ბანკის თანამშრომელი, ბრილიანტების კურიერი და „მისის პლანეტა 2018“ ნინი შერმადინის X Factor

© FB / NIni Shermadiniნინი შერმადინი
ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიჭის, შრომის და იღბალის გარდა კიდევ ბევრი რამაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი, როგორც შემოქმედი შედგეს. მით უფრო დღეს, როდესაც გარემო ასეთი კონკურენტულია და თავის დამკიდრება არც ისე ადვილია.

მან ყველა რთული ეტაპი დამოუკიდებლად გაიარა და, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი თავად შექმნა...

მართალია, ბავშვობიდან მღერის, მაგრამ ქართველმა მაყურებელმა პირველად 2003 წელს „ნუცას სკოლაში“ მონაწილეობის დროს გაიცნო. ნინი შერმადინი უკვე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქართველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იურმალაში „ახალი ტალღის“ მუსიკალურ კონკურსში. 2010 წელს ბერძნულ X Factor-ში მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა. იცის ინგლისური, ბერძნული, რუსული და ესპანური ენები. გასული წლის ნოემბერში ნინიმ გაიმარჯვა ბულგარეთში ჩატარებულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში „მისის პლანეტა-2018“, სადაც შვილიანი ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას, რის შემდეგაც მან მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მოწვევა მიიღო.

მომღერალი ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქართველოში დროებით ჩამოსულმა უკვე მოასწრო რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა. ორ დღეში კი ქალიშვილთან ერთად ისევ ამერიკაში ბრუნდება. ინტერვიუდან შევიტყობთ როგორია ნინი შერმადინის ცხოვრების „X Factor“...

© Facebook / Nini Shermadiniნინი შერმადინი
ბანკის თანამშრომელი, ბრილიანტების კურიერი და „მისის პლანეტა 2018“ ნინი შერმადინის X Factor - Sputnik საქართველო
ნინი შერმადინი

– ნინი, საქართველოში ყველა გიცნობს და ყოველთვის ყურადღების ქვეშ ხარ, როგორია ცხოვრება „გამჭვირვალე ქილაში“ და გარკვეულ ეტაპზე დაღლაც ხომ არ მოაქვს ასეთ ცხოვრებას?

– ისე მცირე ასაკიდან დავიწყე მაგ „ქილაში“ ცხოვრება, რომ უკვე ძალიან ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. რასაკვირველია, პოპულარობას დაღლაც მოაქვს, მაგრამ სიამოვნების მომტანიცაა. რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად უსიამოვნოცაა და ხელსაც გიშლის. პირად ცხოვრებაში გიზღუდავს თავისუფლებას და თავისუფალ მოქმედებას. რადგან ამდენი ხალხი გიცნობს და ამდენს უყვარხარ, შესაბამისად, მარტო შენ თავს არ ეკუთვნი, შენგან ბევრს ელოდებიან. ყველაფრის უფლება არ გაქვს და ეს უდიდესი პასუხისმგელობაა. გახდე პოპულარული – ძალიან ადვილია, შეინარჩუნო და ხალხს უყვარდე – ძალიან ძნელი. შეცდომები ყველას და მათ შორის მეც დამიშვია ცხოვრებაში ჩემი კარიერის მანძილზე, შეიძლება ჩემი მსმენელისთვის ყველა მოსაწონი ნაბიჯი არ მაქვს გადადგმული, მაგრამ ამ ფაქტორს მეტ-ნაკლებად ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი.

– ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობ, რა მოგცა თავისუფალმა სამყარომ?

– ამით, პირველ რიგში, ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. გამოვიმუშავე მოთმინების უნარი. როცა ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩები, უფრო კარგად ეცნობი შენსავე სამყაროს, გიჩნდება კითხვები – ვინ ხარ, რა ხარ? უფრო უღრმავდები ყველაფერს. უკეთ ხვდები რა ცდუნებებზე შეგიძლია უარის თქმა და რა სირთულეებს შეგიძლია გაუმკლავდე. ასე რომ, ვფიქრობ, ამერიკაში წასვლა ჩემ მიერ გადადგმული ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იყო.

© photo: courtesy of Nini Shermadiniნინი შერმადინი
ბანკის თანამშრომელი, ბრილიანტების კურიერი და „მისის პლანეტა 2018“ ნინი შერმადინის X Factor - Sputnik საქართველო
ნინი შერმადინი

– მარტო დარჩენილმა საკუთარ თავში რა აღმოაჩინე?

– იცი, რა ხდება? მანამდე ყოველთვის მქონდა ვიღაცის იმედი – დედაჩემის, ჩემი ძმების, ოჯახის წევრების, მეგობრების... იქ კი, უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ საკუთარი თავის გარდა სხვა პატრონი არ მყავს, ანუ ყველაფერს მე თვითონ უნდა გავუმკლავდე, თავად უნდა ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ქართველი ემიგრანტების გარეშე ვერაფერს შევძლებდი. ამას ყველგან ვამბობ და ვიტყვი! იქ სრულიად უცხო ადამიანებმა გამიმართეს ხელი, ისინი თავისთან მაცხოვრებდნენ, ყველგან დამყვებოდნენ და მაკვალიანებდნენ. იმ ადამიანების ამაგს, ალბათ, ვერასოდეს გადავიხდი. ამერიკაში პიროვნულად გავიზარდე, იქ მივხვდი, რომ თურმე ძალიან ბევრი რამ გამომდის და ბევრი რამ შემძლებია. საკუთარ თავში ის მომენტიც აღმოვაჩინე, რომ არანაირი განდიდების მანია არ მქონდა. ადრე ასე მეგონა, მაგრამ როცა აღმოვჩნდი ამერიკაში, სადაც ნინი შერმადინი კი არა, არავინ ხარ, ამის გაცნობიერების ცოტა შემეშინდა და გამიჭირდა. თუმცა არანაირი სამსახური არ მითაკილია.

© photo: courtesy of Nini Shermadiniნინი შერმადინი
ბანკის თანამშრომელი, ბრილიანტების კურიერი და „მისის პლანეტა 2018“ ნინი შერმადინის X Factor - Sputnik საქართველო
ნინი შერმადინი

– ვიცი, რომ სხვადასხვა სიტუაციაში მოგიწია მუშაობა... და ძიძად რატომ დაგიწუნეს?

– სად არ ვიყავი: ვმღეროდი ბარში და რესტორანში, ბანკშიც ვიყავი, მიმტანადაც ვიმუშავე, ბრილიანტების მაღაზიაშიც... რაც შეეხება ძიძის სამუშაოს, მართლა არ მიმიღეს. დილით ოჯახში მივედი გასაუბრებაზე და გავეცანი. რამდენი წლის ხარო, მკითხეს, ვუპასუხე – 24-ის–მეთქი, უი, რა პატარა ხარო, შეიცხადეს. მე ვუთხარი, შვილი მყავს-მეთქი. მოკლედ, ინტერვიუ ჩავარაკრაკე. მითხრეს, სასიამოვნო იყო, ძალიან კარგი გოგო ხარ და დაგირეკავთო. ამის მერე აგენტი მირეკავს და მეუბნება, სამწუხაროდ, უარი გითხრესო. გამიკვირდა – რა მოხდა, არადა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა-მეთქი. პირდაპირ მითხრეს, ჩვენ ძიძა გთხოვეთ და არა ფოტომოდელიო. მეცინა თუ მეტირა აღარ ვიცოდი. თან არანაირად „გადაპრანჭული“ არ მივსულვარ, ჩვეულებრივად მივედი, ნორმალურად ჩაცმული. მოხუცის მოვლაზეც მითხრეს უარი, რადგან იქ სპეციალური კურსები უნდა მქონოდა გავლილი. მიმტანად რომ მივედი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა და მითხრეს, ლანგარი ცალი ხელით უნდა ატაროო. ვერ მივხვდი ცალით რანაირად მეტარებინა და როცა ვიღაც ოდნავ დამეჯახა, ყველაფერი თავზე გადმომეყარა.

© photo: courtesy of Nini Shermadiniნინი შერმადინი
ბანკის თანამშრომელი, ბრილიანტების კურიერი და „მისის პლანეტა 2018“ ნინი შერმადინის X Factor - Sputnik საქართველო
ნინი შერმადინი

– სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რესტორნიდან ცუდი სიმღერის გამო არ გამოგიშვებდნენ...

– აი, მანდ გადავრჩი. მაგის გარდა ბანკშიც ვიმუშავე, კიდევ საიუველირო მაღაზიაში. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 46-ე ქუჩაზე სულ ბრილიანტების მაღაზიებია. ერთ მათგანში მე ვმუშაობდი და ყველაფერს ვაკეთებდი – თავიდან პრომო-გოგოსავით ვიტრინაშიც ვიდექი, საოფისე საქმესაც ვაკეთებდი, როგორც კურიერს ბრილიანტებიც დამქონდა ხოლმე.

© photo: courtesy of Nini Shermadiniნინი შერმადინი ქალიშვილთან ერთად
ბანკის თანამშრომელი, ბრილიანტების კურიერი და „მისის პლანეტა 2018“ ნინი შერმადინის X Factor - Sputnik საქართველო
ნინი შერმადინი ქალიშვილთან ერთად

– ბრილიანტებს განდობდნენ, ანუ ნდობა გამოუცხადებიათ...

– კი, ძალიან დიდი. თან როცა გარეთ გავდიოდი, არ უნდა შემემჩნია, რომ ამხელა ქონება მებარა და ფრთხილად უნდა მევლო. მოკლედ, მე დამქონდა შეკვეთები, მაღაზიას მე ვხსნიდი, ძვირფასეულობებს ვიტრინაში მე ვალაგებდი და მერე კონსულტანტიც ვიყავი. როცა კლიენტი შემოდიოდა, მარტო იმაზე კი არ ველაპარაკებოდი, რა ღირებულების იყო ბრილიანტი, ჩემი მეტიჩარა ბუნებიდან გამომდინარე, ვურჩევდი კიდეც რა უფრო მოუხდებოდა.

© photo: courtesy of Nini Shermadiniნინი შერმადინი ქალიშვილთან ერთად
ბანკის თანამშრომელი, ბრილიანტების კურიერი და „მისის პლანეტა 2018“ ნინი შერმადინის X Factor - Sputnik საქართველო
ნინი შერმადინი ქალიშვილთან ერთად

– ამერიკაში გარკვეული განათლებაც მიიღე, რამდენი ენა იცი?

– რუსული და ესპანური ენები ამერიკაში ვისწავლე. ასე რომ, გარდა ბერძნულისა და ინგლისურის, დღეს ეგ ორი ენაც ვიცი. ყველაფერს მოვედე, სადაც შემეძლო რაიმე განათლება მიმეღო. იქ რომ ჩავალ, სამსახური მელოდება – მყავს მოსწავლეები, რომლებსაც სიმღერის  გაკვეთილებს ჩავუტარებ. კიდევ ბევრი შემოთავაზება მომივიდა. ცოტა ხანი ბანკს შევეშვი, იმიტომ რომ კარიერაში მიშლიდა ხელს. ამერიკაში კონკურენცია ძალიან დიდია. თუ 40-45 წლის ასაკში შემდგარი მომღერალი არ ხარ, ძნელია, რომ იქ თავი დაიმკვიდრო. ახლა 30 წლის ვარ, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები და არავის ჰგონია, რომ ამხელა ვარ. კიდევ ხუთი წელი მაქვს იმისთვის, რომ რაღაც სერიოზულ კონკურსში ან პროექტში მივიღო მონაწილეობა, რისთვისაც მზად ვარ. თორემ სამსახიობო ინდუსტრიას, ბროდვეის ასაკი არ აქვს – რაც უფრო გაზრდილი ხარ და დახვეწილი, მით უფრო მეტი მოთხოვნაა შენზე.

– ამერიკაში შვილიც მიგყავს?

– მარიამი უკვე ათი წლისაა და მას სადაც მე ვარ, ყველგან უნდა წამოსვლა.

– იმედია, სხვა ემიგრანტების შვილების მსგავსად ქართული არ დაავიწყდება...

– ეგ გამორიცხულია, მე არ მივცემ ამის უფლებას, არ დავავიწყებ.

– მართალია, ამ ეტაპზე ყველაფერი გააზრებულად გააკეთე, არის კი ისეთი რამ, რასაც ნანობ და რაც გულს გტკენს?

– არა, ასეთი რამ არ არის... თუმცა, ისევ ამერიკაში წასვლას რომ შევეხო, ვიტყვი, რომ ეს ნაბიჯი გამართლებულია. მაგრამ ექვსი წელი ტკივილის ქვეშ ვიყავი, რადგან სულ ოჯახის, შვილის, მეგობრებისა და ქვეყნის მონატრებაში ვიცხოვრე. დღეს სულ ვეკითხები ჩემ თავს – მიღირდა კი ეს ყველაფერი ამხელა ტკივილის ფასად? როცა გადავხედე ჩემ განვლილ ცხოვრებას, რისი გაკეთება შევძელი, მივხვდი, რომ არაფერია სანანებელი, ყველაფერი თავიდან რომ დავიწყო, დღესაც იმავეს გავაკეთებდი და იმავე გზას გავივლიდი...

 

ყველა ახალი ამბავი
0