03:25 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
30120

მარიამ მარღიშვილი პროფესიით დიპლომატია, თუმცა ამ ეტაპზე ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით არის დაკავებული.

მისი ხელნაკეთი ნივთები ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით იყიდება, მაგრამ გეგმავს, რომ გახსნას სივრცე, სადაც არა მარტო მისი, არამედ სხვა ხელოვანი ადმიანების ნამუშევრებიც გაიყიდება.

გარდა ამისა მარიამი ეწევა ფლორისტულ საქმიანობას. აქვს საკუთარი ეზო, რომელსაც ზოგჯერ ხუმრობით „ბაღნარსაც" უწოდებს.

ხელნაკეთი საყურე
ხელნაკეთი საყურე

- ძალიან მიყვარს ყვავილები, მცენარეები. მაქვს საკუთარი ეზო, სადაც უამრავი ჯიშის და სახეობის მცენარე მაქვს. ვცდილობ სულ უფრო და უფრო მეტი ახალი ჯიშის მცენარეები შევმატო ჩემს ეზოს, განსაკუთრებით კი ვარდები. მინდა კიდევ უფრო გავალამაზო, თუმცა ახლა მთლიანად ჩემი ხელნაკეთი აქსესუარებით ვარ დაკავებული.

- ხელნაკეთი სამკაულის შექმნამ როდის გაგიტაცათ?

- ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით ერთი წლის წინ დავინტერესდი. ძალიან მომწონდა ერთი საყურე და თბილისში რამდენიმე ადგილზე ვიყავი, რომ მასალა მომეძებნა. მაშინ, როცა ჩემთვის პირველ საყურეს ვაკეთებდი, არც მიფიქრია, რომ ბიზნესის სახეს მივცემდი, მაგრამ ისეთი კარგი გამოვიდა და ჩემი მეგობრების მხრიდან ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ვიფიქრე, რატომაც არა, დავამზადებ ფართო საზოგადოებისთვის და ჩემი ხელნაკეთი აქსესუარების ხაზს შევქმნი-მეთქი. ამას მოჰყვა შემდეგ გულსაბნევები, თმის სამაგრები, მაგრამ ძირითადად მაინც საყურეებზე ვაკეთებ აქცენტს. სახელზე ბევრი ვიფიქრე და ბოლოს შევარჩიე - „მარიამის ხელნაკეთი აქსესუარები", შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

ხელნაკეთი საყურე
ხელნაკეთი საყურე

- რა მასალით ქმნით აქსესუარებს?

- სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად ერთი მასალა არ მაქვს აღებული და მასალას კონკრეტულად ერთ ადგილზე არ ვიძენ. ზოგჯერ მასალის შერჩევა ძალიან მიჭირს, რადგან კონკრეტული აქსესუარის შექმნაში მთელ გულს და სულს ვდებ, ამიტომ მინდა, რომ მასალაც ხარისხიანი იყოს. მაქვს ძვირფასი ქვებით შექმნილი აქსესუარი. მაგალითად, გულსაბნევი ლაზურიტის ქვით, საყურე ფირუზის ქვებით და ა.შ. არ მინდა ქედმაღლობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ჩემი აქსესუარები სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ, პირველ რიგში, ხელნაკეთია და ყოველთვის ვცდილობ ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო, სხვისას არაფრით არ ჰგავდეს. ზოგადად არც მე მომეწონება, ზუსტად ჩემნაირი სხვამ რომ შექმნას.

ხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები

- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული, რა ადგილი უკავია მას ქალის ცხოვრებაში?

- ჩემთვის ლამაზი სამკაული ყოველთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ლამაზი და სწორად შერჩეული სამკაული გიკეთია. ეს შენ გემოვნებას უსვამს ხაზს და შეიძლება ამ სამკაულითაც მიიქციო ირგვლივ მყოფების ყურადღება.

ხელნაკეთი თმის სამაგრი
ხელნაკეთი თმის სამაგრი

- თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით თუ მომხმარებლის გემოვნებითაც ამზადებთ?

- ჩემი ხელნაკეთი აქსესუარების დიზაინი ძირითადად მე მეკუთვნის, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბოლოს შექმნილი თმის სამაგრები ჩემი და ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანის სოფო ნათიშვილის დიზაინით და დახმარებით არის შექმნილი. სოფო ძალიან თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს ამას რომ ვამბობ, მაგრამ თმის სამაგრების ბოლო ხაზი მთლიანად მისი იდეაა. სოფო პროფესიით ინტერიერის დიზაინერია. ხელოვნებასთან და ხელოვან ადამიანებთან არაერთხელ ჰქონია შეხება.

ხელნაკეთი თმის სამაგრი
ხელნაკეთი თმის სამაგრი

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?

- ჩემი მთავარი შემფასებელი, რა თქმა უნდა, დედაჩემია, ჩემ ხელნაკეთს პირველად ის აფასებს. ასევე ჩემი შემფასებლები და გულშემატკივრები არიან ჩემი მეგობრები, ახლობლები, აუდიტორია და, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, ვისაც ხელნაკეთი ნივთები უყვარს და აფასებს. დედაჩემიც ხელოვანია, ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ხელოვნების სიყვარული და ნიჭი მემკვიდრეობით მშობლებისგან გადმომეცა-მეთქი. დედა ულამაზეს რაღაცებს ქსოვს.

ხელნაკეთი საყურე
ხელნაკეთი საყურე

- თქვენი სამკაული საოცარი ფერებით გამოირჩევა. როგორ ქმნით ფერთა გამას, წინასწარ გეგმავთ რა ფერს რა უნდა შეუხამოთ, თუ ექსპრომტად, მუშაობის დროს იქმნება ეს ფერები?

- სიმართლე რომ გითხრათ, წინასწარ არასდროს არ ვგეგმავ რა და როგორი უნდა გავაკეთო. როდესაც სურვილი გამიჩნდება, ვჯდები სამუშაო მაგიდასთან. მაგიდაზე ვათავსებ ყველა იმ მასალას, რაც სახლში მაქვს და ამ დროს ექსპრომტად რა იდეაც მომდის, ისე ვაკეთებ. ყოველთვის ვცდილობ ფერთა შეხამებას არ გადავუხვიო. თითოეული ნამუშევარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ძალიან მიყვარს და კიდევ უფრო მიხარია, თუ მას ისეთი ადამიანი ატარებს, ვინც აფასებს ხელნაკეთ ნივთებს.

ხელნაკეთი საყურე
ხელნაკეთი საყურე

- მამაკაცები თუ გიკვეთავენ საყვარელი ქალისთვის სამკაულს?

- ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად არ მახსენდება შემთხვევა, მამაკაცს თავისი საყვარელი და ძვირფასი ქალბატონისთვის შეეძინა ჩემი ხელნაკეთი სამკაული. ნამდვილად არ მინდა, ეს პასუხი შეურაცხყოფად მიიღონ. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ ჩემი ხელნაკეთი აქსესუარები ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა და იმდენად არ იცნობენ. ქალს, რომელსაც გემოვნებით შერჩეული აქსესუარი უკეთია, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, უფრო ხალისიანი და ბედნიერია, მით უმეტეს, როცა ეს საყვარელი ადამიანის საჩუქარია.

ხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები

- რა ფერები და სტილია დღეს მოდური და აქტუალური?

- ჩემი აზრით, მოდაში ისაა, რაც გიხდება და მოგწონს. თუმცა შემიძლია დავასახელო ფერები, რაც შედარებით მოდურია. ესენია ოქროსფერი, შავი, ვერცხლისფერი, მწვანე, ყვითელი და ა.შ

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- სამომავლოდ შორს მიმავალი გეგმები მაქვს. მინდა მქონდეს კონკრეტული სივრცე, სადაც განთავსებული იქნება არა მარტო ჩემი ხელნაკეთი აქსესუარები, არამედ ჩემი მეგობრებისაც. მყავს რამდენიმე ხელოვანი ახლობელი, რომლებსაც, გარდა „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქისა“, არ აქვთ საშუალება უფრო ფართო საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები. უფლის წყალობით, თუ ოდესმე მექნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად განვახორციელებ ამ გეგმას. მინდა, რომ ჩემ ხელნაკეთ აქსესუარებს ბევრი ადამიანი გაეცნოს და საქართველოს ფარგლებს გარეთაც გადიოდეს.

 

მთავარი თემები