ქართველი ჯაზმენი, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ კლუბებში მღერის

© photo: courtesy of Nuci Nebieridzeნუცი ნებიერიძე
ნუცი ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ნიჭიერ მომღერალს ნუცი ნებიერიძეს გაგაცნობთ.

ჯაზს კი არ ასრულებს, თითოეულ კომპოზიციაში ჩასახლებულ საინტერესო პატარა ამბავს ჰყვება და ყოველ ჯერზე ნიჭიერად გადმოცემული ეს ამბავი განსხვავებულად და საოცრად ემოციურად ჟღერს...

მხატვრების ოჯახში გაზრდილმა, თავიდან ხატვის მიმართულებით სცადა წასვლა. თბილისის სამხატვრო აკადემიაში კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტი დაამთავრა. რადგან იმპროვიზაციები ცხოვრებაშიც უყვარს, ერთ მშვენიერ დღეს ინტერესთა სფერო შეიცვალა და მუსიკის გზა აირჩია. მისი მუსიკალური კარიერა მაშინ დაიწყო, როცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტობის დროს აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებზე. ყველაფრის მოტივაცია მუსიკის სიყვარული და ამერიკაში კარიერის გაგრძელება იყო.

© photo: courtesy of Nuci Nebieridzeნუცი ნებიერიძე
ქართველი ჯაზმენი, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ კლუბებში მღერის - Sputnik საქართველო
ნუცი ნებიერიძე

გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ მისი ამერიკული ოცნება სრულად ახდა. ნუციმ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ნიუ-იორკის მუსიკალური უნივერსიტეტი დაამთავრა, საკუთარი ალბომი ჩაწერა და დღეს კონცერტების ჩატარებას სთავაზობენ ისეთ პრესტიჟულ კლუბებში, სადაც ბროდვეის ლეგენდარული მუსიკოსები გამოდიან.

– ნუცი, ქრონოლოგიას მივყვეთ, თბილისური მუსიკალური ცხოვრება გაიხსენეთ...

– თბილისში აქტიური მუსიკალური ცხოვრება მქონდა. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად გამოვდიოდი კონცერტებზე, კლუბებსა და ბარებში. მყავდა სხვადასხვა ბენდი, ვაკეთებდი სტუდიურ ჩანაწერებს, ვმღეროდი სხვადასხვა ფესტივალზე და დიდ კონცერტებზე. მონაწილეობა მაქვს მიღებული სატელევიზიო კონკურსებშიც. ასე თანდათან ვაგროვებდი გამოცდილებას, ვწერდი მუსიკას. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ვემზადებოდი შემდეგი დიდი ნაბიჯისთვის, რასაც ნიუ-იორკში ჩასვლა წარმოადგენდა. დიდი მზადებისა და სამწლიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, აქ ჩამოვედი.

© photo: courtesy of Nuci Nebieridzeნუცი ნებიერიძე
ქართველი ჯაზმენი, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ კლუბებში მღერის - Sputnik საქართველო
ნუცი ნებიერიძე

– ნიუ-იორკში საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარეთ...

– დიახ, ეს გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური უნივერსიტეტი The New School For Jazz And Contemporary Music. ისე მოხდა, რომ საკმარისი ფინანსების არქონის გამო, შემდეგ კი აშშ-ის ვიზაზე ორჯერ უარის მიღების შემდეგ ზუსტად სამი წელი ნიუ-იორკში ვირტუალურად ვცხოვრობდი. გამოცდები სამჯერ ჩავაბარე და უნივერსიტეტიდან დაფინანსებაც თანდათანობით გამეზარდა. საბოლოოდ მაღალი დაფინანსებითა და მშობლების ხელშეწყობით აქ  ჩამოვედი, ვისწავლე და ახლა ეს უნივერსიტეტიც დავამთავრე.

– როგორი იყო თავისუფალ სამყაროსთან თქვენი პირველი რეალური შეხვედრა და შთაბეჭდილება?

– ჩემი პირველი შთაბეჭდილება ნიუ-იორკზე განსაკუთრებულად მძაფრი იყო, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, სამი წელი ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც პირველად გავედი მანჰეტენზე, გავიარე უნივერსიტეტთან იმ ქუჩებზე, სადაც ფოტოებით ვირტუალურად ვცხოვრობდი. პირველი წელი ძალიან ინსპირაციული იყო, მართლა ვეზიარე იმ „კულტურულ შოკს“, რითიც  ნიუ-იორკი გამოირჩევა. ახალ სამყაროსთან შეგუება სულ არ გამიჭირდა, პირიქით, აქ იმდენი ხანი ვერ ჩამოვდიოდი, რომ სწავლას და მოღვაწეობას დაგროვილი ენერგიით „შევუტიე“. სხვათა შორის, იმ ადგილზე, სადაც პირველი გასვლის დროს ყველაზე დიდი ემოციური შოკი დამემართა, ხანდახან ახლაც მივდივარ, ისევ იქ ვდგები, იმ ქუჩაზე, რომ იგივე განცდა გავიხსენო. ამ ფორმით ალბათ საკუთარ თავს მინდა შევახსენო, თუ რა გზა გამოვიარე და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი აქ ყოფნა...

– ამბობენ, ჯაზს მხოლოდ თავისუფალი სულის ადამიანები მღერიანო...

– ბავშვობიდან ვგრძნობდი კავშირს ამ მუსიკასთან, ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი გაუცნობიერებელი სწრაფვა თავისუფლებისკენ. მუდამ გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი და ჩემი შინაგანის რეალიზება სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. თუმცა ეს ეხება ზოგადად მუსიკასაც, რადგან ჯაზთან ერთად სხვა მრავალი ჟანრის გავლენაც მაქვს, რაც ახლა ერთბაშად ვლინდება ჩემ სიმღერებში და იდეებშიც. სულის გათავისუფლება მთელი ცხოვრების პროცესია, რაც, ვფიქრობ, ადამიანის მთავარი მისიაა. სწორედ ეს პროცესია ბრძოლა, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი აზრით, ჯაზიც ბრძოლაა, ბრძოლა თვითგანვითარების და შინაგანი თავისუფლებისთვის.

© photo: courtesy of Nuci Nebieridzeნუცი ნებიერიძე
ქართველი ჯაზმენი, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ კლუბებში მღერის - Sputnik საქართველო
ნუცი ნებიერიძე

– როგორია ამერიკული პუბლიკა, ვისთვისაც ჯაზს მღერით?

– ნიუ-იორკის პუბლიკა მრავალფეროვანია და ძალიან კულტურული. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი კონცერტი და ღონისძიება მქონდა ნიუ-იორკის სხვადასხვა პრესტიჟულ ვენიუებში, როგორებიცაა Birdland Jazz Club, Birdland Theatre, Club Bonafide, Rockwood Music Hall, Tribeca Performing Arts Center, Consulate General Of Georgia, The Amadeus Performance Hall და სხვ. ჩემ კონცერტებზე როგორც მუსიკოსები, კოლეგები, მასწავლებლები, მოსწავლეები, თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ასევე ტურისტები და სრულიად უცხო მსმენელიც მოდის. ისინი მიუხედავად იმისა, გიცნობენ თუ არა, დიდი პატივისცემით გისმენენ და გქომაგობენ. ამასთანავე, ქართველი პუბლიკაც განუყოფელი ნაწილია ჩემი კონცერტების, რითიც ძალიან ამაყი ვარ.

– გამორჩეული, დასამახსოვრებელი, საინტერესო ამბავი ციკლიდან “ერთხელ, ამერიკაში”...

– შარშან ჩავწერე ჩემი პირველი ალბომი და პრეზენტაცია–კონცერტის ჩატარება ძალიან მინდოდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლეგენდარულ ვენიუში, სადაც ძალიან ძნელია მოხვედრა. იქ მინიმუმ ნახევარი წლით ადრე უკვე გაწერილი აქვთ პერფორმანსების ცხრილი, ისიც სულ გამოჩენილი, ბროდვეის ლეგენდარული მუსიკოსებით. ერთ დღეს, ნოემბრის დასაწყისში მიზანმიმართულად მივედი, ჯემ-სეიშენზე ვიმღერე, ვენიუს მფლობელს დაველაპარაკე, რის შემდეგაც მან თავად შემომთავაზა კონცერტის ჩატარება. არასდროს დამავიწყდება იქიდან წამოსვლისას განცდილი სიხარული, ფაქტობრივად გავბედე და მოვიპოვე ის, რაც ძალიან მინდოდა! მეორე დღეს კი მომწერეს, რომ ზედიზედ ორი დღე მომცეს, თანაც იმავე თვეში, 21-22 ნოემბერს. სიხარულისგან გადარეული ვიყავი, რომ ასე მალე მიწევდა ამხელა ივენთების ჩატარება. არანორმალურად ინტენსიური შრომის შედეგად კონცერტებმა მაგრად ჩაიარა, თანაც თითქმის სავსე დარბაზში ბევრი ქართველი იყო...

– ნიჭიერი უდავოდ ხართ, როგორ ფიქრობთ, ფორტუნაც გწყალობთ?

– უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გამომიჩნდა პროდიუსერი, რომელიც ჩემ კონცერტს დაესწრო, აღფრთოვანდა და დაინტერესდა ჩემი მუსიკალური იდეებით. შეხვედრებზე დავდიოდით, ვგეგმავდით თანამშრომლობას და განვიხილავდით შემდგომ პროცესებს. მივიღე ძალიან მაგარი შემოთავაზებები და მან მიბიძგა რომ Music Production მესწავლა, სტუდიურ პირობებში მეკეთებინა მუსიკა, ახალი სიმღერები დამეწერა და ჩამეწერა. ამისთვის კი სახლში აპარატურა მჭირდებოდა და, პირველ რიგში, შესაბამისი კომპიუტერი, რაც არ მქონდა. ზამთრის ერთ დღეს, შეხვედრის ბოლოს მან მითხრა – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გეგმის მიხედვით, მაგრამ შენ კომპიუტერიც კი არ გაქვსო. მახსოვს, იქიდან ჩაფიქრებული წამოვედი, ერთ ბაღში სკამზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, რომ ასეთი შესაძლებლობისთვის ყველაფერი უნდა მეცადა. უცებ მეგობარმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა და მუსიკოსმა დამირეკა და მომიკითხა. საუბრის ბოლოს კი ისე, უბრალოდ მითხრა, რომ მჩუქნის კომპიუტერს, თანაც ზუსტად ისეთს, როგორიც მჭირდებოდა! ასეა, როცა რაღაც ძალიან გსურს და ამისთვის იბრძვი, თითქოს სამყაროც შენკენაა…

ასე დაიწყო ახალი ეტაპი ჩემ მუსიკალურ ცხოვრებაში. დანარჩენი აპარატურაც ნელ-ნელა ჩემი შრომით შევიძინე, ოთახში მოვიწყვე პატარა სტუდია, ვისწავლე პროგრამები და დავიწყე მუსიკის კეთება. ამ პროდიუსერთან უკვე ინტენსიური თანამშრომლობა მაქვს და ბევრ ახალ ჩანაწერზე ვმუშაობ, რომლებსაც მალე გამოვცემ.

– უცხო გარემოში მოხვედრილი ადამიანი საკუთარ თავში ყოველთვის აღმოაჩენს ხოლმე მანამდე უცნობ თვისებებსა და შესაძლებლობებს, თქვენ შემთხვევაშიც თუ მოხდა ასე?

– საზღვარგარეთ სამუშაოდ და წარმატებისთვის წასული ადამიანი სულიერად გარდატეხის ეტაპს გადის. ქართველის ნიუ-იორკში ადაპტირება–რეალიზება განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ–მენტალურ მოვლენად მიმაჩნია. სოციალური იერარქიის წნეხიდან გამოქცეული ადამიანი უცებ აღმოჩნდება უზარმაზარ ფერად სივრცეში, სადაც მის იდენტობას გარემო და სოციუმი კი არ განაპირობებს, არამედ მხოლოდ თვითონ და მისი საქმე. თანაც, როდესაც ადამიანს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა გიწევს ასეთ დაუნდობელ და სწრაფ რეჟიმში, როგორიც ნიუ იორკშია, აღმოაჩენ უნარებს საკუთარ თავში და იყენებ უამრავ შესაძლებლობებს. მე ასეთ ქარცეცხლში ინდივიდუალური განვითარებისთვის ასმაგად უფრო სწრაფად და ნაყოფიერად ვმუშაობ. შინაგანი ენერგიის გამომუშავებასა და ბალანსს ვსწავლობ, რამდენადაც ბევრს ვხარჯავ, მით უფრო ულევი ენერგიით ვივსები, ვძლიერდები და ვიზრდები.

– ასეთ გლობალურ და ინტეგრირებულ სამყაროში საკუთარი იდენტობის და წარმომავლობის გაცნობიერება უკანა პლანზე ხომ არ იწევს?

– პირიქით, ასეთ მრავალფეროვან კულტურულ გარემოსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის საკუთარ კულტურასა და წარმომავლობას ბევრად უფრო ვაცნობიერებ, მისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით, რაც პირდაპირ ჩემ შემოქმედებაზე აისახება. სწორედ ეს გენი და ფესვები მამოძრავებს, თანამედროვე სახით რეალიზდება და გარკვეულ ფორმას იძენს ჩემ მუსიკაში.

მეამაყება ჩემი თაობა და მინდა, რომ საკუთარი გამოცდილებით წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის უკეთესი და პროგრესული მომავლის საქმეში. ნოსტალგიასაც ამით ვერევი, რომ აქ, ამ ბრძოლაში ჩემს მისიას ვემსახურები...

 

ყველა ახალი ამბავი
0