03:41 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
ბეჟან ენუქიძე

ქართველი მხატვრის გერმანულად დაწერილი რომანი და უარი კანცლერთან სტუმრობაზე

© photo: courtesy of Bejan Enukidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (132)
34830

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჰამბურგში მცხოვრებ ნიჭიერ ხელოვანს და არტ-თერაპევტს წარმოგიდგენთ.

მისი ახლობლები ღიმილით იხსენებენ ამბავს, როცა 80-იან წლებში ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ეკლესიებში დადიოდა და ფრესკებს აკვირდებოდა. ერთხელაც, ყველას გასაოცრად, მისი წინაპრების კუთხეში – რაჭაში ნახევრადდანგრეულ ეკლესიაში თითქმის განადგურებული ღვთისმშობლის ხატი უნახავს და თბილისში ჩამოუტანია. ამ ამბავს ასე იხსენებს: „მაშინ ყველა გაგიჟდა – ეკლესიიდან ხატი როგორ წამოიღე, ღმერთი დაგსჯისო. მე კი ღმერთს ვუთხარი, მთავარია შენ ხვდები, რისთვის გავაკეთე ეს საქმე და სხვა ვინ რას იფიქრებს ან იტყვის, არ მაინტერესებს-მეთქი. სამ თვეში განახლებული ხატი ისევ იმ სალოცავში დავაბრუნე“.

საუბარია ბეჟან ენუქიძეზე, რომელსაც გერმანიაში იცნობენ ფსევდონიმით Be´shan. მისი გამოფენები იქ ხშირად იმართება. საოცრად პოზიტიური და მოტივირებული ადამიანია, ამიტომ დასახულ მიზანს ყველა ეტაპზე აღწევდა. უცხო ენათა ინსტიტუტში მეოთხე კურსზე სწავლის დროს საქართველოდან გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში გერმანული ენა კარგად არ იცოდა, მაგრამ მწერლობაზე ოცნებობდა. ამიტომ გერმანული ენა იმდენად კარგად აითვისა, რომ მოგვიანებით ამ ენაზე მოთხრობების კრებული და რომანი გამოსცა.

ბეჟან ენუქიძე
ბეჟან ენუქიძე

შემდეგ ბავშვობისდროინდელი გატაცება გაიხსენა და ხატვა დაიწყო. მიზანს აქაც მიაღწია – სპეციალური განათლება მიიღო და მხატვარი და არტ-თერაპევტი გახდა. ემოციურ კრიზისში მყოფ ჩრდილო გერმანელ ხელოვნების მოყვარულებს მისი ემოციებზე აგებული ნახატები აოცებს და აღაფრთოვანებს. მხატვარს ქალაქ ჰამბურგში დავუკავშირდით.

– ბატონო ბეჟან, თქვენ 90-იან წლებში წახვედით საქართველოდან და უცხოეთში თქვენი ემიგრაციის მიზეზი გასაგებია, და მაინც...

– ცნობილია, რომ ჩემი თაობა განებივრებული იყო კარგი ცხოვრებით და ქართველობაც საამაყო იყო. მერე ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დამთავრდა და მხოლოდ მოგონება დარჩა. უკვე თავის გადარჩენის საკითხი დადგა. თანაც არ მინდოდა, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები უშუქო, აგრესიულ და ფეოდალურ ხანაში დაბრუნებულ ქვეყანაში გამეტარებინა და ამიტომ გერმანიაში გავემგზავრე. იმედგაცრუება მაშინ გენახათ, როცა მივხვდი, რომ ჩემი წარმოდგენა ამ ქვეყანაზე საკმაოდ შორს იყო რეალობისგან, თანაც იმ პერიოდში გერმანიას ლტოლვილები მოაწყდნენ, იქ ჩასული ქართველების უმრავლესობა კი კრიმინალური საქმიანობით იყო დაკავებული...

ბეჟან ენუქიძე
ბეჟან ენუქიძე

– რა შეცვალა პიროვნულად ემოციურ და, სადღაც, ინფანტილურ ქართველ ხელოვანში გერმანიამ, ცხოვრების როგორ წესზე გადაგიყვანეს წესრიგისმოყვარულმა და პედანტმა გერმანელებმა?

– ვერ ვიტყვი, რომ გერმანიამ და მისმა ე.წ. პედანტიზმმა რაღაცით შემცვალა. მსოფლიოში ბევრს ჰგონია, რომ გერმანელები ძალიან წესრიგის მოყვარულები და პუნქტუალურები არიან. ეს უფრო სახელმწიფო სტრუქტურებზე და საქმოსან ხალხზე ითქმის, თორემ ადამიანთა უმეტესობა ისევე იგვიანებს დათქმულ დროზე მოსასვლელად და ისევე არ ასრულებს დანაპირებს, როგორც, თუნდაც, ქართველები ან სხვა ეროვნების ადამიანები. პრინციპები და მსოფლმხედველობა დიდად არ შემცვლია (გარდა იმისა, რომ ჩემში ბიბლიის მითი დაიმსხვრა), ჩემი მიდგომა ხელოვნებისა და, საერთოდ, შემოქმედების მიმართ კი ნამდვილად შეიცვალა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა ჰამბურგის თავისუფალი ხელოვნების სასწავლებელში ვსწავლობდი. ეს ცოდნის კერა დააარსა იოზეფ ბოისმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანელი ხელოვანია, მას ეკუთვნის გამონათქვამი: „ნებისმიერი ადამიანი ხელოვანია“. ნებისმიერ ადამიანშია ესა თუ ის ტალანტი თავიდანვე ჩადებული და თუ მას გასაქანი და საშუალება მიეცი, ის ყოველთვის მოახერხებს თავისი სათქმელის თქმას. 

ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი
ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი

– ზოგჯერ ელემენტარული შემთხვევა ცვლის ხოლმე ჩვენ ცხოვრებას. თუ გახსენდებათ გერმანიაში მომხდარი რაიმე ამბავი, რომელმაც რაღაც მნიშვნელოვანი დასკვნა გაგაკეთებინათ?

– ერთ ისტორიას მოგითხრობთ, რომელსაც უკვალოდ არ ჩაუვლია ჩემთვის: 1993 წელია, სრულებით ახალგაზრდა და გერმანიაში ახალი ჩამოსული ვარ. მონაწილეობა მივიღე ახალგაზრდა დრამატურგთა ერთ კონკურსში, რომელიც გამოაცხადა ადგილობრივმა ე.წ. „ლომთა კლუბმა“, რომელიც ძირითადად წარჩინებული და მდიდარი ადამიანებისგან შედგება. გერმანულად დავწერე ერთი პიესა და გავგზავნე. ორ თვეში მომივიდა პასუხი, რომ ამ პიესამ მოიგო ერთი პრიზი (კონკურსი რამდენიმე პრიზისგან შედგებოდა). მიმიწვიეს დაჯილდოებაზე სამხრეთ გერმანიაში, პატარა ქალაქ ფრანკენტალში, სადაც პრიზი და კარგა გვარიანი თანხა გადმომცეს. უცბად მოდის „ლომთა კლუბის“ ხელმძღვანელი, იმჟამად ცნობილი ფიზიკოსი და მეპატიჟება საკუთარ სახლში. წავყევი. მთელი ოჯახი გამაცნო, კარგად გამიმასპინძლდა, მერე მეკითხება, უცხო ქვეყნიდან ხარ ჩამოსული, ახალგაზრდა ხარ და რას აპირებ მომავალშიო. ცხოვრება გვაჩვენებს–მეთქი, ვეუბნები. აქ, ახლო ქალაქში ჰელმუტ კოლის (მაშინდელი გერმანიის კანცლერის) სახლია, ვეწვიოთ სტუმრად, ახლოს ვიცნობო. მე დავფიქრდი, მან კი გააგრძელა: თან ის თქვენ პრეზიდენტს შევარდნაძეს კარგად იცნობს, თქვენ ამით ახალი პერსპექტივა გაგეხსნებათ, საელჩოში ნამდვილად სჭირდებათ თქვენნაირი ახალგაზრდებიო. ამ მომენტში ჩემთვის ეგრევე ნათელი გახდა ჩემი პასუხი: დიდი მადლობა, მაგრამ მე ჩემი გზა მაქვს და ცხოვრებას ჩემით გავიკვლევ–მეთქი.

ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი
ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი

– მოგვიანებით თქვენი უარი ხომ არ გინანიათ?

– ერთი წუთითაც არ მინანია, რომ უარი ვუთხარი, თუმცა მომდევნო წლები გერმანიაში ჩემთვის საოცრად რთული და დამთრგუნველი აღმოჩნდა. ეს ისტორია ასე არ დამთავრებულა. რამდენიმე დღეში „ლომთა კლუბმა“ ადგილობრივი პრესა გამომიგზავნა, რომელიც აჭრელებული იყო ჩემი სურათებით და საქებარი სიტყვებით, მაგრამ ყველგან აღნიშნავდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩემ უცხოურ წარმოშობას. ამან ძალიან გამანაწყენა – განა რა საჭირო იყო ამ ფაქტის ასეთი გამორჩევა, რომ თურმე უცხოური წარმოშობის ადამიანსაც შესძლებია წერა? მივწერე ბრაზით სავსე წერილი, რომ ამით დიდი შეცდომა დაუშვეს და გამანაწყენეს, რასისტები ვუწოდე და ამით საბოლოოდ დაიხურა ჩემთვის ”ლომთა კლუბის“ კარი. ვიცი, რომ ცხელ გულზე გავაკეთე და ვიჩქარე, მაგრამ, ხომ იცით, რაც ხდება, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ ხდება.

ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი
ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი

– კლასიკოსს უთქვამს, „ბედი ხასიათიაო“. როგორია ცხოვრება, რომელიც თქვენი ხასიათისა და ბუნების მიხედვით „შექმენით“?

– ძალიან მოძრავი ადამიანი ვარ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც. სულ ვცდილობ, რომ ორივე მხარე ერთმანეთთან ჰარმონიულობაში იყოს. ახალ-ახალი იდეების განხორციელებას ყოველთვის სჭირდება დიდი ენერგია და სისწრაფე. ფერწერის ვორკ-შოპებს კვირაში ორჯერ ვატარებ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ რაიმე ახალი იდეა განვავითარო და განვახორციელო. ამას მოყვება ხოლმე ერთი ან ორდღიანი სიზარმაცის დღეები, როცა ვცდილობ, რომ სრულებით არაფერი ვაკეთო (არაფრის კეთება ეს ყველაზე დიდი ხელოვნებაა). ამაში ძალიან მეხმარება მედიტაცია, რომ ფიქრები და გონებრივი მუშაობა ნულის დონეზე დავიყვანო, თუნდაც მცირე ხნით მაინც. მიყვარს რამდენიმესაათიანი გასეირნება ბუნებაში, ფეხით ან ველოსიპედით, ამ დროს მოდის ხოლმე ყველაზე კარგი იდეები, რომელთაც, რასაკვირველია, მაშინვე ვიწერ.

ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი
ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი

ქართული ღვინო და ხელოვნება ჰამბურგში

ბეჟან ენუქიძის ერთ-ერთი საინტერესო იდეა იყო მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ჰამბურგში მასტერ-კლასი „ღვინო და ხელოვნება“. მისი მიზანი ის იყო, რომ მოსულ სტუმრებს საუკეთესო ქართული ქვევრის ღვინოები დაეგემოვნებინათ და მათი ფერების, არომატისა და შეგრძნებების მიხედვით რაღაც დაეხატათ. ხატვის დროს ე.წ. სველის სველზე ხატვის ტექნიკა იყო გამოყენებული. ადგილი ჰქონდა აკრილის საღებავების გათხელებას და მათი ნელ-ნელა ტილოზე გადასხმას, რითიც ბუნებრივი ეფექტები წარმოიშვა, რაც ძალიან წააგავდა წვიმის კვალს...

ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი
ბეჟან ენუქიძის ნამუშევარი

ბეჟან ენუქიძე: ამჯერად მოსულ უცხოელ სტუმრებს გავასინჯეთ ღვინოები ქისი, რქაწითელი, საფერავი, იას ვარდისფერი და ქინძმარაული. მარტო ამ ღვინოებს იმდენი განსხვავებული ფერი აქვს – ქარვისფერი, ვარდისფერი, ღრმა მუქი წითელი, რომ თუნდაც მხოლოდ ესენი შეავსებდნენ ნახატებს. ამას ემატება ასევე თითოეული მონაწილის ინდივიდუალური შეგრძნება. შესვენების დროს ქართული სამზარეულოთი მოიხიბლნენ. აღსანიშნავია, რომ ასეთ მასტერ-კლასებში ძირითადად მონაწილეობენ ადამიანები, რომელთაც ბავშვობის მერე საერთოდ არ უხატიათ. ასეთ პროცესებს შეუძლია ადამიანის მკურნალობა, რაც უკვე მეცნიერულადაც არის დასაბუთებული.

– თქვენი დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ თუ ბედნიერი?

– ყოველთვის არ შემეძლო ამის თქმა, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია: ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ვაკეთებ ჩემ საქმეს, რომელსაც ადამიანები აფასებენ. ამ საქმით შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა და როგორც ყოველთვის მინდოდა. ამაზე უკეთესს რას ინატრებს კაცი? კიდევ მოგზაურობა მიყვარს, ბოლო დროს ხშირად ვარ ლისაბონში, ძალიან ვაფასებ ამ საპორტო ქალაქს და საერთოდ პორტუგალიას. შესაშური ცხოვრების წესი აქვთ პორტუგალიელებს, იციან ცხოვრებისა და სილამაზის ფასი, ძალიან წყნარი, კეთილი და უწყინარი ხალხია. იქ ვისვენებ ხოლმე გერმანელებისა და ხელოვნებისგან. ნოსტალგია არ მქონია. სულ ვიცოდი, რომ აღარაა ის თბილისი, მე რომ დამამახსოვრდა, მეგობართა უმეტესობას კი საქართველო ჩემნაირად დატოვებული ჰქონდა. დასაწყისში სულ მქონდა ისეთი სიზმრები, ვითომ ისევ საქართველოში ვარ და უკან ვეღარ მოვდივარ. ვიღვიძებდი, დავინახავდი ჭერს, რომ ისევ ჰამბურგში ვარ და ვმშვიდდებოდი. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, მენატრებოდა თბილისი, მეგობართა წრე და ის სილაღე, რაც ერთ დროს გაგვაჩნდა...

 

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (132)

მთავარი თემები