19:08 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
გიგლა ჭინჭარაული და შორენა ჭინჭარაული

სოფელ ვერონაში მცხოვრები ქართველი და ფიჩხის ღობეში გადამალული აკრძალული ლექსები

photo: courtesy of Gigla Chincharauli
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
1923120

პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი გიგლა ჭინჭარაული და მისი პოეზია იმ სულიერი საქართველოდანაა, რომელიც დღეს ასე გვჭირდება და გვაკლია...

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული წერდა ლექსებს, რომელთა გამოც უსიამოვნებები ხვდებოდა და რომლებსაც არავინ უბეჭდავდა. მართალი და მეამბოხე, ქართული სული დღემდე შემორჩა მის ლექსებს. დამთავრებული აქვს სასულიერო სემინარია და სამშენებლო ტექნიკუმი. დღეს ცხოვრობს ისტორიულ ქართულ სოფელ ვერონაში, რომლის არსებობა ჩვენში ალბათ ბევრმა არც იცის…

გიგლა ჭინჭარაული
გიგლა ჭინჭარაული

– ბატონო გიგლა, არ ვიცოდი საქართველოში თუ გვქონდა სოფელი, სახელად ვერონა…

— ქართული სოფელი ვერონა საგარეჯოს ეკუთვნის და გომბორთანაა ახლოს, ორ კილომეტრში. ბოლო სოფელია, შემდეგ არის უღელტეხილი და მერე თელავის რაიონი იწყება. ეს სოფელი ძალიან დიდი ხნისაა, სადაც ხვნის დროს ბრინჯაოს ხანის ნაკეთობები ამოდის მიწიდან. ისინი ჩვ.წ.აღ.-მდე მეოთხე ათასწლეულითაა დათარიღებული. გამოდის, რომ ეს სოფელი აქ ექვსი ათასი წლის წინ უკვე იყო. აქ არსებულ ციხე-სიმაგრეს ვახტანგ გორგასალს მიაკუთვნებენ. ციხე მაღალზეა და მას ორი მეტრი სისქის გალავნები აქვს. ვახუშტი ბატონიშვილის „ქართლის ცხოვრებაში“ რამდენჯერმეა მოხსენიებული როგორც აუღებელი ციხე.

– ანუ, ეს სახელი იტალიურ ტოპონიმთან უჩვეულო დამთხვევაა…

— დიახ, უბრალო დამთხვევაა, საიდან და როგორ, არ ვიცი. ვაჟა–ფშაველა პოემაში „მონადირე“ ახსენებს ვერანას, ხოლო ვერენა არის მოხსენიებული ალექსანდრე პირველის მეფის გუჯარში, რომელიც  გარეჯის მონასტრის წინამძღვარს მისწერა. მონასტერს ექვსი სოფელი გადასცა და ამ სოფლებს შორის ერთ-ერთი არის ვერონა. აქ ვერენაა ნახსენები. ვაჟას დროს ეს სოფელია აღარ იყო. იქ მეწყერმა გალავანი წამოიღო, მოსახლეობას თავშესაფარი აღარ ჰქონდა და ამის გამო, როგორც ჩანს, აიყარნენ. ამის მერე ეს ადგილი გაუკაცრიელდა. ზუსტად ასი წლის წინ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, ხევსურები მთიდან ჩამოვიდნენ და ამ ნასოფლარზე დასახლდნენ. აი, მაშინ დაიწყო ამ სოფლის დასახლება. მას შემდეგ დაერქვა ვერონა, მანამდე ვერანა და ვერენა იყო. ჩემ ბავშვობაში აქ 40-42 კომლი იყო, ახლა 22-ია.

გიგლა ჭინჭარაული
photo: courtesy of Gigla Chincharauli
გიგლა ჭინჭარაული

– ბატონო გიგლა, „აპრილს“ – ასე ჰქვია თქვენს ერთ ლექსს, რომელიც მინდა მკითხველს შევახსენო:

სუსხს, ქარბუქს კაცნიც, ნადირნიც

იძლებენ შენი ლოდინით,

ეიფორია ნამდვილი

ხარ შენი მწვანე ლოგინით.

შენი სიცოცხლის კარიდან

მოდის მზე, ტრფობა, მინდობა;

ეს ყველაფერი კარგი და…

ლენინი რაღად გინდოდა?!

— ამის შემდეგ არც გკითხავთ, რატომ არ გიბეჭდავდნენ ლექსებს…

— დაახლოებით 700 ლექსი მექნება დაწერილი, საკუთარი ლექსების კრებული „ჩემი სამრეკლო“ კი მხოლოდ სამი წლის წინ გამოვეცი. მანამდე ჩემი ლექსები სხვა ავტორებთან ერთად იბეჭდებოდა. კომუნისტების დროს ლექსებს არც დამიბეჭდავდნენ და ალბათ მეც ნაზი შამანაურის გზას გამიყენებდნენ… როცა სისტემა და ცხოვრება შეიცვალა, საამისოდ ვერ ვიმეტებდი ფულს და თან ცხოვრებაც ამერია.

გიგლა ჭინჭარაულის ლექსი
photo: courtesy of Gigla Chincharauli
გიგლა ჭინჭარაულის ლექსი

– როდის გავრცელდა ამბავი, რომ თქვენ ლექსებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებდით?

— ამის გამო პრობლემები მქონდა, სასწავლებლიდანაც დამითხოვეს. მაშინ იყო მილიცია, რომელმაც ჩემი ბინა ორჯერ გაჩხრიკა. ჩემ ახლობელს, ვინც სახლში დახვდათ, ეკითხებოდნენ, იარაღი სად აქვს შენ მეგობარსო, ჩემ წიგნებს და რვეულებს სინჯავდნენ. მივხვდი, რა „იარაღსაც“ ეძებდნენ. ჩემი ლექსები ახლობელმა გოგონამ საგარეჯოში სასწავლო ნაწილის გამგეს აჩვენა. ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა და იმავე დღეს დამიბარა კაბინეტში. სწორედ იქიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ანტისაბჭოურ ლექსებს ვწერდი. მერე ის ლექსები, ცელოფანში გადახვეული, ფიჩხის ღობეში, სახლიდან შორს მქონდა გადამალული. 80-იან წლებში ყველა დაწესებულებებზე ზეწოლა დაიწყო და მეც იმ ტალღაში მოვყევი.

– ქართველები თავისუფლებაზე ბევრს ვლაპარაკობთ, თქვენთვის რა არის თავისუფლება და რისგან გათავისუფლება გვჭირდება?

— პირველ რიგში, უმეცრებისგან გათავისუფლებაა საჭირო იმისთვის, რომ თავისუფალი ქვეყანა შევქმნათ, რადგან ჩვენში ცოდნის ვაკუუმია. მონური სულის მქონე ადამიანები თავისუფლების მოპოვებას ვერ შეძლებენ. ქართველების მთავარი სენი შიგნიდან გატეხილი ციხეებია, ყოველთვის ასე ხდებოდა ჩვენში. კიდევ საზოგადოება გააუმეცრეს, რაც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან წამოვიდა. რადგან ნასწავლი და მცოდნე ხალხი ძნელი სამართავია. რაც მეტად უმეცარია ადამიანი, მით უფრო ადვილია მისი დამორჩილება და მართვა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ოცი წელი მოვანდომე იმას, რომ მასონურ ფილოსოფიაში გავრკვეულიყავი და ბოლომდე მაინც ვერ გავერკვიე. ეროვნული სახელმწიფოების არსებობა მასონების ინტერესებში არანაირად არ ჯდება. ამიტომ პირველ რიგში ებრძვიან ეროვნულ ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა. მე უცხოეთშიც ნამყოფი ვარ და მთელი ატლანტის ოკეანე მოვიარე, ძალიან განვიცდიდი, როცა უცხოელებს მიწაზე თითით ვუხატავდი შავ ზღვას და საქართველოს შესახებ ასე ვაგებინებდი.

გიგლა ჭინჭარაული
photo: courtesy of Gigla Chincharauli
გიგლა ჭინჭარაული

– იმედია, მომავალ თაობას ეგ პრობლემა აღარ ექნება, რას ეტყოდით მათ?

— მომავალ თაობას მინდა ვუთხრა, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის არის დრო, რომელიც უნდა იანგარიშონ არა დღეებით, არამედ წუთებით. წუთიც არ დაკარგონ და მაქსიმალურად გამოიყენონ. მეორე, უნდა გაიგონ რისი მფლობელები არიან სინამდვილეში, რას ვფლობდით და რა დავკარგეთ. თუ არ ეცოდინებათ რა აქვთ დაკარგული, იმასაც ვერ მიხვდებიან, რა უნდა დაიბრუნონ ან რა უნდა მოიპოვონ. თუ არადა, ყველაფერს დაკარგავენ, არ ეცოდინებათ ქართველი რას ნიშნავს, არც ქართული ენა იარსებებს, რადგან მას ასიმილაცია მოუღებს ბოლოს…

— კიდევ ერთი ლექსი მინდა მკითხველს შევახსენო:

კლდის ნაკადულის კდემით კიაფობ,

მაინც გიბედავ ხოტბას, თავხედი,

მე ქაღალდიდან უნდა გიამბო

შენზე წუხილის მეათასედი.

ვით ნაკადული მღვრიე მდინარეს,

შენ ისე ერთვი ამ ხალხის მორევს,

და მე მწადია, რომ უწინარეს

შენ განგაშორო სიწმინდის მომრევს.

სულით და ხორცით დაცემულ ურდოს,

სიყვარული რომ აოტა რისხვით,

ვინც წინაპართა სახელით ქურდობს

და მოძმისაკენ ტყვიას რომ ისვრის!

………………

შენ აქ რა გინდა?! ხარ უკვდავება,

შენ სხვაგან უნდა გქონდეს საუფლო!

მე ლექსის მოძღვნაც კი მეკრძალება,

ხალხი კი თურმე… შენთან საუბრობს!

– თქვენთვის რა არის სამშობლო?

— სამშობლო ღმერთის შემდეგ მეორე იპოსტასია, მერე არის შვილები, ანუ შთამომავლობა… რისთვისაც ყველა ადამიანს უყოყმანოდ უნდა შეეძლოს სიკვდილი, თუ საჭირო გახდება. ღმერთს ჩვენი დახმარება არასოდეს არ უნდა, ის მარადიულია. სამშობლო კი შექმნილია და შეიძლება მოკვდეს. ამიტომ ის ჩვენთვის უპირველესი უნდა იყოს…

მთავარი თემები