„ისრაელი ჩემი სისხლის ყივილია, საქართველო -სულის“ - ორ ენაზე ახსნილი სიყვარული

© Photo: Courtesy of Annie Kolანი შიმშილაშვილი-კოლი
ანი შიმშილაშვილი-კოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათ-კვირას ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 70 წლისთავთან დაკავშირებით ქართული და ებრაული მხარე სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებს აწყობს.

გადავწყვიტეთ, ამ 26 საუკუნოვან მეგობრობას ჩვენც თავისებურად გამოვეხმაუროთ. საამისოდ ერთი ძალიან ნიჭიერი ქართველი ებრაელი შევარჩიეთ, უფრო სწორად, მისი ცხოვრების ისტორია. პროფესიით ექიმი-კოსმეტოლოგია.

ვინც არ იცნობს, მისთვის ალბათ ისრაელში მცხოვრები ანი შიმშილაშვილი-კოლი მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩენა იქნება. მის მიერ ქართულ-ებრაულ თემაზე დაწერილი თითო ამბავი პატარა ლამაზი ნოველაა ბავშვობაზე, სამშობლოსა და ადამიანურ ურთიერთობებზე… რევერანსები არ უყვარს, ამიტომ ეს მასალაც მასავით უშუალო, საინტერესო და მოულოდნელი გამოვიდა…

© Photo: Courtesy of Annie Kolანი შიმშილაშვილი-კოლი
ანი შიმშილაშვილი-კოლი - Sputnik საქართველო
ანი შიმშილაშვილი-კოლი

-ანი, სად დაიწყო თქვენი ცხოვრების ამბავი?

— ჩემი ამბავი საქართველოში, რაჭაში იწყება; დავიბადე ონში, გავიზარდე ქართველი ებრაელების, მირიამ (მარიამ) და მიხაელ შიმშილაშვილების ტრადიციულ ოჯახში და ქრისტიან მეზობლებსა და სამეგობროში, უდიდეს სიყვარულში და ურთიერთ პატივისცემაში… ორივე მხრიდან დიდი რაბინების შთამომავალი ვარ. ოჯახმა ასე გვასწავლა: შეიყვარეთ თქვენი რელიგია და ეს გასწავლით მეზობლისა და მოყვრის დაფასებას და სიყვარულსო. მქონდა ლამაზი, ლაღი ბავშვობა- ჩემი ქრისტიანი მეგობრები  ჩვენს დღესასწაულებზე სინაგოგაში დადიოდნენ, მე კი მათი დღესასწაულების მონაწილე ვიყავი.

© Photo: Courtesy of Annie Kolანი შიმშილაშვილი-კოლის მშობლები
ანი შიმშილაშვილი-კოლის მშობლები - Sputnik საქართველო
ანი შიმშილაშვილი-კოლის მშობლები

-ამბობთ, რომ ორი სამშობლო „გყავთ“ და მათ სიყვარულს ორ სხვადასხვა ენაზე უხსნით…

— გაინტერესებთ, ვინ ვარ მე?— ანნა მიხეილის ასული შიმშილაშვილი, ასე რომ ვეჭიკჭიკები ადამიანებს სოციალურ ქსელებში ხან ქართულად, ხან ივრითზე, ზოგჯერ რუსულად და ზოგჯერაც იშვიათად ინგლისურად… თუმცა სიზმრებს მხოლოდ ქართულად ვხედავ. სიყვარულიც, მგონი, მხოლოდ ქართულად ვიცი: „აი, თითი… აი ია“… ჩემს გოგონასაც ქართულ იავნანას ვუმღეროდი, მაგრამ ლოცვით მხოლოდ ივრითზე ვლოცულობ. ქართულად თორას ვერ ვკითხულობ, არ გამომდის, ვერც ფსალმუნებს- მხოლოდ ივრითზე. სიმღერით ძირითადად ქართულად ვმღერი…

ტანში მბურძგლავს როდესაც იერუსალიმს ვუახლოვდები და ძველი ქალაქიდან უფლის ქალაქს გადმოვხედავ… სულიერად ვდნები, როდესაც რაჭაში, ონში შევდივარ და ვუახლოვდები ონის სინაგოგას, სადაც ჩემი ბაბუა, ხახამ მიხაელ შიმშილაშვილი წმინდა ენაზე, ივრითზე ლოცულობდა და ქართულ ენაზე ქადაგებდა. იქ დღემდე შემორჩენილია ქართველ ებრაელ ქალთა ჩამოსხმული თაფლის სანთლების სუნი. თავჩაღუნული ჩამოვუვლი მიტოვებულ ებრაელთა საფლავებს და ბაბუას საფლავთან შევჩერდები და ყოველთვის ვპირდები ბებია-ბაბუას, რომ მომავალ ჩამოსვლაზე აუცილებლად ვინახულებ…

„თუკი სამოთხეში დავიბადე, შესაბამისად, მოკრძალებულად რომ თქვა, ანგელოზი ვარ“- ანა შიმშილაშვილი-კოლი.

— არ ვიცი, ანგელოზი რამდენად ვარ ანგელოზი, მაგრამ რაჭის სამოთხეში დაბადებული, ცუდი რომ ვერ იქნება, ეს ფაქტია. აქ ზამთარში ფეხშიშველას მირბენია, თოვლის ზემოთ გაკრიალებული ლაჟვარდის ცა მინახავს, ღამით ვარსკვლავები ხელით დამიკრეფია, აქ ხომ ვარსკვლავებს მართლაც ხელით წვდები… დიახ, ამ სამოთხეში დავიბადე და ანგელოზი ვარ, კიდევ ბევრი ჩემისთანა ანგელოზებით იყო მაშინ სავსე აქაურობა… ის თოვლში გაყვანილი გვირაბები მენატრება! მინდა როგორც დედა ამბობდა "ნახევრად შიშველი" გავვარდე გარეთ და ის გამომეკიდოს: ჩაიცვი, მინდა ისევ პატარა ვიყო და ორივე მშობელი გვერდით მყავდეს!! მინდა დედიკო ჯანმრთელად იყოს და მამა ცოცხალი.  მამა მერცხალას მეძახდა, სულ ცეკვა —თამაშით და სიმღერა-სიმღერით ვიღვიძებდი… გავიზარდე სცენაზე, სადაც ჩემი პედაგოგები იყვნენ:  საქართველოს დამსახურებულმა არტისტი, გიგა ჯაფარიძე, მისი ძმა შალვა და ქორეოგრაფი გოგი ბურდილაძე. მახსოვს, როცა ვთხოვდებოდი, ნიშნობის ღამეს, მამამ მძახლებს უთხრა: სიხარულს შემოგიტანთ ოჯახში, ოღონდ, ფრთებს ნუ შეუკეცავთო…  ადამიანები არ იცვლებიან, ესა ვარ რაც ვარ და თუ ვცეკვავ ეს ჩემთვის იგივეა, რაც სხვისთვის ტელეფონზე საუბარი…

© Photo: Courtesy of Annie Kolანი შიმშილაშვილი-კოლი და კახა ჯაფარიძე
ანი შიმშილაშვილი-კოლი და კახა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ანი შიმშილაშვილი-კოლი და კახა ჯაფარიძე

 

-ბავშვობაში თქვენ გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორ გიგა ჯაფარიძის დადგმულ სპექტაკლში „ვალი" მიიღეთ მონაწილეობა…

— არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, მგონი, ასე 13-15-ის,  როდესაც სპექტაკლში „ვალი" მივიღე მონაწილეობა და იქ სიმღერა ვიმღერე: „აი ია, აი, შენი დედაენა, აკვნიდანვე რომ გაჩუქა მზე და რწმენა, აი ია, საოცრების დასაწყისი..“ რა სიმბოლურია, რომ ქართველი ებრაელი გოგონა სცენაზე ასეთ ამაღელვებელ სცენარზე დადგმულ სპექტაკლში მშობლიური ენის სიყვარულზე მღეროდა. ისრაელში 25 წლის ასაკში ამოვედი და აგერ უკვე 24 წელი ხდება რაც აქ ვარ. პროფესიით ექიმ-კოსმეტოლოგი ვარ, ახლახან პარიზის საერთაშორისო კონგრესზეც ვიყავი მიწვეული. სულ ვფიქრობ და კიდევ ვერ გამიგია, თუ რომელ მხარეს ვეკუთვნი, თუკი არსებობს საერთოდ მხარეები! უბედნიერესი ვარ საქართველოში და ასევე უბედნიერესი ვარ, როდესაც ვბრუნდები და თვითმფრინავში ცხადდება: ძვირფასო მგზავრებო, ჩვენმა თვითმფრინავმა დაიწყო დაშვება თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში! ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები გამახსენდა: „შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ ერის დესპანი“-ო. იმედი მაქვს, რომ ჩემს ოჯახს ყველგან ლამაზად წარმოვადგენ, ვინაიდან ჩემი ოჯახი ამ ორი ერის ნამდვილი სახეა: პოლონეთში განსწავლული რაბინების საქართველოდან ამოსული ებრაელების სახე… მე კი- სიყვარულის დესპანი ვარ…

© Photo: Courtesy of Annie Kolანი შიმშილაშვილი-კოლი წარმატებულ ქალთა ყროლობაზე ისრაეილის ქნესეთში
ანი შიმშილაშვილი-კოლი წარმატებულ ქალთა ყროლობაზე ისრაეილის ქნესეთში - Sputnik საქართველო
ანი შიმშილაშვილი-კოლი წარმატებულ ქალთა ყროლობაზე ისრაეილის ქნესეთში

ებრაულ-ქართული „ქორწილი“ სცენაზე და ბავშვობის დაუსრულებელი რომანი

…ეს ჩემი ლაღი და ლამაზი ბავშვობის ულამაზესი ისტორიაა… დილით მეგობართან ბავშვობაზე ვსაუბრობდით და მე ჩემი ლაღი ბავშვობა მომაგონდა… ის პერიოდი, როცა შინაურის და გარეულის თვალებში სიყვარულს ვხედავდით… ქართულს ვცეკვავდით მე და კახა ჯაფარიძე.. ბატონმა შალვა ჯაფარიძემ ულამაზესი სცენარი დადგა, ქართული ქორწილი სცენაზე, მე და კახა კი ნეფე-პატარძალი.. ეს ის პერიოდია, როცა სიყვარული, ერთობა და ურთიერთ პატივისცემა სუფევდა გულებში. ქართულ სცენაზე ნეფე-პატარძალი (ანა და კახა) შემოჰყავდათ ქართული „მრავალჟამიერის“ და ებრაული "ქოლ სასონ ვე ქოლ სიმხას“ ებრაული საქორწინო მოტივების თანხლებით… ასე დავდიოდით სცენიდან —სცენაზე, გასტროლებიდან გასტროლებზე… ქორწილიდან- ქორწილზე.. ყოველ დღე ხელახლა ვქორწინდებოდით წლების მანძილზე და არც ერთი, დიახ, არც ერთი განქორწინება… ებრაული კანონით კი ქალ-ვაჟის შეუღლებას თუ ორი მოწმე და ზემოთ უფალი ესწრება, ის ქორწინება კანონიერად ითვლება!! ანუ ეს დაუმთავრებელი რომანი იყო… წუხელ ვუთხარი: ბიჭო, "რაზვოდს" არ მომცემ? მგონი, შენს გამო ბედი მაქვს მეთქი შეკრული! შენ თუ დაგჭირდება სულს მოგცემო. ისე, „გაყრისთვის“ ისევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, ალბათ ისევ ვიცეკვებთ და ისევ შ ე ვ უ ღ ლ დ ე ბ ი თ…. ეს ჩვენს ლამაზ ბავშვობას და დაუმთავრებელ რომანს და სიყვარულს გაუმარჯოს!..
ეს ჩემი პასუხია ყველა იმ ადამიანს, ვინც რამდენიმე დღის წინ დაწერა: რატომ უნდა უყვარდეს ამ ებრაელ ქალბატონს მართლმადიდებელი ქრისტიანი და საქართველოო…

© Photo: Courtesy of Annie Kolანი შიმშილაშვილი-კოლი, ნანული გუგუნავა და მანანა დუმბაძე
ანი შიმშილაშვილი-კოლი, ნანული გუგუნავა და მანანა დუმბაძე - Sputnik საქართველო
ანი შიმშილაშვილი-კოლი, ნანული გუგუნავა და მანანა დუმბაძე

-ანი, თქვენ მითხარით, რომ სიზმრებს ქართულ ენაზე ხედავთ- რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ენა?

— ქართული ენა ჩემთვის დედაა, მშობელია, ჩემი პირველი მასწავლებელი- ლარისა რაზმაძეა, ჩემი თამარ ნებიერიძეა, ჩემი გოგი ბურდილაძეა, გიგა და შალვა ჯაფარიძეებია, ჩემი მამიაა, ჩემი დათო, ჩემი მაია, ჩემი ნატო, ჩემი თინიკო და ჩემი ნინო, ჩემი თამარი, შოთა, ქეთევან, მინდია, ციცინო, მელანო, გიორგი, ჩემი ყველაზე წმინდა ბავშვობაა, ჩემი სიყვარულია… მინდა ყველას მივმართო: შემეჯიბრეთ ქართველებო, ქართული ენის სიყვარულში, ივრითის სიყვარულში, შემეჯიბრეთ საქართველოს და ისრაელის სიყვარულში! შემეჯიბრეთ იმ სიყვარულში, რომელიც ქართულმა ენამ და წმინდა თორამ საქართველოს მიწა-წყალზე მასწავლა! სიყვარულში შემეჯიბრეთ, ქართველებო და თუ მაჯობებთ,- გამიხარდება… ისრაელი ჩემი სისხლის ყივილია, საქართველო —სულის, და რა განსხვავებაა და თუ არის განსხვავება სულსა და სისხლს შორის?… ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია…

ყველა ახალი ამბავი
0