02:31 21 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0439
  • 100 RUB4.1689
  • USD2.6816
დავიდ მალტეზე

ქართველი მსახიობი ათენის ნაციონალურ დასში და „გაფრინდი შავო მერცხალო“ ესქილეს პიესაში

photo: courtesy of David Malteze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (151)
74340

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჩვენ მკითხველს პირველად გააცნობს მსახიობ დავით მაღალდაძეს, რომელსაც ბერძენი მაყურებელი კარგად იცნობს ფსევდონიმით დავიდ მალტეზე.

90-იან წლებში, როცა საბერძნეთში ქართველი ემიგრაციის ნაკადს გაჰყვა, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ უცხო ქვეყანაში მოულოდნელად მსახიობობას დაიწყებდა, მერე მის ნიჭს ისე დააფასებდნენ, რომ მაყურებლის საყვარელ მსახიობად იქცეოდა. უფრო მეტიც, ჩაირიცხებოდა საბერძნეთის სახელმწიფო ნაციონალური თეატრის დასში, სადაც თავის რიგს 2000 ბერძენი მსახიობი დღემდე მოთმინებით უცდის.

დავით მაღალდაძე, იმის გამო, რომ ბერძნები ამ გვარს ვერ წარმოთქვამდნენ, იძულებული გახდა ფსევდონიმად დავიდ მალტეზე აერჩია. თუმცა ოფიციალურად გვარი არ შეუცვლია და საბერძნეთში ყველამ იცის, რომ ქართველია. მისი ცხოვრების ამბავი ბერძენ რეჟისორს იმდენად საინტერესოდ მოეჩვენა, რომ გადაიღო ფილმი, რომელშიც მსახიობმა საკუთარი თავი განასახიერა. საერთაშორისო ფესტივალზე გატანილმა მისი ცხოვრების ამბავმა ინგლისში საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმის პრიზი აიღო...

დავიდ მალტეზე
დავიდ მალტეზე

– დავით, თქვენი ცხოვრება მართლა უჩვეულო ფილმის სიუჟეტს ჰგავს, როგორ მოხვდით 21 წლის ქართველი ბიჭი ათენში და როგორ იქეცით დავიდ მალთეზედ?

– საქართველოდან 1996 წელს წამოვედი. ამის მიზეზებზე ალბათ ზედმეტია ლაპარაკი, რადგან ყველამ იცის საქართველოში მაშინ რაც ხდებოდა. სხვა ქვეყნებთან შედარებით საბერძნეთში ჩამოსვლა უფრო ადვილი იყო, თან ჩემი მშობლები უკვე აქ იყვნენ და გადავწყვიტე რამდენიმე ხნით მეც წამოვსულიყავი. ეს „რამდენიმე ხანი“ უკვე 22 წელი გაგრძელდა... ხელოვნებასთან ბავშვობიდან ვიყავი ახლოს. საქართველოში ხომ ყველა ოჯახში ვინმე ან მღერის ან რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავს ან მოცეკვავეა. ჩემ ოჯახშიც იგივე ხდებოდა. მე დავდიოდი ქართულ ხალხურ სიმღერებზე, ვუკრავდი გიტარაზე და საბავშვო ანსამბლის წევრიც ვიყავი. ვნატრობდი ისეთი სამუშაო მქონოდა, რომ ხელოვნებასთან კავშირში ყოფილიყო, მაგრამ იმ დროს ქვეყანაში მომხდარმა ამბებმა ჩემი ოცნება უკანა პლანზე გადაწია. სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი ჯარში, რის მერეც საბერძნეთისკენ ავიღე გეზი.

დავიდ მალტეზე
დავიდ მალტეზე

– როგორ მოხვდით საბერძნეთის სახელმწიფო ნაციონალურ თეატრში, სადაც თურმე 2000 ბერძენი მსახიობი უცდის თავის რიგს?

– საბერძნეთში და, კონკრეტულად, ათენში უამრავი მსახიობია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ აქ ბევრი სამსახიობო სასწავლებელია. ზოგადად, ათენი ძალიან თეატრისმოყვარე ქალაქია. აქ ბევრი დახურული თუ ღია თეატრია. სახელმწიფო თეატრი კი ერთია – ეს საბერძნეთის ეროვნული თეატრია. საერთოდ, საბერძნეთში არ არის მიღებული, რომ მსახიობი რომელიმე კონკრეტული თეატრის მუდმივი წევრი იყოს. მთელი წლის განმავლობაში მსახიობებს სულ გადაადგილებები გვიწევს – ერთ თეატრში ვთამაშობთ, მეორეში რეპეტიცია გვაქვს, დანარჩენ თეატრებში კასტინგებზე დავრბივართ. ეროვნული თეატრში მოხვედრა მართლა ძალიან ძნელია, რადგან იქ მსახიობების არჩევა ყოველ წელს ხდება. წელს პატივი დამდეს და ეროვნულ თეატრში მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სამ სპექტაკლში შემომთავაზა როლი. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი.

ბერძნულ დასთან ერთად
ბერძნულ დასთან ერთად

– საინტერესოა, რამდენ სპექტაკლში მიიღეთ მონაწილეობა ბერძნულ თეატრში და რა როლების შესრულება მოგიწიათ?

– თეატრში უკვე 14 წელია ვთამაშობ. ამ ხნის განმავლობაში 30-ზე მეტ სპექტაკლში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ბევრ რეჟისორთან მომიწია მუშაობა, მათ შორის ახალგაზრდებიც იყვნენ. რაც შეეხება პიესებს, იქაც დიდი სიაა, დაწყებული ძველი ბერძნული ტრაგედიებიდან, თანამედროვე პიესებით დამთავრებული. საბედნიეროდ, თავიდანვე მოვხვდი ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომ ბევრი რამ ვისწავლე. საკუთარ თავზე ბევრი მუშაობაც მომიწია, რაც, რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება. ემიგრანტის როლი რომ მეთამაშა, პირველ რიგში, ენის ბარიერი უნდა გადამელახა. ადვილად არაფერი მომეცა და ამან უფრო გამხადა მიზანდასახულ მსახიობად.

სპექტაკლის დროს
სპექტაკლის დროს

– გავიგე, რომ თქვენი წყალობით ბერძნულ ტრაგედიებში მსახიობები ქართულ სიმღერას ასრულებენ...

– მოგიყვებით ამ ამბავს: 2017 წლის ზაფხულში კვიპროსის ეროვნულ თეატრში ვიყავი მიწვეული. ეს იყო საბერძნეთის „ათენის და ეპიდავროსის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და კვიპროსის ეროვნული თეატრის ერთობლივი პროექტი. ვდგამდით ესქილეს „სპარსელებს“. რეპეტიციების დროს რაღაც მომენტში რატომღაც წავიღიღინე „გაფრინდი შავო მერცხალო“. რეჟისორმა მკითხა, რა სიმღერა არისო, ავუხსენი რა სიმღერაა და რაზეა. მერე მისი თხოვნით მსახიობებს პირველი, მეორე ხმა და ბანი ვასწავლე. მოკლედ, მთელი ბერძნული დასი ქართულად ავამღერე. ეს სპექტაკლი წარდგენილი იყო კვიპროსისა და საბერძნეთის ათობით ქალაქში და ბერძენ მაყურებელს ძალიან მოეწონა.

დავიდ მალტეზე
დავიდ მალტეზე

– საინტერესო ბედისწერის ადამიანი ხართ და სწორედ ამიტომ მოგიწიათ სცენასა და კინოში ფაქტობრივად საკუთარი თავის თამაში...

– ეს იყო 2007-2008 წლებში, როცა მივიღე მონაწილეობა სპექტაკლში, სადაც ჩემ თავს ვასახიერებდი. სპექტაკლში, რომელიც ემიგრანტების ცხოვრებაზეა, სამი ემიგრანტი მსახიობი ვმონაწილეობდით, რეჟისორიც ემიგრანტი იყო. შევაგროვეთ ემიგრანტების ისტორიები და პიესა ჩვენ თვითონ დავწერეთ, მასში ჩვენი პირადი ამბებიც ჩავრთეთ. ამ სპექტაკლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 2009 წელს ამ სპექტაკლის გამო მამაკაცის საუკეთესო როლზე ვიყავი წარდგენილი. ჩემ ცხოვრებაზე ფილმიცაა გადაღებული და იქაც საკუთარ თავს ვთამაშობ. ფილმის რეჟისორი ბერძენი ჯორჯ დრივასია (George Drivas ), რომელმაც უცხოეთში ბევრი წელი იცხოვრა. საერთოდ, ემიგრაციის თემები ძალიან აინტერესებთ. ამ რეჟისორმა ჩემი ინტერვიუ ერთ-ერთ ბერძნულ გაზეთში შემთხვევით წაიკითხა. მერე დამიკავშირდა და შემომთავაზა, რომ ჩემზე ფილმი გადაეღო. თავიდან ვერ ვიჯერებდი, მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა, მაგრამ მერე გავიცანი და ფილმზე მუშაობა მალევე დავიწყეთ. ფილმი რომელიმე კონკრეტულ ჟანრს არ განეკუთნება, ვერ იტყვი, რომ ის მხატვრულია, დოკუმენტური ან Video-art-ია. გადაღებები 2009 წელს დამთავრდა და ფილმის პრემიერა ათენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა. შემდეგ ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი, ასევე ინგლისის დედაქალაქში london greek film festival-ზე, სადაც Best Experimental Film-ის პრიზი აიღო.

დავიდ მალტეზე
დავიდ მალტეზე

– „ცხოვრების კულუარებში“ რა ხდება და ქართველი მაყურებელი თუ გიხილავთ ოდესმე?

– დაოჯახებული ჯერ არ ვარ. სიმართლე გითხრათ, მიზანი, რომ ოჯახი შევქმნა, არ მქონია. ეს ალბათ სიყვარულის და ლამაზი ურთიერთობის შედეგად გაჩნდება. როდესაც ვიგრძნობ, რომ შევხვდი ადამიანს, რომელთანაც სურვილი მექნება დანარჩენი ცხოვრება გავატარო, მაშინ, ალბათ, მაგ ნაბიჯსაც გადავდგამ. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, არის იდეები, რისი განხორციელების იმედიც მაქვს. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგენა ჩემთვის ბედნიერება იქნება...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (151)

მთავარი თემები