16:59 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
დარე ლაცუზბაია

ყველანი დარესთვის, ანუ Memento vivere!

© photo: courtesy of Dare Latsuzbaia
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
451 0 0

ცხოვრებაში თავს დატეხილ გასაჭირს ერთი პატარა ნათელი სხივი მაინც ახლავს: ზუსტად გაიგებ ვისი იმედი გქონდეს და სინამდვილეში რამდენი ადამიანისთვის ხარ ძვირფასი. სოხუმელმა დარეჯან ლაცუზბაიამ ეს უკვე იცის, ამიტომაც „სხვა გზა არ აქვს“ – უნდა დაამარცხოს ტკივილი, რომელიც დაავადების სახით მოულოდნელად დაატყდა თავს.

უკვე ერთი კვირაა სოციალურ ქსელებში მის გვერდზე ასეთი ტექსტები ჩნდება: „დარე მიყვარხარ“, „დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებ“, „ვიცი, რომ ბევრი ვიქნებით და გავახარებთ ტკბილ გოგოს“...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

ონკოლოგიური დაავადების დასამარცხებლად დარეჯანს გარკვეული თანხა სჭირდება, რისთვისაც, რომ იტყვიან, მთელი მისი სამეგობრო დაირაზმა. მათ შორის ყველასთვის ნაცნობი და პოპულარული მსახიობები და მომღერლებიც არიან.

საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება რესტორან „მონოპოლში“ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა ითავა. ბილეთის ფასი სიმბოლურია – 10 ლარი, რომელსაც იქ მისული ადგილზე შეიძენს.

ეკა კვალიაშვილი - მომღერალი, საღამოს ორგანიზატორი: ამ საღამოში მონაწილეობა და ამ ადამიანის გვერდში დგომა ძალიან კეთილი და მადლიანი საქმეა. იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოისურვებს მასში მონაწილეობას და საღამო კარგად ჩატარდება. უკვე ყველას გავუგზავნე აფიშა, სადაც ყველაფერი წერია.

საქველმოქმედო საღამოს აფიშა
საქველმოქმედო საღამოს აფიშა

აქვე, ვინც არ იცით, ორი სიტყვით გაგაცნობთ დარეს პიროვნებას: წარმოშობით სოხუმელია, იქ დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ერთი პერიოდი ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ქართულ სკოლაში ემიგრანტ ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ამის შემდეგ საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხის“ ჟურნალისტი გახლდათ. დღეს მას კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი, რადგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ თავის ვაჟთან ერთად აქტიურად მონაწილეობს. ცხოვრებაში საკმაოდ თბილი, ღია ადამიანი და ერთგული მეგობარია, რისი დასტურიც ალბათ მისი სამეგობროს ასეთი აქტიურობაცაა.

დარე ლაცუზბაია მინისტრის როლში ტელესერიალში ჩემი ცოლის დაქალები
დარე ლაცუზბაია მინისტრის როლში ტელესერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"

მანანა მგალობლიშვილი, ბავშვობის მეგობარი: ძალიან კეთილი, მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანია და არცაა გასაკვირი, რომ უამრავი მეგობარი ჰყავს. საოცარია, მაგრამ არასდროს მინახავს მოწყენილი, რომ იტყვიან, ცუდ ხასიათზე, სახე მუდამ უღიმის და ცხოვრება უხარია. ცხადია, ახლაც, რადგან დიდი იმედითაა განწყობილი და მჯერა, რომ ყველა ერთად მისი დაავადების დამარცხებას აუცილებლად შევძლებთ!

დარე ლაცუზბაია კოლეგებთან ერთად
დარე ლაცუზბაია კოლეგებთან ერთად

საღამოს ბევრი სიმღერის საოცარი ტექსტის ავტორი, პოეტი ნანა ცინცაძე გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ყველასთვის საყვარელი მსახიობები და მომღერლები: ილო ბეროშვილი, ანი ჩირაძე, ქეთი ხუციშვილი, ნინო ლეჟავა, შოთიკო ნოზაძე, გოჩა ცომაია, ეკა კვალიაშვილი, ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, სალომე ბაკურაძე, კახა კუხიანიძე, ვერიკო ტურაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნუკა კვალიაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, პეტრე კოლხი, ნანუკა გულუა, კაკი ბოლქვაძე, დათო ძიძიგური, კახა გოგიძე.

დარეჯანის პრობლემის მიმართ ქართველი ემიგრანტებიც არ დარჩნენ გულგრილი.

დარე ლაცუზბაია მერაბ სეფაშვილთან ერთად
დარე ლაცუზბაია მერაბ სეფაშვილთან ერთად

დარე ლაცუზბაია: ყველას მინდა მადლობა გადაუხადო, ვინც ახლოს მიიტანა ჩემი პრობლემა, გვერდში დამიდგა, ყველას, ვინც საღამოზე მოვა. მადლობა ბატონ ალექსი სიგუას. აქვე მინდა, რომ მომხდარი სიკეთის საოცარი ამბები გიამბოთ: თურქეთში ყოფნის დროს სრულიად უცნობმა ქართველმა ემიგრანტმა ხათუნა გოგუნაშვილმა, რომელიც ჩემი მულის საშუალებით გავიცანი, მის სახლში ორი კვირა მიმიღო და მიპატრონა. ამის მერე თურქმა ქალბატონმა, რომელიც თვალითაც არ მინახავს, როცა ჩემი დიაგნოზის შესახებ გაიგო, ანგარიშზე სოლიდური თანხა გადმომირიცხა. უნგრეთში მყოფმა ქართველმა ანა ხურცილავამ, რომელიც საქართველოს საელჩოში მუშაობს, ასევე თანხა გადმომირიცხა. დახმარება აღმომიჩინეს ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმაც – ყველას დიდი მადლობა... ჩემთვის საყვარელი ერთი ლათინური ფრაზა მახსენდება: Memento vivere – გახსოვდეს სიცოცხლე! რადგან ამდენი ადამიანი შეწუხდა ჩემ გამო, ვფიქრობ, ამაოდ არ მიცხოვრია, აუცილებლად უნდა გამოვჯანმრთელდე... ყველანი მიყვარხართ...

დარე ლაცუზბაია
დარე ლაცუზბაია

ასე რომ, 12 ოქტომბერს, 19 საათზე რესტორან „მონოპოლში“ დარეს მეგობრები ერთად მოიყრიან თავს იმისთვის, რათა მწუხარება სიხარულმა შეცვალოს, რათა სიკეთემ უიმედობა დაამარცხოს!!!

აქვე ანგარიშის ნომერს გაცნობებთ: TBCBGE22  GE52TB7364645061100050

 

მთავარი თემები