17:26 22 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0128
  • 100 RUB4.0560
  • USD2.6570
ქეთი ობოლაშვილი

მამიდის ნაჩუქარი ფუტკრები და თონეთელი გოგო, რომელიც სოფელს ვერ ტოვებს

© photo: courtesy of Qeti Obolashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
205461

ჩვენში მეფუტკრეობა ძველი დროიდანაა განვითარებული, მაგრამ მეფუტკრე ქალი არც ისე ბევრია.

ქეთი ობოლაშვილი 21 წლის იყო, როდესაც მისთვის უცნაური არჩევანის წინაშე დადგა. თაფლის ჭამა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ფუტკრის, როგორც ყველა გოგოს, მასაც ეშინოდა. ერთხელ მამიდისგან უცნაური საჩუქარი მიიღო – ფუტკრის ოთხი სკა... ოჯახში ყველა სკეპტიკურად შეხვდა გოგონას მეფუტკრედ გახდომის პერსპექტივას, მაგრამ მან ყველას საპირისპირო დაუმტკიცა და დღეს უკვე საკუთარი საქმე აქვს...

ქეთი ობოლაშვილი
ქეთი ობოლაშვილი

– ქეთი, ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მოგვიყევი, როგორ გახდა მეფუტკრე 21 წლის გოგო, რომელსაც ფუტკრის ეშინოდა?

– მეფუტკრეობა ძალიან რთული პროფესიაა. თავიდან რომ დავიწყე, ყველას გაუკვირდა. მამიდა უცხოეთში წავიდა და საჩუქრად ფუტკრები, ოთხი სკა გამომიგზავნა. თაფლი ძალიან მიყვარს, მანამდე მამიდა ხშირად მიგზავნიდა. ფუტკრის კი ისე მეშინოდა, რომ ვერ ვეკარებოდი, სკაში არასოდეს ჩამიხედავს. მამიდა მეფუტკრე იყო და რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ მან ეს საქმე მე გადმომილოცა. სხვა რა გზა იყო? შემეცოდა ფუტკრები და დავიწყე ყველაფრის კითხვა, რაც მეფუტკრეობაზეა დაწერილი. მერე დავამთავრე სამებაში არსებული დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი, სადაც მეფუტკრეობას უფასოდ ასწავლიან. საქმეში რომ ჩავიხედე, სპეცტანსაცმელიც შევიძინე.

ქეთი ობოლაშვილი
ქეთი ობოლაშვილი

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენ მეფუტკრეობას?

– ძალიან გაუკვირდათ და სკეპტიკურად, ცინიკურადაც კი შეხვდნენ, მარტო ოჯახში არა, მთელ სოფელში ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. თან პატარა ტანის ვარ და სულ მეუბნებოდნენ, აი, ერთხელაც იქნება, გიკბენს ფუტკარი და მერე ნახავ, რაც მოგივა, ხალისი დაგეკარგებაო. მე კი ისეთი ადამიანი ვარ, ასეთ დროს ვცდილობ ყველას საპირისპირო დავუმტკიცო. ამ შემთხვევაშიც ასე გამოვიდა. ყველას ვუთხარი, ნახავთ, მაინც შევძლებ და გამომივა–მეთქი! სიამაყით ვიტყვი, რომ ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო.

– ისე მოინდომე, რომ პროექტი დაგიფინანსეს კიდეც...

– დიახ, დავწერე პროექტი და შევიტანე სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“. ძალიან შემიწყვეს ხელი, იმიტომ რომ ჩვენში მეფუტკრე გოგო ბევრი არ არის. თან მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და დღეს ყველანაირად უწყობენ ხელს ასეთი სოფლების განვითარებას. პროექტში დავწერე, რომ მხოლოდ მაღალხარისხიან თაფლს ვაწარმოებდი. ისიც მითითებული მქონდა, რომ ჩემი სოფელი მაღალმთიანია და ახალგაზრდობისგან იცლება. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თონეთი უკვე დატოვა იმის გამო, რომ ხალხს შემოსავალი არ აქვს. მე კი ამ საქმით შემოსავალი გამიჩნდებოდა და ადგილზე გაჩერებას შევძლებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლის დატოვება მეც მომიწევდა. ჰოდა, დამიჯერეს და დამაფინანსეს.

ქეთი ობოლაშვილი ნათესავებთან ერთად
ქეთი ობოლაშვილი ნათესავებთან ერთად

– ანუ მამიდის საქმე წარმატებით გააგრძელე. მას შემდეგ ფუტკრები გამრავლდნენ?

– რა თქმა უნდა, გამრავლდნენ, ოთხი ოჯახი დამიტოვა და დღეს უკვე 50 სკა მაქვს.

– ფუტკარი მშრომელი მწერია, მაგრამ მსმენია, რომ მარტივი ხასიათი არ აქვს...

– დიახ, ფუტკარს თავისებური ხასიათი აქვს და ანგარიში უნდა გაუწიო. წვიმიან და ქარიან ამინდში ისინი ვერ მუშაობენ და ამის გამო გაღიზიანებული არიან. მეფუტკრე ამ დროს უნდა მოერიდოს მათ. მზიან ამინდში კარგ ხასიათზე არიან, რადგან უკვე შეუძლიათ მუშაობა.

ქეთი ობოლაშვილი
ქეთი ობოლაშვილი

– თაფლის რეალიზაციას როგორ ახდენ?

– უკვე მყავს ჩემი კლიენტები, მომხმარებელი, ვისაც სისტემატურად ვაწვდი ჩემ თაფლს. ზაფხულში, როცა ახლობელ სოფლებში დამსვენებელია, უკვე მცნობენ, წინასწარ მიკავშირდებიან და შეკვეთებს მაძლევენ. 

– თვითონაც გყვარებია თაფლი...

– თაფლი სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება, დინდგელი ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. მაგრამ სულ რომ ვუყურებ, უკვე ვეღარ ვჭამ ხოლმე. თუმცა, რადგან ვიცი, რომ სასარგებლოა, ახლა უკვე ძალით ვჭამ...

ქეთი ობოლაშვილი
ქეთი ობოლაშვილი

– არ გინდა შენი ბრენდი დაარეგისტრირო?

– ნამდვილად ვაპირებ ბრენდირებას, სახელიც მოფიქრებული მაქვს. მინდა ეს პროდუქცია ჩემ სოფელთან ასოცირდებოდეს, ამიტომ მისი სახელი ექნება „თონეთური თაფლი“, ამით ჩემი სოფლელებიც იამაყებენ. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი...

– დღეს ვალენტინობაა, სიყვარულზე რას იტყვი?

– სიყვარული – ესაა ერთი სული ორ სხეულში... სულ რომ გედარდება და ადგილს ვერ პოულობ მის გარეშე, ესაა სიყვარული. კიდევ მონატრებაა უდიდესი.

ქეთი ობოლაშვილი
ქეთი ობოლაშვილი

– რა თვისებები უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომ შეგიყვარდეს?

– პატივისცემა, ერთგულება, ყველანაირი მხარდაჭერა უნდა შეძლოს, ყოველთვის უნდა მქონდეს მისი იმედი, ნებისმიერი გასაჭირის დროს.

– სასიყვარულო წერილი თუ მიგიღია?

– კი, ბევრი წერილი მიმიღია, მაგრამ შეყვარებული არ მყავს...

– იმ წერილების ავტორები სად გაქრნენ?

– ალბათ არც ერთი არ იყო გამორჩეული, თორემ ახლა ხომ ვიქნებოდი ერთად და დაოჯახებული?..

 

მთავარი თემები