პოეტი, რომლის სიმღერებსაც თბილისი მღერის, შეიძლება ქუჩაში დარჩეს

© photo: courtesy of Zura Goshadzeზურა გოშაძე ნანი ბრეგვაძესთან ერთად
ზურა გოშაძე ნანი ბრეგვაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თბილისელი პოეტის ზურაბ გოშაძის დაბადების დღეა, მის ლექსებზე იმდენი სიმღერაა დაწერილი, რომ უკვე სათვალავი აერია.

კარგად იცის მეგობრის, მუზის და ქალაქის ერთგულების ფასი. ნიჭიერ კაცს თბილისში მისი თაობის მართლა ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა თავად ყურადღების ცენტრში ყოფნა მაინცდამაინც არ უყვარს.

საკუთარ თავს არასოდეს ახვევს ვინმეს. ამის დასტური ის მოკრძალებული ორი კრებულია, რის გამოცემაც დღემდე მოახერხა და კიდევ ის ფაქტი, რომ საკუთარ დაბადების დღეზე შეიძლება ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს...

რადგან ცხოვრებაში სიურპრიზები და იმპროვიზაციები უყვარს, მასთან საუბარი წინასწარ დაუგეგმავად შედგა.

© photo: courtesy of Zura Goshadzeზურა გოშაძე
პოეტი, რომლის სიმღერებსაც თბილისი მღერის, შეიძლება ქუჩაში დარჩეს - Sputnik საქართველო
ზურა გოშაძე

- ზურა, გილოცავ დაბადების დღეს, აბა, როგორ ხარ?

- რა გითხრა, რით გაგახარო?..

- ბოლოს რა გაგიხარდა?

- რა და ინტერნეტში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი სიმღერა, რომელსაც ბელორუსები მღერიან. არის ასეთი ცნობილი ანსამბლი „სიაბრი“, მასზეა საუბარი. არც მივაქცევდი ყურადღებას, უბრალოდ ერთს ედო სოციალურ ქსელებში ლინკი, რომელსაც რუსულად ეწერა Гамарджоба, чемо тбилис калако. დავინტერესდი რა იყო, ჩემზე არც მიფიქრია, იეთიმ გურჯი ხომ არ თარგმნა ვიღაცამ–მეთქი? როცა მოვისმინე, ჩემი სიმღერა აღმოჩნდა. თან მისამღერი ქართულად იყო და ამან უფრო გამახარა. სხვათა შორის, ესაა პირველი სიმღერა, რითიც მე ქართულ ესტრადაზე შემოვაბიჯე. სიმღერის პრემიერა 1992 წლის 27 მაისს შედგა.  

 

- მუზა ისევ ერთგულია?

- კი, ისევ ერთგულად მაკითხავს. გახარებაზე მკითხე და გამახსენდა: ბოლოს ერთი ლექსი გამოვაქვეყნე და იმას კომენტარები რომ მოჰყვა, იმანაც ძალიან გამახარა...

- რომელი ლექსია? ჩვენც გვითხარი...

- კი, ბატონო:

„რა ცოდვა მაწევს ასეთი,

რომ ამ ქალაქში გაზრდილი

დავდივარ, ვერ მიპოვნია

თბილისში ჩემი ადგილი.

      დარდს დავატარებ ლოდივით,

      ტანჯვა ყოფილა ნამდვილი, -

      დღეს ჩემს ქალაქში ვერ ვნახე

         ერთი საჩემო ადგილი.

საფიცარი მაქვს მთაწმინდა

და ქართლის დედის მანდილი...

ბევრს არას ვითხოვ, არ მინდა, -

მხოლოდ პატარა ადგილი.

        ნაღდად არაა იოლი,

       ნაღდად არაა ადვილი, -

       რომ ჩემს სალოცავ თბილისში

       არ არის ჩემი ადგილი“...

ამ ლექსის მერე ჩემი ახლობლების რეაქციამ გამახარა. თურმე არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა უყვართ გოშაძე.

- რამ დაგაწერინა ეს ლექსი, დავიჯერო, ამ ქალაქში არ გაქვს შენი ადგილი?

- ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, სახლი უნდა დავცალო და გამოდის, რომ ქუჩაში ვრჩები...

© photo: courtesy of Zura Goshadzeერთ-ერთი შემოქმედებითი საღამოს შემდეგ
პოეტი, რომლის სიმღერებსაც თბილისი მღერის, შეიძლება ქუჩაში დარჩეს - Sputnik საქართველო
ერთ-ერთი შემოქმედებითი საღამოს შემდეგ

- რა ხდება?

- ბინის პატრონები ჩამოდიან და უნდა გავიდე...

- შენი ამბავი რომ ვიცი, რატომ ხარ ასეთ დღეში, პრესაში არ იტყვი...

- რა თქმა უნდა, იმ ადამიანის სახელს და გვარს არ ვიტყვი. ეგ ამბავი ისედაც იცის მთელმა ქვეყანამ...

- ამას წინათ სოლოლაკში გადაღებულ, დანგრევის პირას მისული სახლის ფოტოს ასე მიაწერეს: ეს სახლი იმ თბილისურ სინდისზე დგას, თორემ აქამდე დაინგრეოდაო. თბილისი რაზე დგას დღეს?

- დღევანდელი თბილისი ისევ იმ ძველ თბილისზე დგას... თბილისი კი არის, მაგრამ შიგნით ქალაქი აღარ არის, ეს მხოლოდ გეოგრაფიული ადგილია. თბილისელები არიან, მაგრამ ქალაქელები აღარ... დასახელებას და იმას, თუ სად დაიბადე, მნიშვნელობა არ აქვს. მენტალობით უნდა იყო ქალაქელი და იმ პასუხისმგებლობით ცხოვრობდე, რასაც ქალაქელობა გულისხმობს. მე თბილის-ქალაქელი ვარ... კაი ხნის წინ ასეთმა სტროფმა დამარტყა თავში:

„ნარიყალადან ამობრწყინდა, წითლად მოჩანს მზე

და მთვრალი გული დარდიანი ფეთქავს წარსულით.

დადის თბილისში, დაღიღინებს ზურა გოშაძე

ზოგჯერ ბარბაცით, მაგრამ მაინც წელგამართული.“

- სლენგით რომ ვთქვათ, ნატურშია ეგ ლექსი დაწერილი... რა არ მოგწონს საკუთარ თავში?

- ცხოვრებაში ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. რესტორანში მეგობრებთან რომ ფული მაქვს დახარჯული, იმას არ ვნანობ და შეცდომად არ ვთვლი. აი, ხანდახან რომ არ დაუფიქრდები და სისულელეს ჩაიდენ, იმაზე ვამბობ...

- შენი დაბადების დღეზე რა ამბავი გახსენდება ხოლმე?

- ხალხმა ალბათ იცის, მაგრამ მაინც შევახსენებ, რომ 15 მაისს დაიბადნენ გივი ბერიკაშვილი, ზურა ლალიაშვილი და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი. ოჯახში მე და ჩემი და ვართ ერთ დღეს დაბადებული. როცა ჩემი და 12 წლის გახდა, იმ დღეს დავიბადე. დედაჩემი და მამაჩემი ტყუპებივით იყვნენ, თან კლასელები და ორივეს დაბადების დღე 24 ივლისია. მოკლედ სახლში ოთხნი ვიყავით და ოთხზე ორ დაბადების დღეს ვიხდიდით.

© photo: courtesy of Zura Goshadzeზურა გოშაძე „ორერას“ სოლისტ თემურ დავითაიასთან ერთად
პოეტი, რომლის სიმღერებსაც თბილისი მღერის, შეიძლება ქუჩაში დარჩეს - Sputnik საქართველო
ზურა გოშაძე „ორერას“ სოლისტ თემურ დავითაიასთან ერთად

- ეკონომიურად აგიწყვიათ საქმე...

- ეგრე გამოვიდა... ყველაზე მეტად ერთი დაბადების დღე დამამახსოვრდა. მოკლედ, 15 მაისია, მაშინ ვაკეში ვცხოვრობდი. დილით გავიღვიძე და გეგეშიძის ბაღში ჩავედი. იქ ერთი „საპოჟნიკი“ იჯდა ხოლმე, სისხამ დილით გახსნილი ჰქონდა თავისი კანტორა. როცა მასთან შევედი, მკითხა, რა იყო ზურაჯან, რათა ხარ ცუდ ხასიათზეო. რა ვიცი, დაბადების დღეს მაქვს–მეთქი. მას თვალები გაუნათდა, გამოაძრო ერთი ბოთლი არაყი და ჩამოასხა. თან ამბობს, ვაჰ, რა გაჩუქო ახლა შენ? უცებ, საიდან არ ვიცი, შავი, ხავერდოვანი ვარდი დააძრო. ამას ევა ბრაუნის ვარდს ეძახიანო. ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ მაშინვე ექსპრომტად ლექსი დავუწერე: 

„გულს დავიბნიე ვარდი ხავერდის

მესაიდუმლე ჩემი ფიქრების,

საკუთარ თავთან ვარ ალავერდი

დღეს აქ, ხვალე კი სხვაგან ვიქნები.

ვარდის სინაზეს და სილამაზეს

მე ვადღეგრძელებ ქარვისფერ ღვინით.

უკვე ვმღერივარ სხვა გიტარაზე

სხვა მელოდიას გაწყვეტილ სიმით.

ბოლო ერთი გვაქვს ვიცი, ორივეს,

მე და ეს ვარდი ერთად დავჭკნებით.

მე წლები მცვივა, ვარდს კი ფურცლები,

ბოლოს ორივე ერთად გავქრებით“.

დღესაც ისე ლამაზად მახსენდება ის დღე – როგორ მომილოცა დილით ადრე საპოჟნიკმა დაბადების დღე ევა ბრაუნის ვარდით. ძაან ქალაქური სიტუაცია იყო.

© photo: courtesy of Zura Goshadzeზურა გოშაძე შვილთან და შვილიშვილთან ერთად
პოეტი, რომლის სიმღერებსაც თბილისი მღერის, შეიძლება ქუჩაში დარჩეს - Sputnik საქართველო
ზურა გოშაძე შვილთან და შვილიშვილთან ერთად

- საკუთარ თავს რას უსურვებ?

- ამ წუთში? - ბინას... ისე კი, ზურა გოშაძეს ვუსურვებ თავისი პრინციპებისთვის არ ეღალატოს. ერთხელ მე და ჩემი შვილი მარტო ვიყავით და ჭიქებს ვუჭახუნებდით. მაშინ გაგამ ასეთი რამ მითხრა – მე ისეთი მადლობელი ვარ, რომ შენი სახელის ხსენების არ მრცხვენიაო. როცა გახსენებ, ჩვენი ზურას შვილი ხარო?! – მეუბნებიან და ყველა ეგრევე მეფერება, ძალიან ამაყი ვხდებიო. მე ხალხი ვიცი, რომ მამებს მალავენო, მე კი – პირიქით, და ამის გამო შენი მადლობელი ვარო. საკუთარ თავს იმას ვუსურვებ, რომ ჩემს შვილებს ჩემი ხსენების არასოდეს შერცხვენოდეთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0