06:10 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
ინდიანა ბულეიშვილი

ინდიანა მასწავლებელი, აივნის ქვეშ დანთებული გული და მძიმე როკი

© photo: Indiana Buleishvili / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
246370

მოსწავლემ რომ სკოლაში რთული საგანი შეისწავლოს და შეიყვაროს კიდეც, ამისთვის საჭიროა, რომ მასწავლებელი საქმეზე შეყვარებული, განათლებული და „ძალიან შენიანი“ ადამიანი იყოს, დაახლოებით ისეთი, როგორიც ამ მასალის გმირია...

ინდიანა ბულეიშვილი ოცი წელია, რაც N39 სკოლაში გერმანულ ენას ასწავლის. ალბათ ბევრ მის კოლეგას არ შეუძლია დაიტრაბახოს, რომ მასავით ახლოსაა მოსწავლეებთან და ის ასევე გულწრფელად უყვართ ბავშვებს. თუ როგორ ახერხებს ამას, ამის გარკვევა მასთან საუბარში ვცადეთ...

ინდიანა ბულეიშვილი
ინდიანა ბულეიშვილი

– ქალბატონო ინდიანა, თავიდანვე მინდა გკითხოთ, ვინ დაგარქვათ ეს სახელი?

– ჩემი სახელი ყველას უკვირს და ხშირად მეკითხებიან, რატომ დაგარქვესო. როცა დავიბადე, თურმე, იმ დროს ჩემი დეიდა კითხულობდა ჟორჟ სანდის, რომლის ნაწარმოების მთავარ გმირს ინდიანა ჰქვია. ისე მოეწონათ ეს სახელი, რომ მეც დამარქვეს. თუ ვინმეა საკუთარ სახელზე შეყვარებული, ეს მეც ვარ...

– ალბათ ბევრი პედაგოგი ვერ დაიკვეხნის, რომ მოსწავლეებმა აივნის ქვეშ ანთებული სანთლებით გული გამოუსახეს...

– თქვენ მართალი ბრძანდებით. იყო ასეთი შემთხვევა, რომელიც სანამ ცოცხალი ვარ, არასოდეს დამავიწყდება. ეს ის მოტივატორი გახდა, რამაც კიდევ უფრო მეტად გამაძლიერა როგორც პედაგოგი-პროფესიონალი, დამაკისრა დიდი პასუხისმგებლობა და იმის რწმენა მომცა, რომ მთელი ჩემი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება მომეხდინა. ეს ამბავი ასე იყო: ჩემი დაბადების დღის წინა საღამო იყო, შესრულდა თორმეტი საათი, დაიწყო პირველი და კარზე ზარია. გავაღე და რას ვხედავ – ჩემი სადამრიგებლო კლასის სამი მოსწავლე კართან დგას! ჯერ, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, ასე გვიან გარეთ რომ იყვნენ ბავშვები. მერე, რა თქმა უნდა, შემოვიპატიჟე ისინი, მსურდა ბავშვებს გავმასპინძლებოდი, მაგრამ ისინი არ შემოვიდნენ. მთხოვეს, ცოტა ხნით აივანზე გავსულიყავი და მე-7 სართულიდან ქვემოთ გადამეხედა. გავედი აივანზე და და რას ვხედავ?! ეზო სავსეა ხალხით, მთელი ჩემი კლასის 34 მოსწავლე და მათი მშობლები ერთად დგანან, ეზოს შუაგულში დიდი გული ანთია, გულში კი წარწერა გიზგიზებს: „ინდიანა მასწავლებელო, გვიყვარხართ“... კორპუსებიდან ხალხის ძახილი ისმოდა, გაიხარეთ ბავშვებო, ყოჩაღ! ზოგი ვერ ერკვეოდა რა ხდებოდა... მე ვერ აგიხსნით რა დამემართა, ეს იყო ყველაფერი ერთად – სიყვარული, სიხარული, ცრემლები, გაოცება, მოულოდნელობა და დიდი ბედნიერება!..

ინდიანა ბულეიშვილი გაკვეთილზე
ინდიანა ბულეიშვილი გაკვეთილზე

– როგორც ვხვდები, ის დღე გამონაკლისი არ იქნებოდა...

– დამიჯერებთ, არ არსებობს ჩემთვის დღე, რომ ჩემმა მოსწავლეებმა ლამაზი სიურპრიზი არ მომიწყონ, თუნდაც თავიანთი მოულოდნელი გამოჩენით. ერთხელ, მახსოვს, დასავლეთში ვიყავი, გზის მეორე მხარეს მდგარი სუპერმარკეტისკენ გადავკვეთე ქუჩა, უცებ მანქანიდან მესმის ყვირილი: „ინდიანა მასწავლებელოოოო!“ ჩემ წინ გაჩერდა მანქანა, საიდანაც გადმოხტა გახარებული ბავშვი, ჩემი მეექვსეკლასელი მოსწავლე ყვირილით: “მოდით, მოდით, გაიცანით!“ – მშობლებს მიმართავდა. ჩემთვის დაუვიწყარია ის ემოცია და სიხარული, რაც იმ რამდენიმე გულწრფელმა წუთმა დაიტია... ერთში დარწმუნებული ვარ, არაფერია იმაში ცუდი, რომ მოსწავლეს მასწავლებელი უყვარდეს, მაგრამ ამას დამსახურება უნდა.

ინდიანა ბულეიშვილი
ინდიანა ბულეიშვილი

– რა მოხდა მაშინ, როცა გაიგეს, რომ მძიმე როკს უსმენთ?

– მუსიკალურ მიმდინარეობებზე როცა ვსაუბრობდით, მათ მკითხეს, თქვენ რას უსმენთო. მე ჩამოვთვალე უცხოური ჯგუფები, ვუთხარი, რომ ადრე „როლინგ სტოუნზს“ და „ერაფშენს“ ვუსმენდი და როცა ძალიან გაღიზიანებული ვარ, „რამშტაინს“ ვუსმენ–მეთქი. როცა ეს გაიგეს, პირდაპირ გაგიჟდნენ – ეს ხომ მძიმე როკიაო! დიახ, მძიმე როკია და ამაში არაფერია გასაკვირი–მეთქი. ადამიანები ინდივიდები არიან და ყველას საკუთარი გემოვნება და სამყარო აქვს-მეთქი... ბავშვები შემომეხვივნენ, განსაკუთრებით ბიჭები იყვნენ გახარებული. ამის მერე მათ თვალებში უფრო მეტი პატივისცემა დავინახე. ისინი მოდიოდნენ და მესაუბრებოდნენ, მეკითხებოდნენ ამა და ამ სიმღერას თუ მოუსმინეთო? ერთ სიმღერაზე ვუთხარი, თუ გინდათ მის ტექსტს გასწავლით–მეთქი. ბავშვებთან ახლოს დგომაა საჭირო, შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ მათთან ახლოს უნდა მიხვიდე...

საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ერთად
საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ერთად

– შესაძლოა თქვენმა მოსწავლეებმა არ იცოდნენ, რა გზა გაიარეთ მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე?

– მე ვფიქრობ, ყველანი ჩვენი წარსულიდან მოვდივართ და ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ. გზა, რომელიც მე გავიარე, იყო სილაღის, სიყვარულის, ბედნიერების, ტკივილისა და სიხარულის გზა... იმერეთი, ჩემი იმერეთი, ხონი, სწორედ აქ დაიწყო ჩემი ბავშვობა. აქ გავატარე ჩემი მოსწავლეობის წლები. მეორე საშუალო სკოლა, სადაც მე ვსწავლობდი, ჩემთვის დღესაც საამაყო სკოლად რჩება. ეს იყო სკოლა, სადაც საუკეთესო მასწავლებლები გვასწავლიდნენ. ჯერ კიდევ მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც დავიწყე გერმანული ენის შესწავლა. ძალიან მომწონდა და მიყვარდა ჩემი გერმანული ენის მასწავლებელი მედეა წვერავა, რომელიც დიდ ძალისხმევას დებდა იმაში, რომ ჩვენთვის შეეყვარებინა გერმანული ენა. ჩემ შემთხვევაში ასეც მოხდა. მადლობა მას ამისთვის. სკოლის წლები უბედნიერესი დროა... შემდეგ სწავლა განვაგრძე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი გერმანისტიკას. სტუდენტობის წლებიც ბედნიერი წლები იყო და ამას თუ შენი პასუხისმგებლობაც ემატება, ხომ კარგი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკაში. ვმუშაობდი სამედიცინო ინფორმაციის განყოფილებაში თარგმანებზე, თარჯიმნად. შემდეგ კლინიკის ბაზაზე არსებულ პედაგოგიურ-აღმზრდელობითი სამსახურის მეთოდურ ცენტრს ვხელმღვანელობდი...

გაკვეთილის მსვლელობისას
გაკვეთილის მსვლელობისას

– თქვენი პირველი გაკვეთილი თუ გახსოვთ, როგორ ჩაატარეთ...

– უკვე ოცი წელია, რაც 39-ე სკოლაში ჩემ საქმეს დიდი სიყვარულით ვემსახურები. მინდა ვახსენო ჩვენი სკოლის დირექტორი, ძალიან კარგი ადამიანი, ყურადღებიანი და კეთიმოსურნე პიროვნება, ბატონი ბესარიონ სიხარულიძე, რომელიც ახლად არჩეულია და გვერდში გვიდგას. ეს ის სკოლაა, რომელიც უზომოდ მიყვარს, არაჩველებრივი კოლეგები მყავს. მახსოვს როგორ ვნერვიულობდი ჩემ პირველ გაკვეთილზე. მთელი ღამე არ მეძინა, წინასწარ ვალაგებდი აზრებს – როგორ უნდა შევსულიყავი საკლასო ოთახში, მივსალმებოდი ბავშვებს, გავსაუბრებოდი და პირველი გაკვეთილი როგორ უნდა ამეხსნა. პირველმა გაკვეთილმა მშვიდობიანად ჩაიარა. ვიგრძენი, რომ ჩემგან ახალი იმპულსები მოდიოდა, რომელთაც აუცილებლად ბავშვების სასარგებლოდ გამოვიყენებდი. მახსოვს, ერთხელ სკოლის მაშინდელმა დირექტორმა, ბატონმა ავთანდილ ჟღენტმა მითხრა, მასწავლებელს ავადმყოფობის უფლება არ აქვსო. მაშინ გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მართლაც ასეა. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და იგი დიდ ყურადღებას მოითხოვს.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

– ტექნიკურმა პროგრესმა წიგნი ლამის მეორე პლანზე გადაიტანა...

– მართალია, 21-ე საუკუნე ტექნიკური პროგრესის საუკუნეა, წიგნს მაინც თავისი ადგილი უკავია ჩვენ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მოსწავლეები დაშორდნენ წიგნს. ეს დიდი პრობლემაა და სწორედ აქ არის მასწავლებლის კრეატიულობა საჭირო იმისთვის, რომ ეს გამოვასწოროთ. მოსწავლეს შევაყვაროთ კითხვა, ეს ის რუტინაა, რომელსაც ჩვენ უნდა ვემსახუროთ. მოსწავლეს უყვარს განათლებული, გემოვნებიანი, სათნო და მზრუნველი მასწავლებელი, რომელიც მათ სასურველ გარემოს შეუქმნის. შედეგად სიყვარულს და დაფასებას მივიღებთ. სკოლაში ბავშვების სიყვარულმა მომიყვანა და ბავშვებმა გადამატანინეს ცხოვრებაში ბევრი რამ. მე შვილები არ მყავს და მათმა სიყვარულმა მოიცვა მთელი ჩემი არსება. მათზე ზრუნვა გახდა ჩემი უმთავრესი მიზანი...

– ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, რა რჩევას მისცემდით მოსწავლეებს?

– მინდა ვუთხრა, რომ ცხოვრება უმშვენიერესია, მაგრამ წინააღმდეგობებით სავსე. რა პროფესიისაც არ უნდა გახდეთ, პირველ რიგში პროფესიონალი იყავით! სიკეთე უბრალოდ, ადამიანურად აკეთეთ, იდექით ერთმანეთის გვერდით და რაც შეიძლება ბევრი სითბო და სიყვარული გაეცით...

 

მთავარი თემები