00:44 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
სოფი ხოჯავა

„ხელახლა დავიბადე" – ავტომრბოლელი გოგონა, რომელმაც ექვს თვეში 45 კილოგრამი დაიკლო

photo: Sopi Khojava / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
671610

იცით რა სურთ სინამდვილეში ქალებს? არ გეგონოთ, რომ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზეა საუბარი. ქალების უმეტესობა, თურმე, ოცნებობს მიირთმევდეს ყველაფერს, რაც მოსწონს და არ სუქდებოდეს.

ყველა ადამიანს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, აქვს სურვილი ებრძოლოს მას, მაგრამ ამას დიდი ნებისყოფა სჭირდება და ყველას არ გამოსდის. სოფი ხოჯავა ერთ-ერთი გამონაკლისია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოფიმ ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა, ექვს თვეში 45 კილოგრამი დაიკლო.

სოფი ხოჯავა
სოფი ხოჯავა

– პროფესიით არქიტექტორი ვარ. შვიდი წელი კომპანია „რედიქსის“ მთავარი დიზაინერი ვიყავი. ამის მერე უკვე ჩემი საპროექტო დავაფუძნე სახელად Elleven. ბოლო ერთი წელია განსაკუთრებით დიდი ნაბიჯებით ვავითარებ ჩემ კომპანიას.

მანამდე პარალელურად დავაფუძნე და გავზარდე ავტო–სატუნინგო ფირმა. ასევე გავხსენი ბარი ავტომოყვარული ადამიანებისთვის. ოღონდ ეს ყველაფერი ჩემი ჰობი უფრო იყო, ვიდრე ბიზნესი. ვთვლი, რომ არასოდეს მიმუშავია, თუმცა სულ ვმუშაობ, რადგან არ ვიცი რა არის მუშაობისთვის განსაზღვრული საათები, ან რაიმე გრაფიკი. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს, მხიბლავს და მუდმივად მზრდის.

– როგორც ვიცი, თქვენ ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ გარდატეხა მოხდა, ათობით კილოგრამი დაიკელით. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ძალიან ხშირად შეუმჩნეველია, თუ რას გრძნობს ქალი შინაგანად. თუ არ უყვარს პრობლემებზე საუბარი, შეგვიძლია ვიზუალური მხარით გავიგოთ, არის თუ არა ის ბედნიერი. როცა მეტი ხალისი აქვს, უფრო უვლის საკუთარ თავს, მეტ დროს უთმობს თავის მოვლის საშუალებებს და არც ფული ენანება ამ ყველაფრისთვის, ესე იგი ის ბედნიერია. უბრალოდ ორი წლის წინ გადავწყვიტე ვყოფილიყავი ბედნიერი. ჭარბი წონა თავიდანვე არ მაწუხებდა. ქალების უმრავლესობა ბავშვის დაბადებას აბრალებს ჭარბ წონას, მე ასე არ მოვქცეულვარ. ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო და ჩემი თავის მიმართ პატივისცემას მხოლოდ გემრიელად ჭამაში ვხედავდი.

– როგორ მიაღწიეთ მაქსიმალურ წონას?

– მსუნაგობით და მხოლოდ მსუნაგობით.

– როდის მიხვდით, რომ ეს უნდა დასრულებულიყო, როგორ დაიწყეთ კლება?

– როგორც ზევით აღვნიშნე, ერთ დღეს გადავწყვიტე უბრალოდ საკუთარი თავი შემყვარებოდა და პატივი მეცა. პირველ რიგში ყველანაირი ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა ჩავიტარე, რათა გარკვეული პრობლემები გამომერიცხა. შემდეგ დავიწყე მასაჟები, ალბათ ერთი წლის მანძილზე 50-ზე მეტი მასაჟი გავიკეთე. დავიწყე კითხვა ჯანმრთელ კვებასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვკითხულობდი, შემდეგ ვაკვირდებოდი ჩემ ორგანიზმს და დასკვნები გამომქონდა. ასევე დავიწყე აქტიური ვარჯიში. მძიმე წონები მიყვარს და შტანგებით და ჰანტელებით დავიწყე სხეულის ძერწვა.

– მალევე დაინახეთ შედეგი?

– ექვს თვეში დავიკელი 45 კილო, თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, უგემრიელეს საკვებს ვიღებდი. 

– ფარ-ხმლის დაყრაზე არასოდეს გიფიქრიათ?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული გზა გავიარე, ფარ-ხმლის დაყრაზე არასოდეს მიფიქრია. რატომ იწყებ მაშინ, თუ შუა გზაში უნდა დანებდე? სხვა გოგოების სურათებს რომ ვუყურებდი, ვისაც დიდი წონა ჰქონდა დაკლებული, ვფიქრობდი, თუ მათ შეძლეს, ესე იგი მეც შევძლებ. ტყუილად მოძრაობას და ენერგიის ჰაერში ყრას ჯობს საერთოდ არ შეეჭიდოთ ამ საქმეს, თუ გულით არ მიუდექით და ნებისყოფა არ გამოიმუშავეთ, არაფერი გამოგივათ. და, დაიმახსოვრეთ, თუ შეძლო ერთმა, შეძლებთ თქვენც! და თუ არავის შეძლებია ეს, შენ იქნები პირველი, ვინც ამას იზამს!

რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი ტრანსფორმაცია მე პირადად მარტო წონის კლებით არ მეამაყება. ბევრ სურათს წააწყდებით ინტერნეტში, უამრავი ადამიანი იკლებს, თუ მოინდომებს. ჩემი რადიკალური ცვლილების არსი არის იმაში, რომ მე გავხდი ძლიერი ქალი. დიდი ხნის მანძილზე ქალურობა დაკარგული მქონდა. იმ პატარა ცელქი გოგოდან, რომელიც სულ „გარაჟში“ ბინადრობდა და რეალურად მისი ცხოვრება ამით შემოიფარგლებოდა, სულ სხვა ადამიანი ჩამოყალიბდა. მან ბევრი რამ ისწავლა ცხოვრებაში და გაიზარდა.

– მას შემდეგ რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში?

– ფაქტიურად ხელახლა დავიბადე. ვერც ვერასოდეს ვერ გადმოგცემთ ამ განცდას სიტყვებით. სულ ვამბობ, წარმატება ეს მხოლოდ გამართლება არ არის. ეს, უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა, მოთმინება, ნებისყოფა და სწავლაა. გულის და სულის დათმობა იმ საქმისთვის, რასაც ხელს მოჰკიდებთ.

– ამასთან ხართ დრიფტერი. მოგვიყევით თქვენი გატაცების შესახებ...

– ავტომრბოლელი ვარ, დრიფტი ერთ-ერთი სახეობაა ავტოსპორტის, რამაც ამ ბოლო წლებში გამიტაცა. მანამდე კი სხვადასხვა სახეობებში ვიღებდი მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებულადაც.

– რას გრძნობთ დრიფტის დროს, რამდენად სასიამოვნო და საინტერესოა ეს თქვენთვის?

– ფაქტიურად ამითი ვცხოვრობ. თუ გარკვეული პერიოდი ადრენალინი არ ვიგრძენი, აღარც შთაგონების წყარო მაქვს და გარკვეულწილად დათრგუნულიც ვარ. 

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მინდა ცხოვრებაში ყველა ჩემი ოცნება და მიზანი განვახორციელო.

 

მთავარი თემები