06:00 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
მარიამ მარგველაშვილი

სიზმრებს გერმანულად ვხედავ, მაგრამ არ მავიწყდება, რომ ქართველი ვარ...

© photo: courtesy of Mariam Margvelashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (132)
58131

რუბრიკა “ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრები მარიამ მარგველაშვილის საქმიანობას გაგაცნობთ.

საბედნიეროდ, უკვე შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში წასული, განათლებული და წესიერი პიროვნება, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც უნდა აღმოჩნდეს, ყოველთვის ცდილობს მისი ქვეყანა და კულტურა ღირსეულად წარმოაჩინოს. ჩვენ რუბრიკაში სწორედ ასეთებს გაცნობთ. ერთი მათგანი მარიამ მარგველაშვილია.

მარიამ მარგველაშვილი გერმანიაში
მარიამ მარგველაშვილი გერმანიაში

გერმანიის მოქალაქე, დიუსელდორფის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, გერმანია-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ლათინოამერიკული ცეკვების სერტიფიცირებული პედაგოგი და გერმანიის სპორტული ცეკვების ფედერაციის წევრი. უცხოეთში პროდიუსინგს უწევს ქართულ ანსამბლებს. ერთი მათგანის, სამტრედიის ანსამბლ „სანავარდოს“ მოცეკვავეებმა, რომლებიც მარიამმა გერმანიაში წაიყვანა, კონკურსზე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს. მისი სურვილია, რომ ევროპაში საქართველო უფრო კარგად გაიცნონ. ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა გენები თავის საქმეს აკეთებს, რადგან მარიამი სულ რაღაც ხუთი წლის იყო, როცა საქართველო დატოვა…

მარიამ მარგველაშვილი მშობლებთან ერთად
მარიამ მარგველაშვილი მშობლებთან ერთად

როცა მისი ოჯახი გარკვეული მიზეზების გამო იძულებული გახდა, რომ საცხოვრებლად უცხოეთში გადასულიყო, გერმანული ენა საერთოდ არ იცოდა. ოთხი წლის შემდეგ გიმნაზიაში სწავლის უფლება მისცეს. შემდეგ სწავლა დიუსელდორფის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 21 წლის ასაკში იცის გერმანული, რუსული, ინგლისური და ფრანგული ენები. გერმანიაში საერთაშორისო მნიშვნელობის იურიდიულ ფირმაში მუშაობს. მარიამს დიუსელდორფში დავუკავშირდით.

– მარიამ, შეიძლება ვინმეს ეჭვი შეეპაროს, თქვენ ასაკში ამდენი რამ როგორ მოასწარით, რა რეჟიმით ცხოვრობთ?

— მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ აეხსნათ, თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი შრომა და რომ მის გარეშე მიზანს ვერასოდეს მიაღწევ. ამიტომ ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ და ბავშვობიდან აქტიური ვიყავი და თავდაჯერებული. ნამდვილად ვიცი, რომ ბრძოლისუნარიანობა და მონდომება თითოეულ ჩვენგანს დასახულ მიზნამდე მიიყვანს. ჩემი რეჟიმი ყოველდღიურად საათობრივადაა განაწილებული და შესაბამისადაც საკმაოდ დატვირთულია. იურიდიულზე სწავლის პარალელურად ლექციებს ვისმენ ეკონომიკაში, მიყვარს მათემატიკა და ტექნიკური საგნები.

მარიამ მარგველაშვილი სამტრედიის მოდების ატელიეში
მარიამ მარგველაშვილი სამტრედიის მოდების ატელიეში

– ასევე გერმანიის იურიდიული ასოციაციის პრეზიდენტიც ხართ…

— ეს არის გერმანია–საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც 3000 წევრს აერთიანებს. ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ გერმანელებთან და ქართველებთან, ესპანეთსა და საფრანგეთშიც ჩავდივარ ხოლმე იმ მიზნით, რომ იქაურ იურისტებს ჩვენი ასოციაციის საქმიანობა გავაცნოთ. ჩემ ქვეყანას ასეთი კავშირები დღეს ძალიან სჭირდება. მომავალში მინდა, რომ საქართველოდან გერმანიაში ქართველი სტუდენტები და იურისტები ჩავიყვანო და ლექციები და სემინარები ჩავატაროთ. ვმუშაობ საერთაშორისო მნიშვნელობის იურიდიულ ფირმაში Chilifford Chance LLP, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანაში აქვს. მიხარია, რომ მათი ნდობა ნახევარ წელიწადში მოვიპოვე და დღემდე ვთანამშრომლობ.

გერმანიაში ჩასულ ქართველ მოცეკვავეებთან ერთად
გერმანიაში ჩასულ ქართველ მოცეკვავეებთან ერთად

იურისპრუდენციის პარალელურად მის ცხოვრებაში ხელოვნებაცაა, გერმანიაში ის ქართულ კულტურას უწევს პოპულარიზაციას. ბავშვობიდან აქტიური იყო. დაწყებით კლასში გერმანიის იმ მხარეში საუკეთესო საბალეტო სკოლაში შეიყვანეს. იქ ჩასარიცხად მკაცრი კასტინგი გაიარა და ათ საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა. ასევე გაიარა კლასიკური ბალეტისა და მოდის კურსები. სხვადასხვა ჟანრის ცეკვები იმდენად კარგად შეისწავლა, რომ დღეს ლათინოამერიკული ცეკვების სერტიფიცირებული პედაგოგია. არის გერმანიის სპორტული ცეკვების ფედერაციის წევრი, კონტაქტები აქვს სხვადასხვა ფესტივალის ორგანიზატორებთან. ხელმძღვანელობს ერთ-ერთ სტუდიას და კონკურსებშიც იღებს მონაწილეობს.

– ბოლოს რომელი ქართული ანსამბლი ჩაიყვანეთ გერმანიაში?

— ეს იყო სამტრედიიდან ქართული ჯგუფი „ფარი“, რომელიც წარმატებით გამოვიდა გერმანიის მოცეკვავეთა ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ-კონკურსზე Duisburger Tanztage, სადაც ისინი შეაფასეს როგორც მაღალი კატეგორიის (HIGH-LEVEL) მოცეკვავეთა ჯგუფი. ჟიურიმ და Duisburger Tanztage-ის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ „ფარის" გამოსვლა მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ეს ძალიან საამაყო იყო ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის და როგორც ქართველისთვის.

მარიამ მარგველაშვილი გერმანიაში
მარიამ მარგველაშვილი გერმანიაში

– ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვთ, რაზე ოცნებობს 21 წლის წარმატებული ქართველი გოგო გერმანიაში?

— მართალია, გერმანიის მოქალაქე ვარ და სიზმრებსაც უკვე გერმანულად ვხედავ, მაგრამ არასოდეს მავიწყდება, რომ ქართველი ვარ. ცხოვრებაში ერთი რამ ვისწავლე: ყოველთვის ვიყო საკუთარ თავში დარწმუნებული, არ გავჩერდე და ბოლომდე ვიბრძოლო. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ სწავლაში ძალიან წარმატებული ვიყო და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სამშობლოსთვის ბევრი რამ გავაკეთო. მინდა ყველა ქართველს ბედნიერი ღიმილი ჰქონდეს და არ იყოს სიღარიბე. მინდა ჩემ ქვეყანაში ვიცხოვრო, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ უცხოეთიდან უფრო დავეხმარები მას…

 

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (132)

მთავარი თემები