ორგზის ემიგრანტი მწერალი და ამაღელვებელი შეხვედრა ქართველ ებრაელთან ამერიკაში

© photo: courtesy of Mzia Kandelakiმზია კანდელაკი
მზია კანდელაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მზია კანდელაკი ემიგრაციაში ორჯერ ნამყოფი მწერალია, რომელიც დღეს ამერიკაში ცხოვრობს. რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს მას გაგაცნობთ.

პირველად ემიგრაციის სირთულე საბერძნეთში იწვნია. შემდეგ ამერიკაში მოუწია გადასვლა. წერაც უცხოეთში დაიწყო და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრიც იქ გახდა. ამჟამად სამი კრებულის ავტორია.

© photo: courtesy of Mzia Kandelakiმზია კანდელაკი
ორგზის ემიგრანტი მწერალი და ამაღელვებელი შეხვედრა ქართველ ებრაელთან ამერიკაში - Sputnik საქართველო
მზია კანდელაკი

– ქალბატონო მზია, წარსულის გარეშე დღევანდელი დღე ვერ დადგებოდა, ამიტომ ამბის მოყოლაც განვლილი ცხოვრებიდან დავიწყოთ ...

– ჩემ ცხოვრებაზე რა გითხრათ? ამაზე ლაპარაკი უხერხულია, მაგრამ მახსოვს, როცა სამოქალაქო ომის დროს გარდაბნის პურკომბინატის დირექტორი ვიყავი, სახლში ხშირად პური ვერ მიმქონდა, რადგან მას გზადაგზა ვარიგებდი, პურის რიგში მდგარ მოხუცებს ვაძლევდი.  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და იმ დღიდან მოყოლებული ყოველთვის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვმუშაობდი. ყოველი რეჟიმის შეცვლის დროს ჩინოვნიკების აგრესიის სამიზნე ვხდებოდი, ვეცემოდი, მაგრამ მერე უფრო მყარად ვდგებოდი ფეხზე, რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.

© photo: courtesy of Mzia Kandelakiმზია კანდელაკი
ორგზის ემიგრანტი მწერალი და ამაღელვებელი შეხვედრა ქართველ ებრაელთან ამერიკაში - Sputnik საქართველო
მზია კანდელაკი

– საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ემიგრაციაში გახდით...

– დიახ, საბერძნეთში, ემიგრაციაში ყოფნის დროს გავხდი. იმ დროს კავშირის თავმჯდომარე იყო ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, რომელიც ემიგრანტებს ძალიან გულშემატკივრობდა. ხშირად ჩამოდიოდა ათენში და ქართულ დიასპორას ხვდებოდა. სწორედ მაშინ გამიწიეს ქართველმა ემიგრანტებმა რეკომენდაცია. მეამაყება საბერძნეთში გაწეული შემოქმედებითი საქმიანობა, რადგან როგორც შემოქმედი იქ ჩამოვყალიბდი. ერთ დღესაც ჩემმა მკითხველმა მწერალთა კავშირის წევრობის კანდიდატად წარმადგინა და მწერალთა კავშირის წევრი გავხდი.

– რაზე წერდა ემიგრაციაში მწერალი მზია კანდელაკი?

– როდესაც მძიმე შრომით დაღლილი დასაძინებლად ვემზადებოდი, ჩემი ფიქრები აბობოქრდებოდა ხოლმე და ისინი ქაღალდზე გადამქონდა. უცხოეთში განცდილი ამბები და ფიქრები ლექსების, ნოველების და ემიგრანტთა ისტორიების სამ კრებულს ეყო. მეოთხე ნოემბერში გამოდის. ჩემი პირველი კრებულის სახელწოდებაა „მე ქართველი ვარ“, მეორის – „ნისლისფრად ნაქარგი სიტყვა“, მესამეს ერქვა „გოლიათი სანდრო კანდელაკი“. ამის გარდა აქტიურად ვთანამშრომლობდი ემიგრანტულ გაზეთთან „ელადა“ და ჟურნალთან „თაობა". ამ წლების მანძილზე საზოგადოებას ბევრი ქართველი ემიგრანტი გავაცანი. ბევრი ადამიანი, რომ იტყვიან, გამოვგლიჯეთ ხელიდან დეპრესიას და მათ საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნეთ.

© photo: courtesy of Mzia Kandelakiმზია კანდელაკი
ორგზის ემიგრანტი მწერალი და ამაღელვებელი შეხვედრა ქართველ ებრაელთან ამერიკაში - Sputnik საქართველო
მზია კანდელაკი

– ალბათ ორგზის ემიგრანტობა ბევრად რთულია? ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ფსიქიკა და ცხოვრება ორჯერ გადააწყო და შეგუების პროცესი თავიდან დაიწყო...

– ამერიკამდე 12 წელი ემიგრაციაში საბერძნეთში ვიყავი. ორი ქვეყნის ემიგრანტი ვარ და, ამდენად, ორგზის ტკივილიანი და ცრემლიანი გზის გავლა მომიწია. ემიგრანტობის პირველი დღეები უმძიმესი იყო. რომ არა ჩემი დის, ლიას თანადგომა და დახმარება იმ მძიმე წუთებში, ალბათ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემა შემექმნებოდა. მონატრებითა და დარდით გათენებული ბევრი ღამე მახსოვს. მეუღლის ანაბარა დარჩენილი სამი შვილი მედარდებოდა. ამას დაემატა უსაყვარლესი დედისა და მამის გარდაცვალება და მათი დატირება შორეული ქვეყნიდან...

© photo: courtesy of Mzia Kandelakiმზია კანდელაკის შვილები
ორგზის ემიგრანტი მწერალი და ამაღელვებელი შეხვედრა ქართველ ებრაელთან ამერიკაში - Sputnik საქართველო
მზია კანდელაკის შვილები

– მაინც, რით განსხვავდება ამ ორი ქვეყნის ემიგრაცია?

– საბერძნეთის მერე ამერიკაში ჩასულმა უკვე ვიცოდი, რა იყო მონატრების ტკივილი და მისი დაძლევა. ამ ორ ქვეყანას შორის დიდი განსხვავებაა. რამდენადაც ლაჟვარდოვანი და პატარაა საბერძნეთი, იმდენად უზარმაზარი, პირქუში და დაუნდობელია ამერიკა... აქ თავბრუდამხვევი ცხოვრების რიტმია და თუ ერთი დღე მაინც დარჩი უმუშევარი, დიდი ალბათობით, ვერ გადარჩები. სულ გზაში ხარ, სულ დარბიხარ. აქ უზარმაზარი ადამიანური რესურსია და შენ ამ მასას შორის ხარ გაბნეული. საერთო კი, რაც ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტს ახასიათებს, სამშობლოს უზომოდ მონატრება და სიყვარულია. შორიდან მყინვარწვერზე აციმციმებული მზის ნაპერწკალიც კი გათბობს. კიდევ, ქართველებმა გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეების გვერდში დგომა ვიცით. მათთან ერთად ბევრი წარმატება მიზეიმია და მარცხიც განმიცდია. ჩემი მეუღლე, არაჩვეულებრივი ადამიანი, ცნობილი მუსიკოსი გიორგი კანდელაკი გახლდათ. ის დალი კანდელაკთან და ომარ კელაპტრიშვილთან ერთად პირველი ფოლკლორული ტრიოს წევრი იყო. მათ ქართული ფოლკლორი უცხოეთში გაჰქონდათ.

© photo: courtesy of Mzia Kandelakiმზია კანდელაკი ქალიშვილთან ერთად
ორგზის ემიგრანტი მწერალი და ამაღელვებელი შეხვედრა ქართველ ებრაელთან ამერიკაში - Sputnik საქართველო
მზია კანდელაკი ქალიშვილთან ერთად

– ამბობენ, რომ ცხოვრება საუკეთესო მწერალია და გზადაგზა თავად გვთავაზობს საოცარ თემებს და სიუჟეტებს...

– მახსენდება ერთი ამაღელვებელი ამბავი: მაშინ ებრაელებთან ვმუშაობდი. იმ ოჯახში მცხოვრები პაპა ქართველი ებრაელი ყოფილა. ასაკში იყო და სიარული უჭირდა. ერთხელ ზედა სართულს ვალაგებდი და თან ქართულ ენაზე ჩემი შვილის სიმღერას ხმამაღლა ვუსმენდი. უცბად კიბიდან ხმაური შემომესმა, გავიხედე და დავინახე მოხუცი კაცი, რომელიც ჯოხით ხელში კიბეებზე ამოსვლას ცდილობდა. ჩავირბინე და ვკითხე, რა ხდება–მეთქი. ქართულად მიპასუხა – ქართული სიმღერა შემომესმა და ცუდად გავხდიო. მოულოდნელად ტირილი დაიწყო. ქართველი ებრაელი ვარ, თბილისში სინაგოგასთან ვცხოვრობდიო. ნეტავ იცოდეთ, როგორ მეხვეოდა – შენ ხარ ჩემი საქართველოო, ვაიმე, რა ლამაზები და ჭკვიანები ხართ ქართველი ქალებიო... ყველაფერი ახსოვდა: უნივერმაღში ვმუშაობდი, მარჯანიშვილზე რომ იყო, საქართველო ჩემი ოჯახია და მხოლოდ იქ ვიყავი ბედნიერიო. იმის მერე არსად არაფერი მახარებს, ძმაკაცები მყავდაო – ელგუჯა, ნიკო, ილუა, დავითი... უბანში გამოსვლა და ქართველებთან ნარდის თამაში მენატრებაო. იმ დღეს არ მამუშავა, ვიჯექით და ის თავის თბილისურ ამბებს მიყვებოდა. მე კი ვფიქრობდი – ესაა ჩვენი ქვეყანა, ასეთია ჩემი ხალხი, ერთხელ თუ გაიცანი, ვეღარასოდეს დაივიწყებ...

© photo: courtesy of Mzia Kandelakiმზია კანდელაკი მეგობართან ერთად
ორგზის ემიგრანტი მწერალი და ამაღელვებელი შეხვედრა ქართველ ებრაელთან ამერიკაში - Sputnik საქართველო
მზია კანდელაკი მეგობართან ერთად

– ყველაზე დიდ წარმატებად რას თვლით ცხოვრებაში – საქართველოში და უცხოეთშიც?

– ყველაზე დიდი წარმატება მაინც ჩემი ოჯახია და შვილებია, რომლებიც კარგ ქართველებად გავზარდეთ. ჩემი მკითხველი ყველა დროს ძალას მაძლევდა. უცხოეთში პოლიტიკოსებსა და გამოჩენილ ადამიანებთან უამრავი შეხვედრა მქონდა. ენით აუწერელი ბედნიერება იყო როცა 12-წლიანი განშორების შემდეგ ქართულ მიწაზე ფეხი დავდგი. მაშინ ვთქვი, რომ არასდროს დავტოვებდი ჩემ ოჯახს და შვილებს. სანდრო ბოლოს რვა წლის ვნახე და აეროპორტში 20 წლის ვაჟკაცი დამხვდა... ჩემი დიდი ნატვრაა საქართველოს გამთლიანება და აყვავება, რომ მისი გაფანტული შვილები მას დავუბრუნდეთ. უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანი მაგონებს უფესვო, ფუღურო ხეს, რომელიც ქარის ერთ წამოქროლვაზეც კი მიწას განერთხმება და მერე კი აღიგვება პირისაგან მიწისა. ქართველი ერი სამყაროში მართლაც უნიკალურია, ამიტომ ის უნდა გადარჩეს და გაძლიერდეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0