„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი?

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliვახტანგ ბუჯიაშვილი
ვახტანგ ბუჯიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღემდე იმდენ სარეკლამო კლიპსა და ფილმშია გადაღებული, რომ სათვალავი აერია. მართალია, უმეტეს შემთხვევაში ეს პატარა როლებია, მაგრამ მისი სახასიათო გარეგნობის წყალობით უცხოელი რეჟისორები ფილმებისთვის ხშირად ირჩევენ. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, საუბარი რომელიმე მსახიობზე რომ ყოფილიყო.

სტატიის გმირი ვახტანგ ბუჯიაშვილი კი, არც მეტი, არც ნაკლები, პოლიციის მაიორი და შსს-სა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის კადრების ყოფილი თანამშრომელი გახლავთ. გარდა იშვიათი პროფესიული თვისებებისა, ის პიროვნულად გამოირჩევა – არის განათლებული ადამიანი, აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი, რაც მასთან ურთიერთობას საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის...

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliვახტანგ ბუჯიაშვილი
„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი? - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბუჯიაშვილი

- ბატონო ვახტანგ, როგორ აღმოჩნდით კინოსა და სარეკლამო ინდუსტრიაში?

- ბავშვობიდან აქა ვზივარ!

- ანუ?

- მართლა ასეა, ხელოვნების სფეროში ბავშვობიდან ვარ.

- თუ ასეა, პოლიციაში როგორ მოხვდით?

- კინოფილმი „ქვევრი“ გამახსენდა: „როგორ მოხვდი მანდა, უპასუხე უფროსსა!“. სერიოზულად კი, 1996 წლიდან 2007 წლამდე შსს-ში და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის კადრებში ვმუშაობდი. ხელოვნებასთან შეხება მართლა ბავშვობიდან მქონდა – სუხიშვილების სტუდია მაქვს დამთავრებული.

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliგადაღებაზე
„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი? - Sputnik საქართველო
გადაღებაზე

- რამდენ ფილმში ხართ გადაღებული?

- არ მესმის, კინოში ჩემი ხშირი გადაღება რატომ უკვირთ? ჩემისთანა ჭკუამხიარული კაცისთვის კოსმოსში რომ არ ვარ გაფრენილი, ეგაა გასაკვირი. იმდენ ფილმში ვარ გადაღებული, რომ მათი სახელები მართლა არ მახსოვს. გადაღებული ვარ არაბულ, ინდურ, გერმანულ, პოლონურ, ფინურ და კიდევ სხვა ქვეყნების ფილმებში.

- სად გიპოვეს უცხოელმა რეჟისორებმა, შსს-ს ბაზაში ნამდვილად არ მოგძებნიდნენ?

- საქმე ისაა, რომ ერთხელ ჩემმა ახლობელმა ჩემი ფოტო და საკონტაქტო რეკვიზიტები ერთ სპეციალურ მონაცემთა ბაზაში შეიყვანა და მას შემდეგ სულ მირეკავენ. სერიოზულ როლებზე არ არის ლაპარაკი, მეორეხარისხოვანი როლებია. ზოგჯერ 15 წუთი შეიძლება იყოს გადაღება, ზოგჯერ დღეში ორი გადაღებაც მქონდა. წინასაწარ ვერ გაიგებ როდის სჭირდები, რამდენი ხნით და რა როლისთვის, ეს ძალიან სპონტანურად ხდება.

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliსარეკლამო ბანერზე
„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი? - Sputnik საქართველო
სარეკლამო ბანერზე

- აქ ჩამოდიან გადასაღებად?

- ჩვენთან მოქმედებს პროექტი „გადაიღე საქართველოში“, რადგან უცხოელ რეჟისორებს ფილმის გადაღება აქ იაფი უჯდებათ. ამიტომ აქ ჩამოდიან და იღებენ ხან ფილმს, ხან რეკლამას, ხან კლიპს.

- საოცარია, ათასი ადამიანის ოცნებაა, რომ ფილმში გადაიღონ და თქვენ ისე ადვილად გიღებენ, თან არც გიოცნებიათ...

- რა ვიცი, ფაქტია, ასეა. ეგ უფრო ჩემი მეგობრის დამსახურებაა. მეძახიან ისტორიულ და თანამედროვე სხვადასხვა სახის ფილმებში, რასაც მეუბნებიან, იმას ვაკეთებ. ეტყობა მოსწონთ, თორემ მეორედ და მეასედ არ დამიძახებდნენ. ისტორიულში გადაღება არ მომწონს, რადგან, როგორც წესი, ასეთი ფილმები დიდხნიანია. განსხვავებულ როლებში ვარ გადაღებული, ყველაზე ხშირად ექიმს და პოლიციელს ვთამაშობდი. ერთ ფილმში ამერიკელი პოლიციელიც კი ვყოფილვარ...

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliსაგრიმიოროში
„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი? - Sputnik საქართველო
საგრიმიოროში

- რა უფრო რთულია – ფილმში ითამაშო ამერიკელი პოლიციელი თუ ცხოვრებაში იყო ქართველი პოლიციელი?

- ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, უფრო რთულია ცხოვრებაში იყო ქართველი პოლიციელი, რადგან ქართველად უნდა დარჩე მაშინაც კი, როცა არაქართულად გექცევიან. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში ქართულად უნდა იაზროვნო...

- ქალაქში გაკრულ ბილბორდებზეც ხშირად არის თქვენი ფოტო...

- ერთი პერიოდი მთელი თბილისი მოფენილი იყო „პროკრედიტ ბანკის“ სარეკლამო ბილბორდებით, სადაც პირველ პლანზე ჩემი სახე იყო. მაგის გარდა კიდევ ბევრი კომპანიის სარეკლამო რგოლში და ბანერზეც ვყოფილვარ.

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliგადაღების დროს
„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი? - Sputnik საქართველო
გადაღების დროს

- ყველაზე უჩვეულო გადასაღები დღე როდის იყო?

- ყველაზე უჩვეულო ის იყო, რომ ერთ დღეში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორი სხვადასხვა პარტიის სარეკლამო რგოლში გადამიღეს. მოკლედ, იმ დღეს ყვარყვარეს პონტში ვიყავი რაა... სერიალ „ჩცდ“-ს საერთოდ არ ვუყურებ და ერთ სერიაში მანდაც ვარ გადაღებული.

- თავიდან რომ დაიწყოთ ცხოვრება, მსახიობობას მთავარ პროფესიად აირჩევდით?

- ავირჩევდი... თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი მსახიობია და დაბადებიდან უამრავი როლის თამაში უწევს.

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliგადაღების დროს
„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი? - Sputnik საქართველო
გადაღების დროს

- ოპტიმისტი ადამიანი ხართ, ეს თქვენი ფეისბუკ-პოსტებითაც აშკარაა...

- აშკარად ოპტიმისტი ვარ, ასეთი გავჩნდი. მე ვფიქრობ, ოპტიმისტად უნდა დაიბადო ადამიანი, თორემ ასეთი ვერ გახდები. პესიმისტს ვერასოდეს გარდაქმნი ოპტიმისტად. ისევე, როგორც თუ ადამიანი მონად დაიბადა, ის თავისუფალი სულის პიროვნებად ვეღარ იქცევა. მონობასა და თავისუფლებაზე ენის ტლიკინისას უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ზნეობრივი კატეგორიებია და არა სოციალური. ადამიანთა ნაწილი, სოციალური წარმოშობისგან დამოუკიდებლად, სულით მონებად ყალიბდებიან და მონებად რჩებიან, სხვანი კი მუდამ ზნეობრივად თავისუფალნი არიან ნებისმიერ პირობებში. მოკლედ, ადამიანის შეცვლა შეუძლებელია, როგორი გენეტიკური კოდიც აქვს მას ჩადებული, ყოველთვის ისეთი იქნება. როცა ამბობენ, გაიზარდება და ჭკუა მოემატებაო, სისულელეა. ან კიდევ, ამიხსენით, ბოღმიანი ადამიანი, რაც უნდა ვეძახოთ სიკეთე აკეთეო, კეთილად იქცევა?

- იმასაც ამბობენ, ბედი – ხასიათიაო, ანუ როგორი ხასიათიც გაქვს, ცხოვრებაც ისე მიგყავს...

- რა ვიცი, ეს ოხერი, ხასიათი გადასარევი მაქვს, მაგრამ ცხოვრება რატომ მაქვს არეული?!.

© photo: courtesy of Vakhtang Bujiashviliვახტანგ ბუჯიაშვილი
„ბავშვობიდან აქა ვზივარ“, ანუ რას თამაშობს პოლიციის მაიორი? - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბუჯიაშვილი

- რომელიმე თქვენი ოპტიმისტური პოსტით ხომ არ დავასრულოთ საუბარი?

- „ცხოვრებაში მინდა ყველაფერ კარგში ვიყო პირველი, მყავდეს საყვარელი მეორე ნახევარი, არასდროს ვიყო მესამე და ზედმეტი, მქონდეს ჩემი ოთხი კუთხე, ჯანმრთელობა ხუთიანზე, გამაჩნდეს მეექვსე გრძნობა და ბედნიერებისგან ვიყო მეშვიდე ცაზე... და, კიდევ, თუ ოდესმე დაინახეთ რომ ვეცემი, სიცილის მაგივრად, სასწრაფოდ ჩაიფიქრეთ სურვილი“...

 

ყველა ახალი ამბავი
0