ჩვენი რესპონდენტის საინტერესო, მძაფრი და ამავე დროს იუმორისტულ-სარკასტული პოსტები სოციალურ ქსელში ბევრის ყურადღებას იქცევს. რაც მთავარია, ამ პოსტების მიღმა ასევე საინტერესო ადამიანია, რომელსაც უჩვეულო გზა აქვს გავლილი, ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების შუაგულშიც იყო და საკუთარი შეცდომების შედეგიც გამოსცადა, თუმცა წარსულზე საუბრის ნამდვილად არ ეშინია...
დავით მარდალეიშვილი – დამთავრებული აქვს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რის შემდეგაც იურიდიული სამსახურის უფროსად „ქართუში“ დაიწყო მუშაობა. 2005 წლიდან, ორი წლის მანძილზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსულტანტი იყო. მისი გულახდილი საუბარი, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ...

– ბატონო დავით, თავად როგორ ხსნით თქვენი პოსტების პოპულარობის მიზეზს?
– უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. ვფიქრობ, იუმორია ჩემი პოსტების წარმატების მიზეზი. დღეს ხალხს აკლია კარგი იუმორი, რადგან ტელევიზიითაც ძირითადად პოლიტიკური შინაარსის ხუმრობებია. მე ვთვლი, რომ კარგი ხუმრობა აბსოლუტურად ყველა თემაზე შეიძლება – რელიგიურზეც და ოჯახზეც. მთავარია, მასში არ ისმოდეს ბოღმის და სიძულვილის ნოტები. თანაც, ხომ იცით, ჯანსაღ იუმორში ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ინტელექტი.
– თქვენი სტუდენტობა რთულ პერიოდს დაემთხვა...
– როცა იურიდიულზე ჩავაბარე, მაშინ ძალიან იყო გავრცელებული კრიმინალური მენტალიტეტი და იურიდიული ფაკულტეტის ბიჭების უმრავლესობა ვამბობდით, რომ ადვოკატები უნდა გამოვსულიყავით. პირველი სემესტრის ბოლოს უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საუბარი დაიწყეს მის დიდ პერსპექტივაზე. საქართველო მაშინ იდგამდა ფეხს საერთაშორისო ასპარეზზე და მეც, ისევე, როგორც სხვები, ვფიქრობდი, რომ სამშობლოს საგარეო პოლიტიკაში დავეხმარებოდით, ამიტომ ამ ფაკულტეტზე გადავედით.

– თქვენ კურსზე შემდგომში ცნობილი პოლიტიკოსები იყვნენ. რომელიმე მათგანი მაშინვე თუ ამჟღავნებდა ფუნქციონერის ან ლიდერის თვისებებს?
– ჩემი ჯგუფელები იყვნენ ირაკლი ალასანია, ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კუბლაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, თინა ხიდაშელი, ვიკა დოლიძე, ზურა აბაშიძე, გია გეწაძე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმავე წელს დავიწყე მუშაობა ჯგუფი „ქართუს'' ჩამომყალიბებელთა გუნდში. „ქართუს“ შექმნაში და მისი დღევანდელი გარკვეული ბიზნესების შეძენაში ჩემი დიდი წვლილიცაა. 2005 წლიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსულტანტი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, ვინმეს ლიდერის თვისებები გამოემჟღავნებინოს - ეს არ მომეწონებოდა. მხოლოდ მახსოვს, აფხაზეთის ომიდან დაბრუნებული ირაკლი ალასანია ძალიან იყო შეცვლილი – მამა იქ დაკარგა და სერიოზულად ფიქრობდა, რომ მისი გზა გაეგრძელებინა. ირაკლის არასდროს შეშლია მეგობრობა და ძმაკაცობა. ახლაც გადასარევი ურთიერთობა გვაქვს და ვძმაკაცობთ.
– თქვენ ახსენეთ, რომ ჯგუფი „ქართუს“ შექმნაში თქვენი წვლილიცაა...
– „ქართუში“ იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი. ძალიან კარგი გუნდი შეიქმნა. ჩემ ხელში გაიარა ყველა კონტრაქტმა ქონების შეძენაზე და ზუსტად მახსოვს – მაშინ შევიძინეთ „ქართუს“ 14-სართულიანი შენობა ვაკის პარკის წინ, სადაც დღესაა „ქართუ“. ასევე შევიძინეთ „ისნის“ ფეხსაცმლის ფაბრიკა, ნაყინის ქარხანა აეროპორტის გზაზე, ოკამის ღვინის ქარხანა, ბორჯომის ჩამოსასხმელი და მინის ტარის ქარხნები ბორჯომში და ვარციხეში. მაგრამ მამუკა ხაზარაძემ უსამართლოდ და მაშინდელი ქალაქის მერის უშუალო ჩარევის შედეგად ბორჯომის ჩამოსხმაზე ტენდერი მოგვიგო, თუმცა ვერც მაშინ და დღესაც ვერ ითვისებს ტენდერის პირობით მოთხოვნილ დებეტს.

– დღეს ნარკოპოლიტიკასა და მის ლეგალიზაციაზე ბევრს კამათობენ. რას იტყვის ამ საკითხზე ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მისი შედეგები?
– ნარკოტიკებთან ჩემი დამოკიდებულება, ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა. მართალია, თითქმის ყველაფერი გადავაყოლე ნარკოტიკს და ზუსტად ვიცოდი, რასაც მიზამდა, მაგრამ მაშინ ქვეყანაში გასართობი მხოლოდ ეგ და რესტორნები იყო. თანაც დიდი როლი ითამაშა ფულმა, რომელიც სულ მქონდა და უკეთესი დასახარჯავი ვერაფერი ვიპოვე. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, აბსოლუტურად დაუშვებელია, რაიმე ნარკოტიკის ლეგალიზაცია, თუმცა დეკრიმინალიზაცია აუცილებელია აბსოლუტურად ყველასი. ძალიან ცუდად მუშაობს „მეტადონის“ პროგრამა და წარმომიდგენია, რა მოხდება მარიხუანის ლეგალიზაციის შედეგად - მისი გაკონტროლება შეუძლებელი გახდება.
– რახან ამ თემაზე ძალიან ღიად საუბრობთ, როდიდან გაგიჩნდათ ნარკოტიკებისადმი ინტერესი?
– 2009 წლიდან ნარკოტიკების სიყვარული სერიოზულ პრობლემად გადამექცა, რადგან სააფთიაქო ნარკომანიაზე გადავედი და ამ კუსტარულმა წამლებმა ტვინის ერთ-ერთი ფუნქცია დამიზიანა – მოძრაობის უნარი შემეზღუდა, მუხლები მეკეცება და წონასწორობას ვერ ვიცავ. ამიტომ სიარულისას, მინიმუმ ჯოხი მჭირდება და მაქსიმუმ – ჯოხი და ერთი კაცი. ვიყავი დაჭერილი ნარკოტიკის მოხმარების მუხლით და 1.5 წელი გლდანის ჯოჯოხეთში ვიჯექი. 2011-ში გამოვედი. მას შემდეგ ნარკოტიკებს არ ვეკარები, სურვილიც არ მიჩნდება, მაგრამ თავისუფლად მოძრაობის უნარი ვერ აღვიდგინე. ახლაც ვმკურნალობ – წამლები, მასაჟები, ვარჯიშები და პროგრესიც მაქვს, მაგრამ უმნიშვნელო. თუმცა საოცრად ოპტიმისტი ვარ და იმედს არ ვკარგავ და ვიბრძვი, რათა თავიდან ვისწავლო სიარული... დღეს უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ არ არსებობს ჯანმრთელ ცხოვრებაზე კარგი ნარკოტიკი. კაცს უნდა უხაროდეს ყოველი დილის გათენება, დილიდან მოუსმინოს საყვარელ მუსიკას და კარგ ხასიათზე და კარგი აზრებით გავა სახლიდან. ახალგაზრდების გასაგონად ვიტყვი, რომ უნდა უყვარდეთ გოგონები და თამამად შეხვდნენ ცხოვრებისეულ პრობლემებს, აჯობონ დეპრესიას და დალევისა და ნარკოტიკისკენ ლტოლვას. თუ ფული ჩაუვარდებათ, ისინი დახარჯონ მოგზაურობაში და ახლობლების დახმარებაში. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ პირადად მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა საჩუქრების ჩუქება საყვარელი ადამიანებისთვის, ამას ნებისმიერი ჩემი მეგობარი დაადასტურებს.
– ამ წლების გადასახედიდან, რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენ ცხოვრებაში, იცით, რა არის მთავარი?
– ცხოვრებაში შევცვლიდი ნარკოდამოკიდებულების პერიოდში დაკარგულ უამრავ დროს, სხვას არაფერს. ცხოვრებაში კი, ჩემი აზრით, მთავარია რწმენა და სიკეთე. რწმენის და იდეის გარეშე ცხოვრება ფუჭია. რწმენა და იდეა შეიძლება ცუდ საქმეშიც და სწორედ ამიტომაა საჭირო მეორე კომპონენტი - სიკეთე...