21:07 26 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0067
  • 100 RUB4.1654
  • USD2.7007
პლასიდო დომენგოსთან ერთად

ქართველი პლასიდო დომინგოს ცენტრში და ცხოვრება როგორც საპნის ოპერა

© photo: courtesy of Mariam Pirtskhalaishvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (11)
62320

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ვალენსიაში მცხოვრებ წარმატებულ საოპერო მომღერალს მარიამ ფირცხალაიშვილს გაგაცნობთ.

სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, მანამდე ამღერდა. ქართული სიმღერები დეიდამ ასწავლა. ერთადერთი, რაც მის ბავშვურ მოჭარბებულ ენერგიას აოკებდა, სიმღერა იყო და ისიც გაუჩერებლად მღეროდა და მღეროდა... როცა წამოიზარდა, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა–კოლეჯი დაამთავრა, მოგვიანებით – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი. შეეძლო წარმატებული ყოფილიყო სხვადასხვა სამუსიკო ჟანრში, მაგრამ მან მაინც ყველაზე რთული გზა აირჩია...

ოპერის სცენაზე რომ სურდა ემღერა, მაშინ იგრძნო, როცა მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ პირველად მოისმინა...

მარიამ ფირცხალაიშვილის კარიერა ბათუმში დაიწყო. ამჟამად 28 წლის მომღერალი პლასიდო დომინგოს ცენტრში სწავლობს და მუშაობს. პირადად აქვს ურთიერთობა დიდ მაესტროსთან და სხვადასხვა სცენაზე წარმატებით გამოდის. მარიამს ვალენსიაში დავუკავშირდით.

მარიამ ფირცხალაიშვილი
მარიამ ფირცხალაიშვილი

– ქალბატონო მარიამ, რატომ შეარჩიეთ საოპერო სამყარო, რომელიც განსაკუთრებული ნიჭის გარდა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს?

– შეიძლება ითქვას, რომ მე არ ამირჩევია ეს პროფესია, მან ამირჩია მე. საოპერო სამყაროში წარმატების მიღწევა მართლაც უდიდეს ნიჭზე, გამართლებაზე, შრომისმოყვარეობასა და სიძლიერეზეა აგებული. ეს ყველაფერი ან გაქვს, ან არა. პირველი შეხება კლასიკურ მუსიკასთან მქონდა 15 წლის ასაკში, როდესაც მოვხვდი ბატონ თამაზ ცერიაშვილის კლასში, ბათუმში. იქიდან დაიწყო ყველაფერი. გაკვეთილიდან გაკვეთილამდე და თვიდან თვემდე ვგრძნობდი, რომ უკეთ და უკეთ გამომდიოდა ის, რასაც ვაკეთებდი. იშვიათად მონდომებული მოწაფე ვიყავი. როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში დამწყებ მუსიკოსებს ეზარებათ გაკვეთილებზე მისვლა და მეცადინეობა, ეს ყველაფერი მშობლებისა და ოჯახის წევრების დაჟინებით ხდება ხოლმე. ჩემ შემთხვევაში პირიქით მოხდა – იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ სხვების გაკვეთილებსაც სიამოვნებით ვესწრებოდი.

მარიამ ფირცხალაიშვილი
მარიამ ფირცხალაიშვილი

დღესაც ახსოვს დედის შეშფოთებული ხმა, როდესაც 16 წლის ასაკში გამოუცხადა, რომ აკადემიურ სიმღერაზე სურდა ჩაბარება. დედის პასუხი ასეთი იყო: ნეტავ, რაიმე უფრო ადვილი პროფესია შეგერჩია, რთულ ცხოვრებას ეჭიდებიო. თუმცა გოგონაზე ამ გაფრთხილებასავით რჩევამ არ იმოქმედა, პირიქით, მას თანდათან უფრო უძლიერდებოდა სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებდა.

მარიამ ფირცხალაიშვილი: მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება მსურდა მემღერა და ეს სულაც არ მერთულებოდა. მით უფრო მაშინ, როდესაც აშკარა შედეგს ვხედავდი. თავიდან ყველაფერი თავისთავად მოხდა, რაიმე გათვლებისა და დაგეგმვის გარეშე. გაკვეთილების შემდეგ მაესტროსთან მივდიოდით სახლში და მსოფლიო საოპერო ლეგენდების ჩანაწერებს ერთად ვუსმენდით. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები და ზუსტად მათთან მექნებოდა ურთიერთობა და მჭიდრო შეხება...

მარიამ ფირცხალაიშვილი
მარიამ ფირცხალაიშვილი

– ცნობილია, იტალია ხელოვნების მექაა. როგორი იყო თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ამ ყველასთვის საოცნებო ადგილზე? 

– იტალიაში, ქალაქ ოზიმოში სამი წელიწადი ვისწავლე, ბევრიც ვიმოგზაურე. იტალია მართლაც ზღაპრული ქვეყანა და ნამდვილად ხელოვნების მექაა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი: თითქმის ყოველ დღე აკადემიაში დავდიოდი გაკვეთილებზე, მუდამ კონცერტების, მასტერ-კლასებისა და კონკურსების სამზადისში ვიყავი. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ძალიან კარგად მახსენდება ის დრო. მეგობრებთან, რომლებიც იტალიაში შევიძინე, დღემდე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს ჯანსაღი, წრფელი ადამიანური ურთიერთობები. რამდენიმე კოლეგა, რომლებიც იტალიაში გავიცანი, დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. 

მარიამ ფირცხალაიშვილი
მარიამ ფირცხალაიშვილი

იტალიელების სიურპრიზი და ქართული მასპინძლობა ოზიმოში

მარიამ ფირცხალაიშვილი: პატარა ამბავს გავიხსენებ: როდესაც გაიგეს, რომ ვალენსიაში მაესტრო პლასიდო დომინგომ ამიყვანა, ჩემმა ორმა მეგობარმა მითხრა, რომ ერთ-ერთის სახლში იყო ვახშამი კლასიკური მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორთან, რომელსაც ჩემი გაცნობა სურდა. ცოტა გვიანი იყო და გამიკვირდა, მაგრამ მაინც წავედი. როცა კარი გავაღე, მთელი აკადემია იყო შეკრებილი, ჩემი წარმატების აღსანიშნავად მათ ვახშამი მოაწყვეს და ასე მომილოცეს.

ოზიმოში ბევრი ქართველი სწავლობდა და სწავლობს და მათ, ბუნებრივია, ქართული სამზარეულო უყვართ. ჩვენ სახლში ხშირად ვაწყობდით შეკრებებს, სადაც, როგორც წესი, სტუმრებისთვის ხინკალს ვახვევდით და ხაჭაპურს ვაცხობდით. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვცდილობდით, რომ ერთმანეთისათვის ჩვენი ქვეყნების კულტურა გაგვეცნო და ახლა ვალენსიაშიც ასეა.

მარიამ ფირცხალაიშვილი პლასიდო დომენგოსთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად
მარიამ ფირცხალაიშვილი პლასიდო დომენგოსთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად

– ამჟამად ცხოვრების ესპანური პერიოდი გაქვთ, რა ახალი ემოცია და გამოცდილება შემოიტანა მან თქვენ ცხოვრებაში?

– სექტემბრიდან ვსწავლობ ვალენსიაში, პლასიდო დომინგოს ცენტრში – Centre de Perfeccionament Placido Domingo. დილიდან საღამომდე, მთელი დღეები თეატრში ვარ. სიმართლე გითხრათ, არ არის მარტივი, მაგრამ ჩემი საქმით ძალიან ვარ „გართული“ და დღის განმავლობაში დაღლასაც ვერ ვგრძნობ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვედით და მათთან ერთად მუშაობა მართლაც ძალიან საინტერესოა. აქ მართლა იგრძნობა, თუ როგორ აერთიანებს მუსიკა და მუსიკის სიყვარული ადამიანებს, რომლებიც საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან კულტურითა და მსოფლმხედველობით. თვითონ ქალაქი ძალიან ლამაზი, თბილი, მზიანია. განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალება ჩემთვის ფეხით სეირნობაა, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს... მივხვდი, რომ ამ მოკლე პერიოდში როგორც პროფესიული, ისე ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება შევიძინე. საკუთარ თავს ბევრი კითხვა დავუსვი და პასუხებიც ვიპოვე იმ კითხვებზე, რაზეც არასდროს მიფიქრია, მათზეც, რაზეც მიფიქრია და პასუხი ვერ მიპოვნია. თუმცა ცხოვრებაში მთავარი ემოციები და გამოცდილებები წინ მაქვს. ასე ძალიანაც იმიტომ მიყვარს ჩემი საქმე, რომ ის არასდროს იწურება, ყოველთვის ახალი გამოწვევებითა და საინტერესო სიახლებითაა სავსე. 

– თქვენ გქონდათ ბედნიერება, რომ საოპერო ხელოვნების მსოფლიო ლეგენდებს შეხვედროდით...

– სიამოვნებით გავიხსენებ მათ, ესენი არიან: მსოფლიო ლეგენდა, ტენორი ჯაკომო არაგაი და მაესტრო პლასიდო დომინგო. მაესტრო არაგაისთან მასტერ-კლასები გვქონდა ნოემბერში, კვირის ბოლოს კი კონცერტი ვალენსიის ორკესტრთან. პირველი მასტერ-კლასის შემდეგ მაესტრო არაგაიმ მთხოვა, რომ პირადად მისგან გადამეცა მოკითხვა ჩემი პედაგოგებისათვის, ქალბატონ ალა სიმონიშვილისა და თამაზ ცერიაშვილისთვის. პირველად მაესტრო დომინგოს შევხვდი ვალენსიაში, ეს იყო ფინალური ტური Centre de Perfeccionament Placido Domingo მისაღები გამოცდებისთვის. როდესაც ტური დამთავრდა, მან დიპლომებით დაგვაჯილდოვა. მაშინ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და მაესტრომ წარმატებები მისურვა. შემდეგ უკვე მისი დირიჟორობით ვიმღერე კონცერტზე, რომლის წინაც ყოველ მონაწილეს პირადად შემოგვაკითხა საგრიმიოროში და წარმატება გვისურვა...

მარიამ ფირცხალაიშვილი
მარიამ ფირცხალაიშვილი

– რაში გეხმარებათ უცხოეთში ყოფნის დროს გურული გენები?

– როგორც ყველა გურული, მეც სხარტი, ენერგიული და ენაკვიმატი ვარ, ხანდახან სულსწრაფიც. ამ ბოლო დროს ოდნავ რაჭულმა გენებმაც იჩინა თავი (ბებია მყავს რაჭველი), ვალენსიაში შედარებით ოდნავ უფრო წყნარი, მშვიდი და დინჯი გავხდი, ვიდრე ადრე ვიყავი.

მარიამ ფირცხალაიშვილი
მარიამ ფირცხალაიშვილი

– ამბობენ, ცხოვრება საპნის ოპერის სერიალებს ჰგავსო...

– დიახ, მეც ვთვლი, რომ ნამდვილად ჰგავს... ხანდახან ისეთი რამ ხდება ცხოვრებაში, ჩვენი თავი რომელიღაც სერიალის გმირი მგონია. ხან დრამაა, ხან კომედია...

– სულ „ავანსცენაზე“ როგორ უნდა დარჩეს ხელოვანი?

– ვფიქრობ, იმის ფორმულა, რომ მუდამ აქტუალური და წარმატებული იყო, არ არსებობს. ნიჭის, შრომის, საქმისადმი სიყვარულისა და  პროფესიონალური დამოკიდებულების გარდა არსებობს კიდევ ერთი უმთავრესი რამ – გამართლებაც. ალბათ ეს და ბევრი სხვა თვისებაც უნდა ჰქონდეს ხელოვანს და მაშინ მუდამ დარჩება „ავანსცენაზე“...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (11)

მთავარი თემები