00:14 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
ირაკლი ალფაიძე სცენაზე

ქართველი მომღერალი, რომელსაც გერმანიაში საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს

photo: courtesy of Irakli Alpaidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (36)
135640

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს გერმანიაში მცხოვრებ ირაკლი ალფაიძეს შეგახვედრებთ.

როცა ადამიანი მიზანსწრაფული და ნიჭიერია, სურვილის შემთხვევაში ყველა სფეროში მოახერხებს წარმატების მიღწევას. შესაძლოა, მაყურებელმა თავიდან სცენიდან გაგიცნოს როგორც მომღერალი და შემდეგ უცხო ქვეყანაში სრულიად სხვა სფეროში გახდე რეალიზებული.

ასე მოხდა ირაკლი ალფაიძის შემთხვევაშიც. ერთი პერიოდი პოპულარული ჯგუფის „სეფას ბიჭების“ მომღერალმა ძალები დოკუმენტური კინოს ჟანრშიც სცადა და რელიგიურ თემატიკაზე ფილმების მთელი ციკლი გადაიღო.

დღეს ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და აქვს საკუთარი სამშენებლო კომპანია „ალფა მშენებლობა", რომელიც გერმანიის, ჰოლანდიისა და ბელგიის მასშტაბით წარმატებულად საქმიანობს. მომავალში გერმანელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებას აპირებს. ირაკლის გერმანულ ქალაქ გრონაუში დავუკავშირდით.

ირაკლი ალფაიძე სცენაზე
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე სცენაზე

- ირაკლი, საქართველოში მომღერალი და შემდეგ ტელეწამყვანი იყავით, საუბარიც აქედან დავიწყოთ, როგორი იყო ის წლები?

- მუსიკა და სატელევიზიო სფერო მონათესავე დარგები არიან და ადაპტირება ნამდვილად არ გამჭირვებია. თუმცა გარკვეული ბარიერის გადალახვა, ცხადია, დამჭირდა, მაგრამ ყველაფერი ადვილად დალაგდა. გარკვეული თეორიული ცოდნა უკვე მქონდა ტელევიზიის კუთხით და მხოლოდ ამის გადატანა მჭირდებოდა პრაქტიკაში, რაც, ვფიქრობ, ნორმალურად მოვახერხე. ჩემთვის ის რამდენიმე წელიწადი ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება „სეფას ბიჭების“ პერიოდს და მუსიკასთან ჩემ ურთიერთობას, ეს, რა თქმა უნდა, წარსულს ჩაბარდა. თუმცა არ არსებობს ცხოვრებაში ეტაპი, როცა ამაზე არ ვფიქრობ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საქმიანობის პარალელურად მუსიკის სფეროში დაბრუნება ისევ მომინდეს. თუმცა ეს ჩემი ძირითადი პროფესია არასდროს ყოფილა, იმ დროსაც კი, როცა ჯგუფს საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა. მაშინაც კი პარალელურად სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობდი.

ირაკლი ალფაიძე
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე

- საქართველოში გადაღებული გაქვთ დოკუმენტური ფილმები, მკითხველს შევახსენოთ რა თემატიკაზეა ისინი?

- ამ ფილმების ძირითადი მიმართულება ისტორიულ-რელიგიურია. იმ პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა, ასევე დამანახა ის მიმართულება, საითაც უნდა ამეღო შემდგომში გეზი. ამის შემდეგ გერმანიაში, იტალიასა და ჰოლანდიაში ადგილობრივ მართლმადიდებლურ სამრევლოებზე გაკეთდა ფილმები, რომლებიც ეკლესიის როლს ასახავს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სულიერ ცხოვრებაში. ჩემი ბოლო ნამუშევარი ყველაზე მასშტაბურია და ასეთი სახელწოდება აქვს "რვა ათასი ღვინის წელიწადი". ეს ფილმი თავიდან ბოლომდე გერმანულენოვანია და მაყურებელს უყვება იმ ტრადიციების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეღვინეობის მიმართულებით აქვს.

ირაკლი ალფაიძე დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს

- გერმანიაში რატომ გადაწყვიტეთ გადასვლა და თანაც რადიკალურად განსხვავებულ სამშენებლო სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოვიდეს და ყოველი ეტაპი საინტერესო იყოს. სწორედ ამან განაპირობა ჩემი იმ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რომ საცხოვრებლად გერმანიაში გადავსულიყავი. ამის წინაპირობა იყო ჩემი მეუღლე, რომელმაც ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდი დრო იცხოვრა და გერმანია ფაქტობრივად მისი მეორე სამშობლოა. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიას "ალფა მშენებლობა", სადაც ახლა ვსაქმიანობ, მისი დაარსება 2017 წლის დასაწყისში მოხდა. დღეს გერმანიის, ჰოლანდიისა და ბელგიის მასშტაბით აქტიურად ვსაქმიანობთ. ამ სამი წლის მანძილზე კომპანიამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დიდ პროექტში. ვცდილობ ამ მიმართულებით საქართველოშიც გვქონდეს პროექტები და სწორედ ახლახან გერმანელ პარტნიორებთან ერთად დაისახა გეგმა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ მსხვილ ინვესტიციას გულისხმობს.

ირაკლი ალფაიძე- სამშენებლო ობიექტზე ყოფნის დროს
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე- სამშენებლო ობიექტზე ყოფნის დროს

- ქართველისთვის, ისევე, როგორც გერმანელისთვის, სახლი წმინდა ადგილია და მნიშვნელოვანია როგორ სახლში იცხოვრებს. საინტერესოა, როგორ ბინას ითხოვენ გერმანელები ქართველი მშენებლისგან, როგორია კომფორტი მათი წარმოდგენით?

- გერმანული სახლები ქართულზე ბევრად უფრო სადაა. ქართველი დამკვეთები ბევრად უფრო პრეტენზიული არიან. სხვადასხვა სახის დეკორს და ფერთა სხვაობას ითხოვენ. ქართველმა სხვადასხვა ოთხში შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული დეკორაციისა და ფერის კედელი მოითხოვოს. გერმანელები კი ძირითადად ერთ ფერს ირჩევენ მთელი სახლისთვის, ძირითადად თეთრი ან ღია რუხი ფერი უყვართ. რაც შეეხება სახლის სწორად დაპროექტებას და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ფართს, ევროპელები საკმაოდ წინ არიან ამ საკითხში. თუმცა, ბოლო პერიოდში ხარისხიანი და კომფორტული სახლები საქართველოშიც შენდება.

ირაკლი ალფაიძე მეუღლესთან ერთად
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე მეუღლესთან ერთად

- როგორია ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ და რასთან მოგიწიათ შეგუება?

- გრონაუ, ასე ჰქვია ქალაქს, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. პატარა, მშვიდი და ლამაზი ქალაქია. ალბათ ამ ეტაპზე ამიტომაც ვაპირებთ აქ დარჩენას და მომავალში ქალაქის შეცვლა გეგმაში არ გვაქვს. ეს ქალაქი გეოგრაფიულადაც საინტერესოა, რადგან ჰოლანდიას ესაზღვრება და ჩემი საქმიანობისთვის საკმაოდ პრაქტიკულია ამ კუთხით. შეგუება ბევრ რამესთან მომიწია და ეს პროცესი არც ახლა დასრულებულა. ასეთი ძირითადად ბიუროკრატიული მიმართულებებია, რაც ბევრ შემთხვევაში ჩემთვის ახლაც გაუგებარია. როგორც გითხარით, სამშენებლო სფეროში ვარ და ამ მიმართულებით კადრების ნაკლებობას განვიცდით, არა მარტო ჩვენი კომპანია, არამედ ადგილობრივი ფირმებიც. სამწუხაროდ, ვერა და ვერ შედგა შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის, რათა საქართველოს მოქალაქეების დასაქმება გერმანიაში ლეგალურად მოხერხდეს. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, ვსარგებლობ მომენტით და კიდევ ერთხელ ვეხები ამ საკითხს.

- „სეფას ბიჭების“ დროს როგორ იხსენებთ?

- როცა ჩემი ცხოვრების მუსიკალურ პერიოდზე ვსაუბრობ, არასოდეს ვივიწყებ იმ ადამიანებს, ვინც იმ პერიოდში დიდი თუ პატარა მონაწილეობა მიიღო ჩემ წარმატებაში. პირველ რიგში, ეს ადამიანია დედაჩემი ირმა მალანია, რომელიც ყოველთვის დიდი სითბოთი და ჩვეული პროფესიონალიზმით მედგა გვერდით. სადაც ირმას ვახსენებ, იქვეა კოტე მალანიაც, რომელსაც უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე და არა მარტო მუსიკალური კუთხით. ასევე ჩემს პარტნიორებს, მეგობრებს, ჯგუფი „სეფას ბიჭების“ მომღერლებს და ყველა იმ კოლეგას თუ პარტნიორს, რომელთან ერთადაც მიმუშავია... მუსიკასა და ზოგადად ჩემ წარსულ გამოცდილებაზე სხვა სფეროში ჩემ დამკვეთებთან იშვიათად ვსაუბრობ. მათში გაოცებას იწვევს და ვერ იგებენ, რა კავშირშია მუსიკა და სამშენებლო სფერო ერთმანეთთან. ამიტომ ამ ფაქტის ხსენებისგან თავს ვიკავებ.

- გერმანიაში ცხოვრების პერიოდში სახალისო მომენტები რასთანაა დაკავშირებული?

- სახალისო და უჩვეულოა ალბათ ის, როცა უცხოელებს ზოგჯერ ქართულად ვესაუბრები. როცა მათ გაოცებულ სახეს ვხედავ, მერე ვაანალიზებ, რაც ხდება და ვუხსნი, რომ ეს ჩემი მშობლიური ენაა. ამის პრეცედენტი ბევრია, მერე ერთად ვხალისობთ ამ ამბავზე. გუშინაც იყო რაღაც ამდაგვარი: გერმანელი ნახაზს მაჩვენებს და მიხსნის ოთახების განლაგება როგორ უნდა რომ იყოს და უცებ მე ქართულად ჩამოვუყალიბე რა, როგორ და რანაირად... მთელ ამ დროს ის პირღია მიყურებდა. ასეთი ფაქტი ხშირია. ალბათ ეს იმის გამოა, რომ ჩემი ტვინი ქართულად ფიქრობს და როცა სამუშაო პროცეში ბოლომდე ვარ ჩართული, პასუხსაც ქართულად ვუბრუნებ.

- საქართველოსთან საქმიან კავშირს არ წყვეტთ...

- ჩემი „ალფა მშენებლობა" საქართველოშიც საქმიანობს. ზემოთ ვახსენე უცხოური ინვესტიცია, მაგრამ გარდა ამისა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძო დაკვეთებზეც ვმუშაობთ, ვაშენებთ აგარაკებსა და საოჯახო სასტუმროებს. ამიტომ საქართველოში ჩასვლა ხშირად მიწევს. თუმცა იქ ცხოვრების ნოსტალგია ყოველთვის მაქვს. ამ ეტაპზე გერმანიაში ვრჩები და საქმიანობას სრული სვლით ვაგრძელებ. მინდა ჩემი ყოველი წარმატება საქართველოს მივუძღვნა და მას დავუკავშირო…

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (36)

მთავარი თემები