08:43 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
ნეკა სებისკვერაძე

რატომ მოექცა ჩრდილში მომღერალი ნეკა სებისკვერაძე და რატომ „დაინდო“ ის ყვითელმა პრესამ

photo: courtesy of Natia Makhatadze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
23930

მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ბოლო წლებში არა მხოლოდ მუსიკალურ სცენაზე ჩანდა. მას უფრო ხშირად სხვადასხვა სამსახურებრივ პოზიციებზე ვხედავდით.

პროფესიით ჟურნალისტმა, მენეჯერის რანგში, როგორც კრეატიულმა და არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორმა, დიდი ხანია თავი სხვადასხვა პოზიციებზე გამოიჩინა. ამჟამად ის ორი სამსახურის ადმინისტრაციულ საქმიანობაშია ჩართული - ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და დეკორატიული მცენარეების ბაღში „გარდენია“. ცხოვრებასა და ახალ სამსახურზე სასაუბროდ მას სწორედ „გარდენიაში“ დავუკავშირდით.

ნეკა სებისკვერაძე
ნეკა სებისკვერაძე

- ნეკა, საუბარი იმით დავიწყოთ, მუსიკალური სამყაროდან როგორ აღმოჩნდით ფლორისტულ გარემოში?

- გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა სამსახურებში ადმინისტრაციული მართვის გამოცდილება დამიგროვდა, მუსიკალური ცხოვრების გარდა, პარალელურად წლების განმავლობაში სხვა საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული. ეს საქმიანობა ბოლო ათი წელი უკავშირდებოდა საჯარო სამსახურებს, მათ შორის კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას. ბოლო პერიოდში გადავწყვიტე, რომ მუსიკისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო. ჩემი და „გარდენიას“ დამაარსებლის ზურა შევარდნაძის მეგობრობიდან გამომდინარე, მან შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირველი შემოთავაზებაც სწორედ მისგან წამოვიდა. მან „გარდენიაში“ ადმინისტრაციული ნაწილი ჩამაბარა.

ნეკა სებისკვერაძე და ზურა შევარდნაძე
photo: courtesy of Irma Sharikadze
ნეკა სებისკვერაძე და ზურა შევარდნაძე

- და როგორ გრძნობთ თავს ყვავილების გარემოცვაში?

- ძალიან კარგად. ეს მართლა საოცარი გარემოა. ვინც "გარდენიაში" ერთხელ მაინც არის ნამყოფი, ამაში დამერწმუნება. სამუშაო გარემოს კი, დამეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფიერი შედეგის მისაღწევად. აქ ყოფნა, ყოველ დილით მოსვლა და მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა. რაც შეეხება მეორე სამსახურს, ეს გახლავთ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტრული ცენტრი, სადაც სხვადასხვა პროექტებში, ფესტივალებში მარკეტიგნგული კუთხით ვარ დაკავებული. ასე რომ, ამ ორ ულამაზეს სამყაროს შორის ვცხოვრობ და გადავდივარ ხოლმე ყვავილებიდან მუსიკაში და მუსიკიდან ყვავილებში...

ნეკა სებისკვერაძე
ნეკა სებისკვერაძე

- ყვავილებთან თუ გქონდათ შეხება, ხომ არ გყავთ სახლში და მათი მოვლა ხომ არ გიწევდათ?

- საერთოდ ვგიჟდები ყვავილებზე და ვთვლი, რომ ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც შეიძლება ადამიანს მიართვა. ადრე ძალიან მიყვარდა მოვლაც და წლების წინ სახლში ბევრი მცენარე მქონდა, მაგრამ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხან საქართველოდანაც მიწევდა გასვლა, მათი მოვლა-გახარება ვერ მოვახერხე და გული ავიცრუე. ამ სფეროში სათანადო კომპეტენციაც არ აღმომაჩნდა. საბედნიეროდ, „გარდენიაში“ მცენარეთა მოვლა მე არ მეხება.

ჯანო კახიძის ცენტრში
ჯანო კახიძის ცენტრში

- ცნობილია, რომ წინა საჯარო სამსახურებში ყოფნის დროს ბევრ ხელოვანს დაეხმარეთ...

- წინა წლების სამსახურების და ჩემ გვერდით მომუშავე ადამიანების მადლიერი ვარ. სულ სხვა ადრენალინია, როცა დიდ სტრუქტურას მართავ და შესაძლებლობა გაქვს ბევრ ხელოვანს შეუქმნა ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც სრულყოფილად რეალიზებას შეძლებს. მაქსიმუმს ვცდილობდით, ეს ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო. ამით ძალიან ამაყი ვარ, რადგან იმ პერიოდში შეიქმნა არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც დღემდე ცოცხლობს. ალბათ ამისთვის ღირდა ის ათი წელი.

ნეკა სებისკვერაძე
photo: courtesy of Khatia Psuturi
ნეკა სებისკვერაძე

- თუმცა ამ საქმიანობის ფონზე ცოტა განზე დარჩა მუსიკა და თავად მომღერალი ნეკაც დაიჩაგრა...

- რა თქმა უნდა, ასე იყო... იმ წლებში, როცა თანამდებობებზე ვიყავი, ცხადია, როგორც მომღერალი დავიჩაგრე. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან დიდი პაუხიმგებლობა, დიდი კონცენტრაციაა საჭირო იმისთვის, რომ გამუდმებით ამ საქმიანობაში იყო ჩართული. სულ გიწევს ერთგვარ ტონუსში ყოფნა, სამუშაოს მოცულობა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე გარედან ჩანს, ყველა კითხვაზე პასუხია საჭირო, უამრავი შეხევდრები, კომენტარები, მთლიანობაში ეს ურთულესი პროცესია. თან იმ წლებში დედობის ბედნიერებაც დაერთო და მე ჩემ ორ შვილზე დიდი პასუხისმგებლობაც ავიღე. აქედან გამომდინარე, მუსიკას დრო და ენერგია მოაკლდა. მოგეხსენებათ, ხელოვან ადამიანს სჭირდება გარკვეული გარემო, ატმოსფერო და სიმშვიდე, რათა შემოქმედებით სიახლეზე იფიქროს. აი, ახლა მაქვს ისეთი პერიოდი, როცა ამისთვის დრო მეტად მაქვს და ჩემი ბოლოდროინდელი გააქტიურებაც მუსიკალურ სამყაროში სწორედ ამას უკავშირდება.

ნეკა სებისკვერაძე
photo: courtesy of Natia Makhatadze
ნეკა სებისკვერაძე

- როგორია ორი ბიჭის დედობის „სამსახურში“ ყოფნა?

- ოო, ეგ ჩემი მთავარი სამსახურია, დავითი და ნიკოლოზი ათი და რვა წლის არიან. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შვილებზე მნიშვნელოვანი ქვეყნად არაფერია. ალბათ ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაც ესაა. დედობა იმდენად დიდი ემოცია და ბედნიერებაა, რომ მის საპირწონედ არაფერი დაიდება. საკმაოდ აქტიური დედა ვარ, ძალიან ვმეგობრობ ჩემ შვილებთან და მათთან ბევრი საერთო ინტერესი მაქვს. ვდილობ განვავითარო ის, რისკენაც მიდრეკილი არიან და ძალიან მომწონს ეს ამბავი. ახლა ისეთი ასაკი აქვთ, რომ მათთან ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესო ხდება. რაღაც „აღმოჩენებს“ ერთად ვაკეთებთ და ყველგან ერთად დავდივართ. მათ ცხოვრებაში თითქმის სულ ვარ ჩართული. მოკლედ, რომ იტყვიან, ვტკბები შვილებთან ურთიერთობით.

ნეკა სებისკვერაძე
ნეკა სებისკვერაძე

- მკითხველს შევახსენოთ, რომ თქვენი ძირითადი პროფესია ჟურნალისტობაა და ამ სფეროშიც ხართ ნამუშევარი...

- 2004 წელს, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ვამთავრებდი, ისრაელში პირველი ქართული ტელეარხი „GTV ჩვენი არხი“ გაიხსნა და იქ მიმიწვიეს სამუშაოდ, რაც ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ისრაელში დღემდე ფუნქციონირებს ეს ქართული ტელეარხი, სადაც მე როგორც წამყვანი მიმიწვიეს. მქონდა ორი საავტორო გადაცემა, მაგრამ არხის მუსიკალური რედაქტორის ფუნქციაც შევითავსე და ტელევიზიას ახალი მუსიკალური კლიპებით თუ კონცერტებით ვამარაგებდი. იქ მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო.

ნეკა სებისკვერაძე
ნეკა სებისკვერაძე

- ყვითელ პრესას რომ თვალი გადადავლოთ, იქ თქვენზე არც ისე ბევრი მასალაა, რატომ „დაგინდეს“ კოლეგებმა?

- რა ვიცი, გამოდის, რომ დამინდეს... არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, სიყვითლის ხშირი მსხვერპლი არ გავმხდარვარ. ამისთვის მადლობა ჟურნალისტებს. ყოველთვის ღია ვიყავი მედიასთან ურთერთობაში, დასამალიც არაფერი მქონია,  მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მათთვის მაინცდამაინც ბევრი საბაბი ნამდვილად არ მიმიცია.

- ცნობილია, რომ დიდი სამეგობრო გყავთ...

- ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში მხვდებოდნენ არაჩვეულებივი ადამიანები, რომლებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე და ეს დღემდე გრძელდება. ხშირად მეკითხებიან, როგორ გყავს ასეთი მრავალფეროვანი და ჭრელი სამეგობროო. ასეცაა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია ჩემს მეგობრებში, რომლებთანაც ურთიერთობა განსხვავებული და სასარგებლოა, ბევრის მომცემია. მიყვარს ჩემი ნდობით აღჭურვილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ვუფრთხილდები მათ. ადამიანში, პირველ რიგში, შრომისმოყვარეობას ვაფასებ, ზარმაცებთან ურთიერთობა არ მიყვარს. პატივს ვცემ მოწესრგებულ, პუნქტუალურ, ერთგულ ადამიანებს. ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც ცხოვრების გზაზე შემხვდა, ასეთ ურთიერთობებში ვიზრდები და ცხოვრებას ვსწავლობ...

მთავარი თემები