თავს დატეხილი სიყვარული – დედასთან ჩაწერილმა დუეტმა ორ დღეში 200 000 ნახვა დაიმსახურა

© photo: courtesy of Davit Kurdianiდავით ქურდიანი
დავით ქურდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიით ფერმწერი-პედაგოგია. ალბათ როდესაც მხატვრის პროფესიას ირჩევდა, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სოციალურ ქსელებში ფართო საზოგადოებისთვის სიმღერას გაბედავდა და ხალხს იმდენად მოეწონებოდა მისი ნამღერი, რომ პროფესიის გამოცვლაზეც იფიქრებდა...

დავით ქურდიანზე მოგახსენებთ.

© photo: courtesy of Davit Kurdianiდავით ქურდიანი
თავს დატეხილი სიყვარული – დედასთან ჩაწერილმა დუეტმა ორ დღეში 200 000 ნახვა დაიმსახურა - Sputnik საქართველო
დავით ქურდიანი

– დავით, გაიხსენეთ, პირველი ვიდეო თქვენი სიმღერით როდის განათავსეთ და რა გამოხმაურება მოჰყვა?

– ერთ მშვენიერ დღეს ერთი სიმღერა მომეწონა, ვიმღერე და ინტერნეტში ავტვირთე. მაშინ მართლა არ მქონდა იმის ილუზია, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ქართული სიმღერა ძალიან მიყვარს. ოჯახში ჩემი დაც მღერის, ასევე დედა და დედის მხრიდან ყველა მღერის. პირველი სიმღერა მარტის მიწურულს განვათავსე, მაშინ ცოტა მეგობარი მყავდა და ის სიმღერაც მათზე იყო გათვლილი. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ბევრი გაზიარება მოჰყვა. ამ გაზიარებებთან ერთად მეგობრების რაოდენობამაც იმატა. მერე მათი მხრიდან თხოვნა წამოვიდა, რომ უფრო მეტი სიმღერა შემესრულებინა და ჩამეწერა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც სურვილი გაუჩნდა, რომ მათთან ერთად დუეტი ჩამეწერა. ხშირად მწერდნენ, იმიტომ მოგვწონხარ, რომ ქართულად მღერი, ქართული ვიზუალი გაქვს და არტისტული ხარო. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხალხის ყურადღებას და მოწონებას იმსახურებ. რაც შეეხება ჩემ კოლეგებს, მათაც ძალიან მოსწონთ ჩემი სიმღერები. ბუნებრივია, შეიძლება ყველას არა, მაგრამ ვისაც მოსწონს, ისინი გამოხატავენ და ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან.

© photo: courtesy of Davit Kurdianiდავით ქურდიანი
თავს დატეხილი სიყვარული – დედასთან ჩაწერილმა დუეტმა ორ დღეში 200 000 ნახვა დაიმსახურა - Sputnik საქართველო
დავით ქურდიანი

– ისე გამოვიდა, რომ ხატვა სიმღერამ ჩაანაცვლა?

– რაც შეეხება ხატვას, ძალიან დიდი ხნის წინ სამხატვრო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, თუ სწორად მახსოვს, 2006 წელს ერთ-ერთ კერძო სკოლაში ხატვისა და მუსიკის მასწავლებლად ვიმუშავე. დღეს ხატვით იშვიათად ვხატავ, მიყვარს პორტრეტების შექმნა. თუმცა ჩანახატებიც გამიკეთებია. ძალიან მსიამოვნებს ტილოზე ზეთის საღებავებით მუშაობა, მაგრამ ამისთვის ხან დრო არ მქონდა, ხან სურვილი, ხან კი საშუალება. მოკლედ, ამ ეტაპზე ძალიან იშვიათად ვხატავ. მოსწავლე არ მყავს და ხატვის მიმართულებით არ ვმუშაობ.

© photo: courtesy of Davit Kurdianiდავით ქურდიანი
თავს დატეხილი სიყვარული – დედასთან ჩაწერილმა დუეტმა ორ დღეში 200 000 ნახვა დაიმსახურა - Sputnik საქართველო
დავით ქურდიანი

– ყველაზე მეტი ნახვა რომელ სიმღერას ჰქონდა?

– ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა დუეტს, რომელიც დედასთან ერთად ჩავწერე. იმ სიმღერამ ორ დღეში 200 ათასზე მეტი ნახვა დაიმსახურა და ელვის სისწრაფით გავრცელდა. ეს ლამაზი სიმღერა „ზღაპარი სიყვარულისა“ ძალიან მიყვარს. ჩვენმა ნამღერმა ხალხის ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული დაიმსახურა, თანაც დედასთან ერთად რომ შევასრულე, ესეც გულისამაჩუყებელი იყო.

© photo: courtesy of Davit Kurdianiდავით ქურდიანი დედასთან - ნათელა გოგოლაძესთან ერთად
თავს დატეხილი სიყვარული – დედასთან ჩაწერილმა დუეტმა ორ დღეში 200 000 ნახვა დაიმსახურა - Sputnik საქართველო
დავით ქურდიანი დედასთან - ნათელა გოგოლაძესთან ერთად

– ბუნებრივია, მოწონებასთან ერთად თქვენ მიმართ ინტერესიც გაიზრდებოდა...

– ასეც იყო, მერე კითხვები გაჩნდა. ყველაზე ხშირად მისვამენ კითხვებს – მყავს თუ არა მეუღლე, რამდენი წლის ვარ, მაქვს თუ არა მუსიკალური განათლება, სად ვცხოვრობ, სად ვმუშაობ და ასეთები. ამ კითხვებს თქვენთან საუბარშიც ვუპასუხებ: დავიბადე და ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში, დაოჯახებული არ ვარ, არც შეყვარებული მყავს და დაოჯახებას არც ახლო მომავალში ვგეგმავ.

– როგორია თქვენი ინტერნეტ-პოპულარობის მიმართ ახლობლების და მეგობრების რეაქცია?

– ჩემი, ასე ვთქვათ, „პოპულარობის“ მერე ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ამაყები არიან და უხარიათ ჩემი წარმატება. ბევრმა ამ ვიდეოების შემდეგ გაიგო, რომ ვმღეროდი. ამის შემდეგ გაცილებით საინტერესო გავხდი მათთვის, ვიდრე მანამდე ვიყავი. ახლობლებისთვის ძალიან საამაყოა, რომ ხალხმა ასე თუ ისე გამიცნო. ყველას ვუყვარვარ, ისევე, როგორც მე მიყვარს ისინი.

– მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის სურვილი თუ გაქვთ?

– ასეთ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ მქონია და ახლაც არ მაქვს. ერთხელ ვცადე შესარჩევ ტურში მონაწილეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადავედი შემდეგ ტურში. ისიც ჩემი ახლობლების დაჟინებული თხოვნით ვცადე. თუმცა იმ შემთხვევას ტრაგედიად არ აღვიქვამ. კონკურსი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მარტო ის არ არის მთავარი იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებისთვის სიმღერა შეძლო. ჩემი მსმენელი კმაყოფილია, რაც ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. საერთოდ კი, თუ მე ვმღერი, ეს, პირველ რიგში, ქართული სიმღერის სიყვარულითაა გამოწვეული და კიდევ, ვმღერი მათთვის, ვისაც ჩემი სიმღერა მოსწონს.

– ასეთმა პოპულარობამ სამომავლო გეგმების შეცვლა და ოცნების კორექტირება ხომ არ გამოიწვია?

– დღეს ჩემი ოცნებაა, რომ ამ კუთხით უფრო განვვითარდე, ამ გზას დავადგე. მინდა სიმღერა ჩემი პროფესია და შემოსავლის წყარო გახდეს. არ ვიცი ამის განხორციელება რამდენად არის შესაძლებელი, მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. როცა ფინანსები ხელს არ გიწყობს, თავს ვერ დაიმკვიდრებ. რა თქმა უნდა, ფული მთავარი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ რაიმე გატაცებას სერიოზულად მიუდგები, ის შენ პროფესიად უნდა იქცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0