06:02 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
Тамара Модебадзе თამარ მოდებაძე

ხელოვანის „მისტიკური მზერა" ევროპის მუზეუმში და მის ნახატებზე შექმნილი იტალიური ლექსები

© photo: courtesy of Tamar Modebadze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
1154100

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ნიჭიერ ქართველ მხატვარს თამარ მოდებაძეს ნეაპოლში დაუკავშირდა.

ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები" ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა. 

თამარ მოდებაძის ნახატი
photo: courtesy of Tamar Modebadze
თამარ მოდებაძის ნახატი

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა "მისტიკური მზერა" დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და "საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია" შეტანილი.

ამჟამად ქალბატონი თამარი ცხოვრობს ნეაპოლში, სადაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. იგი საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად იღებს შეკვეთებს.

Тамара Модебадзе თამარ მოდებაძე
თამარ მოდებაძე

– ქალბატონო თამარ, გზის დასაწყისში რაზე ოცნებობდით და ყველაზე მოულოდნელი რა იყო თქვენ ცხოვრებაში?

— ალბათ გაგაკვირვებთ – როდესაც პირველად სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი, გამოცდაზე არ დამიშვეს. შემდეგ, როცა ჩავაბარე, იგივე ადამიანმა, რომელმაც ადრე გამოცდაზე არ დამიშვა, სახვითი ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა გივი მიზანდარმა დიპლომის დაცვაზე ძალიან მაღალი ქულები დამიწერა და უსაზღვროდ შემაქო. ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება.

თამარ მოდებაძის ნახატი
photo: courtesy of Tamar Modebadze
თამარ მოდებაძის ნახატი

დავიბადე დუშეთში, საიდანაც დედა იყო. მამა ჭიათურელი გახლდათ და სკოლა ჭიათურაში დავამთავრე. მშობლები პედაგოგები იყვნენ, ორივემ უნივერსიტეტი დაამთავრა. მამა ხატავდა, მის მიერ შესანიშნავად დახატული შოთა რუსთაველის პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სამოძრაო რუკა ერთ-ერთ სკოლაში დღემდეა შემონახული. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ის ხატავდა და მისმა ნახატებმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ბავშვობა ძირითადად გავატარე დუშეთში, ჭიათურასა და თბილისში, ამიტომ სამშობლო ჩემთვის ამ სამ ქალაქთანაა ასოცირებული…

– ამდენი გამარჯვებიდან თქვენთვის რომელია გამორჩეული?

— ჩემთვის გამორჩეული ევროპის ხელოვნების მუზეუმის ჯილდო და დიპლომია, რომელიც გადმომეცა. აგრეთვე ის კატალოგი, სადაც ჩემი ბიოგრაფია და ნამუშევარია შესული. ადრე კვიპროსში მქონდა გამოფენა. იქ ცხრა წელი ვიყავი და ჩემ ნახატებს გალერეებში ვაბარებდი.

 

თამარ მოდებაძის ნახატი
photo: courtesy of Tamar Modebadze
თამარ მოდებაძის ნახატი

თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბიოგრაფია უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. 2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო მილანში MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში, სადაც მის ორ ნამუშევარს – "მღელვარე ზღვა" და "ხუთი განზომილება" ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს. მიუხედავად სერიოზული აღიარებისა, ძალიან თავმდაბალი ადამიანია, საკუთარ თავზე ლაპარაკი მართლა უჭირს და თვლის, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია…

– პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა თქვენი ერთი ნახატის ლეონარდო და ვინჩის ნახატთან მსგავსება აღნიშნა…

— ვიცი და მახარებს ეგ ამბავი, თუმცა და ვინჩის გარდა სხვებთანაც ვგრძნობ სულიერ კავშირს. ჩემი საყვარელი მხატვრები არიან ფრანსისკო გოია და სერგო ქობულაძე…

– თქვენი ნახატები იტალიელი პოეტის შთაგონების წყარო გახდა, დანიელა ფერაროს თუ შეხვდით პირადად?

—  პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მისი საიტი მაქვს ნანახი. ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ჩემი ნახატების მიხედვით ლექსები დაწერა და ისინი ალბომშია გამოცემული.

თამარ მოდებაძის ნახატი
photo: courtesy of Tamar Modebadze
თამარ მოდებაძის ნახატი

– ყველაზე ხშირად რა თემები ჩნდება თქვენ ნახატებში, როგორია ქვეცნობიერში დალექილი სიუჟეტები?

— ჩემ შემოქმედებაში მთავარი თემა სიყვარულია, ასევე მასში პოლიტიკაც ჩართულია და ყველაფერი, რაც უშუალოდ ცხოვრებას ეხება.

– სიყვარული და პოლიტიკა ერთ „ფლაკონში“?!

— არა, ცალ-ცალკე, ზოგ შემთხვევაში მარტო სიყვარულია, ზოგში – პოლიტიკა…

უცხოეთში მხატვრის ნახატების გამოფენა ყოველთვის ქართული ეროვნული დროშის თანხლებით ტარდება.

თამარ მოდებაძის ნახატი
photo: courtesy of Tamar Modebadze
თამარ მოდებაძის ნახატი

თამარ მოდებაძე: შინაგანად ყოველთვის ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა.

ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემ ქვეყანაში საკუთარი სახელოსნო მქონოდა და იქ მემუშავა.

– რომელია კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ?

— როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?..

მთავარი თემები