ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა

© photo: courtesy of Lana Bendukidzeლანა ბენდუქიძე
ლანა ბენდუქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის ფსიქიკა ამოუცნობია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარმა თავმა გაგაოცოს.

ლანა ბენდუქიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ქართულმა საზოგადოებამ ის ჯერ ჟურნალისტის ამპლუაში გაიცნო. მუშაობდა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, არის არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორი, რომელთა შორის არის „არტ-პარლამენტი“.

სულ ახლახან გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელზეც მან საოცარი ნამუშევრები წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი მხატვარი ხელოვნებაში ისეთი ახალი მიმართულების შემომტანია, რომელსაც თავად „იმპრესიონიზმი ძაფებში“ შეარქვა.

© photo: courtesy of Lana Bendukidzeლანა ბენდუქიძე
ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა - Sputnik საქართველო
ლანა ბენდუქიძე

- ლანა, სანამ ერთ დღეს საკუთარ თავს გააოცებდით, სხვებს რა უკვირდათ თქვენში?

- ლაღი და მხიარული ბავშვი ვიყავი და მქონდა ერთი თვისება – ბუნებასთან საერთო ენას ვპოულობდი და შემეძლო ყვავილებთან მელაპარაკა. ხან ვწერდი, ხან ვხატავდი და ჩემ სამყაროში ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი. რადგანაც ხელოვნების მიმართ მქონდა მიდრეკილება, ამიტომ ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე.

© photo: courtesy of Lana Bendukidzeლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა - Sputnik საქართველო
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- „მეოთხე ხელისუფლებაში“ მუშაობის პერიოდიდან რა გახსენდებათ?

- ჟურნალისტად მუშაობის პერიოდიდან ბევრი ფაქტი შეიძლება გავიხსენო. ძალიან რთულ და საინტერესო პერიოდში მომიწია პირველ არხზე, საინფორმაციო პროგრამა „მაცნეში“ მუშაობა (მაშინ „მოამბეს“ „მაცნე“ ერქვა), მაგრამ თქვენ შეკითხვაზე დაუფიქრებლად 1995 წლის ტერაქტი გამახსენდა. 1995 წლის 29 აგვისტოს, როცა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ქვეყნის კონსტიტუციის მიღება უნდა აღენიშნა, თბილისის ცენტრში, "იმელის" შენობის მიმდებარე ტერიტორია ძლიერი აფეთქების ხმამ მოიცვა. ყველა ჟურნალისტი სხვადასხვა ლოკაციაზე ვიყავით. მე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სტუმრებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებს ველოდებოდი. იქ ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება უნდა გამართულიყო. ღონისძიების ოფიციალურ გახსნამდე 15 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც საშინელი ხმა გაისმა, ყველანი გარეთ გავცვივდით, სადღესასწაულო განწყობა პანიკამ შეცვალა... ასე რომ, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში კონსტიტუციის მიღების საზეიმო ცერემონიით უნდა შესულიყო, საზოგადოების მეხსიერებას ტერორისტული აქტით შემორჩა.

© photo: courtesy of Lana Bendukidzeლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა - Sputnik საქართველო
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- მკითხველს შევახსენებ, რომ წლების შემდეგ თქვენი ინიცირებული იყო პარლამენტისთვის უჩვეულო ისეთი პროექტი, როგორიცაა „არტ პარლამენტი“...

- ეს იყო 2010 წელს, ჩემ განყოფილებაში გადმოვიდა თანამშრომელი, რომელიც პროფესიით მხატვარი იყო. ამის მერე იდეა გამიჩნდა, რომ გამეკეთებინა პროექტი, სადაც პარლამენტის თანამშრომლები საკუთარ ნიჭს გამოავლენდნენ და ამ გზით იქ მომუშავე ადამიანები ერთმანეთს სხვა კუთხითაც გავიცნობდით. მაშინ პირველად წარმოვადგინე საკუთარი ნახატებიც. მას შემდეგ მქონდა სერიოზული ლუფტი და გაჩერებული ვიყავი. მახსოვს ერთ ნამუშევარი ოთხი წელი ვერ დავამთავრე. ალბათ ყველაფერს თავისი დრო, განწყობა და მუზა სჭირდება.

© photo: courtesy of Lana Bendukidzeლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა - Sputnik საქართველო
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- ზეთის საღებავები ძაფებით ხატვით როდის შეიცვალა?

- წლების შემდეგ ძაფს ზეთის საღებავები შევუერთე და ნახატების შექმნა ასე დავიწყე. იმპრესიონიზმი ჩემი შთაგონების წყაროა და ამ მიმდინარეობას მხატვრობაში ყოველთვის გამოვარჩევ. ამიტომ ჩემს ნახატებსაც ასე დავარქვი „იმპრესიონიზმი ძაფებში“. ჩემი პირველი ნამუშევარი 2001 წელს შეიქმნა. ეს იყო შემოქმედებითი ძიების პერიოდი. თავდაპირველად აპლიკაციით დავიწყე, თუმცა ეს ჩემთვის ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მინდოდა რაღაც ახალი და მალევე მივედი ამ ტექნიკამდე, რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ძიების ეტაპებს გადიოდა.

© photo: courtesy of Lana Bendukidzeლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა - Sputnik საქართველო
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რამ თქვენამდე არ არსებობდა?

- ეს ტექნიკა 18 წლის წინ შევიმუშავე და, შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე არ არსებობდა. სიმართლე გითხრათ, ძაფებით ხატვა ჩემთვის ტექნიკურად სირთულეს არ წარმოადგენს და ნამდვილად ძალიან საინტერესო პროცესია. ძირითადი სამუშაო ხელით სრულდება და მისთვის მხოლოდ მაკრატელი და ძირითადად მულინის ძაფებია საჭირო. ზოგჯერ სხვა ძაფსაც ვიყენებ.

© photo: courtesy of Lana Bendukidzeგამოფენაზე
ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა - Sputnik საქართველო
გამოფენაზე

- ახლახან ჩატარდა გამოფენა, სადაც საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, „ლან-არტული“ გზით შექმნილი თქვენი ნამუშევრები იხილა...

- დიახ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გიორგი კალანდიას და ხელოვნების სასახლის გუნდს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის გამოფენაზე მოსული ყველა ადამიანის მოსაზრება საინტერესო და გასათვალისწინებელი იყო. მომავალში არ ვიცი კიდევ რა მოულოდნელ სიურპრიზს მიმზადებს საკუთარი თავი და ცხოვრება, ვიცი, რომ ხელოვნებასთან კავშირს ვეღარ გავწყვეტ, რადგან ხელოვნება ჩემთვის შთაგონებაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0