10:28 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ანა ბიბილაშვილი

„ისინი უსიტყვოდ გვკარნახობენ როგორ ვიცხოვროთ“ - რა აკონტროლებს ჩვენს ცხოვრებას?

photo: courtesy of Ana Bibilashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
82710

არქიტექტურა წიგნია, რომელსაც თარგმნა არ სჭირდება. დამტკიცებულია, რომ არქიტექტურული ნაგებობებით ყველა იმ ემოციის გადმოცემაა შესაძლებელი, რაც ადამიანს გააჩნია.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ სფეროს სპეციალისტების მოსაზრება არა ერთხელ შემოგთავაზეთ. ამჯერად მას სხვა კუთხით განვიხილავთ. არქიტექტურის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მას უნარი შესწევს საზოგადოება თავისი წესებით აცხოვროს.

ვესაუბრებით ამ დარგის სპეციალისტს, პრაქტიკოს-არქიტექტორს, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს და დოქტორანტს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრს, ანა ბიბილაშვილს.

ანა ბიბილაშვილი პორტუგალიელი პროფესორის ნაჩუქარი ჟურნალით, სადაც ვრცელი სტატიაა თბილისზე
photo: courtesy of Ana Bibilashvili
ანა ბიბილაშვილი პორტუგალიელი პროფესორის ნაჩუქარი ჟურნალით, სადაც ვრცელი სტატიაა თბილისზე

- ქალბატონო ანი, როგორ გვაკონტროლებს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ?

- ფაქტია, რომ გვაკონტროლებს... იგი ჩვენს ხასიათსა და ცხოვრების სტილსაც აკონტროლებს. ადამიანური მასშტაბის შენობები მეტად ადამიანურს გვხდის, უმასშტაბო და აგრესიული კი-აგრესიულს. ასეა მუსიკაც და მხატვრობაც. მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ გაიძულოთ რომელიმე ნეგატიურ ნახატს უყუროთ ყოველ დღე - ასე ხომ შეიძლება, რომ გაგიჟდე ადამიანი?... იგივეა გარემოსა და არქიტექტურის შემთხვევაშიც, რომელიც კიდევ უფრო რთულად მოქმედებს...

მუხიანის სარაგბო კომპლექსი - ავტორი ანა ბიბილაშვილი
photo: courtesy of Ana Bibilashvili
მუხიანის სარაგბო კომპლექსი - ავტორი ანა ბიბილაშვილი

-არქიტექტურული სტილი როგორც ფსიქო-ემოციური ფენომენი -ამ თემით ჯერ კიდევ სტუდენტობიდან დაინტერესდით...

-არქიტექტურა, როგორც ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგი, ემოციებით იქმნება და ემოციებს ქმნის, ამაზე ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე ფიქრი როდესაც ბაკალავრზე ვსწავლობდი და აღმოვაჩინე, რომ არსებობს საკომუნიკაციო ენა არქიტექტურასა და საზოგადოებას შორის. ამ პერიოდს შემდგომ ხუთწლიანმა პრაქტიკულმა მოღვაწეობამ დამაფიქრა არქიტექტურაზე, როგორც პროფესიაზე და როგორც ხელოვნებაზე. ეს პროფესია, მეტად რთული და კომპლექსურია, თუ ბოლომდე შეძლებ გაიაზრო პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე რომელსაც საცხოვრებელ გარემოს უქმნი, კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება საკუთარი როლის წარმოდგენა. სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ მაგისტრატურის პირველ კურსზე პროფესორ ვახტანგ დავითაიასთან ერთად ეს თემა მოვამზადე. ის ჩემი ხელმძღვანელი იყო და ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ჩვენი დამოკიდებულება არქიტექტურის მიმართ ერთმანეთს ემთხვეოდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით არქიტექტურის ფსიქო-ემოციურ ფაქტორებზე, ეს უფრო მეტი იყო ვიდრე სტილის გავლენა საზოგადოებაზე და პირიქით. თუმცა იმ გარემოებამ, რომ ამ თემაზე მუშაობას სულ ოდნავ უსწრებდა წინ თბილისში უამრავი თანამედროვე ნაგებობის მშენებლობა, სტილის როგორც ფსიქო-ემოციური ფენომენის ანალიზი შემოგვთავაზა...

კანადელი ფოტოგრაფის თვალით დანახული თბილისი
კანადელი ფოტოგრაფის თვალით დანახული თბილისი

- რა განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას არქიტექტურის მიმართ?

- გავიხსენოთ რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შენობამ დაგვრთგუნა, შეგვაშინა, აღგვაფრთოვანა, გაგვახალისა. ყველაფერი მოქმედებს, ფერი, მასალა, ფორმა, სტილი და რაღა თქმა უნდა კონტექსტი. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას არიქიტექტურული გარემოს მიმართ და სწორედ ეს არის მისი ხასიათის მთავარი ძალაც. თუ ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედავთ და დავაკვირდებით ნაგებობებს, რომელიც გარემოს ხასიათსა და ფორმას ქმნის, შევამჩნევთ, რომ თითოეულ შენობას თავისი ხასიათი გააჩნია. ისინი არსებობენ და ჩვენს ემოციებს ქმნიან, საყურადღებო გარემოება ისაა, რომ ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც არჩევანი გაქვს, მოუსმენ თუ არა ამა თუ იმ ნაწარმოებს, წაიკითხავ თუ არა, კონკრეტულ წიგნს, ან წახვალ თუ არა რომელიმე გამოფენაზე, არქიტექტურა არ გვიტოვებს არჩევანს, ის არქიტექტურული გარემო რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენი ნაწილია, ეს კი უდიდეს გავლენას ახდენს, მუდმივად მოქმედებს და გვიცვლის არა მარტო განწყობას არამედ ცნობიერებას. თითოეული არქიტეტურული ნაწარმოები ემოციების კრებულია, ემოცია კი გადამდები. არქიტეტურული გარემოს როლი რომ გავიაზროთ, უნდა დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო არსებულ სივრცეს და ჩვენს დამოკიდებულებას ამ სივრცის მიმართ. ეს ემოციები, რომელსაც ვერ გაექცევი, ვერ დაემალები და ვერ შეეწინააღმდეგები, ცვლის საზოგადოების ცნობიერებას.

ჩეხეთის პატარა სოფლის ციხე-სიმაგრე
photo: courtesy of Ana Bibilashvili
ჩეხეთის პატარა სოფლის ციხე-სიმაგრე

-რამდენადაა შესაძლებელი, რომ არქიტექტურა პოლიტიკური იარაღი გახდეს?

-ნებისმიერი რამ რასაც შეუძლია საზოგადოების დამოკიდებულებაზე, განწყობასა და ცნობიერებაზე იმოქმედოს თანაც ამ ზემოქმედების აღქმის გარეშე, თავისთავად პოლიტიკური იარაღია და მას სწორი მიმართვა სჭირდება, განსხვავება მხოლოდ ისაა თუ რომელი ხელისუფლება როგორ იყენებს ან იყენებდა ამ იარაღს. თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ცივილიზაციების და სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ხასიათს, მარტივია იმის გამოცნობა თუ რა ამოცანების წინაშე იდგა ესა თუ ის ხელისუფლება. ყველა შენობას ადამიანის მსგავსად აქვს ხასიათი და ისტორია, სწორედ ეს ხასიათი ქმნის არქიტექტურული გარემოს ფსიქოემოციურ ფონს. ღია, გამჭირვალე არქიტექტურას შეუძლია ნდობა ჩამოუყალიბოს საზოგადოებას და ამის მაგალითები ჩვენ საკმარისად გვაქვს.

ლისაბონის ცენტრალური რკინიგზის სადგური
photo: courtesy of Ana Bibilashvili
ლისაბონის ცენტრალური რკინიგზის სადგური

- თქვენ ბრძანეთ, რომ არქიტექტურა ადამიანის ხასიათსა და ცხოვრების წესს განსაზღვრავს, საინტერესოა, ამ თვალსაზრისით რა არის დღევანდელ თბილისში კონტექსტიდან ამოვარდნილი? 

-თბილისის მასშტაბისთვის სრულიად არაკონტექსტურია ახალი მაღალსართულიანი დასახლებები ეზოების გარეშე, ეზოების, რომლებიც თბილისური ცხოვრებისა და ქართული ხასიათის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა. ცუდი მიმართულება აქვს დღევანდელ არქიტექტურულ იარაღს, განზრახ თუ არასაკმარისი ცოდნის გამო, სავალალო მემკვიდრეობას ვუტოვებთ მომავალ თაობას. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მაინც გამოჩნდება ვინმე, ვინც დასვამს კითხვას, როგორი არქიტეტურული გარემო გვჭირდება, რას ვითხოვთ საზოგადოებისგან და რა უნდა შევცვალოთ. მანამდე კი, დგანან ქალაქში ნაგებობები და ისინი უსიტყვოდ გვკარნახობენ როგორ ვიცხოვროთ...

 

მთავარი თემები