით ანადგურებს სიმსივნურ ქსოვილებს და მთლიანად ბლოკავს მათ აქტივობას. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი ჩვენი ორგანიზაციის, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტს, ჩემ და უამრავი პაციენტის ძვირფას მეგობარს ანა მაზანიშვილს და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დღეს HER2+ სიმსივნის მატარებელ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ძალიან ძვირადღირებულ პრეპარატზე – ჰერცეპტინზე მიიღონ დაფინანსება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უმეტეს შემთხვევაში სრულიად გამოჯანმრთელებისთვის.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

მკურნალობის პერიოდი იყო რთული, მაგრამ მე არ მქონია ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ტკივილები, უძილობა, კუჭნაწლავის პრობლემები და ა.შ. ამიტომ ყოველთვის ვეუბნები პაციენტებს, რომლებსაც არ სურთ ქიმიოთერაპიით მკურნალობა, რომ ყოველი ადამიანი არის ინდივიდუალური და, შესაბამისად, სიმპტომები და გვერდითი ეფექტებიც არის ყველასთვის განსხვავებული.

ერთ ღამეში დავკარგე წარბ-წამწამი, მომიხდა თმის გადაპარსვა, მოვიმატე 37 კილოგრამი, მაგრამ ერთი დღე არ შემიწყვეტია მუშაობა ახალ პროექტებზე, დავდიოდი სამოგზაუროდ, ვვარჯიშობდი სპორტდარბაზში, ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა. რადგან არასოდეს არ მქონდა იმაზე ფიქრის დრო, რომ ავად ვიყავი და კიბო მქონდა, ისე გადიოდა დღეები, საერთოდ არ მახსენდებოდა საკუთარი ავადმყოფობა.

რაც შეეხება მკურნალობის ეფექტურობას, ჩემ შემთხვევაში ქიმიო და თარგეთ თერაპიის დაწყებიდან ექვს კვირაში მთლიანად ალაგდა ლიმფური მეტასტაზები და მკურნალობის დაწყებიდან ცხრა თვეში მთლიანად გაქრა სიმსივნური კვანძი. ვაგრძელებ თარგეტ თერაპიას და თავს ვგრძნობ ძალიან კარგად.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

- რა როლი ითამაშეს თქვენმა ოჯახის წევრებმა, რომ ეს რთული პერიოდი დაგეძლიათ?

- საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრებს არ მოუწიათ სრული სირთულით გადაეტანათ ჩემი ავადმყოფობა, რადგან ოჯახისგან შორს ვიყავი. გარეგნულად არც არასდროს მეტყობოდა და სატელეფონო ზარების დროს საერთოდ არ ვსაუბრობდით ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე რთულად გადაიტანეს მთელი ეს პერიოდი, მაგრამ არასოდეს არ მაგრძნობინებდნენ თავს ავადმყოფად. ეს ძალიან დამეხმარა და ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო დედას და მთელ ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემი შვილების მამას, რომელმაც სრულიად აიღო პასუხისმგებლობა შვილებზე და მე მშვიდად ყოფნის საშუალება მომცა. მადლობა სრულიად უცხო ადამიანებს, ყველას, ვინც შეძლო და ერთი წვეთი სითბო მაინც შემოიტანა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდში. ყველას გულწრფელი მადლობა.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

- და, ბოლოს, თქვენ დაამარცხეთ კიბო. რა გრძნობაა ეს?

- ეს არის სიკვდილზე გამარჯვება. დაამარცხო კიბო – არ ნიშნავს გადაარჩინო მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე. ეს ნიშნავს გადაარჩინო უამრავი ადამიანი, უამრავი პაციენტი და მათი ოჯახის წევრები, რადგან ამით მათ ეძლევათ მაგალითი, იმედი და ბრძოლის უნარი. რწმუნდებიან, რომ კიბო არ არის განაჩენი და რომ ის განკურნებადია. მე არ ვარ მარტო, არც ერთადერთი და არც განსაკუთრებული, ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემზე ადრე შეძლეს კიბოს დამარცხება და მე მომცეს იმედი, ძალა და მაგალითი, ამიტომ დღეს მე ვიქნები ჩემი მომდევნოს სტიმული. ამ დროის მონაცემებით, ყოველ მერვე ქალს ცხოვრების განმავლობაში აქვს ძუძუს კიბოს დიაგნოზი. იკლო პაციენტების ასაკმაც. ადრე თუ სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები ფიქსირდებოდა 40 წელს გადაცილებულ ქალებში, დღევანდელი სტატისტიკით ძალიან ბევრი გვყავს 20-25-30 წლის პაციენტი, ამიტომ ჩემნაირი ადამიანები სწორედ მათთვის არიან მაგალითი, მათ ისევე შეუძლიათ გადარჩენა, როგორც მე შევძელი და ჩემამდე კიდევ უამრავმა.

© photo: courtesy of Mariam Sirbiladzeმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

- დღეს რა რეჟიმში მიდის თქვენი ცხოვრება? 

- ჩემი ცხოვრება ბოლო ერთი წელია არის ძალიან საინტერესო და დატვირთული. ბევრად უფრო კარგი და ნაყოფიერი, ვიდრე მანამდე იყო.

© Photo: Mariam Sirbiladze / FBმარიამ სირბილაძე
33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია - Sputnik საქართველო
მარიამ სირბილაძე

- რას ეტყვით, რას ურჩევთ ქალებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ ეტაპს, რაც თქვენ უკვე გაიარეთ?

- აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, დიაგნოზი არ არის დასასრული და კიბო იკურნება. რადგან მე შევძელი, ე.ი. ყველა შეძლებს. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0