02:47 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
გელა ცენტერაძის ნამუშევრები

გურული „დისნეი-ლენდი“ ნატანებში

© photo: courtesy of Gela Tsenteradze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
181860

გურულები რომ განსაკუთრებული ენერგიითა და ფანტაზიით გამოირჩევიან, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია მსოფლიო მასშტაბითაც კი.

ამბავი ასეთია: ორი წლის წინ გურიის ერთ სოფელში მცხოვრები, უმუშევრად დარჩენილი ოჯახის უფროსი უსაქმოდ დიდხანს ვერ გაჩერდა და ერთ მშვენიერ დღეს, ოჯახის წევრების გასაოცრად, ეზოში უცნაური საქმიანობა წამოიწყო. მოზიდა ხელოვნური ბალახი, რკინის კონსტრუქციები და... ბავშვობაში გადავარდა.

მალე ამბავი ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მცხოვრებ სამთო ინჟინერზე, რომელმაც სახლის ეზოში საკუთარი ხელით გაკეთებული ანიმაციური გმირებისა და ნატურალური ზომის ცხოველების ფიგურები გამოფინა, გურიის ფარგლებს გაცდა. ასე რომ, დღეს მას სხვა გზა უკვე არ აქვს – თვითნასწავლი ხელოვანი თავისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს. ბატონ გელა ცენტერაძეს ნატანებში დავუკავშირდით.

გელა ცენტერაძის ნამუშევრები
გელა ცენტერაძის ნამუშევრები

– ბატონო გელა, ვიცი, რომ ამ კითხვით ბოლო დროს ბევრმა მოგმართათ, მაგრამ იმედია, ჩვენ მკითხველსაც მოუყვებით, საიდან დაიწყო ყველაფერი?

– მალე სამოცი წლის გავხდები და ამ ასაკში დავინტერესდი ასეთი საქმის დაწყებით. ერთ დღეს სოფლის სტადიონზე ხელოვნური ბალახის საფარი შეცვალეს. მე იქ ვიყავი და ამ საქმიანობას თვალს ვადევნებდი. დღის ბოლოს დავინახე, რომ მუშებს ხელოვნური ბალახის ნარჩენები დარჩათ და ისინი სახლში წამოვიღე. მერე ინტერნეტში მოვიძიე, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა მათგან და რაღაც ვიდეოები აღმოვაჩინე. ამ ფიგურებს ხელოვნური ბალახით ვაკეთებ, შიგნით კარკასი მავთულისგან კეთდება.

– როგორც თქვენი თაობის ადამიანებს, „ნუ პოგოდის“ ცნობილი გმირები ალბათ ბავშვობიდან მოგყვებათ?

– დიახ, ჩემ ბავშვობაში ესენი იყვნენ ყველაზე პოპულარულები, ქართული ანიმაციური ფილმებიდან კი „წუნა და წრუწუნა“. კიდევ გავაკეთე ტომი და ჯერი, მაშა და დათვი, კარლსონი და ნატურალური ზომის ცხოველები – ცხენი, სპილო, ზებრა...

გელა ცენტერაძის ნამუშევრები
გელა ცენტერაძის ნამუშევრები

– მათ შორის შედარებით ახალი გმირები არ არიან, მაგალითად, სპაიდერმენი...

– არ არის, სპაიდერმენი ვინმეს რომ ეთხოვა, ვერც გავაკეთებდი, რადგან მას წითელი ფორმა უნდა ჩააცვა და ბალახი ხომ მწვანეა... ჩემი ნაკეთობებით განსაკუთრებით შვილიშვილები ხალისობენ, ხან რას მთხოვენ, ხან რას.

– თქვენი ეზოს ამბავი უკვე გასცდა ერთი ოჯახის ფარგლებს...

– ჩემი ეზო გზის პირასაა, ყველა ხედავს აქ რა ხდება, ამიტომ გამვლელები თავიდანვე დაინტერესდნენ. ბოლო დროს იმდენი დამიკავშირდა, ვითომ ხელოვანი ვიყო, არადა, ხელოვნებისგან ძალიან შორს ვარ. დღეს უცნობები ხშირად შემოდიან ეზოში, ამ ფიგურებთან ერთად ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ. შეკვეთებიც წამოვიდა. „ნუ პოგოდი“ და „ტომი და ჯერი“ უკვე წამართვეს, უფრო სწორედ, გავყიდე, ისინი სასტუმრომ წაიღო.

გელა ცენტერაძის ნამუშევრები
გელა ცენტერაძის ნამუშევრები

– როგორ გაიმეტეთ?

– აბა, რა მექნა? ახლა ყველაფერი, რაც გავყიდე, ხელახლა მინდა გავაკეთო და მეც მქონდეს.

– კოლექციის შევსებას როდის აპირებთ?

– გუშინ დილამდე არ მინდოდა, გუშინ კი სტუმრები მყავდა თბილისიდან და მათ ისე დაახასიათეს ჩემი ნამუშევრები და ისე შეამკეს, რომ სხვა გზა არ დამიტოვეს. ისინიც თქვენსავით ახსენებდნენ – „დისნეი ლენდიო“, მაგრამ ეზოში იმხელა ფართობი არ არის, რომ გავზარდო, თანაც, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ კლიენტი გამოჩნდება, რომელიც შეკვეთას მომცემს ან უკვე გაკეთებული მოეწონება, სხვა რა გზაა? – გავყიდი.

გელა ცენტერაძის ნამუშევრები
გელა ცენტერაძის ნამუშევრები

– ახლა რაზე მუშაობთ?

– ახალგაზრდობაში ფეხბურთი მიყვარდა, ამიტომ ახლა ფეხბურთელებს ვაკეთებ. ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობ და ფეხბურთელები მაინც გავაკეთო!..

– მეუღლე ხომ არ გეუბნებათ, ნუ ცდებიო?

– არა, პირიქით, მეუბნება, გააკეთე, კარგად გამოგდისო. სახლში ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ ვიმუშაო. მეზობლებიც მეხმარებიან, ზოგს არმატურა მოაქვს, ზოგს რკინა და სხვა საჭირო მასალები, ვისაც რა შეუძლია, იმით მეხმარება.

გელა ცენტერაძის ნამუშევრები
გელა ცენტერაძის ნამუშევრები

– ისე, ყაბალახიანი გურულის გაკეთება არ გიცდიათ?

– მაი ერთი ორ-სამ ადგილას ვთქვი და ყური ხომ არ მოგიკრავთ, რაფერ გაარტყით?!

– რა გარტყმა უნდა, გურულს ველაპარაკები, ეგ კითხვა რომ არ გამჩენოდა, ის იქნებოდა გასაკვირი...

– ახლა, რახან თქვენც მითხარით, აუცილებლად გავაკეთებ ყაბალახიან გურულს მხარზე თოფით, ბოლო-ბოლო გურიაში ვარ და ასეთი პერსონაჟი აუცილებელია, რომ იყოს ჩემ კოლექციაში. ხვალვე დავიწყებ ამაზე მუშაობას...

მთავარი თემები