სურამელი მხატვარი ამერიკელი როკ-მუსიკოსის გალერეაში და მისი ნახატების მაგიურობა

© photo: courtesy of Giga Surameliგიგა სურამელი
გიგა სურამელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ არის გიგა სურამელი და როგორ ცხოვრობს ამერიკაში ჩვენებური მხატვარი - ამის შესახებ შეიტყობთ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“.

დღეს უკვე ამერიკაშიც გიგა სურამელად იცნობენ, ოფიციალურად გიორგი ბლიაძეა. რადგან წარმოშობით სურამელია, ეს ფსევდონიმიც ამიტომ აიღო. ამერიკაში საკმაოდ მარტივად მოხვდა. იქ უცნაური ხელწერით მიიქცია ყურადღება. გამოფენები ამერიკის გარდა გერმანიასა და ინდოეთში ჰქონდა. არც ისე დიდი ხნის წინ ის მიიწვია ამერიკელმა მუსიკოსმა შოუნ ჯეიმსმა, რომელსაც საკუთარი გალერეა აქვს და ხელოვნების თაყვანისმცემელია.

© photo: courtesy of Giga Surameliგიგა სურამელი უცხოელ მეგობრებთან ერთად
გიგა სურამელი უცხოელ მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გიგა სურამელი უცხოელ მეგობრებთან ერთად

– ბატონო გიგა, ხელოვანი ადამიანები თავისუფალ სამყაროში თავს კარგად გრძნობენ, და მაინც…

— რატომ ჩამოვედი უცხოეთში? რა გითხრათ, ამბავს მოგიყვებით: ერთხელ იტალიაში ტაქსის მძღოლმა როცა გაიგო, რომ მხატვარი ვიყავი, ფული არ გამომართვა. მაშინ მივხვდი, აი, სად სცემენ მხატვრებს პატივს… ასეთი დამოკიდებულება მინდა, რომ ჩემ სამშობლოშიც ჰქონდეთ მხატვრების მიმართ. ხატვის ნიჭი ჩემში გენეტიკურია — ბიძაჩემი ხატავს და თან ხის ქანდაკებებს აკეთებს. დედაჩემი კარგად ხაზავდა, ძმებიც ხატავენ. სამხატვრო აკადემიაში ისე ჩავაბარე, რომ საერთოდ არ მოვმზადებულვარ. სიმართლე გითხრათ, აკადემიას არაფერი მოუცია, პირიქით, სულ რაღაც სტანდარტებისკენ მივყავდი, რასაც საბოლოოდ გავექეცი. ხელი ისე მქონდა გაწაფული, რომ სულ ვაშლები და მსხლები მეხატებოდა, ამიტომ გადავწყვიტე — ეს არ იყო ჩემი გზა მხატვრობაში… რაც შეეხება ჩემ სტილს, სიურრეალიზმი და რეალიზმი მომწონს. თუმცა ჩემი შინაგანი სამყაროს გადმოსაცემად არ ვიზღუდები – რა განწყობაზეც ვარ, ისე ვხატავ ხოლმე… ჩემი ნახატების ძირითადი თემა ადამიანი და სამყაროს მრავალფეროვნებაა. მომავალში ვფიქრობ არახილვადი სამყარო ვხატო…

© photo: courtesy of Giga Surameliგიგა სურამელის შემოქმედება
გიგა სურამელის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიგა სურამელის შემოქმედება

სურამი — ქართული ფლორენცია?

გიგა სურამელი: სურამი ჩემი ბავშვობაა, ყველაფერი კარგი ჩემ ცხოვრებაში სურამთან ასოცირდება – ოჯახი, სკოლა, მეგობრები… აკადემიაში სწავლის დროინდელი ამბავი მახსენდება: ერთხელ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში რომ ვსწავლობდი, ხუთი მეგობარი სურამელი მხატვარი შევხვდით ერთმანეთს. ამ დროს ბატონმა გია ბუღაძემ ჩამოიარა. მე მიცნობდა და მეგობრებზე მკითხა, საიდან არიანო. ვუპასუხე, რომ ყველანი სურამიდან იყვნენ და სამხატვროში ვსწავლობთ–მეთქი. მას გაეცინა და გვითხრა, გამოდის, რომ სურამი ფლორენცია ყოფილაო, და გზა გააგრძელა. ხუმრობა იქით იყოს და, სურამში მართლა ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ის რატომღაც მარტივად მხოლოდ ნაზუქთან ასოცირდება და ეს ძალიან გულდასაწყვეტია…

© photo: courtesy of Giga Surameliგიგა სურამელის შემოქმედება
გიგა სურამელის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიგა სურამელის შემოქმედება

– როგორ მოხვდით ამერიკაში და რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

— გაგიკვირდებათ და ჩემ შემთხვევაში ძალიან მარტივად მოხდა ყველაფერი. უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკის საელჩოში ოლიმპიური სიმშვიდით შევედი — სახელფასო ცნობაც არ მქონდა, ან რა ხელფასი უნდა მქონოდა ქართველ მხატვარს? საელჩოში პირდაპირ და გულახდილად ვთქვი, რომ მხატვარი ვარ და მოკლედ მოვყევი ჩემი ამბავი. არ ვიცი, რა თვალით შემომხედა, სიტყვაზე მენდო და გამომიშვა. ამერიკაში სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ჩემთვის ყველაზე რთულად აღსაქმელი ამ ქვეყნის მასშტაბი იყო. მახსოვს, ახალი ჩასული ვიყავი, ერთხელ სავარჯიშოდ გამოვედი, დავიკარგე და მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ მივედი სახლში. ყველას გაუკვირდა, ამდენი ხანი რას ვარჯიშობდიო. გამოფენას რაც შეეხება, მინდა გავიხსენო ერთი გამოფენა, რომელზეც მუსიკოსმა შოუნ ჯეიმსმა მიმიწვია. ის თავადაც ხატავს და საკუთარი გალერეა აქვს. გამოფენაზე უჩვეულო ატმოსფერო იყო — მისი გიჟი როკ-მუსიკოსებიც იყვნენ და დამთვალიერებელი ამ მუსიკალური „გნიასის“ ფონზე ათვალიერებდა ნახატებს…

© photo: courtesy of Giga Surameliგიგა სურამელის შემოქმედება
გიგა სურამელის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიგა სურამელის შემოქმედება

კედლის მხატვრობა ძაღლების სასტუმროში

ამერიკაში სერიოზული საქმიანობის გარდა კერძო შეკვეთებსაც ვიღებ და სხვადასხვა ადგილებში კედლებს ვხატავ. ყველაზე უცნაური შეკვეთა მქონდა, როცა კატების და ძაღლების სასტუმროს მოხატვა მთხოვეს. აი, იქ ნამდვილად ვერ გაიგებ ვინ ძაღლია და ვინ პატრონი. ძაღლებს ისეთი პირობები აქვთ, ბევრ ადამიანს შეშურდება: ოთახებში შხაპი და ტელევიზორი აქვთ. საკუთარი მასაჟისტიც კი ჰყავთ.  მათივე მოთხოვნით კედლებზე კმაყოფილი და ბედნიერი სახეებით ძაღლები და კატები გამოვსახე. რას ვიზამთ, ასეთია რეალობა.

© photo: courtesy of Giga Surameliგიგა სურამელის შემოქმედება
გიგა სურამელის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიგა სურამელის შემოქმედება

გიგა სურამელის „მაგიური“ ტილოები — ანუ „დორიან გრეის პორტრეტის“ მსგავსად…

გიგა სურამელი: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ამ ბოლო დროს ერთი უცნაური რამ აღმოვაჩინე: როცა ტილოზე დახატულ ნახატში რაიმეს შევცვლი ხოლმე, ცხოვრებაშიც შესაბამისად რაღაც იცვლება. ამერიკის საელჩოში შესვლის წინ ჩემი თავი თავისუფლების ქანდაკებასთან დავხატე. მეორე დღეს, როგორც მოგიყევით, სრულიად მოულოდნელად, როცა ამის არანაირი წინაპირობა არსებობდა, ვიზა მომცეს. კიდევ მაქვს ნახატები, სადაც ჩემი ცხოვრების რაიმე ეპიზოდს კორექტირება გავუკეთე, შემდეგ კი ეს ცვლილება რეალობაზეც აისახა. სხვათა შორის, ეს შეცვლილი ნახატები არც ერთ ფოტოალბომში და კატალოგში არ მოხვდა…

© photo: courtesy of Giga Surameliგიგა სურამელის შემოქმედება
გიგა სურამელის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გიგა სურამელის შემოქმედება

იქნებ, საქართველოს რეალობაც შევცვალო?

ყველა ქართველს, გარდა პირადი ოცნებებისა, საერთო საოცნებოც გვაქვს, რაც საქართველოსთანაა დაკავშირებული. ამიტომ ეს ამბავი მასზეც მინდა გამოვცადო: საქართველოს დავხატავ და მერე ისე შევცვლი მას, როგორც ყველანი ვოცნებობთ. იქნებ რეალობა მართლაც შეიცვალოს?!.

 

ყველა ახალი ამბავი
0