10:19 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ნუნუ დალაქიშვილი

რატომ სძინავს „საუკუნის ხმების“ მემატიანეს გულში ჩახუტებული რადიოლათი

© photo: courtesy of Nunu Dalakishvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
27810

დღეს საქართველოს რადიო, რომელიც 1925 წლიდან მაუწყებლობს, 94 წლის გახდა.

საქართველოს რადიო, ანუ როგორც მას ეძახდნენ ე.წ. ხაზის რადიო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გადაიცა. წლების მანძილზე ის საქართველოში ერთადერთი რადიო იყო, ამიტომ მას თავისი ტრადიციები, ბიოგრაფია და წარსული აქვს. თუმცა ყველაზე ღირებული, რაც ამ რადიოს არსებობის მანძილზე შეიქმნა, ეს „ოქროს ფონდია“. ფონდში თითქმის ყველა ცნობილი ქართველის გამოსვლა და უნიკალური ხმებია შემორჩენილი.

ნუნუ დალაქიშვილი ამ ფონდის საკვლევ-საძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. დღეს იგი ქალაქიდან სოფლად გადავიდა საცხოვრებლად და არც ისე დიდი ხნის წინ ფონდის ჩანაწერებზე დაყრდნობით გამოუშვა წიგნი „საუკუნის ხმები“, რისთვისაც ნიკო ნიკოლაძის პრემია მიანიჭეს.

ნუნუ დალაქიშვილი
ნუნუ დალაქიშვილი

- ქალბატონო ნუნუ, თქვენ რადიოს ოქროს ფონდში შემონახული საუკუნის ადამიანების ხმები გაშიფრეთ და წიგნად აქციეთ...

- რადიოში 20 წელი ვიმუშავე. საკვლევ-საძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი და ცნობილი ქართველების ხმებს ვიკვლევდი. მგონი, ჟურნალისტიკაში მე შემოვიღე მსგავსი სახის ახალი ჟანრი და იმისთვის, რომ ეს აუდიოჩანაწერები ტექსტურად ვაქციე, ამაში ნიკო ნიკოლაძის პრემია მომანიჭეს. მაგალითად, იქ უნიკალური აუდიომასალაა, თუ როგორ ჩაიწერეს აკაკის ხმა. ეს ისე საინტერესო მოსასმენია – თუ როგორ ჩასძახა მან თავისი ლექსები გრამოფონში, სადაც იწერდნენ, მერე როგორ დაიღალა. თავდაპირველად ამის შესახებ ფირფიტები და რადიოგადაცემებიც არსებობდა. ასევე ფონდში არის ჩანაწერი, სადაც ილიას გლეხები იხსენებდნენ. აი, მაგ ჩანაწერზე მართლა გავგიჟდი.

პრეზენტაციაზე
პრეზენტაციაზე

- საინტერესოა, რას ამბოდნენ გლეხები ილიაზე?

- რაო და ილიას ეზოში ძალიან კარგი წყარო მოდიოდაო, ილია ოლღას გვერდით იჯდა და სულ რაღაცას წერდაო. როცა ჩვენ, ბავშვები იმ წყაროს მივუახლოვდებოდით და მისი წყლით ვგრილდებოდით, იქ ერთი ბოქაული იყო და ის გაგვაგდებდა ხოლმეო. თან გვიყვიროდა, ბავშვებო, აქ ნუ ტრიალებთო. ილია კი მას ეუბნებოდა, თავი დაანებე ბავშვებს, ნუ აგდებ, გაერთნენო. ეს ჩანაწერი ჟურნალისტ ლამარა კიკილაშვილის გადაცემაში იყო. ფონდში თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი პირველი გენერლის გიორგი კვინიტაძის გამოსვლაცაა, რომელიც ასევე გავშიფრე.

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- სულ რამდენი ხმა გექნებათ გაშიფრული?

- ზუსტად 40 ხმა მაქვს გაშიფრული, 40 ძალიან საინტერესო ისტორია: მიშა ჭიაურელი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, აკაკი ბაქრაძე... გეტყვით, რომ ისეთი არაჩვეულებრივი ქართულით, როგორითაც გიორგი ლეონიძე მეტყველებდა, მე სხვა არავინ მეგულება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბავშვებს სკოლაში ქართულის სწავლას სწორედ გიორგი ლეონიძით დავაწყებინებდი. მისი სათქმელი სიტყვებით მოხატული და ულამაზესია...

- რადიო ადამიანს ფიქრს აჩვევს და მწერალიც რადიოს მერე გახდით?

- მართალია, რადიო ფიქრს გასწავლის, მაგრამ მე რვა წლიდან ვწერ. სპეციალურად მქონდა 12-ფურცლიანი რვეული და ყოველდღე ვიწერდი ჩემს ემოციებსა და ამბებს.

- დღეს სოფლად დასახლდით ოჯახთან ერთად, მეგაპოლისის ხმაურს განერიდეთ?

- სიტყვა მეგაპოლისი ჩემ ლიტერატურულ ლექსიკონში არ არის. ცივილიზაციიდან შორს წამოვედი და ახლა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში ვარ. ცხოვრების სხვა ეტაპი დამეწყო და კიკვიძის ბაღის ყურებას მირჩევნია დათოვლილ კავკასიონს და ალაზანს ვუყურო. დილაობით ქუჩის ხმაურის მაგივრად შაშვები და მეზობლის მამლის ყივილი მაღვიძებს.

ნუნუ დალაქიშვილი და ლილი გოგებაშვილი
ნუნუ დალაქიშვილი და ლილი გოგებაშვილი

- მეზობლებმა უკვე იციან, რომ გვერდით უცნაური ქალაქელები ჩაუსახლდნენ?

- როგორ არ იციან, ყოველ დილით გვაქვს „ყავაპიწიე“...

- მანდაც ყავით იწყება დილა?

- ჩვენ ასე ვიწყებთ და მერე თვითონ მოდიან და მოაქვთ მწვადები, ჩახოხბილი, ჯონჯოლი, ცოცხალი ხილიც მოაქვთ. სოფელში ბოსტანს მივხედეთ, ვარდებს ვუვლი. ჩემ ეზოში გვირილები აღმოვაჩინე და ისე მიხარია, გაგიჟებული ვარ. როცა აქ ჩამოვედი, ყელამდე ბალახი დამხვდა.

ნუნუ დალაქიშვილი სოფელ ანაგაში
ნუნუ დალაქიშვილი სოფელ ანაგაში

- ეგ თქვენი მამაპაპისეული სახლია?

- არა, ეს სახლი ჩემმა ბიჭმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა რომ იყიდებოდა და შეიძინა. ჩემი დედამთილი და მამამთილი წარმოშობით ცხინვალიდან არიან. იქ არც სოფელი და აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი გვენატრებოდა. ერთხელაც გადავწყვიტეთ სოფელში გადმოსახლება და ინტერნეტში სახლის ძებნა დავიწყეთ. გარკვეულ წლების მანძილზე ადამიანს ერთი და იგივე ბეზრდება და გარემო აუცილებლად უნდა შეცვალოს, ასე ამბობენ ფსიქოლოგები. ჩემგან ოთხ კილომეტრში სიღნაღისკენ წრიული გზა ადის. გვერდით ფერიცვალების ტაძარია. სიღნაღში როცა ავედი, მეგონა, სიზმარში მოვხვდი, ისეთი ლამაზია, ღრუბლებში დავდიოდი... თუ ყველაფერს სიღრმისეულად და ენერგეტიკულად გაიაზრებ, წესით, ბედნიერი უნდა იყო. აქ ისეთი საოცარი კულტურული ჰაერია, რომ ყოველ ჩასუნთქვაზე ვტკბები ხოლმე...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- კულტურული ჰაერი რა შემცველობისაა?

- ახლა აგიხსნით, რა ვიგულისხმე. სახლი, რომელშიც ჩავსახლდით, აწ გარდაცვლილი ცნობილი მეღვინის ვალიკო გოგოლაშვილის გახლდათ. ჩემი სახლის გადაღმა ჰამლეტ გონაშვილის სახლია, ხელმარჯვნივ, მეზობლად – სანდრო ახმეტელის მუზეუმი... ყველამ იცის ეს ადამიანები რას ნიშნავდნენ საქართველოსთვის. ჰამლეტ გონაშვილი და ახმეტელი საუკუნის ადამიანები იყვნენ. შეიძლება ითქვას, როცა ვუსმენდი, მათ ვსწავლობდი რადიოში... დღეს აქ სიმშვიდეში ვარ და ვწერ. „საუკუნის ხმების“ გარდა ორი წიგნი მაქვს გამოცემული: მინიატურები „უცხო ჩიტები“ და „წვიმის ქალი“ – მხატვრული ნაწარმოებია. ასევე გამოვაქვეყნე პუბლიცისტური ხასიათის ნაწარმოები ხაჩიკ ტაუგოუკოვზე, რომელიც იეთიმ გურჯის ნათესავი იყო.

- წვიმის ქალს რატომ გეძახიან?

- წვიმაში აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი, თურმე, დიდ ყალიბში ჩამისვამს. როცა წვიმაში ვიარე, მან მთელი ყალიბი დამინგრია, ანუ ყველაფერი, რასაც ტალახით თუ თიხით მთელი ცხოვრება ვაშენებდი. ასეთი ვარ, მოხეტიალე წვიმის ქალი... ერთ დღესაც როცა მიგიმწყვდევს ცხოვრება, მერე სულ ჯამების, სამზარეულოს, სარეცხის, ყოფის ტყვეობაში ყოფნა გემუქრება...

ნუნუ დალაქიშვილის წიგნი
ნუნუ დალაქიშვილის წიგნი

- ყოფას როგორ უნდა გაექცეს ადამიანი?

- მე მაგალითად რადიოს დახმარებით გავექეცი. იქ იყო ჩემი საყვარელი საქმე, გადაცემები, ადამიანები, პოეზია... ყოფისგან გაქცევა შეიძლება ხელოვნებით, მარადიული სილამაზით, მშვენიერზე ფიქრით. უნდა დაწერო, დახატო, იტირო, გაგიხარდეს...

- 23 მაისი ქართული რადიოს დღეა...

- ჩემთვის ყოველი დღე რადიოსია. 600 სატელევიზიო არხი რომ მქონდეს, მაინც რადიოს მოვუსმენ. ჩემთვის დილა ბატარეებიანი რადიოთი იწყება და ღამითაც მასთან გულში ჩახუტებულს მძინავს...

 

მთავარი თემები