09:58 17 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0363
  • 100 RUB3.9891
  • USD2.6634
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

პეკინის უნივერისტეტის ქართველი მაგისტრანტი და ქართველების ახალი წელი ჩინეთში

© photo: courtesy of Tekla Erqvanidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (145)
120230

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ახალ წელს ულოცავს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ჩინეთში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილს გაგაცნობთ.

ქართველები იმ იშვიათ ერთა რიცხვში ვართ, ვინც ყოველ დღესასწაულს რამდენჯერმე აღნიშნავს. მაგალითად ახალ წელს რამდენჯერმე ვზეიმობთ: ახალი სტილით,  ძველით ახალ წელს, ჩინურად, იაპონურად...  ალბათ საინტერესოა ჩინეთში მცხოვრები ქართველი როგორ აღნიშნავდა ქართველებისთვის ამ ყველაზე ხშირად აღსანიშნავ დღესასწაულს.

თეკლა ერქვანიძემ მსოფლიოში ერთ-ერთი რთული ენა, ჩინური საქართველოში შეისწავლა, გარკვეული პერიოდი ჩინეთის საელჩოში მუშაობდა. ამ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებაზე ყოველთვის ფიქრობდა. სანამ დაქორწინდებოდა, სამსახური ინტერნეტით მოძებნა და საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება - ჩინეთში სამუშაოდ ჩასვლა გადაწყვიტა. დღეს მეუღლესთან ერთად ჩინეთში ცხოვრობს და მაგისტრატურას პეკინის უნივერსიტეტში გადის. მისი მეუღლე, გიორგი ალანია ქართველმა მაყურებელმა თავის დროზე, ტელეეთერის საშუალებით გაიცნო.

თეკლა ერქვანიძე
თეკლა ერქვანიძე

-თეკლა, ახალ წელს გილოცავთ და ბუნებრივია თავიდანვე გკითხავთ როგორ შეხვდით ახალ წელს ჩინეთში?

- სხვათაშორის, ჩინეთში ახალ წელს არ აღნიშნავენ, ისე როგორც ქართველები და დანარჩენი მსოფლიო. პირველი იანვარი აქ  ერთი ჩვეულებრივი დღეა. უბრალოდ კალენდრული ახალი წელი დგება და შეიძლება ძალიან მსუბუქად აღნიშნონ, ჩინეთში ქუჩებში საახალწლო განათებები არ არის. შესაბამისად საახალწლო განწყობის შექმნას სახლში ჩვენით ვცდილობთ ხოლმე. თუმცა აქაც ნელ-ნელა შემოდის დასავლური ტენდენციები, ამიტომ სასტუმროებსა და მოლებში ნაძვის ხეები და საახალწლო დეკორაციები თანდათან ჩნდება. ჩინელების წლის მთავარი დღესასწაული „გაზაფხულის ფესტივალი" ანუ იგივე ჩინური ახალი წელია, რომლის თარიღიც ცვალებადია და ძირითადად თებერვლის ან გაზაფხულის დასაწყისში უწევს. მაგალითად წელს 5 თებერვალსაა. ეს ტრადიციული დღესასწაულია, როდესაც ჩინელებისთვის ნამდვილი ახალი წელიწადი დგება.

თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

-ანუ ამ დღეს ჩინელებიც ქართველებივით მთელი თვე ზეიმობენ?

- თქვენ  წარმოიდგინეთ ასეა, ისინი თითქმის თვის განმავლობაში ზეიმობენ. ამ დროს ოჯახის წევრებთან თავიან სახლებში, ქალაქებში, სოფლებში ბრუნდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს. მთელი ეს პერიოდი ჩინელები ისვენებენ. შესაბამისად ქალაქებში თითქმის ყველაფერი დაკეტილი და დაცარიელებულია. ჩინური ახალი წლის დეკორაციები ძირითადად წითელ ფერებშია და ჩინური ტრადიციული ფიგურებით და ფორმებით კეთდება. მათაც ძალიან უყვართ ხმაურიანი ასაფეთქებლები. ამით ჩინელები ფიქრობენ, რომ ბოროტ სულებს აფრთხობენ და მომავალ წელს სიმშვიდის, კეთილდღეობის და ბარაქის იმედით ხვდებიან.   რაც შეეხება ფოიერვერკებს, რომლებიც სივრცეში ლამაზ ფერებს და სანახაობას წარმოქმიან, ასეთი ფოიერვერკები არ იციან.

თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

- საქართველოსგან განსხვავებით, სადაც დღეს ბევრი ჩინელი ცხოვრობს, ჩინეთში არც ისე ბევრი ქართველია... როგორ დაიწყო თქვენი ჩინური ოდისეა?

-თუ შევადარებთ ევროპას და ამერიკას, ჩინეთში ბევრი ქართველი ნამდვილად არ ცხოვრობს, მაგრამ აქ წამოსულ ქართველთა რაოდენობა მზარდია. ამ ქალაქში ქართველი სულ რამდენიმე ადამიანი ვიცით. ჩინეთში მეორე წელია ვცხოვრობთ.  ჩვენ ორივე თბილისიდან ვართ. შარშან სექტემბერში დავქორწინდით. მე ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში, გიორგი მსახიობია და დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტი. ის მღერის და წლების განმავლობაში ტელეწამყვანი იყო გადაცემა „ეკოვიზიის“, რომელიც „იმედზე“ და „GDS“-ზე გადიოდა. მე თბილისში სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, ბოლოს ჩინეთის საელჩოში. ამჟამად ჩინეთში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. მე თან მაგისტრატურაზე ვსწავლობ პეკინის უნივერსიტეტში. გიორგი თვითნასწავლი მუსიკოსია, ადრე „ნუცას სკოლაშიც“ გამოდიოდა. ბავშვობაში უფრო აქტიურად ვმღეროდი, თუმცა ახლა ამით სერიოზულად არ ვარ დაკავებული. მუსიკალური მონაცემები ოჯახიდან მაქვს, მამაჩემი მუსიკოსია და სიმღერა და მუსიკა ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან.

თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

- ეს არ იყო ჩინეთში თქვენი პირველი ჩამოსვლა ...

- დიახ, ადრეც ვარ ნამყოფი ექვსი თვით, სასწავლებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურს ვსწავლობდი და ჩინური ენა ვიცი, აქაურობასთან სულ მქონდა შეხება. სწავლის, მაგისტრატურის აქ გაგრძელებას ყოველთვის ვაპირებდი. სანამ დავქორწინდებოდით ინტერნეტით სამსახური ვიპოვე და როგორც კი დავქორწინდით მაშინვე აქეთ წამოვედით. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ თამამი და რისკიანი იყო, რადგან არ ვიცოდი აქ რა დაგვხვდებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის. პეკინის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ვსწავლობ, მაგისტრატურაზე, კერძოდ მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ინგლისურ ენაზე სწავლა უცხოელებზე მორგებული კურსია, თუმცა ჩვენთან ერთად ჩინელებიც სწავლობენ.

თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

-ჩინეთი უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ძალიან განსხვავებული ქვეყნაა- როგორ მოერგო ქართული ბუნება ჩინურ ყოფას, რიტმს და ცხოვრების წესს?

-ჩინეთი მართლაც ძალიან განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაა. აქ უცნაური საჭმელები, განსხვავებული დღესასწაულები, სულ სხვა აქცენტები, ფასეულობებია და ამასთან შეგუება არც ისე ადვილია. თუმცა, ბევრი ისეთი სიკეთეა ამ ქვეყანაში, რაც საშუალებას გაძლევს მშვიდად და ბედნიერად იცხოვრო. პირველ რიგში, უსაფრთხოება და კრიმინალის დონე ბევრად ნაკლებია ვიდრე საქართველოში და ალბათ ბევრ დასავლურ ქვეყანაში. მეორე, ტექნოლოგიური განვითარება მაღალ დონეზეა და შესაბამისად ბევრად მოსახერხებელი და განვითარებულია ტრანსპორტი, შოპინგი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. და მესამე, მეტი თავისუფლებაა, როგორც გინდა ისე იქცევი და გამოიყურები, ამით არავინ საზღვრავს შენს პიროვნებას, არავინ არ აკვირდება ჩაცმულობას და ასეთ დეტალებს...

თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

- ურთიერთობაში როგორები არიან?

-ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სულ რამდენიმე ადამიანს ვიცნობთ - კოლეგებს და კურსელებს, ვერ ვიტყოდი, რომ მათთან ახლო ურთიერთობაში შესვლა ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი თვისება გააჩნიათ - ყურადღება და მზრუნველობა, ბევრი ცუდიც აქვთ: მაგალითად ტყუილები ახასიათებთ, რაც უნდობლობას იწვევს. ერთ ძალიან საოცარი თვისება აქვთ რაც მართლა მშურს, აბსოლუტურად აუღელვებლები არიან და წვრილმანებზე ნერვები არ ეშლებათ, ქუჩაში ხალხი ერთმანეთს არ უღრენს, მოთმინების მაღალი უნარი აქვთ.

თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

-რას ვერ შეეგუეთ ამ ჩინეთში?

-ძალიან ძნელად შესაგუებელია ადგილობრივთა უმრავლესობის არაესთეტიური მანერები, საკმოდ მოურიდებლები არიან ქუჩაში, ავტობუსში, შენობაში. ასევე, ძნელად შესაგუებელია მათი კერძების უმრავლესობა, განსაკუთრებით უყვართ ცხოველებისა და ფრინველების ისეთი ნაწილების ჭამა, რასაც ჩვენ პირდაპირ ნაგავში ვყრით ხოლმე, ქათმის ფეხები, ღორის ყურები, დინგი, იხვის თავი და ა.შ. ამიტომ სულ ფრთხილად ვსინჯავთ ხოლმე ახალ კერძებს. ბევრი საყვარელი ჩინური კერძი არც გვაქვს, უმეტესად ვცდილობთ ჩვენით მოვამზადოთ საჭმელი.

თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია
თეკლა ერქვანიძე და მისი მეუღლე გიორგი ალანია

-ყველაზე მეტად რა ენატრება შორეულ ქვეყანაში მყოფ ქართველებს?

-ყველაზე ძალიან გვენატრება ადამიანები- ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები, ძალიან ძნელია მათ გარეშე ყოფნა. თუმცა, ვცდილობთ, რომ ქვეყნის ნოსტალგიის საკითხი არ გავარომანტიულოთ და ამაზე ბევრს არ ვფიქრობთ. ამ ქვეყანაში ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან კარგად ვართ. რამდენიმე წელიწადში აუცილებლად ვაპირებთ საქართველოში დაბრუნებას... ბოლოს, ჩინეთიდან მინდა ახალი წელი მივულოცო ყველას და მათ ყვეალაზე თამამი ოცნების ასრულება ვუსურვო...

 

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (145)

მთავარი თემები