10:05 17 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0363
  • 100 RUB3.9891
  • USD2.6634
თენგიზ შაუთიძე

ვაჩნაძიანელი გიორგი პაპა, ნოე ჟორდანიას შთამომავალი და ქართული არდადეგები

© photo: courtesy of Tengiz Shautidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (145)
55430

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ნიუ-იორკში თენგიზ შაუთიძის ქართულ საქმიანობაზე მოგითხრობთ.

ემიგრაცია რომ საკმაოდ რთული გზაა, ამაში ახალი არაფერია. მაგრამ ამ გზაზე მოულოდნელი და გაუთვალისწინებელიც ბევრია – უცხო ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ თავს უცნობი კუთხით დაგანახებს და მასში ახალ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებს.

ჩვენი რესპონდენტი შემოქმედებითი პიროვნებაა, სიმღერის ნიჭი და სიყვარული ბავშვობიდან და ოჯახიდან მოსდგამს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და თეატრალურ ინსტიტუტში. 1970-იან წლებში გახდა პრაღისა და ბრატისლავას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. 1976 წლიდან საქართველოში დაწყებული პედაგოგიური საქმიანობა 90-იან წლებში ამერიკაში გააგრძელა. 

დღეს ნიუ-იორკში დაარსებულ ქართული კულტურის სახლში (რომელიც საქართველოზე შეყვარებული ამერიკელის ვიქტორ სირელსონის მიერაა დაარსებული) მან ბევრი ემიგრანტის ბავშვს შეასწავლა და, რაც მთავარია, შეაყვარა ქართული სიმღერა. ქართველი ბავშვები საჩვენებელი კონცერტით წელიწადში ორჯერ მანჰეტენის საოპერო დარბაზში გამოდიან.

თენგიზ შაუთიძე
photo: courtesy of Tengiz Shhautidze
თენგიზ შაუთიძე

– ბატონო თენგიზ, ამერიკაში ამ ხელოვან კაცს, თურმე, საჭირო ხელობები აგითვისებიათ...

– ამერიკაში მთელი ოთხი წლით მივდიოდი და, უკვე 20 წელია აქ ვარ. ძალიან ძნელი იყო იმ დროს ამ ქვეყანაში დამკვიდრება. თავიდან მზარეულის თანაშემწედ მოვეწყვე, ექვს თვეში ვცადე ქართული კერძები მომემზადებინა და გამიხარდა, როცა ძალიან მოეწონათ. მზარეულად დამაწინაურეს, მაგრამ მზარეულობა არ იყო ჩემი საქმე. როცა ენა ცოტათი შევისწავლე, მშენებლობაში გადავერთე და ელექტრიკოსის პროფესია შევისწავლე. ეს საქმე მშვენივრად გამომივიდა და დღემდე ჩემი შემოსავლის წყაროა. ხელოვნებაზე უარი კი არასოდეს მითქვამს. 1999 წლის იანვარში, აქ ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე და დღემდე აქ მცხოვრები ბევრი ქართველის შვილი მყავს გაზრდილი. პედაგოგობა ჩემი შემოსავლის წყარო არ არის, ეს ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა...

თენგიზ შაუთიძე-თავსი მოსწავლეებთან ერთად
photo: courtesy of Tengiz Shautidze
თენგიზ შაუთიძე-თავსი მოსწავლეებთან ერთად

მუსიკალური ბავშვობა და მელოდია შორეული წლებიდან

თენგიზ შაუთიძე: მახსენდება, როცა ხუთი წლის ვიყავი, ბატონები შემეყარა. თვალებიდან არ ამომდის ცხონებული მამაჩემი გარმონით ხელში რომ დადიოდა სახლში და ჩემთვის უკრავდა. მაშინ მიყიდეს ჩემი პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი. ერთ თვეში უკვე რაჭულ "გაუსვი და გამოუსვის" ვუკრავდი. ექვსი წლის ასაკში შევედი მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასის განხრით და მას მერე მუსიკის ულამაზეს სამყაროში ჩავიძირე. ბავშვობა ბებიასთან, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში გავატარე. ბებია თაბუკაშვილის ქალი იყო. ექვსი ძმა და ერთი და ჰყავდა. ყველა მათგანი კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მე ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური ნიჭის განვითარება ამან განაპირობა. დღეს რომ ვუფიქრდები, იმ წარსული 60-იანი წლებიდან მახსენდება ერთი სიმღერა "იმერეთში თუ გინახავს გაზაფხული". მის მიმართ მშობლიური დამოკიდებულება მაქვს, რადგან ეს იყო ჩემი პირველი სახალხოდ შესრულებული სიმღერა თაბუკაშვილების დიდ ოჯახში. სხვათა შორის, იმ დროიდან მყარად დავიმკვიდრე ჩემი ადგილი სიმღერის პირველ ხმაში.

 თენგიზ შაუთიძე სცენაზე
photo: courtesy of Tengiz Shautidze
თენგიზ შაუთიძე სცენაზე

– პედაგოგიური საქმიანობა ამერიკაში დაიწყეთ, რას ასწავლიდით ემიგრანტების შვილებს და თუ იყვნენ მათ შორის ამერიკელი ბავშვები?

– პირველად მხოლოდ ორი ქართველი ბავშვი მყავდა. იმ დროისთვის არსებობდა ქართული სტუდიო Dancing crane (დღეს უკვე „ქართული სახლი“), რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ვიქტორ სირელსონი, კაცი, რომელიც ქართული ხელოვნებით სუნთქავს. ქართველების გარდა ამერიკელი ბავშვებიც გვყავს, მაგრამ ძირითადად ქართველ ბავშვებზეა აქცენტი გადატანილი. კონცერტებს ხშირად ვატარებთ, თვე არ გავა, რომ რამე ღონისძიებაში არ მივიღოთ მონაწილეობა. რაც შეეხება ჩემ სკოლას, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და ზამთარში მანჰეტენის საოპერო დარბაზში საჩვენებელ კონცერტს ვაწყობთ. დღემდე რამდენი ბავშვი მყავს გამოზრდილი, ვერ გეტყვით, ბევრი...

იმისთვის, რომ ქართველი ბავშვები ამერიკულ ყოფაში არ „აითქვიფონ“

თენგიზ შაუთიძე: საკუთარ თავს აღმზრდელ პედაგოგად ვთვლი. კარგად ვიცი, რომ ბავშვისგან, რომელიც შენთან მოდის, კარგი პიროვნება და თითით საჩვენებელი ადამიანი უნდა გამოძერწო. მას ქართული ტრადიციების, ქართული ფესვების სიყვარული უნდა ასწავლო და შეაყვარო, რაც ძალიან რთულია ამ ქვეყანაში, სადაც რასისა და მენტალობის მიხედვით არ ასხვავებენ ადამიანებს. აქ ყველა ამერიკელია, მორჩა და გათავდა!.. ამიტომ მშობლებმა და პედაგოგებმა თუ შვილებს არ გააცნეს და შეაყვარეს საიდან მოდიან და რა სიმდიდრეს ფლობენ, ისინი ისე "აითქვიფებიან" აქაურ ყოფაში, რომ ქართული მარტო სახელი და გვარი შერჩებათ. თუმცა ზოგჯერ ამასაც იცვლიან და, ჩვენდა სამწუხაროდ, ამის მაგალითი ბევრია. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გვყავდეს აქ, ბევრი კარგი ქართველი გავზარდოთ.

თენგიზ შაუთიძე- ქართული ცენტრის წევრებთან და მის დამაარსებელთან
photo: courtesy of Tengiz Shautidze
თენგიზ შაუთიძე- ქართული ცენტრის წევრებთან და მის დამაარსებელთან

არდადეგები სამშობლოში, ანუ ჟანგბადის ერთი ყლუპი

თენგიზ შაუთიძე: მე ყველა მშობელს მოვუწოდებ ხოლმე, რომ ყოველ ზაფხულს ყველაფერი მოიკლონ, მაგრამ ბავშვი დასასვენებლად საქართველოში აუცილებლად გაუშვან. ჩემი მეოთხე შვილი აქ დაიბადა და ჯერ არ გასულა ზაფხული, რომ ის საქართველოში არ ჩასულიყო. ახლა უკვე 18 წლისაა და ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოზე მეტი რამ შეისწავლოს. ასე არიან ჩემი თინეიჯერი სტუდენტებიც. საკუთარი სახლი და მშობლიური კერა საქართველოში ყველას აქვს. იქ ჩასვლა მათთვის მშობლიური ჰაერის, ჟანგბადის ერთი ყლუპია... ჩემი ყოფილი მოსწავლეები, მართალია, დღეს ძალიან დაკავებული არიან, მაგრამ ქართული სიმღერისთვის დროს მაინც პოულობენ. აქ სწორედ ეს მაცოცხლებს და ვთვლი, რომ ბედნიერი ვარ, რადგან უფალმა ჩემ კოლეგებთან ერთად ასეთი დიდი მისია მეც დამაკისრა.

თენგიზ შაუთიძე და ნოე ჟორდანიას შვილი
photo: courtesy of Tengiz Shautidze
თენგიზ შაუთიძე და ნოე ჟორდანიას შვილი

– ბატონო თენგიზ, ვიცი, ბევრი დაუვიწყარი შეხვედრის თუ ამბის მოწმე ხართ უცხოეთში ცხოვრების მანძილზე...

– მართლაც ბევრი დაუვიწყარი დღე მახსოვს, მაგრამ ახლა ერთს გამოვყოფდი: 2002 წელი იყო, ვაშინგტონში მიგვიწვიეს საქართველოს დამოუკიდებლობის ცერემონიაზე, სადაც ამერიკის და საქართველოს ჰიმნი უნდა შეგვესრულებინა. ქვევით ვიყავი ჩამოსული, როცა ჩემ წინ ტაქსი გაჩერდა და დავინახე, რომ მოხუცს მანქანიდან გადმოსვლა გაუჭირდა. გავიქეცი მისახმარებლად და როცა გადმოვიყვანე, მან დამტვრეული ქართულით მითხრა: „გამარჯობა!“ გამიხარდა, კიბეებზე ასვლაშიც მივეხმარე და ვკითხე, თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი. მე ნოე ჟორდანიას შვილი ვარო, მითხრა და მე ადგილზე გავშეშდი. ნოე ჟორდანიამ თავის დროზე გადაარჩინა საფრანგეთში ტყვეობაში მყოფი ბევრი ქართველი, რომელთა შორის ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი, ვაჩნაძიანელი გიორგი პაპაც იყო. ის თავისი ფანდურით იყო ომში წასული და ზუსტად იმ ფანდურმა უშველა. ხშირად მიყვებოდა გიორგი პაპა მაშინდელ ამბებს. მე კი ეს ისტორია ჟორდანიას შვილს მოვუყევი, სანამ კიბეზე ავდიოდით. მან ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა, ჩვენ ახლა ისტორიას ჩავხედეთ თვალებშიო. მართლაც ასე იყო, იმ წუთებში ორივემ დრო გავაჩერეთ და ისტორიას ჩავხედეთ თვალებში... ამ შეხვედრამ უფრო დიდი სტიმული მომცა, რომ აქ, ჩემი ქვეყნიდან ასე შორს პატარა ქართველები კარგ ადამიანებად გავზარდო. სცენაზე  ყოველი მათი გამოსვლა ჩემი და ჩემი ქვეყნის, გენების გამარჯვება და ნუგეშია...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (145)

მთავარი თემები