კიევის საპატიო მოქალაქე – ცნობილი ქართველი ქირურგის ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი

© photo : courtesy of Nugzar Baramiaნუგზარ ბარამია
ნუგზარ ბარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად კიევში მცხოვრებ ქირურგს, კლინიკის დამაარსებელს ნუგზარ ბარამიას გაგაცნობთ.

ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო. როცა სკოლაში სწავლობდა, მამიდას, პროფესიით მეან-გინეკოლოგს, საავადმყოფოში ხშირად დაჰყავდა და გზადაგზა ექიმის საქმიანობას აცნობდა. როცა მეშვიდე კლასში იყო, ასეთი ამბავი მოხდა: ბებიის ღორმა 11 გოჭი დაყარა. ერთ-ერთ მათგანს დედაღორმა ფეხი დააბიჯა და მუცლის არეში დიდი ჭრილობა მიაყენა. მაშინ ბიჭმა ბებიასთან ერთად ცხოვრებაში პირველი ოპერაცია გააკეთა – დაშავებულ გოჭს ნაწლავები მუცლის ღრუში ჩაულაგა, ჭრილობა იოდით დაუმუშავა და ჩვეულებრივი ნემსითა და ძაფით ამოუკერა. ოპერაციის მერე მთელი ამბით უვლიდა გოჭს, რომელიც საბოლოოდ გადარჩა და გაიზარდა. ერთ დღესაც გაზრდილი ღორი ბებიამ გაყიდა და იმ ფულით ბიჭს პალტო უყიდა – ეს იყო მისი პირველი ოპერაციის საფასური...

ამ ამბის გმირი დღეს პროფესიონალი ექიმი, კიევში პოლიტრავმის კლინიკის დამაარსებელი, პროფესიულ წრეებში პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი პიროვნება, ბატონი ნუგზარ ბარამია გახლავთ. თავის დროზე მას მუშაობა მოუწია მსოფლიოში განთქმულ ქირურგსა და მეცნიერთან ალექსანდრე შალიმოვთან. სულ ახლახან ბატონი ნუგზარი პირველი ქართველი გახდა, რომელიც კიევის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

© photo : courtesy of Nugzar Baramiaნუგზარ ბარამია და ალექსანდრე შალიმოვი
კიევის საპატიო მოქალაქე – ცნობილი ქართველი ქირურგის ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი - Sputnik საქართველო
ნუგზარ ბარამია და ალექსანდრე შალიმოვი

– ბატონო ნუგზარ, სამედიცინო განათლება კიევში მიიღეთ და წარმატებასაც მალე მიაღწიეთ, რას და ვის გაიხსენებდით იმ დროიდან?

– მანამდე ზედიზედ ორი წელი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, მაგრამ დაბალი ქულების გამო ვერ მოვხვდი. ამის შემდეგ მამაჩემის მეგობრებმა კიევში მიმიწვიეს. მესამე კურსიდან ჩემი ხელმძღვანელი კათედრის გამგე, განთქმული ქირურგი, პროფესორი ივანე ტანასიენკო იყო. მისი ხელმძღვანელობით და დამოუკიდებლადაც მესამე კურსიდან მოყოლებული ხანგრძლივი პერიოდი ქირურგიულ ოპერაციებს ვატარებდი. მესამე კურსზე სამედიცინო პრაქტიკაზე ვიყავი მაშინდელ ცხაკაიაში, სადაც ქირურგიული განყოფილების გამგე სახელგანთქმული ქირურგი სერგო შენგელია გახლდათ. ოპერაციებს მასთან ერთად ვატარებდი. კიევური სტუდენტობა თბილად მახსენდება. ინსტიტუტში კარგად ვსწავლობდი და ყოველთვის მოწინავეთა რიგებში ვიყავი. სამკურნალო ფაკულტეტზე ჩემთან ერთად სწავლობდნენ შოთა ცაავა და რეზო ცანავა, რომლებიც საქართველოს დიდი პატრიოტი იყვნენ. ერთ დიდ ბინაში ვცხოვრობდით და დიდი ქართული სტუდენტური ოჯახი გვქონდა. სამწუხაროდ, დღეს ცოცხლები აღარ არიან...

© photo : courtesy of Nugzar Baramiaნუგზარ ბარამია
კიევის საპატიო მოქალაქე – ცნობილი ქართველი ქირურგის ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი - Sputnik საქართველო
ნუგზარ ბარამია

– თქვენი საქმიანობის მანძილზე ძალიან ბევრ ცნობილ პროფესიონალთან მოგიწიათ ურთიერთობა.

– როცა 1972 წელს სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი ახლად გახსნილ კლინიკურ-ექსპერიმენტული ქირურგიის სამედიცინო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც უმცროსი მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. დისერტაციის დაცვის შემდეგ უფროს მეცნიერ-მუშაკად გადამიყვანეს. ამ ინსტიტუტში დაარსების პირველი დღიდან ვმუშაობდი. მას ხელმძღვანელობდა მსოფლიოში განთქმული ქირურგი, მეცნიერი, უბადლო ორგანიზატორი ალექსანდრე შალიმოვი. გარდა პროფესიონალიზმისა, ეს ადამიანი იმითაც გამოირჩეოდა, რომ ექიმების მიმართ მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა. 1985 წელს შემომთავაზეს, რომ მეხელმძღვანელა პოლიტრავმის კლინიკისთვის, რომელიც სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში გაიხსნა. ეს იყო ახალი და მძიმე მიმართულება ქირურგიაში. ჩვენთან შემოდიოდნენ ცივი და ცეცხლსასროლი ჭრილობების მქონე პაციენტები, საწარმოო, ავტოავარიის და ყოფით ნიადაგზე მიღებული ტრავმების მქონე ავადმყოფები.

© photo : courtesy of Nugzar Baramiaნუგზარ ბარამია
კიევის საპატიო მოქალაქე – ცნობილი ქართველი ქირურგის ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი - Sputnik საქართველო
ნუგზარ ბარამია

საგულისხმო ფაქტები ქართველი ქირურგის ბიოგრაფიიდან

ნუგზარ ბარამიას ხელმძღვანელობის 30 წლის მანძილზე პოლიტრავმის კლინიკას ჩატარებული აქვს დაახლოებით 18 ათასი ოპერაცია, აქედან 522 უნიკალური გულის ოპერაციაა. ქართველი ქირურგი, რომელსაც უკრაინის დამსახურებული ექიმის ტიტული აქვს, ხუთი სამთავრობო ჯილდოსა და საერთაშორისო პრემიის „ოქროს ფორტუნის“ ლაურეატია. ასევე დაჯილდოებულია „იაროსლავ ბრძენისა“ და „დამსახურებისთვის“ ორდენებით. ის გახლავთ ქირურგიის ინსტიტუტის საპატიო თანამშრომელი, რომელიც 1997 წლიდან უკრაინის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ქირურგიის კათედრის პროფესორად დღესაც მუშაობს. მისი სახელი უკრაინის 300 ცნობილი ადამიანის ნუსხაშია შესული.

© photo : courtesy of Nugzar Baramiaნუგზარ ბარამია
კიევის საპატიო მოქალაქე – ცნობილი ქართველი ქირურგის ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი - Sputnik საქართველო
ნუგზარ ბარამია

– ბატონო ნუგზარ, უკვე 57 წელია, რაც კიევში ცხოვრობთ და, ბუნებრივია, ის უკვე გახდა მშობლიური ქალაქი...

– 9 ივნისს 77 წელი შემისრულდება და კიევი ჩემთვის საყვარელი და საამაყო ქალაქია. აქ დაიბადა ჩემი ვაჟიშვილი, ვახტანგი, რომელმაც კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრა და სამ წელიწადში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. შემდეგ ოთხი წელი საქართველოში უკრაინის საელჩოში და კიდევ სამი წელი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მეუღლე ნონა ბასილაია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროპათოლოგი და არატრადიციული (ჩინური) მედიცინის უბადლო ოსტატია. ჩემი შვილის დაბადების დღეს კიევის გამარჯვების მოედანზე დავრგე ცაცხვი, რომელიც დღეს ჩემი შვილივით 41 ერთი წლისაა და კიევის ერთ-ერთ უდიდეს მოედანს ამშვენებს. ალბათ ამიტომაც გამორჩეულად ეს ადგილი მიყვარს. აგრეთვე „პეტროვსკაია ალეა“ – ულამაზესი ტყე-პარკი კიევის ცენტრში. კიევში მოღვაწეობის მანძილზე ურთიერთობა მაკავშირებს უამრავ პიროვნებასთან, მათ შორის გამოჩენილ მეცნიერებთან, ხელოვნების სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ მოღვაწეებთან. საქართველოს სასახელო ადამიანად კიევში მცხოვრები ქართველი პოეტი, ბატონი რაულ ჩილაჩავა მიმაჩნია.

© photo : courtesy of Nugzar Baramiaნუგზარ ბარამია
კიევის საპატიო მოქალაქე – ცნობილი ქართველი ქირურგის ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი - Sputnik საქართველო
ნუგზარ ბარამია

ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი

„ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი ჩემთვის ადამიანის გვერდში ყოფნაა“, – ასე ამბობს ნუგზარ ბარამია, რომელმაც დაახლოებით 120 ქართველ ახალგაზრდას გაუკვალა გზა და  პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. მისი აღზრდილები დღეს სენაკის, თბილისის, ქუთაისის, ხობის და საქართველოს სხვა ქალაქების საავადმყოფოებში მუშაობენ. კიევში მცხოვრები ექიმი არაერთხელ დაეხმარა იქ ჩასულ ქართველებს ჯანმრთელობის აღდგენაში...

© photo : courtesy of Nugzar Baramiaნუგზარ ბარამია ქირურგ ფიოდორ ნოვიკოვთან ერთად
კიევის საპატიო მოქალაქე – ცნობილი ქართველი ქირურგის ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი - Sputnik საქართველო
ნუგზარ ბარამია ქირურგ ფიოდორ ნოვიკოვთან ერთად

– ერთადერთი ქართველი ხართ, რომელსაც კიევის საპატიო მოქალაქის წოდება აქვს.

– დიახ, მე ვარ ერთადერთი ქართველი, ვისაც ქალაქ კიევის საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული. ამბობენ, რომ პირველი ქართველი აკადემიკოსი, არქიტექტორი ირაკლი ციციშვილი იყო, თუმცა ამის შესახებ, სამწუხაროდ, ჩანაწერები ვერ მოიძებნა. კიევის საპატიო მოქალაქის წოდება გაწეული ღვაწლისთვის მადლიერების ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 60 წელია კიევში ვარ, მშობლიურ ქალაქთან კავშირი არ გამიწყვეტია – სენაკის საპატიო მოქალაქეც ვარ. იქ ჩემი მშობლიური სახლია და თითქმის ყოველ წელს მეძლევა იმის საშუალება, რომ საყვარელ ქალაქს, უამრავ მეგობარს და ნათესავს მოვესიყვარულო, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც წლების განმავლობაში დავკარგე... 

 

ყველა ახალი ამბავი
0