სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული

გამოწერა
მასზე ამბობენ, ასეთი ადამიანები რომ იყვნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ქვეყანაში საქმე რეალურად და არა მხოლოდ ქაღალდზე გაკეთდებოდაო.

ეკა მაისურაძე თავიდან მშობლიურ რაჭაში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში დრამატულ-ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ ხნის მანძილზე ბევრმა და მხოლოდ კარგი კუთხით გაიცნო. ერთი წლის წინ ონის რაიონში მერის რწმუნებული გახდა. მას შემდეგ ამ კუთხეში მომხდარ არც ერთ კეთილ ამბავს მის გარეშე არ ჩაუვლია. კაბინეტიდან გაკეთებულ საქმეს არ ცნობს და ყოველთვის იქაა, სადაც ვინმეს უჭირს და მისი დახმარება სჭირდება.

© photo: courtesy of Eka Maisuradzeეკა მაისურაძე
სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული - Sputnik საქართველო
ეკა მაისურაძე

– ქალბატონო ეკა, მართალია თქვენზე მოარული ხმები, რომ ყველგან მისვლას ასწრებთ?

– რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ხმამაღალ შესავალს გაგიკეთებენ. არაფერია იმაში გასაკვირი, როდესაც ერთი ადამიანი მეორეზე ზრუნავს. ჩემი აზრით, ადამიანის არსი სწორედ ისაა, როდესაც საკუთარი თავის გარდა სხვისი სიხარულიც გახარებს და სხვისი ტკივილიც გტკივა. ხშირად საჯაროდაც დამიწერია და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემი ძალა და ცხოვრების სტიმული იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანი მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა პირადად ვიცნობ მას თუ არა, შესაბამისად, საფიქრალიც არასდროს მელევა. ჩემი მთავარი პროფესია პედაგოგობა და ამჟამინდელ სამსახურში მუშაობა ამ თვისების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

© photo: courtesy of Eka Maisuradzeეკა მაისურაძე
სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული - Sputnik საქართველო
ეკა მაისურაძე

– სიკეთე ქვაზე დადებული მადლია თუ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება?

– სიკეთე ჩემთვის ხშირ შემთხვევაში სპონტანური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თავად სიკეთის არსია „ქვაზე დადებულ მადლში“. არ არსებობს, გაკეთებული კეთილი საქმის სანაცვლოდ წინ მადლიერების სიტყვები, თბილი გამოხედვა და ტკბილი ჩახუტება არ დაგხვდეს. უფალმა იცის, რომ სიკეთის სანაცვლოდ მიღებული დალოცვაც კი არასოდეს მავიწყდება.

– სტუდენტობის დროს თქვენ ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი იყავით და სოფელ ყარაჯალაში აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქართულს ასწავლიდით...

– ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობა სოფელ ყარაჯალაში ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო, საამაყო და საპასუხისმგებლო მოგონებაა. ამის გამო მაგისტრატურა სახელმწიფო პროგრამით დამიფინანსეს. ის ფაქტი, რომ საკუთარ ენას ასწავლი, უკვე საამაყოა. მუშაობის ბოლო წლებში, როდესაც ჩემი მასპინძელი ოჯახის ბავშვებმა ქართული ფილმების ყურება და ქართული სიმღერების მოსმენა დაიწყეს, მივხვდი, რომ ისინი არა მარტო ენა-ლიტერატურით, არამედ ყველაფერი ქართულით, ქართველობით და საქართველოთი დავაინტერესე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. ახლა, როდესაც იქაური ბავშვების წარმატებას შორიდან ვადევნებ თვალს, როდესაც ვუსმენ როგორი გამართული ქართულით იძლევიან ინტერვიუებს, ამაყი ვარ.

© photo: courtesy of Eka Maisuradzeეკა მაისურაძე ონელების ღონისძიებაზე
სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული - Sputnik საქართველო
ეკა მაისურაძე ონელების ღონისძიებაზე

– ინსტიტუტის მერე მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდით. როგორი იყო იმ დროის ენთუზიაზმი და საქმეები?

– დიახ, ინსტიტუტის მერე მშობლიურ ონს დავუბრუნდი, სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ბანალურად გამომივა, მაგრამ ჩემი ადგილი სწორედ იქ არის, სადაც დავიბადე და სადაც ადამიანების ისეთი სიყვარული ვისწავლე, რასაც ყველაზე მეტად აფასებენ ჩემში. თურმე უნივერსიტეტშიც ხშირად მითქვამს და წლების შემდეგ ეს ჩემმა საყვარელმა ლექტორმაც გამიხსენა: სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როდესაც რაჭისკენ მიმავალი შაორზე ჩამავალ გზას დავუყვები–მეთქი. ონში დაბრუნებულმა ონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ლიტერატურულ-დრამატული წრის ხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა. შემიკედლა იმ დაწესებულებამ და ხელმძღვანელმა, რომელმაც ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში „მომწამლა“ სცენისა და ხელოვნების სიყვარულით. ეს დაწესებულება ჩემთვის ძალიან ძვირფასია. აქ ცხრა წელი ვიყავი ცნობილი ლოტბარის შალვა ჯაფარიძის ანსამბლში. მისი დამსახურებაა, რომ მე რაჭაზე „უგზოუკვლოდ შეყვარებული“ ადამიანი ვარ. სწორედ ამ დაწესებულებაში პედაგოგის ამპლუაში გატარებული თითოეული წამი საამაყო და ძვირფასია ჩემთვის. იქნება ეს თეატრის დადგმის პროცესი თუ მოკრძალებული ლიტერატურული საღამოები. ბავშვებთან ურთიერთობა ხომ ერთი დამატებითი სიცოცხლეა ჩემთვის!

© photo: courtesy of Eka Maisuradzeეკა მაისურაძე ლიეტუვაში მივლინების დროს
სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული - Sputnik საქართველო
ეკა მაისურაძე ლიეტუვაში მივლინების დროს

– თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რა შეიცვალა?

– ერთი წელია მერის წარმომადგენელი ვარ ქალაქ ონში. მე, თავიდან ბოლომდე ხელოვნების ტრფიალსა და მოყვარულს, საჯარო სამსახურში საკუთარი თავი ვერასოდეს წარმომედგინა. როდესაც დავინახე, რომ არსებობს ადამიანი, ვინც რაჭისა და ონის სიყვარულში მე და მილიონ ჩემნაირს გაეჯიბრება და ხალხი ყველაფერს ხედავს, ამან გამიათმაგა საქმის კეთების სურვილი. ჩემთვის პატივია, რომ  ჩემ საყვარელ ქალაქში ასეთი ადამიანის წარმომადგენელი ვარ. საუბარია ონის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელ მერზე, ბატონ ემზარ საბანაძეზე. ჩემი მთავარი მოვალეობაა ხალხის სატკივარი ხელმძღვანელობასთან მივიტანო. არანაირი თანამდებობა და ანაზღაურება არაა იმაზე მეტად შესაშური, ვიდრე მადლიერი ხალხის გულიანი მადლობა. არც იმის ამბიცია და ფუფუნება გვაქვს, რომ ვთქვათ, ამ ერთ წელში სასწაულები მოვახდინეთ–მეთქი. ჯერ კიდევ ყოფითი პრობლემების მოგვარების ეტაპზე ვართ, მაგრამ მუშაობას დიდი იმედითა და ენთუზიაზმით ვაგრძელებთ.

© photo: courtesy of Eka Maisuradzeეკა მაისურაძე
სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული - Sputnik საქართველო
ეკა მაისურაძე

– ბავშვობიდან შემოქმედებით გარემოში გაიზარდეთ და დღესაც ასეა, ამან თქვენზე იმოქმედა?

– რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ხელოვანთა ოჯახში დავიბადე. ბაბუა, ჟორა (გიორგი) მაისურაძე ცნობილი ლოტბარი გახლდათ, ონის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის ხელმძღვანელი, გარკვეულ წლებში საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის (ანსამბლ „რუსთავის“) წევრი იყო. ასევე ცნობილი რეჟისორისა და სახალხო არტისტის გიგა ჯაფარიძის სახალხო თეატრის დასის მსახიობიც იყო. მამა დღემდე ანსამბლ „რაჭის“ მომღერალია. დედა პროფესიით მკერავია და ხშირად უწევს სასცენო კოსტიუმების კერვა. ჩემი და, ლილი მაისურაძე კულტურის სახლში მხატვარ-დეკორატორად მუშაობს. მოკლედ რომ ვთქვა, სადაც უნდა წავიდეთ, სადაც უნდა ვმუშაობდეთ, ჩვენი ოჯახის „განაჩენი“ ხელოვნებაა და მორჩა. ის ონიც, რომელიც მე ასე უზომოდ მიყვარს, უხსოვარი დროიდან სწორედ ხელოვნებითა და კულტურით იყო ცნობილი.

© photo: courtesy of Eka Maisuradzeეკა მაისურაძე
სუნთქვას მაშინ ვიწყებ, როცა რაჭისკენ მიმავალ გზას დავუყვები – ონელების რწმუნებული - Sputnik საქართველო
ეკა მაისურაძე

– ცოტა ხნის წინ რეჟისორობაც მოსინჯეთ...

– დიახ, სულ ცოტა ხნის წინ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საბავშვო თეატრში „თეატრ-ონი“ ჩემი „რეჟისორობის“ მცდელობით განხორციელდა სპექტაკლი, რომელიც ლაშა თაბუკაშვილის პიესის „ჭრილობის“ მიხედვით დაიდგა. ეს დებიუტი ჩემთვის მნიშვნელოვანი და საამაყო გამოცდილება იყო. მიხარია, რომ სპექტაკლმა ონელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

– თქვენთვის რაშია რაჭის და რაჭველების ხიბლი?

– რაჭველების შეფასებაში ჩემი საყვარელი მწერლის, „ადამიანთა სიყვარულის ფუძემდებლის“ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მოვიშველიებ: „ქართველს (რაჭველს) ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, რომ მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“. მე რაჭით ვარ ძლიერი და ბედნიერი და მთელი საქართველო ონიდან მიყვარს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0