11:04 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
ჯემალ კვანტალიანი

როგორ დარჩე მარად ოპტიმისტი და ახალგაზრდა - 81 წლის ცნობილი სპორტსმენის რჩევები

© photo: courtesy of Barbare Amirbari
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
64120

ამ ადამიანმა ზუსტად იცის, როგორ უნდა დარჩე ნებისმიერ ასაკში აქტუალური და ყველასთვის საინტერესო...

ისიც იცის, როგორ შეინარჩუნო ოპტიმიზმი, სიკეთე და შექმნა ღირებული. ასეთია ჯემალ კვანტალიანი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, მისი თაობის გამორჩეული ტანმოვარჯიშე, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, თბილისის მხატვართა კავშირის წევრი.

პროფესიით ინჟინერი არაჩვეულებრივად ხატავს, საოცარ კარიკატურებს ქმნის და წერს საჭირო და უნიკალურ წიგნებს, რასაც ანალოგი არ აქვს. 

ჯემალ კვანტალიანი
ჯემალ კვანტალიანი

- ბატონო ჯემალ, თქვენ ერთდროულად ხართ: სპორტსმენი, მხატვარი და მწერალი, მაგრამ ასეთი ნიჭის და ენერგიის პიროვნება კიდევ ბევრ პროფესიას შეითავსებდით.

- ერთი ამბავია ატეხილი: სპორტსმენები ამბობენ, რომ ჩვენი ბიჭიაო, მწერლები - მწერალია და ჩვენიაო და მხატვრები კიდევ ცალკე... მე კი ყველაფერი ვარ ერთდროულად. რაც შეეხება ჩემს ენერგიას, ახლახან კლინიკაში ვიყავი და როცა ჩემი სისხლის ანალიზები ნახა, ექიმმა მითხრა: 20 წლის ბიჭის სისხლი გაქვსო. ეს ალბათ ჩემი მოძრავი ცხოვრების წესის გამოა... ამბობენ, რომ ასაკი არ მეტყობა. 81-ის კი ვარ, მაგრამ თავს მართლა პატარა ბიჭივით ვგრძნობ.

ჯემალ კვანტალიანი სპორტული შეჯიბრის დროს
ჯემალ კვანტალიანი სპორტული შეჯიბრის დროს

- სპორტთან თქვენი ურთიერთობა კრივით დაიწყო?

- ომის დროს პატარა ბიჭები ისეთი შემართულები  ვიყავით, რომ თითქმის ყველა კრივის სექციაში ეწერებოდა. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, გიორგი ვართანოვი. მასზე დიდი ტიტული არავის ჰქონდა. მაშინ გართობა და ტელევიზია არ იყო და უფროსი ასაკის ბიჭები ბავშვებს გვაჩხუბებდნენ ხოლმე. ყოველ დღე, 5-6 ბრძოლას ვატარებდით. სხვა ბიჭებივით კრივზე სიარული მეც დავიწყე და წარმატებებიც მქონდა, მაგრამ ერთხელ შემთხვევით აღმოვჩნდი ლენინის სახელობის დარბაზში, სადაც ტანვარჯიშში შეჯიბრი ტარდებოდა და იმ დღემ ყველაფერი გადაწყვიტა. დავინახე სპორტსმენები, რომლებსაც გადასარევი აღნაგობა ჰქონდათ და უჩვეულოდ ლამაზ მოძრაობებს აკეთებდნენ. ეს მარტო სპორტი არა, ხელოვნებაც იყო. როცა კრივში მოსწავლეთა შორის ჩემპიონი გავხდი, მამამ ამიკრძალა იქ სიარული და ამის მერე ტანვარჯიშზე გადავედი. სპორტს თავი 19 წლის ასაკში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მიღებული მძიმე ტრავმის გამო დავანებე.

ჯემალ კვანტალიანის შემოქმედება
ჯემალ კვანტალიანის შემოქმედება

- ხატვა როდის დაიწყეთ ამ სპორტსმენმა კაცმა?

- ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. მერე უფრო დავხვეწე ტექნიკა. ერთი პერიოდი სულ კარიკატურებს ვხატავდი, ჩემი პერსონაჟები ცნობილი ქართველი მსახიობები იყვნენ. ამას წინათ ქუთაისში იუმორისტული ჟურნალი გამოდის და ვანიკო ჯაფარიძემ ჩემი ყველა ნახატი იქ წაიღო. ძალიან მოეწონათ და ამის მერე სულ ბეჭდავდნენ. ბედნიერი ვიყავი, როცა ქუთაისში თბილი შეხვედრა მომიწყეს. დღეს პორტრეტებს და პეიზაჟსაც ვხატავ. სხვათა შორის, პროფესიონალებს ძალიან მოსწონთ ჩემი ნახატები...

ჯემალ კვანტალიანი
ჯემალ კვანტალიანი

- მწერალ ჯემალ კვანტალიანზე რას იტყვით?

-არ უნდა იყოს ურიგო მწერალი... თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ჩემს ორ წიგნს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. პირველი მათგანი ეხება ტანვარჯიშის ჩასახვას და მის განვითარებას ანტიკური დროიდან დაწყებული დღემდე. მეორე მათგანიც, „სპორტული შენობა-ნაგებობები“ უნიკალურია, რადგან ასეთი წიგნი მხოლოდ საქართველოშია გამოცემული. ის სპორტის ჩასახვას და განვითარებას ეხება კაცობრიობის  დასაწყისიდან დღემდე.

ჯემალ კვანტალიანის წიგნები
ჯემალ კვანტალიანის წიგნები

- ყველამ იცის, რომ ცნობილი მსახიობის, კაკო კვანტალიანის საყვარელი ძმისშვილი იყავით...

- დიახ, მე კაკოს ძმისშვილი ვიყავი, ის ძალიან დიდი კაცი და დიდი მსახიობი იყო. ფოტოებს სულ მე ვუღებდი ხოლმე და ალბათ ამიტომაც არის, რომ არც ერთ ფოტოზე ერთად არ ვარ. თან მერიდებოდა კიდეც. სიყვარულით მართლა ძალიან ვუყვარდი. კაკომ მსახიობობა სამი წლის ასაკიდან დაიწყო - სიმინდის ფუჩეჩით ულვაშებს იკეთებდა და კიბის ქვეშ დგამდა სპექტაკლებს. მამაჩემი ძალიან ლამაზი ბავშვი ყოფილა და იმ სპექტაკლებში ქალის როლს თამაშობდა. სამტრედიის იმ უბანში ხალხი პატარა კაკოს სპექტაკლების სანახავად დადიოდა. როცა ბიძა თბილისში ჩამოდიოდა თან მამაჩემიც წამოიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ კაკომ ფაქტობრივად,  გაზარდა მამა.

ჯემალ კვანტალიანის კარიკატურები
ჯემალ კვანტალიანის კარიკატურები

-კაკო კვანტალიანის ნიჭზე ლეგენდებს ყვებიან.

- მაგის დასტურად ასეთ შემთხვევას გავიხსენებ. ერთხელ კაკომ მე და მამა სპექტაკლზე დაგვპატიჟა. პირველი მოქმედება დამთავრდა და კაკო ბიძია არ ჩანს, დაიწყო მეორე მოქმედება - კიდევ არ ჩანს. ამ დროს ცნობილი რეჟისორი არჩილ ჩხარტიშვილი, რომელიც ჩვენს უკან იჯდა, მამას მოუბრუნდა და ეუბნება: რა ნიჭიერია შენი ძმაო. მამამ ჰკითხა: კი მაგრამ, სცენაზე ჯერ არ გამოსულაო და... თურმე კაკო სპექტაკლის დასაწყისიდან სცენაზე დგას. საზიზღარ პიროვნებას, კერპს თამაშობდა, ჩვენ კი ვერც გარეგნობით და ვერც ხმით ვიცანით. კაკო ცნობილი იყო როგორც კომედიური ჟანრის მსახიობი, მაგრამ ამავე დროს საოცარი ნიჭის წყალობით დრამატულ როლებსაც არაჩვეულებრივად ასრულებდა. კიდევ, მას უნაკლო სმენა ჰქონდა და საოპერო არიების შესრულებაც შეეძლო.

- ბატონო ჯემალ, იქნებ, საუბრის დასასრულს მაინც გაგვანდოთ - თქვენი ასეთი ენერგიისა და აქტიურობის საიდუმლო მარტო სპორტია?

- პირველ რიგში, სპორტი, მაგრამ საიდუმლოდ იმასაც გეტყვით, რომ ამაში ალბათ „დამნაშავე“ ჩემი ხასიათიცაა. არავისი მშურს და ყველა მიყვარს, ბოროტება არასოდეს გამივლია გულში და ვცდილობ ხოლმე, რომ სიკეთით ვიცხოვრო - სულ ესაა...

 

 

მთავარი თემები