მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა

© photo: courtesy of Dato Badalashviliდათია ბადალაშვილი
დათია ბადალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, როცა საუბარი დავასრულეთ, როგორ წარგადგინო-მეთქი, ვკითხე, თონეთელი მწყემსი და ბიბლიოთეკარიო – მიპასუხა...

დათია ბადალაშვილი – გულიანი, კეთილი, აზრიანი ადამიანია. დღეს სოფელში, სადაც გაიზარდა, მიწაზე მუშაობს და პატარა ჟოლოს ბაღსაც უვლის. წიგნების კითხვა ბავშვობიდან უყვარდა. ერთ დღეს კი თვითონაც დაიწყო წერა და მისი გულწრფელი ნაფიქრი ლიტერატურულ ფორმას საინტერესოდ მოარგო. ასე დაიბადა მწერალი დათია ბადალაშვილი... 

ერთი ამბის მერე ბევრმა გაიცნო: აღმოაჩინა, რომ მისი საყვარელი ადგილი, სოფლის ბიბლიოთეკა მთლიანად დანგრეული იყო. მოსვენება დაკარგა და ყველა ფეხზე დააყენა. არ იყო ადვილი, მაგრამ საქმე ბოლომდე მაინც მიიყვანა და მის მიერ გადარჩენილ ბიბლიოთეკას 200 წიგნი თავადაც აჩუქა...

© photo: courtesy of Dato Badalashviliბიბლიოთეკაში
მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
ბიბლიოთეკაში

– დათია, ამ დღეებში შენ მიერ გადარჩენილი წიგნების ამბავი ბევრმა გაიგო, თუმცა საკუთარ თავზე და ბავშვობაზე არ მოგიყოლია...

– დავიბადე მანგლისში, 1989 წლის 29 სექტემბერს. მეოცნებე ბავშვი ვიყავი, კითხვა მიყვარდა. მეცხრე კლასამდე სოფელ დიდ თონეთში ვსწავლობდი. მეცხრე კლასიდან გამოვედი და კოლეჯში მივედი. ისეთი ცხოვრება მქონდა, როგორც სოფელში დაბადებულ და გაზრდილ ყველა ბავშვს აქვს. მახსოვს, როცა ძალიან პატარა ვიყავი, გვყავდა დედალი ძაღლი ჯეკა – ჭრელი მეძებრისა და მეცხვარის ნაჯვარი იყო. ყოველ წელს ბევრ ლეკვს აჩენდა ხოლმე. მე დიდი, სატვირთო რაში მყავდა, რომელშიც ამ ბევრ ლეკვს ვსხამდი და ვასეირნებდი. მახსოვს ჯეკას სიკვდილიც და ის ადგილიც, სადაც ის დავმარხეთ. ცოტა რომ წამოვიზარდე, მამამ პატარა ცელი ამიწყო, რომლითაც თიბვაში ვეხმარებოდი. ჩემი ცელის ტარისგან დაბებრებული ხელებით ძალიან ვამაყობდი. კალოზე ფეხბურთს ვთამაშობდით და ხშირად ვჩხუბობდი ჩემ ძმასთან, რის გამოც ახლა ძალიან ვნანობ. დავდიოდი მეზობლებთან ერთად რკოზე და პანტაზე, მიგვქონდა ნაბოლარა არაყი და კარტოფილი, რომელსაც ნაკვერჩხალში ვწვავდით. სწავლა არ მიყვარდა, მაგრამ კითხვა – ძალიან და რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს ვკითხულობდი.

© photo: courtesy of Dato Badalashviliდათია ბადალაშვილი
მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
დათია ბადალაშვილი

– კარგი ადამიანი ხარ...

– არა, ცუდი ადამიანი ვარ!

– რატომ?!

– ლეკვს ვერ მოვუარე და მომიკვდა.

– მაგრამ მისი გადარჩენა ხომ სცადე? ადამიანში რას აფასებ?

– შებრალების უნარს. შველს რომ არ მოკლავ და შეგებრალება... ყველაზე მთავარი ჩემთვის იმათი სიცოცხლეა, ვინც მიყვარს. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ვოცნებობ არ ვნახო იმათი სიკვდილი, ამისთვის მზად ვარ მე წავიდე წინწინ...

© photo: courtesy of Dato Badalashviliდათია ბადალაშვილი
მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
დათია ბადალაშვილი

– როცა ცუდად ხარ, რით წამლობ თავს?

– როცა ცუდად ვარ? მივდივარ და მიწაზე მუშაობას ვიწყებ, იქამდე, სანამ ოფლს არ მოვიდენ და არ დავიღლები. ეგ მშველის. უიმედობა არასოდეს მქონია, იმდენი მაქვს საშრომი და საბრძოლი, რომ მაგის დრო, უბრალოდ, არ მრჩება.

– მოგვიყევი, როგორ გადაარჩინე დანგრეული ბიბლიოთეკა...

– ხუთი წლის წინ სოფელში საბოლოოდ დავბრუნდი. ერთხელაც, ერთ თოვლიან ზამთარს გადავწყვიტე სოფლის ცენტრში ჩემი ბავშვობის საყვარელი ადგილი, სასოფლო ბიბლიოთეკა მომენახულებინა. დამხვდა ჩამოგლეჯილი კარი, გადმოყირავებული თაროები და ძირს დაყრილი ასეულობით წიგნი. ბიჭებმა წიგნები დავალაგეთ, ფანჯარა და კარი ჩავაყენეთ, მაგრამ წვიმას ვერაფერი მოვუხერხეთ – სახურავიდან წყალი ზედ წიგნებს დასდიოდა. გადავწყვიტე სახლში ამეტანა ისინი. ყოველ ღამე ვზიდავდი ტომრით, მამაჩემი ბრაზობდა, ეშინოდა, რომ დამიჭერდნენ. შეგონებით რომ ვერაფერს გახდა, მერე ელჩი – დედაჩემი მომიგზავნა. არ იცოდა, რომ ის ელჩი საიდუმლოდ ჩემი მოკავშირეც იყო. მოკლედ, გადავარჩინე ბევრი წიგნი და მწერლების პორტრეტები. გული მწყდება თაროების გამო, სახურავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ დაიტანა...

© photo: courtesy of Dato Badalashviliთონეთის ბიბლიოთეკაში
მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
თონეთის ბიბლიოთეკაში

– რამდენი წიგნი გადაარჩინე?

– შვიდასი წიგნი გადავარჩინე. ბიბლიოთეკას ჩემი და ჩემი ძმის ნაყიდი დაახლოებით ორასი წიგნიც მივეცი. სოფლის ყველა მცხოვრები აქტიურად იყო ჩაბმული ბიბლიოთეკის აღდგენაში, მაგალითად, სკოლის მოსწავლე გოგონებმა ფანჯრები დაწმინდეს, ყველას ძალიან უხარია. ჩვენ ახლა იმ გადაჩენილი და ნაჩუქარი წიგნებით ვხსნით ახალ ბიბლიოთეკას, რომელიც ვაჟა-ფშაველას სახელობის იქნება.

– სოფლის გოგო-ბიჭები ახსენე, მათ გარდა ვინ დაგეხმარა ბიბლიოთეკის გადარჩენაში?

– ბევრი ადამიანი დაგვეხმარა და ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. განსაკუთრებული მადლობა თეთრიწყაროს მერს, ბატონ გიორგი ქორიძეს, მერიის კულტურის სამსახურს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციური შემოქმედების ცენტრს“ და მის დამფუძნებელს. დღეს დამიკავშირდა ავეჯის კომპანია „ევროსტილი 21“, რომელიც ბიბლიოთეკისთვის მაგიდას, თაროებს და კარს გვაჩუქებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მე და ჩემ სოფელს დაგვეხმარა.

© photo: courtesy of Dato Badalashviliქეთევან დუმბაძე და დათია ბადალაშვილი
მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
ქეთევან დუმბაძე და დათია ბადალაშვილი

– სოფელში რას საქმიანობ?

– მიწას ვამუშავებ და საქონელს ვუვლი, პატარა ჟოლოს ბაღიც მაქვს. ჩვენთან არიან ახალგაზრდები, რომლებიც მესაქონლეობით ირჩენენ თავს. კარგი ხალხია სოფელში. მინდა ერთი ვახსენო – ფიზიკოსი ვასო ინასარიძე, რომელიც წლების წინ დაბრუნდა სოფელში და თონეთელ ბავშვებს უსასყიდლოდ ამზადებს ფიზიკასა და მათემატიკაში. სწორედ მან გამგზავნა ბატონ ამირან არაბულთან, რომელმაც ჩემი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“ დაბეჭდა.

– რომელი წიგნის კითხვა არ მოგწყინდება?

– არის ასეთი რუსი მწერალი ვენიამინ კავერინი. მისი „ორი კაპიტანი“ ჩემი ბავშვობის წიგნია, ათჯერ მაინც მექნება წაკითხული. მახსოვს ფრაზა, რომელსაც მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, კაპიტანი ტატარინოვი ამბობს: „იბრძოლე და ეძიე, უკან არ დაიხიო“... რეზო ინანიშვილი მიყვარს, მხოლოდ მისნაირ დიდ მწერლებს შეუძლიათ სიკეთეზე და სინათლეზე ასე წერონ...

© photo: courtesy of Dato Badalashviliდათია ბადალაშვილი
მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
დათია ბადალაშვილი

– ფიქრი გეყვარება ძალიან... 

– ხანდახან ისე ვიღლები, რომ ფიქრის დროც არ მაქვს ხოლმე. თუ ვინმეს ვაწყენინებ, სულ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, ძალიან განვიცდი. ვფიქრობ ჩემ ძმაზე, დედაჩემზე და მამაჩემზე. საერთოდ, ადამიანისთვის მთავარი რა არის, იცით? – უნდა ეცადო, რომ სხვისი ცრემლის მიზეზი ნაკლებად გახდე...

 

ყველა ახალი ამბავი
0