აბჯრის სტილში დამზადებული ქუდები ქალებისთვის და ჯადოსნური ჩანთები მამაკაცებისთვის

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევარი
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი არაყიშვილი როგორც ექიმი არ შედგა, რადგან მისი ბუნება ამ ძალიან საჭირო, მაგრამ მეტად პრაგმატულ პროფესიას ვერ მოერგო.

სამაგიეროდ მის მიერ შექმნილ ნაწარმს კარგი განწყობა მოაქვს მისი მომხმარებლისთვის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდისა და ჯანმრთელობისთვის. მის ნაწარმს არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც მუდმივი დამკვეთი ჰყავს.

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილი
ქეთი არაყიშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილი

– ქეთი, როგორ მოხდა, რომ საქმიანობის სფეროდ თავის დროზე მედიცინა აირჩიეთ?

— პროფესიით ექიმი ვარ, სამედიცინოზე ხუთი წელი ვისწავლე, მაგრამ ხელოვანების მსგავსად იმდენად ემოციური ადამიანი ვარ, რომ ამ სფეროში საქმიანობა ვერ შევძელი. ერთი წელი პრაქტიკულები მქონდა მძიმე მშობიარეებთან და მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემი არ იყო. მათგან ყველა ტკივილს ისე ვიღებდი და განვიცდიდი, როგორც საკუთარს, ამიტომ გასაგები გახდა, რომ მედიცინაში არ უნდა დავრჩენილიყავი.

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილი გამოფენაზე
ქეთი არაყიშვილი გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილი გამოფენაზე

– ისეთი გვარი გაქვთ, ხელოვნებასთან უფრო უნდა გქონოდათ შეხება, ვიდრე მედიცინასთან…

— ნამდვილად ასეა, სხვათა შორის, დედა მუსიკოსია, გვარად ნიკოლაძე და ამ მხრივ ხელი შემეწყო, ანუ გავამართლე… ბავშვობიდან ვქარგავ და ვხატავ, არაერთი გამოფენა მაქვს გამართული. პერსონალური გამოფენები ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მქონდა, ჩემი ნამუშევრები „ცისფერ გალერეაშიც“ გამოიფინა. თავიდან ნაქარგობით დავიწყე. ხატებს ვქარგავდი და იაპონურ თემატიკაზე ვქმნიდი ნახელავებს, დიპლომებიც მაქვს აღებული. 2002 წელს ძალიან სერიოზული გამოფენა მქონდა, სადაც მაშინდელმა კულტურის მინისტრმა სესილი გოგიბერიძემ „თვითნასწავლის“ დიპლომი გადმომცა. გამოფენა პატრიარქმა გახსნა და გრანდიოზული იყო. ამის მერე სტიმული მომეცა, რომ საქმიანობა ხელოვნების კუთხით გამეგრძელებინა. პარალელურად ჩემთვის სამკაულებს ვაკეთებდი. ისინი ხალხს იმდენად მოსწონდა, რომ გადავწყვიტე შემოსავლის წყაროდაც მექცია. გამოცდილ დიზაინერებთანაც ვიმუშავე. მერე მივხვდი, რომ დამოუკიდებლადაც შემიძლია რაღაც შევქმნა. ვცდილობ, ფასები მომხმარებლისთვის რეალური იყოს, არ განვმეორდე, ანუ ყოველ ჯერზე მომხმარებელს მხოლოდ განახლებული კოლექცია შევთავაზო.

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევარი
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი

– თქვენი ნაწარმი უცხოეთში თუ იყიდება?

— დიახ, ამერიკიდან მაქვს ბევრი შეკვეთა, კიდევ ბელგიიდან და იტალიიდან, პოლონეთში ერთ მაღაზიასთან მაქვს კონტრაქტი დადებული და კოლექციას სპეციალურად მათთვის ვამზადებ. რადგან სერიოზულად მივუდექი საქმეს, ეს უკვე გატაცება აღარ იყო, ამიტომ ვეცადე უფრო სერიოზული და სრულყოფილი ნაწარმი შემექმნა.

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევარი
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი

– რით განსხვავდება თქვენი ჩანთების კოლექცია, რა ნოვაციები შექმენით?

— თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი დიზაინერი ვიყავი, ვინც ჩანთებზე პრინტი შემოიტანა. პირველ კოლექციას „ნოსტალგია“ ერქვა. ეს იყო ძველი თბილისის პეიზაჟების შავ-თეთრი ფოტოები, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ გავიდა დრო და ამ იდეამ ამოწურა თავისი თავი და პრინტს უკვე ყოველ კუთხეში იყენებდნენ. არადა, როცა დავიწყე, მაშინ მარტო მე ვიყავი. მერე ისე გავრცელდა ეს მიმართულება, რომ გადავწყვიტე, სხვა რამ მეკეთებინა. გადავწყვიტე უფროსი ასაკის მომხმარებლისთვის ჩანთებზე მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ნახატები გადამეტანა. ექსკლუზივი მის ნახატებზე მე მეკუთვნის. ისინი გამოვიყენე როგორც ჩანთებზე, ასევე ინტერიერის აქსესუარებზე. ნინოს ნახატები საოცარი სამყაროა და ძალიან მიყვარს. მას არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც იცნობენ. შემდეგ იყო ჯადოსნური ჩანთების კოლექცია…

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევრები
ქეთი არაყიშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილის ნამუშევრები

– რითი იყო ის კოლექცია ჯადოსნური?

— ისინი არ იყო ჩვეულებრივი ნახატები, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული და ზღაპრულ თემატიკაზე შექმნილი იყო, ფერებიც განსხვავებული ჰქონდა – ვარდისფერი, იასამნისფერი, სალათისფერი… ისინი დეკუპაჟის ტექნიკითა შექმნილი. ბოლო დროს მხოლოდ ტყავზე ვმუშაობ და ისიც მხოლოდ მაღალი ხარისხის, ყველაზე ძვირადღირებულ ტყავზე, რომელიც სპეციალურად ჩემთვის ჩამოაქვთ თურქეთიდან. პირადად ჩემთვის რომ ვაკეთებ, ის ჩანთები ყველაზე ჯადოსნურია. ფერებიც შესაბამისია, არ არის შავი ან ყავისფერი, ისინი ვერცხლისფერი,  წითელი ან ჟოლოსფერია, სადაც მითიური ან ზღაპრის გმირებია გამოსახული.

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევრები
ქეთი არაყიშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილის ნამუშევრები

– მამაკაცის ხაზი თუ გაქვთ?

— ჯადოსნური ჩანთების კოლექციაში მამაკაცის ხაზიცაა.

– მერე მამაკაცებს რამდენად სჯერათ ზღაპრების და ჯადოსნობის?

— გოგონამ, რომელიც ნიუ-იორკში მუშაობს, ნაცნობი მამაკაცისთვის ჩანთა შემიკვეთა. იმ მამაკაცს ძალიან უყვარს მუსიკა, ამიტომ იმ ჩანთაზე ნოტები და პიანინოს კლავიატურა გამოვსახე, ანუ ის ჯადოსნობა, რასაც მუსიკის სახით ქმნის, ჩანთაზე ამგვარად გადავიტანე.

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევარი
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი

– გარდა ჩანთებისა ქუდების ხაზიც გაქვთ…

— მე მაქვს ერთი განსაკუთრებული კოლექცია, რომელიც ძალიან ტრადიციულია. თუშ ქალებს ვაჩეჩინებდი ძაფებს, რომლებიც ძველი ტრადიციებით იღებებოდა და მათ ქართული აბჯრის ფორმას ვაძლევდი. ზედ ჯაჭვი და მეტალი იყო. ეს არის აბჯრის ფორმის ცოტა წვეტიანი ქუდები, რომელსაც უხეშად ჩამოწეული ყურები აქვს, ისე, როგორც ეს ქართულ აბჯარს ახასიათებს. მას ჯაჭვები ჰკიდია და მათზე სპილოს ძვალი, გიშერი და ბევრი ნატურალური ქვაა. უკვე ათასზე მეტი ყველანაირი სტილის ქუდი მაქვს შექმნილი. მე ყველა პროფესიის ადამიანისთვის ვმუშაობ, მაგრამ მომხმარებელს სტილისა და გემოვნების შესაბამისად ჩემ მოსაზრებებს ვაწვდი. არ შემიძლია, რომ ვინმემ ნიმუში დამიდოს და მითხრას, ასეთი ქუდი ან ჩანთა მინდა და გამიკეთეო. სხვისი ნამუშევრის მიხედვით მუშაობა არ შემიძლია.

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევარი
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი

– თქვენი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით რომელი მოგწონთ?

— ტანისამოსის საკიდები, რომლებზეც ჩემი ნახატები დავიტანე. ინტერიერის ეს აქსესუარი განსაკუთრებით მიყვარს. ისე ვერ გავბედე, რომ ჩემი ნახატები ჩარჩოში ჩამესვა და გამომემზეურებინა, რადგან არ ვთვლი, რომ მხატვარი ვარ. სხვადასხვა სფეროში ვვითარდები და არ ვარ ისეთი თამამი, რომ პირდაპირ ნახატი გავყიდო. მათთვის რაღაც ფორმა და მიმართულება უნდა მიმეცა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ნახატები საკიდებზე გამომეყენებინა. ყოველდღე იმდენი ახალი იდეა მიჩნდება, რომ ერთი სული მაქვს ხოლმე ისინი რეალობად ვაქციო. ვგიჟდები ჩემ საქმეზე…

© Photo: Courtesy of Keti Arakishviliქეთი არაყიშვილის ნამუშევარი
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი არაყიშვილის ნამუშევარი

– უჩვეულო იდეებისთვის რაიმე წინაპირობაა საჭირო?

— ერთი კოლექცია სიზმარში მაქვს შექმნილი, ანუ ერთხელ დამესიზმრა, ღამევე ავდექი და დავიწყე მისი გაკეთება, რომ არ დამვიწყებოდა. ესაა ჩანთების კოლექცია „წერილები“. მინდოდა ჩანთაზე ჩემი შეხედულებები დამეტანა. კლიენტებს ნახატებთან ერთად პატარ–პატარა სურვილებს ვუტოვებ ხოლმე, სწორედ ეს სურვილები წერილების სახით დავიტანე ჩანთაზე, მაგალითად ასეთი: „გაშალე ფრთები და იცხოვრე ბედნიერად“. ამ ფორმით მინდა, რომ მომხმარებელს ჩემი განწყობის და ჩემი სამყაროს ნაწილი გავატანო…

ყველა ახალი ამბავი
0