ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში

გამოწერა
როცა გაიზრდებიან, მისი შვილიშვილები ნამდვილად იამაყებენ, რომ ასეთი პატრიოტი და, რაც მთავარია, ასეთი მამაცი ბებია ჰყავთ.

თამარ კიკნაძე ცენტრალური აფრიკის მისიაში პირველი და ერთადერთი ქალია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ასევე პირველი და ერთადერთია, ვისაც ცენტრალური აფრიკის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედალი გადასცა. ამის გარდა იგი სამხედრო სფეროში სხვადასხვა დამსახურებისთვის შვიდჯერ არის დაჯილდოებული.

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან ასრულებს. ქალბატონი თამარი იქ პირველად 2018 წლის აგვისტოში წავიდა. ამჟამად ის საქართველოშია.

© photo: courtesy of Tamar Kiknadzeთამარ კიკნაძე
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში - Sputnik საქართველო
თამარ კიკნაძე

– ქალბატონო თამარ, გოგონების უმრავლესობა ბავშვობაში პრინცესობაზე და ლამაზ კაბებზე ოცნებობს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ თქვენ სხვა ოცნებები გექნებოდათ...

– ასეც იყო. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, ქაჯანას მეძახდნენ. დედაჩემს ჩემზე ეუბნებოდნენ, ეს გოგო კი არა, შენი ბიჭიაო. ბავშვობა თბილისში გავატარე, გოგონებთან თოჯინებით არასოდეს მითამაშია. ბიჭებთან ან ომობანას ან ფეხბურთს ვთამაშობდი. მთელი ცხოვრება ბრძოლებში ვარ. ჩვენმა მშობლებმა პატრიოტული სულისკვეთებით გაგვზარდეს. ბავშვობიდან მაქვს ერთი თვისება, რომელსაც არასოდეს დავკარგავ – უსამართლობას ვერ ვიტან. სკოლიდან მოყოლებული ასეთი ვარ. აქედან გამომდინარე, პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი გამომძიებელი გავმხდარიყავი და დაჩაგრული დამეცვა. დაჩაგრულს ყოველთვის ვესარჩლებოდი.

© photo: courtesy of Tamar Kiknadzeთამარ კიკნაძე
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში - Sputnik საქართველო
თამარ კიკნაძე

– ცენტრალურ აფრიკაში როგორ მოხვდით?

– კარგად იცით, მსგავსი სახის მისია ჩვენი ქვეყნისთვის რას ნიშნავს. 2016 წელს ასეთი ნაბიჯი ჩემი ინიციატივით გადავდგი. ხელმძღვანელობა მენდო და ამ ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-მაიორ აბესალომ მანჯავიძეს, რომელსაც იმედს არასოდეს გავუმტყუნებ. საქართველოში სამხედრო სფეროში ბევრი ღირსეული  ქალბატონია, მაგრამ ცენტრალურ აფრიკაში პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი ვარ, ვინც იქ მისიით წავედი. მინდა, რომ ჩემს ოჯახს და ქვეყანას გამოვადგე და ისტორიაში ჩემი კვალი დარჩეს. აფრიკაში შვიდი თვე ვიყავი და აგვისტოში ისევ მივდივარ.

© photo: courtesy of Tamar Kiknadzeდაჯილდოების დროს
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში - Sputnik საქართველო
დაჯილდოების დროს

– აფრიკაში როგორ დახვდნენ ქართველ სამხედრო ქალს?

– როცა ადგილზე ჩავედით, უცხოელები პირადად დაგვხვდნენ და ძალიან გაუხარდათ, რომ სამხედროებს შორის ქალბატონი დაინახეს. დიდი პატივისცემითა და ყურადღებით მექცეოდნენ. მე, როგორც სამხედრო პოლიციელი, საქართველოს კონტინგენტზე ვიყავი პასუხისმგებელი და სიტუაციას ვაკონტროლებდი, რომ ჩვენი ბიჭები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ.

© photo: courtesy of Tamar Kiknadzeთამარ კიკნაძე
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში - Sputnik საქართველო
თამარ კიკნაძე

– ადვილად ემორჩილებიან ქართველი ჯარისკაცები ოფიცერს ქალს?

– აფრიკაში მისიას ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულთან ერთად ვასრულებდი. სამხედროებმა იციან ხოლმე წინასწარ გაკითხვა, თუ ვინ ჩადის მათთან ხელმძღვანელად. როცა 2016 წელს როგორც სამხედრო პოლიციელი აფრიკაში ჩავედი, ჩემზე უკვე ყველაფერი იცოდნენ. მას შემდეგ მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა და გაუგებრობა ჩვენ შორის არასოდეს მომხდარა. როგორც იურისტი და სამართალდამცველი, მაქსიმალურად ობიექტური ვარ ყველას მიმართ, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ჩინს, თანამდებობას და დამსახურებას. უსამართლობას არასოდეს ჩავიდენ.

© photo: courtesy of Tamar Kiknadzeქართული ხაჭაპური აფრიკაში
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში - Sputnik საქართველო
ქართული ხაჭაპური აფრიკაში

– მე ვფიქრობ, არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც თქვენ ბრძანებას შეიძლება არც დაემორჩილონ და ამის გამო თქვენ არც უსაყვედურებთ...

– მივხვდი, ვისაც გულისხმობთ... 46 წლის ასაკში ორგზის ბებია ვარ. ჩემი პირველი შვილიშვილი ნიკოლოზი 2013 წლის აპრილში დაიბადა. მეორე – გაბრიელი ჩემი ავღანეთში ყოფნის დროს, 2017 წელს გაჩნდა. მესამე შვილიშვილს კი, ისევ ვაჟს ოქტომბერში ველოდები. რა თქმა უნდა, მათ მიმართ მკაცრი ვერ ვიქნები, მაგრამ მინდა, რომ ისინი პატრიოტები და კანონმორჩილი მოქალაქეები გაიზარდონ. სახლში როცა ვარ, ჩვეულებას ვერ ვღალატობ და დილით 6 საათზე უკვე ფეხზე ვარ. მთელი ოჯახი ჩემ კისერზეა, მაგრამ წუწუნი არასოდეს მჩვევია.

© photo: courtesy of Tamar Kiknadzeაფრიკელ ბავშვებთან ერთად
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში - Sputnik საქართველო
აფრიკელ ბავშვებთან ერთად

– ალბათ აფრიკაში არც ისე უსაფრთხო იყო ცხოვრება...

– ცენტრალურ აფრიკაში საშინელი ნესტიანი კლიმატი და ტროპიკული სიცხეებია. მალარიის საშიშროებაც არსებობს, მაგრამ აცრები ჩატარებული გვქონდა. ჩვენს საწოლს ბადეში ვფუთავდით, რომ მალარიისა და ინფექციების გადამტანი მწეერებისგან თავი დაგვეცვა. აფრიკაში იყო ადგილები, სადაც თავისუფლად გადავაადგილდებოდით, მაგრამ არის ადგილები, სადაც, საფრთხეებიდან გამომდინარე, აკრძალული გვქონდა გადაადგილება.

– თავად აფრიკელებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– ძალიან თბილი ხალხია, მაგრამ ყველას უჭირს. უმრავლესობა ცუდ პირობებში ცხოვრობდა. ბავშვები სადაც დაგვინახავდნენ, ყველგან წყალს და პურს გვთხოვდნენ. გული არ გვიძლებდა და როცა მათ ვხედავდით, რომ იტყვიან, ლუკმას ვუყოფდით.

© photo: courtesy of Tamar Kiknadzeთამარ კიკნაძე აფრიკაში
ყველაზე მამაცი ბებია – პირველი და ერთადერთი ქართველი ოფიცერი ქალი აფრიკის მისიაში - Sputnik საქართველო
თამარ კიკნაძე აფრიკაში

– დარწმუნებული ვარ, ორ სიტყვა ქართულს მაინც ასწავლიდით...

– დიახ, იმ აფრიკელებს, ვინც ჩვენთან ერთად ბაზაზე მუშაობდა, ორი ღერი ქართული ვასწავლეთ. ჩვენ დანახვაზე „ბიჭო, ბიჭოო“ გვეძახდნენ. მეც ქართულად და ზრდილობიანად მომმართავდნენ: „ქალბატონო თამარ“. ჩვენ ქვეყანაზეც, ასე თუ ისე, შეექმნათ წარმოდგენა... პირველ რიგში, სადაც უნდა ვიყო, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ამის შემდეგ უკვე პოლიციის ოფიცერი. ჩემთვის ყველაზე წმინდა ილიასეული მოწოდებაა: „ენა, მამული, სარწმუნეობა“, რომელიც ყველა ქართველმა გულზე უნდა დაიწეროს და შეასრულოს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0