08:04 19 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0995
  • 100 RUB4.3046
  • USD2.7664
ზაზა ბახუაშვილი

ესპანეთში ქართველი მხატვრის ნახატი იძებნება - რაც უნდა მოხდეს, მაინც ქართველი ვიქნები

© photo: courtesy of Zaza Bakhuashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში 2018 (152)
40850

დღეს რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ქართველ მხატვარს, ზაზა ბახუაშვილს გაგაცნობთ.

საინტერესო ხელოვანია და წლებია ცხოვრობს ესპანეთში, სადაც მის შემოქმედებას შემოქმედებითი წრეები კარგად იცნობენ. თუმცა, წარმატებულია ესპანეთის გარეთაც. იტალიაში მხატვარს ყველაზე დიდი -კრიტიკის პრემია მიანიჭეს.

ზაზა ბახუაშვილი
ზაზა ბახუაშვილი

- ბატონო ზაზა, ამბობენ, რომ ხელოვანის ცხოვრება ძიებაა, თქვენ ამ ძიებამ სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში ჩაგიყვანათ... 

- სამშობლო ადგილია, სადაც ავახილე თვალები და სამყაროში სიცოცხლე პირველად შევიგრძენი. ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება დედისგან შევიძინე- მან მისცა საკვები ჩემს სულს და შემაგნებინა, რომ ცოდნისკენ მიმავალი გზა ყველაზე მშვენიერია. არსებობენ პიროვნებები, რომლებთან ურთიერთობა სიცოცხლეს რაღაც მიმართულებას აძლევს. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ასეთს მივაგენი თუ არა, მგონი, ჯერაც ვეძებ… მთელი ცხოვრება მართლა ძიება ყოფილა. მე ყოველდღე ამ ძებნაში ვიყავი და ვარ, სამშობლოშიც და უცხოეთშიც…

ზაზა ბახუაშვილი
ზაზა ბახუაშვილი

- თუ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა ესპანეთზე მას შემდეგ რაც ამ ქვეყანაში დასახლდით?

-აქ ჩამოსვლამდე ესპანეთზე წარმოდგენა მქონდა ჩემი საყვარელი მხატვრებით და მუსიკით. სამწუხაროდ ჩემი, როგორც ხელოვანის განწყობა ესპანეთისადმი მას შემდეგ მინელდა, რაც დავრწმუნდი, რომ აქ ხელოვანს სათანადო პატივს არ სცემენ. მგონი, მზარეული უფრო მაღლა დგას ესპანეთში, ვიდრე მხატვარი. ცუდად არ გამიგოთ, მზარეულების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმადოვარის სიტყვები მახსენდება: „ესპანეთში იყო კინორეჟისორი, იგივეა, რაც იაპონიაში ტორეადორი იყო“- ეს ფრაზა მგონი, ბევრისმთქმელია....

ზაზა ბახუაშვილი
ზაზა ბახუაშვილი

ქართველი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც დღესაც იძებნება 

ზაზა ბახუაშვილი: ესპანეთში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. ერთხელ, გამოფენიდან ჩემი ნახატი მოიპარეს. ის ნახატი ზომით დიდი არ იყო. გამოფენა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტარდებოდა და როცა დილით მივედი, ბიბლიოთეკის დირექტორი შეწუხებული სახით დამხვდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა... მითხრა, რომ აქ ასეთი რამ არასდროს მომხდარაო.  თავიდან მეც შევწუხდი, მაგრამ მერე ჩუმად ამ ამბის გამო სიამაყე ვიგრძენი, თუმცა ამას არავის ვაჩვენებდი. ამის შემდეგ ჩემს ნახატებს დამცავი ზარი დაუყენეს. მახსოვს, ამაზე გავიხუმრე: მარტო ზარი არ უშველის, დააწერეთ, რომ მხატვარი ჯერ კიდევ ცოცხალია და აღარ მოიპარავენ, ალბათ ხალხს გარდაცვლილი ვგონივარ მეთქი. სხვათაშორის, ჩემი ნამუშევარი დღესაც ძებნაშია...

ზაზა ბახუაშვილი
ზაზა ბახუაშვილი

- ბატონო ზაზა, თქვენში რა შეცვალა უცხოეთმა, რა დაგანახათ?

- უცხოეთში ცხოვრებამ ბევრი რამ მომცა: პირველ რიგში, ჩემი ხედვა გაზარდა და თვალსაწიერი გააფართოვა. ესპანელები -ესაა ერი, რომელიც ძალიან გვგავს- სურვილებით, ემოციებით და მოთხოვნილებებით, ჩვენზე არანაკლებ ტრადიციულებიც არიან. უცხოეთში წლების მანძილზე ცხოვრების ბევრ რამეს განახლებული თვალით უყურებ და ეს აუცილებელიცაა იმისთვის, რომ საკუთარ თავში და სხვებშიც ბევრი ნაკლი და კარგი თვისება დაინახო, განვითარებისა და სიმართლისკენ იარო...

ქართველ მხატვარს იტალიაში ყველაზე დიდი პრემია მიენიჭა

ზაზა ბახუაშვილი: ემოციური და დაუვიწყარი იყო ჩემი წარმატება რომში, მანამდე არაფერი ვიცოდი იმ პიროვნებაზე, ვისაც გამოფენა მიუძღვნეს და რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ეს იყო ბრუნო ბუოზზი- ანტიფაშისტი, მეწარმე და იტალიელების ეროვნული გმირი, რომელიც ფაშისტებმა იტალიიდან გასვლის დროს დახვრიტეს. მას ბევრი რამ გაუკეთებია მისი ხალხისთვის, რომელსაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც. მე სწორედ ის დავხატე და ჩემმა ნახატმა ყველაზე დიდი პრემია, კრიტიკის პრემია მიიღო.. ვისაც ჩემი ნახატი ჰქონდა ჩაბარებული იმ პიროვნებამ მითხრა: ასეთი ემოციური არასოდეს მინახავს ბატონი ანცელოტიო, ეს პიროვნება გენერალური დირექტორია იტალიაში ერთ-ერთი ძლიერი სინდიკატის, -მან თქვენი ნახატი რომში, პირდაპირ თავის ოფისში გააქანაო.

ზაზა ბახუაშვილი
ზაზა ბახუაშვილი

 „ჩემი სევდა, რომელიც სულ დამყვება, ასევე ქართულია“

ზაზა ბახუაშვილი:  საერთოდ ასეა: ყველაზე მნიშვნელოვანი შორიდან ზოგჯერ უფრო კარგად ჩანს... აქედან დანახული სამშობლო ძალიან მტკივნეული სანახავია, დაპატარავებული, ღარიბი, მაგრამ ნიჭიერი ადამიანებით სავსე. ეს ის სიმდიდრეა, რომელსაც ვმალავთ და გალაკტიონივით ვკლავთ... ისე, რატომ არ უნდა ჩანდეს გალაკტიონი ბოდლერის გვერდით და მასზეც რატომ არ უნდა იცოდეს სამყარომ? დაუფასებელი ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა ჩემი სამშობლო და ამიტომ ტოვებენ მას ქართველები. რაც უნდა მოხდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე  მაინც ქართველი ვიქნები. ხელოვნება სულის მდგომარეობაა და ჩემი აზრით, ეს სევდა ყველაფერშია, სიყვარულიც სევდიანია და ყველაფერი საუკეთესო, რაც კი არსებობს...

 

 

 

თემები:
ქართველები უცხოეთში 2018 (152)

მთავარი თემები