რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს?

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია
თამარ ბელქანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების სიმცირე შეიმჩნევა. გვავიწყდება, რომ ამგვარ აზროვნებას ზოგადად ქვეყანაში რეალურად მოქმედი განათლების სისტემა და გარკვეულწილად მედია აყალიბებს.

განათლებული და სწორად ინფორმირებული საზოგადოება რეალურად განსაზღვრავს ქვეყანის არჩევანს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსს და რაც მთავარია, ცხოვრების დონეს.

ამ თემაზე სასაუბროდ პრაქტიკოს-ჟურნალისტს, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, თამარ ბელქანიას დავუკავშირდით. ის 2012 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ისეთ საგნებში, როგორიცაა: სამაუწყებლო ტელე-მედია, სამაუწყებლო პრაქტიკული ტელე-მედია,  კონფლიქტების გაშუქება, ახალი ამბების წერა და გაშუქება, საარქივო დოკუმენტებთან მუშაობა.

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია
რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს? - Sputnik საქართველო
თამარ ბელქანია

-თამარ, მოდი, საუბარი იმით დავიწყოთ, თქვენს ცხოვრებაში წარმატებად რა მიგაჩნიათ?

-ჩემს ცხოვრებაში წარმატებად მიმაჩნია ის, რომ მყავს შვილი, მაქვს საქმე რომელიც მიყვარს და ის, რომ ლექციებს ქვეყნის საუკუნოვან უნივერსიტეტში ვკითხულობ. მე სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული და სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის იყო ნამდვილი ლეგენდა- განათლებულობაზე, სახელმწიფოებრიობაზე, სახელწიფოსა და ლეგენდა ზოგადად მამულიშვილობაზე.

-თუ გახსოვთ თქვენი პირველი ლექცია ლექტორის ამპლუაში?

-ეს იყო 2011 წლის მარტი, როდესაც პირველად შევედი აუდიტორიაში როგორც ლექტორი. სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, 303-ე აუდიტორიაში წავიკითხე ჩემი პირველი ლექცია. მახსოვს რამდენი ბავშვი იჯდა აუდიტორიაში, როგორი ამინდი იყო გარეთ, როგორი იყო ჰაერის ტენიანობა და მზის სიმხურვალე, ისიც მახსოვს, თუ როგორ მესმოდა საკუთარი გულისცემა... მას მერე გავიდა შვიდი წელი და უნდა ითქვას, რომ წლიდან წლამდე უფრო გლობალურად მოაზროვნე ახალგაზრდობა მოდის, უფრო თავისუფალი, უფრო დამოუკიდებელი და უფრო ხალასი ახალი თაობა. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი თავად დროს, ახალ ტექნოლოგიებს და სასწავლო პროცესების ინტერნაციონალიზაციას მოაქვს.

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია
რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს? - Sputnik საქართველო
თამარ ბელქანია

-თქვენი აზრით, რა არის განათლების სფეროს ყველაზე დიდი ნაკლი, რაც ყველა დროში შესამჩნევი და უცვლელია?

-უნდა ითქვას, რომ საქართველოში განათლების სისტემის  პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი კონცეფცია თუ როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა. ის იღებს მსოფლიოში წარმატებულ მოდელებს, მაგალითად-ამერიკულ, დანიურ, შვედურ, უნგრულს, რომელიც ამართლებს იმ ქვეყნებში, მაგრამ არ ამართლებს ჩვენს ქვეყანაში, რადგან უცხოურ სოციუმსაა მორგებული.  თავად განათლების სისტემის იდეა, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ივანე ჯავახიშვილმა შექმნა, უნივერსალური და მთელი რეგიონის გამაერთიანებელი, მთელს კავკასიაში უპრეცენდენტო იყო. მასში  გათვალისწინებული იყო ჩვენი ტრადიციები, გეოპოლიტიკური სივრცე და საქართველოს როლი კავკასიაში. მაშინ სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეგიონში საგანმანათლებლო ჰაბის როლი რეალურად იკისრა და გაამართლა. სწორედ მაშინ ჯერ უნივერსიტეტი დაარსდა, შემდგომ  სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე სახელმწიფოებრიობა შეიქმნა. იშვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი კონსტიტუციით, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი მისაბაძია. აი, ასე იყო მაშინ გააზრებული განათლების სიტემის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში.

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია გადაცემის წაყვანის დროს
რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს? - Sputnik საქართველო
თამარ ბელქანია გადაცემის წაყვანის დროს

- დღეს კი ამ მხრივ, ერთგვარი დეფინიცია მოხდა...

- დიახ, გავიდა საუკუნე და საქართველოში განათების სისტემა ცალკეა და ქვეყანა- მასში მიმდინარე პროცესებით ცალკე. უნივერსიტეტი უნივერსალურ განათლებას ნამდვილად იძლევა, თუმცა მას აკლია სიცოცხლისუნარიანობა იმ სივრცეში, სადაც სტუდენტს ცხოვრება, თავის დამკვიდრება და სოციალიზაცია უწევს. ამას გარდა, აკლია ეროვნულობის განცდა, რაც გლობალიზაციის პირობებში ისეთი მცირერიცხოვანი ხალხისთვის როგორიც საქართველოა, ვფიქრობ, აუცილებელია. ასევე ჩვენს განათლების სისტემას აკლია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება სტუდენტებში, აკლია ქართულენოვანი სახელმძღვანელოები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები.

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია სტუდენტებთან ერთად
რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს? - Sputnik საქართველო
თამარ ბელქანია სტუდენტებთან ერთად

- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რას და როგორ შეცვლიდით?

-განათლების სისტემა, რომელიც ამჟამად გვაქვს-ფაქტობრივად, თავიდანაა შესაქმნელი და ის უნდა დაფუძნდეს ადგილობრივ კვლევებზე, ჩვენს წარსულსა და რეალობას უნდა იყოს მორგებული. ვფიქრობ, რომ 300 უმაღლესი სასწავლებელი და აქედან, 17 სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსთვის, უბრალოდ, ბევრია. განათლება ადამიანს რეალურად  უნდა აძლევდეს უკეთესად ცხოვრების საშუალებას. მას უნდა ჰქონდეს პროფესია, რითიც ღირსეულად იცხოვრებს. ასეთი პროფესიები კი სულაც არ საჭიროებს სამსაფეხურიან სწავლებას და პროფესიული სასწავლებლების შექმნა ბევრად უფრო რეალურია. მაგალითად ისეთი, როგორიცაა- მეღვინეობა, მეცხოველეობა, მებაღეობა, კულინარია, ხეზე, თიხაზე, ქვაზე, ლითონზე, ოქროზე მომუშავე ხელოსანი... საქართველოში არის დარგები, რომლის სპეციალისტების ნაკლებობასაც არა მხოლოდ დედაქალაქი, რეგიონებიც განიცდიან... განათლების სისტემის ასეთი გონივრული დაგეგმარება  იმის შესაძლებლობას მოგცემს, რომ საქართველოს რეგიონებიც გაძლიერდეს და ოჯახებიც. ქვეყანა სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს- რეალურად ღარიბი და დაუსაქმებელი ადამიანებითაა მდიდარი. ისმის კითხვა-რატომ? აი, ამას უნდა პასუხობდეს ქართული განათლების სისტემა.

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია
რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს? - Sputnik საქართველო
თამარ ბელქანია

- ტელევიზიაში მიგყავდათ გადაცემების ციკლი „ისტორიის გაკვეთილები“, რომელშიც სტუდენტებიც იყვნენ ჩართული...

-დიახ, ჩემი ერთ-ერთი მედია-პროექტი „ისტორიის გაკვეთილი“ იყო. ამ გადაცემაში ჩართული მყავდა თსუ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, სადაც ისინი რეალურ რეჟიმში სწავლობდნენ თუ რა არის სატელევიზიო მედია, როგორ კეთდება გადაცემა, რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი და გქონდეს პასუხისმგებლობის განცდა. ეს პროექტი სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ თეორიული სწავლების პარალელურად მომავალ ჟურნალისტებს პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღოთ, რაც ქართულ მედია-სკოლებს ასე აკლია. გადაცემის მეორე მიზანი ის იყო, რომ საზოგადოებისთვის მოგვეთხრო უახლესი ისტორიიდან იმ ფაქტებზე, რომლის შესახებაც არქივებში დაცული დოკუმენტები მოგვითხრობენ.

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია ამირან სალუქვაძესთან ერთად სტუდიაში
რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს? - Sputnik საქართველო
თამარ ბელქანია ამირან სალუქვაძესთან ერთად სტუდიაში

-თქვენი აზრით ისტორიის რომელი მწარე გაკვეთილის შედეგი ვერ გავაცნობიერეთ დღემდე? 

-რა ვერ ვისწავლეთ ისტორიიდან? -ის, რომ ისტორია მეორდება თუკი ის ვერ გავაანალიზეთ. რაც ყველაზე ცუდია, მეორდება იგივე შეცდომებით და შესაბამისად, იგივე შედეგებით. ჩვენ ვერ ვისწავლეთ ის, რომ პოლიტიკაში  არ არსებობენ მეგობრები, აქ უბრალოდ უნდა არსებობდეს ინტერესი, რომელიც შენს ინტერესებთან ხან თანხვედრაშია, ხან კი სცდება მას. ვერ ვისწავლეთ, რომ შენს მაგივრად შენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს და თუ უკვე სხვა აკეთებს, უნდა იცოდე, რომ შენ განხიბლული და წაგებული გამოხვალ. ვერ ვისწავლეთ ის, რომ სამყარო ჩვენს გარშემო არ ბრუნავს, -დედამიწა ბრუნავს ჩვენთან ერთად...

© photo: courtesy of Tamar Belkaniaთამარ ბელქანია გადაცემის წაყვანის დროს
რატომაა ღარიბი ქვეყანა, სადაც მიწაში ჩარჭობილი ხეც კი ხარობს? - Sputnik საქართველო
თამარ ბელქანია გადაცემის წაყვანის დროს

-დღეს გენდერული თემა ძალიან აქტუალურია, თქვენი აზრით, ვინ არის ძლიერი ქალი და საერთოდ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი განსაზღვრა?

-რას ნიშნავს ძლიერი ქალი? ძლიერი ქალი -ფინანსურად დამოუკიდებელ, რეალიზებულ ქალს ნიშნავს. ქალს, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე თუ სად, რა, ვისთან და როგორ გააკეთოს. ასეთი ქალები ხშირად პირადი ცხოვრების გარეშე რჩებიან და მთელი მათი შემოქმედებითი ძალა საქმეშია ჩადებულია. იმასაც გეტყვით, რომ ხშირ შემთხვევაში, ისინი მარტოსულები არიან. ძლიერი ქალი უკვე იმას გულისხმობს, რომ მის გვერდით სუსტი პარტნიორია. ქალი თავისი ბუნებით უფრო სუსტია ვიდრე მამაკაცი. თუმცა მამაკაცებმა დღეს თავისი პოზიციები ნებით დათმეს და ეს დათმობა  იმაში გამოიხატება, რომ მათ,  ზოგადად პასუხისმგებლობის  განცდა შესუსტებული აქვთ.

-დაასრულეთ ფრაზა- ჭკვიანია ქალი ვინც...

-ვინც წარმატებულ კარიერასთან ერთად ოჯახიც შეინარჩუნა...

 

ყველა ახალი ამბავი
0