07:13 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
ზაზა ფუტკარაძე შვილთან ერთად

მარადიული C’est la vie, ანუ ვირტუალური საქართველო, სადაც ბევრი ქართველი „ცხოვრობს"

© photo: courtesy of Zaza Putkaradze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (22)
236830

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ზაზა ფუტკარაძეს, რომელსაც საფრანგეთის სამედიცინო სფეროში კარგად იცნობენ.

პარიზში მცხოვრებმა ჯანდაცვის სპეციალისტმა საფუძვლიანი ევროპული განათლება მიიღო. მას ექვსი დიპლომი აქვს, მათ შორის სამი მაგისტრის ხარისხისაა. ის გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური კვლევების ცენტრში კვლევების კოორდინატორად მუშაობს. არის 20-ზე მეტი საერთაშორისო კვლევის კოორდინატორი ნევროლოგიაში, ონკოლოგიასა და ენდოკრინოლოგიაში. პარიზში დააარსა ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“, რომელიც ემიგრანტებს შორის ცნობილია, როგორც ბევრი საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმის ინიციატორი და შემსრულებელი. მას საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დავუკავშირდით.

ზაზა ფუტკარაძე სამუშაო კაბინეტში
ზაზა ფუტკარაძე სამუშაო კაბინეტში

– ბატონო ზაზა, ოცნება ადამიანისთვის ერთგვარი შუქურაა, რომელსაც მთელი ცხოვრება მიჰყვება ხოლმე, თქვენმა ოცნებამ საფრანგეთში ჩაგიყვანათ...

– საბოლოოდ ასე მოხდა... ყოველთვის ვოცნებობდი ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა იმ დროისთვის საკმაოდ რთული იყო სამედიცინოზე მოხვედრა. საბოლოოდ ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, ვსწავლობდი მაგისტრატურაში ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის დაფინანსებით. დავიბადე აჭარის მაღალმთიან სოფელ ტომაშეთში, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1600 მეტრზეა, მრავალშვილიან ოჯახში. ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი გურიაში, სოფელ ნატანებში გადავიდა საცხოვრებლად. ამიტომ ბავშვობა ფაქტიურად გურიაში გავატარე. სწავლა ბათუმში, პირველ აკადემიურ გიმნაზიაში გავაგრძელე.

– ექვსი დიპლომი გაქვთ, მათ შორის სამი მაგისტრის ხარისხის, ევროპულ განათლებაზე ფიქრი როდის დაიწყეთ?

– ევროპაში სწავლის გაგრძელება ყოველთვის ჩემი დიდი სურვილი იყო, ამიტომ 2009 წელს ერთ-ერთი პროფესორის მიწვევით სტაჟირების მიზნით ჩავედი მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში და მარსელის, გრენობლის და ლიონის უნივერსიტეტებში ვსწავლობდი.

ხევსურეთში
ხევსურეთში

– თავიდან საფრანგეთმა გაგიცრუათ იმედები?

– საფრანგეთში წამოვედი იმ იმედით, რომ აქ სამსახურს ადვილად დავიწყებდი, თუმცა იმედები მართლა ჩამოსვლისთანავე გამიცრუვდა. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში არც ერთ ქართულ დიპლომს არ აღიარებენ და ერთადერთი, რაც შემეძლო, ეს სწავლის გაგრძელება იყო. ამიტომ მუშაობა დავიწყე არასპეციალობით, „მაკდონალდსში”. მქონდა სხვა პატარა სამსახურებიც, ხშირად დღეში 18-20 საათი ვმუშაობდი იმისთვის, რომ შემოსავალი მქონოდა და მერჩინა ოჯახი, რომელიც 2010 წელს შევქმენი. პარალელურად ვსწავლობდი.

ზაზა ფუტკარაძე
ზაზა ფუტკარაძე

– ამბობენ, ცხოვრებას გაუთვალისწინებელი შემთხვევები განაგებენო...

– სხვათა შორის, იყო ასეთი რამ: სრულიად მოულოდნელად, ერთხელ, ლექციის დასრულების შემდეგ ერთი პროფესორი მომიახლოვდა და დაინტერესდა, სად ვმუშაობდი. როცა გაიგო უმუშევარი ვიყავი, გაუკვირდა და მასთან ერთად შემომთავაზა ერთ კვლევაზე მემუშავა. ასე დავიწყე პირველი სამსახური სპეციალობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინსტიტუტში. მერე გავიცანი სხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები, რომლებმაც მსგავსი კვლევის ჩატარება მთხოვეს მათსავე დაწესებულებაში, რის შემდეგაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს სახელმწიფოსგან. იმ იმედით, რომ საქართველოს განათლების სამინისტროსგან მივიღებდი დაფინანსებას, საბუთები გავგზავნე საფრანგეთის სამ საუკეთესო უნივერსიტეტში, საიდანაც ორისგან დადებითი პასუხი მივიღე. თუმცა განათლების სამინისტრომ უარი მითხრა დაფინანსებაზე, რადგან პასუხის გაგზავნა დროულად ვერ მოვახერხე. საბოლოოდ სწავლა მაინც გავაგრძელე, თუმცა, ჩემი დაფინანსებით.

შეხვედრა ფრანგ მუსიკოსთან
შეხვედრა ფრანგ მუსიკოსთან

მაგისტრის დიპლომის აღების შემდეგ ზაზა ფუტკარაძემ სტაჟირება გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური კვლევების ცენტრში გაიარა. მისი დასრულების შემდეგ დროებითი სამსახური შესთავაზეს. მან შეცვალა თანამშრომელი, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში გადიოდა. თუმცა, ნიჭიერი სპეციალისტის მონდომება და შრომა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა და რამდენიმე თვის შემდეგ მისმა ფრანგმა ხელმძღვანელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საფრანგეთში ჩასული ქართველისთვის ცალკე შტატი შექმნილიყო.

ზაზა ფუტკარაძე გრენობლის მერიაში
ზაზა ფუტკარაძე გრენობლის მერიაში

– ცნობილია, რომ უცხო ქვეყანაში დამკვირდება ადვილი საქმე არ არის, თქვენი ასოციაციის საშუალებით ეს პრობლემა სხვებსაც გაუადვილეთ...

– თავდაპირველად ძალიან მიჭირდა ინფორმაციის მოპოვება ქართულ ენაზე. აქ ძალიან ცოტა ქართველს ვიცნობდი, ამიტომ „ფეისბუქზე“ გავაკეთე ჯგუფი „ქართველები საფრანგეთში“ და აქ მცხოვრებ ქართველებს ვთხოვდი მასში გაწევრიანებას. დღეს ამ ჯგუფში 17 ათასზე მეტი ადამიანია და ეს სივრცე უამრავი ადამიანისთვის ერთადერთი საშუალებაა საიმისოდ, რომ თანამემამულეებს ხმა მიაწვდინონ და სასურველი ინფორმაცია მიიღონ, რაც ახალჩამოსულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ჯგუფი ანალოგიური ასოციაციის დარეგისტრირების წინაპირობა გახდა. 2016 წელს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავარეგისტრირეთ არამომგებიანი ასოციაცია, რომლის ხელშეწყობითაც საფრანგეთსა და საქართველოში მნიშვნელოვან აქტივობებს ჩაეყარა საფუძველი.

ზაზა ფუტკარაძე მეუღლესთან ერთად
ზაზა ფუტკარაძე მეუღლესთან ერთად

ვინ ეხმარება საფრანგეთში ჩასულ ქართველებს?

ეს კითხვა, ალბათ, პირველია, რაც საფრანგეთში ჩასულ ემიგრანტს უჩნდება. არაოფიციალური სტატისტიკით, ქართველები, სხვა ერებთან შედარებით, ყველაზე რთულად განიცდიან მშობლიურ გარემოსთან დაშორებას და უცხო ქვეყანასთან შეგუებას. ამიტომ ემიგრანტებისთვის, ვისთვისაც ენის ბარიერი პრობლემაა, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ უცხოეთში ჩასულს დახმარება სწორედ თავისიანმა აღმოუჩინოს. ამ მხრივ ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ იქ ჩასულ ჩვენს თანამემამულეებს რეალურად უდგას გვერდში და აკვალიანებს, უადვილებს მათ ადგილობრივებთან კომუნიკაციას.

თუ დავაკონკრეტებთ, გაცნობებთ, რომ პარიზში არალეგალურად მყოფ ქართველებს ფრანგულ ენას ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის სალომე საძაგლიშვილის ფრანგი მეგობარი ასწავლის. შშმ პირებს უფასოდ ემსახურება ტაქსი პარიზში – გიზო გოგეიშვილი, ასოციაციის წევრები უფასო თარჯიმნობას უწევენ ჩვენ თანამემამულეებს როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ტელეფონის საშუალებით დისტანციურად და სხვ.

ზაზა ფუტკარაძე ჟენავაში, ავტომობილების ყოველწლიურ გამოფენაზე
ზაზა ფუტკარაძე ჟენავაში, ავტომობილების ყოველწლიურ გამოფენაზე

– ბატონო ზაზა, გარდა ემიგრანტების დახმარებისა, თქვენ ახერხებთ და საქართველოშიც ეხმარებით ბევრს...

– შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვახერხებთ. საქველმოქმედო აქციები ჩავატარეთ ხევსურეთში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, თბილისსა და ქართლში. ბოლო ასეთი აქცია ჩატარდა ხელვაჩაურში, რა დროსაც მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 229 ბავშვს პერსონალური საახალწლო საჩუქრები და ჰუმანიტარული ტანსაცმელი დავურიგეთ. მიხარია, რომ მოვახერხეთ და საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ შეგროვებული თანხით მათ საჩუქრები, წიგნები, ჰიგიენის საშუალებები და სათამაშოები შევუძინეთ. ჩვენ ასოციაციას ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი გადამზიდავი ორგანიზაცია „იბერია ექსპრესი“, რომელსაც საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოში უანგაროდ ჩააქვს.

ზაზა ფუტკარაძე ქართველ მორაგბეებთან ერთად
ზაზა ფუტკარაძე ქართველ მორაგბეებთან ერთად

– შეგიძლიათ გვითხრათ, რა გასწავლათ საფრანგეთმა?

– საფრანგეთმა შრომის ფასი, საკუთარი თავის რწმენა, მოთმინება და ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა. დამოუკიდებლობის ხარისხი არც საქართველოში მაკლდა, სტუდენტური ცხოვრობა ოჯახისგან საკმაოდ შორს გავატარე, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთში არავინ გყავს, არავის არ აინტერესებს – ვინ ხარ, რა გვარის, საიდან მოდიხარ და ა.შ. არც საერთო სანაცნობოს, სამეგობროს გამონახვა შეიძლება მარტივად, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი. თავიდან ყველა უცნაურად და ეჭვის თვალით გიყურებს, ჰგონიათ, რომ მათ ქვეყანაში ჩამოხვედი, იმიტომ რომ სოციალური დახმარებებით იცხოვრო და რაღაცეები გააფუჭო, მოიპარო... შესაბამისად, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დაამტკიცო, რომ შენც მათნაირი ხარ, რომ მათიანი ხარ და არა თუ გასაფუჭებლად, არამედ, პირიქით, გასაკეთებლად, უკეთესის შესაქმნელად მოხვედი. თითქმის ათი წელია საფრანგეთში ვცხოვრობ, ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ, მაგრამ დღე არ გავა, არ დავუსვა საკუთარ თავს კითხვა: როდის დავბრუნდები სამშობლოში?!. მახსოვს, პირველად, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, აეროპორტში პოლიციელს ლამის გადავეხვიე, როცა ქართულად მომესალმა და თავაზიანად მითხრა, აქეთ მობრძანდითო.

ზაზა ფუტკარაძე და საოპერო მომღერალი სულხან ჯაიანი
ზაზა ფუტკარაძე და საოპერო მომღერალი სულხან ჯაიანი

– ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანს შორს წასული აღმოაჩენ ხოლმე, როგორია საფრანგეთიდან „აღმოჩენილი“ სამშობლო?

– ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ძალიან კარგი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი სიყვარული და მეგობრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სიკეთეებთან ერთად გვაქვს ხშირად უსამართლო და არასწორი სისტემა, რომელიც საჭიროებს დახვეწას და განვითარებას, იმისთვის რომ თითოეულმა ქართველმა იპოვოს საკუთარი თავი და მისი შესაძლებლობების ფარგლებში შეიქმნას ღირსეული ცხოვრება. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი გვენდობა. ჩვენი ურთიერთობები ხშირად მხოლოდ ვირტუალურ ხასიათს ატარებს, თითქმის 8-9 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად უამრავი საქმე გაგვიკეთებია, თუმცა პირადად არ შევხვედრილვართ და არ ვიცნობთ ერთმანეთს. რას ვიზამთ, C’est la vie, ეს ჩვენი ვირტუალური საქართველოა, სადაც ბევრი ქართველი „ცხოვრობს“...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (22)

მთავარი თემები