19:56 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
სცენაზე დაჯილდოების დროს

შშმ პირთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, პირველი ლედის პრიზი და მაყურებლის სიმპათია

photo: courtesy of Luka Margvelashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
30230

არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ახალი თაობის ქართველები გამორჩეული, ასაკთან შედარებით ადრე დაბრძენებული და ნიჭიერი ადამიანები არიან.

11 წლის ლუკა მარგველაშვილიც ამის დასტურია. იგი 2018 წლის ოქტომბერში შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალი „ივერია ბრილიანტის“ გრან-პრის მფლობელი გახდა. ფესტივალზე ოთხი ქვეყანა გამოდიოდა. ლუკამ ჯანსუღ კახიძის სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“ შეასრულა და ამ გამარჯვების შემდეგ უკრაინაში მიწვევა მიიღო.

ლუკა მარგველაშვილი საკთარი ჯილდოების ფონზე
ლუკა მარგველაშვილი საკთარი ჯილდოების ფონზე

 2019 წლის აპრილში უკრაინაში ჩატარებულ ანალოგიურ ფესტივალზე ლუკამ დაიმსახურა მესამე ადგილი, უკრაინის პირველი ლედის პრიზი და მაყურებლის სიმპათია. მის გარდა ფესტივალზე (18 წლის ზემოთ მონაწილეთა შორის) საქართველოდან მონაწილეობდა შაბან მამედოვიც, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. ლუკა აქტიურად გამოდის სხვადასხვა კონცერტებზე. ივლისის თვეში ის მიწვეულია საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ბათუმში ჩატარდება.

ლუკა 11 წლისაა და თბილისის 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. თავიდან სიმღერაზე სერიოზულად არ უფიქრია, თავისთვის მღეროდა. ფესტივალზე გამარჯვებამ სტიმული მისცა და მომავალში უნდა, რომ მუსიკის სხვა ჟანრშიც სცადოს შესაძლებლობები. მისი საყვარელი მომღერალი ლუი არმსტრონგია. მისი მასწავლებლის მეგი სამხარაძის რჩევით, მომავალში უნდა, რომ მსმენელის წინაშე ცნობილი სიმღერით fly me to the moon წარდგეს...

პატრიარქთან სტუმრად
პატრიარქთან სტუმრად

სანამ ლუკას გავესაუბრებოდით, მის დედას, ქალბატონ მაკა ქოქოსაძეს დავუსვით რამდენიმე შეკითხვა.

– ქალბატონო მაკა, ობიექტურად რომ შეაფასოთ, ყველაზე მეტად ლუკას რომელი თვისება მოგწონთ?

– რა თქმა უნდა, ობიექტურობის დაცვა მიჭირს ლუკასთან მიმართებაში, ის ჩემი ერთადერთი შვილია, ჩემი ღვთის საჩუქარი...  თუმცა, რადგან მეკითხებით, გეტყვით, რომ ასაკის მიუხედავად ის ძალიან მიზანდასახულია და უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა. როცა გამოცდაზე ან კონცერტზე გადის, საკუთარ თავს სრულ მობილიზაციას უკეთებს, ასეთი რამ ზოგჯერ უფროსებსაც უჭირთ ხოლმე.

ნუგზარ ჭიაბერაშვილთან ერთად
ნუგზარ ჭიაბერაშვილთან ერთად

– მიუხედავად იმისა, რომ ბავშვია, უფროსივით მსჯელობს...

– ლუკა ყოველთვის ბავშვურია. მისი გაოცება და გახარება ძალიან ადვილია, უყვარს, როცა სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ მის მიმართ, აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და ახლობელი ადამიანების პაროდირებაც კარგად შეუძლია.

პატრიარქთან სტუმრად
პატრიარქთან სტუმრად

– როგორ ფიქრობთ, მომავალში სხვა ჟანრში ხომ არ გადაინაცვლებს?

– ქალბატონმა ქეთი გაბისიანმა და მისმა ვოკალის მასწავლებელმა, ქალბატონმა მეგი სამხარაძემ შეამჩნიეს, რომ სიმღერისას ის ჯაზის მხარეს იხრებოდა და ამიტომ გაუმახვილეს ყურადღება ამ საკითხზე. შემდეგ მოვასმენინეთ ჯაზი და ლუკაც დაინტერესდა და შეიყვარა ეს ჟანრი. ასაკთან ერთად ეცვლება მუსიკალური გემოვნება, შარშან მისთვის პრიორიტეტული ხალხური მუსიკა იყო და ძალიან მოსწონდა ფანდურზე დაკვრა. შემდეგ კლასიკური მუსიკა უფრო მოსწონდა, მერე ჯაზზე გადავიდა. ზუსტად ვერაფერს გეტყვით. საერთოდ ისეთ სიამოვნებას იღებს სიმღერისგან, რომ, დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება იმღერებს. კონცერტის ან გამოსვლის მერე ყოველთვის ერთად განვიხილავთ ხოლმე რა გამოგვივიდა კარგად და რა არც ისე კარგად. ვკითხულობთ ხალხის კომენტარებს და მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც ასე ერთგულად გვიდგას გვერდში, გვამხნევებს და გვაძლევს ძალას მომავალი წარმატებებისთვის.

ლუკა მარგველაშვილი
ლუკა მარგველაშვილი

– ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ სურვილი აქვს სულიერი მოძღვარი გახდეს და ეკლესიის გზას დაადგეს...

– ლუკა სამი წლის იყო, ნათესავის ბავშვის დაბადების დღეზე ვიყავით ბავშვთა გასართობ ცენტრში და სხვადასხვა პროფესიებზე დიჯეის ხუმრობები ჰქონდა მომზადებული. ბავშვებს ეკითხებოდა ვის რა პროფესიის უნდოდა გამოსულიყო. როცა ჩვენთან მოვიდა და ლუკას დაუსვა ეს კითხვა, მან უპასუხა, რომ მოძღვარი გამოვიდოდა და მას მერე აზრს არ იცვლის... 

ლუკა მარგველაშვილი
ლუკა მარგველაშვილი

ქალბატონი მაკას შემდეგ კითხვები ლუკასაც დავუსვით...

მოკლედ საკუთარი თავის დახასიათება თუ გთხოვეს, რას იტყვი, ვინ არის ლუკა?

– ლუკა არის ბიჭი განსაკუთრებული შესაძლებლობებით, რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა, ყველანაირი მუსიკალური საკრავის ხმა მოსწონს და განსაკუთრებით გალობის მოსმენა უყვარს. კიდევ მომწონს ჯაზი, რადგან ძალიან მელოდიურია, მასში ბევრი საკრავის ხმა ისმის და რაღაც სხვანაირი რიტმი აქვს. მისი ოცნებაა მამაო გამოვიდეს, რომ დაეხმაროს ადამიანებს მათი პრობლემების გადაჭრაში და უფალთან დაახლოებაში.

ლუკა მარგველაშვილი
ლუკა მარგველაშვილი

– ბავშვისთვის ძალიან უცნაური ოცნებაა, ალბათ დაფიქრებულხარ იმაზეც, რა ეშლებათ ადამიანებს ყველაზე ხშირად?

– ისინი დაუფიქრებლად ტკენენ გულს ერთმანეთს.

– იცი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე, რომ ბედნიერი იყოს?

– ყველას მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს და მადლიერების გრძნობა ჰქონდეს...

 

მთავარი თემები