08:10 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
თამარ მერლანი

მშობლების ნანატრი ოცნება ნეკო: გაზაფხული, რომელიც ათი წლის შემდეგ მოვიდა

© photo: courtesy of Tamar Merlani / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მარი ნებიერიძე
353920

დედაშვილობა ემოციურად ამოუწურავი თემაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ნანატრი შვილის მრავალწლიან მოლოდინს ეხება...

თამარ მერლანი 10 წელი ელოდა ნანატრ შვილს. როგორ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს დაიბადა მისი გაზაფხული და მას მერე ათბობს და ენერგიით ავსებს მშობლებს. თამარმა სულ ახლახან გადაწყვიტა შეექმნა აქსესუარების ბრენდი, რომლის სახელიც მის შვილს დაუკავშირდებოდა. როგორ დაიბადა „ნეკოსია“, თამარი თავად მოგვიყვება.

– ექთანი ვარ, თუმცა არასდროს მიმუშავია ჩემი პროფესიით. ამჟამად შვილის აღზრდით ვარ დაკავებული და მთელ თავისუფალ დროს მას ვუთმობ. „მოგზაურა“ ოჯახი ვართ. ძალიან, ძალიან ბევრს დავდივართ. საქართველოს ყველა კუთხე მოვინახულეთ და მის ფარგლებსაც გავცდით.

– საკმაოდ დიდი ხანი ელოდებოდით ნეკოს. მოგვიყევით თქვენი ისტორია...

– 10 წელი ველოდებოდით ნეკოს. შემოდგომის წვიმიან დღეს დაიბადა ჩემი გაზაფხული. განსაკუთრებული გოგოა. თავზე ნიშნით დაიბადა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ უფალმა ვარსკვლავი მოწყვიტა და ჩვენთან გამოუშვა. ნეკო ნამდვილად არის უფლის საჩუქარი. სიკეთით სავსე გოგოა, თვალებში ციმციმა ვარსკვლავებით.

– რა იგრძენით, როცა პირველად აიყვანეთ ხელში, ჩახედეთ თვალებში...

– პირველი წამები ძალიან ემოციური იყო. ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა, როცა გულზე დამაწვინეს. მიყურებდა დიდი, ბრიალა თვალებით ნამცეცა გოგო და შეგრძნება, რომ ის მე გავაჩინე, სასწაული იყო.

– რა შეცვალა ნეკომ თქვენ ცხოვრებაში?

– ნეკომ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. უფრო ძლიერები და მიზანდასახულები გავხდით. ნეკოს მამიკო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, მაქსიმალურად არის ჩართული მის აღზრდაში. ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ და ნეკო ამ დროს განსაკუთრებით ბედნიერია.

– სულ ახლახან შექმენით ბრენდი „ნეკოსია“, რა გახდა თქვენი შთაგონების წყარო, რატომ გადაწყვიტეთ ბრენდის შექმნა?

– ერთი თვეა, რაც შევქმენი ბრენდი „ნეკოსია". ხელნაკეთ აქსესუარებს ვამზადებ. მოგეხსენებათ, დედებს ძალიან გვიყვარს გოგონების გაპრანჭვა. ჯერ ნეკოსთვის ვქმნიდი სხვადასხვა აქსესუარს. ახლობლებისგან ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებდი, ამიტომ გადავწყვიტე, საბავშვო ხაზი გამეკეთებინა. სახელზეც ბევრი არ მიფიქრია. ნეკოს გაჩენის შემდეგ მინდოდა ისეთი რაღაც შემექმნა, რაც მასთან კავშირში იქნებოდა. ასე დაიბადა „ნეკოსია" .

თამარ მერლანის ხელნაკეთი აქსესუარები თამარ მერლანი
თამარ მერლანის ხელნაკეთი აქსესუარები თამარ მერლანი

– რა ნივთებს მოიცავს „ნეკოსია“?

– ვამზადებ ხელნაკეთ ბროშებს, აბადოკებს და ნაქსოვ ჩანთებს. მთელ სულსა და გულს ვდებ ყველა ნამუშევარში და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მოსწონთ და ატარებენ „ნეკოსიას". თავიდან მეგობრები და ნათესავები დაინტერესდნენ და ისინი ყიდულობდნენ. შემდეგ გვერდი შევქმენი და ახლა უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ვიღებთ შეკვეთებს, რაც ძალიან მახარებს. ასევე გვაქვს საჩუქრების დღე – ყოველ კვირა დღეს „ნეკოსია" გააჩუქებს იმ აქსესუარებს, რომლებიც სურთ ჩვენს მომხმარებლებს.

თამარ მერლანის ხელნაკეთი აქსესუარები თამარ მერლანი
თამარ მერლანის ხელნაკეთი აქსესუარები თამარ მერლანი

– ყველა ნივთს თქვენ თვითონ ამზადებთ?

– დიახ, ყველაფერი ხელნაკეთია და ძირითადად ღამის საათებში ვამზადებ, როცა ნეკოს ტკბილად სძინავს.

– ხელსაქმე მანამდეც გეხერხებოდათ თუ როცა ბრენდის შექმნა გადაწყვიტეთ, მას მერე ისწავლეთ?

– მთელი ცხოვრება ჩემზე უნიჭო არავინ მეგონა ხელსაქმეში. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა თეომ დადო სოციალურ ქსელში ფოტო, როგორ სწავლობდა ბისერებით ქარგვას. მაშინ გავიფიქრე, რომ მეც მეცადა. დავუკავშირდი და ერთი თვე ვიარე ტექნიკის შესასწავლად. სრული კურსი არ დამჭირდა. ახლა უკვე თავად ვცდილობ განვვითარდე და ინტერნეტში ვეძებ სიახლეებს. რა მოსწონს ხალხს და იმის მიხედვით ვამზადებ.

თამარ მერლანის ხელნაკეთი აქსესუარები თამარ მერლანი
თამარ მერლანის ხელნაკეთი აქსესუარები თამარ მერლანი

– ალბათ ბევრ საინტერესო იდეაზე ფიქრობთ, რა სიახლეს გვიმზადებს „ნეკოსია“?

– უკვე მზადდება ახალი კოლექცია, რომლის შესაქმნელად გამოვიყენე ძვირფასი ქვები. ყელსაბამი, საყურე და სამაჯურები დავამზადე. ფოტოებიც რამდენიმე დღეში აიტვირთება ჩვენ გვერდზე.

სექტემბრიდან იქნება ტანსაცმლის ხაზი. დედა-შვილის სამოსი დაგვემატება, რომელსაც მე შევქმნი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვი.

– როგორ ფიქრობთ, როცა ნეკო დიდი გოგო გაიზრდება და მისი სახელობის ბრენდი უკვე პოპულარული იქნება, გააგრძელებს ამ საქმიანობას?

– ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „ნეკოსია“ ბევრმა გაიცნოს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან გამიხარდება, თუ ნეკოსაც ექნება სურვილი გააგრძელოს ეს საქმე, თუმცა ჩემთვის მთავარია, ნეკო იყოს ბედნიერი ადამიანი და სადაც იქნება მისი ბედნიერება, იქ ვიქნები მეც. ჯერჯერობით ძალიან მოსწონს ფერადი ბისერები, ქვები და პოზიორობა დედიკოს შექმნილი აქსესუარებით.

 

მთავარი თემები