13:24 23 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ქეთევან ქართველიშვილი

ქართველი პიანისტის ურთულესი „დევნა"და მისი ცხოვრების მუსიკალური მარათონი

© Photo: Courtesy of Ketevan Kartvelishvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (125)
89590

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ პიანისტს, ქეთევან ქართველიშვილს გაგაცნობთ.

ბავშვობიდან აღებული წარმატებული სტარტი დღესაც ეხმარება. დაიბადა თბილისში, ფიზიკოსების ოჯახში, მაგრამ ხუთი წლის ასაკში მშობლებისგან განსხვავებით სულ სხვა სფეროში გამოავლინა ნიჭი, რომელმაც მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე ერთ დიდ და ლამაზ მუსიკალურ მარათონად აქცია. თავიდანვე ისე აეწყო, რომ გამარჯვება ცხოვრების წესად ექცა. მისი დებიუტი 12 წლის ასაკში შედგა, როდესაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა. ამის შემდეგ უფრო დიდ ასპარეზზე გავიდა და საერთაშორისო კონკურსებზე წარმატებული გამოსვლა დაიწყო.

ქეთევან ქართველიშვილი
ქეთევან ქართველიშვილი

 —ქალბატონო ქეთევან, როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ,  ამერიკული პერიოდი?

— ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს გავემგზავრე. ინდიანას უნივერსიტეტში ბატონ ალექსანდრე თორაძის საფორტეპიანო სტუდიის  წევრი გავხდი. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში, ჩემი წარმატებები ეს მისი და ჩემი შრომის დამსახურებაა. სწავლის პერიოდში მიღებული მაქვს „Artist“ და „Performer“ დიპლომები. ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას თორაძის სტუდიის კონცერტებში, ასევე სოლო და კამერულ კონცერტებში, რომელსაც თავად მართავდა. 2010 წელს სოლო კონცერტის საუკეთესო შესრულებისთვის „Performance Certificate“-ით დავჯილდოვდი. ბატონ ლექსოს გარდა, ასევე ვახსენებ იმ სახელგანთქმულ პიანისტებს და პედაგოგებსაც, ვისთან სწავლის ბედნიერებაც წილად მხვდა, ესენი არიან: თენგიზ ამირეჯიბი, რუსუდან ბეგიშვილი და ეთერ გუნია. მათ სრულიად შეცვალეს ჩემი წარმოდგენა და არა მარტო მუსიკალურ სამყაროზე…

ქეთევან ქართველიშვილი კონცერტზე
ქეთევან ქართველიშვილი კონცერტზე

საქართველოში დაწყებული გზა

ტრიუმფს თავიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ბაკალავრის, მაგისტრატურის და ასპირანტურის აკადემიური ხარისხით დაამთავრა.1999 წელს საბერძნეთში, მარკო პოლოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, III პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა. იმავე წელს ლიზა ლეონსკაიას სახელობის გრანტი მიიღო.

გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებზე

ნიჭიერმა ქართველმა პიანისტმა პირველი ადგილი მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ არა ერთ საერთაშორისო კონკურსზე, რომელთა შორისაა: უილიამ ბერდის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ფლინტში, 2011 წელს მიჩიგანის შტატში ჩატარებული კონკურსი, კანკაკიში, ილინოისის შტატში, 2012 წელს გამართული ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი, ინდიანა პოლისში, ინდიანას შტატში, 2013 წელს გამართული “Indianapolis Matinee Musicale” სტიპენდიების კონკურსი, ფლიერის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ნიუ-პალცში, ნიუ-იორკის შტატში, 2013 წელს. “American Protege” საერთაშორისო კონკურსზე, 2014 წელს ნიუ-იორკში. 2015 წელს ქეთევანმა  ფინალისტის წოდება მოიპოვა სიეტლის საერთაშორისო კონკურსში, სიეტლში, ვაშინგტონის შტატში. 2017 წელს კი ქეთევან ქართველიშვილმა Blue Griffin-ის ჩამწერ კომპანიაში გამოსცა კომპაქტ-დისკი სახელწოდებით “The Chase”.   დისკის სახელწოდება „The Chase“- ქართულად დევნას ნიშნავს და კომპოზიტორ ბარტოკის პიესის სახელწოდებაა, რაც ტექნიკურად ურთულესი შესასრულებელია. პიანისტის განმარტებით, ეს შეიძლება ისე აიხსნას, როგორც წარმატებისკენ სწრაფვა…

-ქალბატონო ქეთევან, ამ ეტაპზე რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?

— არ დამავიწყდება დღე, როდესაც  წარვსდექი ყველა მუსიკოსისთვის საოცნებო „კარგენი ჰოლში“, რომელიც ჩვენთვის, ხელოვანი ადამიანებისთვის ფაქტობრივად, ოლიმპოა. ეს იყო 2014 წელს, როდესაც კარნეგი ჰოლში, (Weill Recital Hall) გამოვედი. სოლო კონცერტები მქონდა ჰესის სამემორიალო კონცერტების ციკლში, ასევე „PianoForte Foundation“-ში. მონაწილეობა მივიღე ჩიგაკოს ცნობილი რადიოს „WFMT“-ის პირდაპირ ეთერში გამართულ მარათონზე.

ქეთევან ქართველიშვილი პიანისტ ლექსო თორაძესთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად
ქეთევან ქართველიშვილი პიანისტ ლექსო თორაძესთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად

- როგორც მოწვეულმა არტისტმა, ამერიკის სხვადასხვა  შტატში მრავალი სოლო-კონცერტი გაქვთ ჩატარებული, რომელ სიმფონიურ ორკესტრებთან მოგიწიათ გამოსვლა?

— პირველად ეს იყო თბილისის სიმფონიური ორკესტრი, შემდეგ იყო კონცერტები: ფლინტის სიმფონიურ ორკესტრთან, კანკაკის სიმფონიურ ორკესტრთან, საუთ-ბენდის სიმფონიურ ორკესტრთან, ჰადსონის სიმფონიურ ორკესტრთან, პლიმუსის სიმფონიურ ორკესტრთან და Symphony of Oak Park and River Forest-თან ერთად.

- როგორია თქვენი ერთი რიგითი დღე ამერიკაში, ანუ  არა მუსიკალური პაუზების დროს რითი ერთობით?

— თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მიყვარს ბარში ან რესტორანში მათთან ერთად ყოფნა. ასევე ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა. ვესწრები სხვადასხვა შესანიშნავი მუსიკოსების კონცერტებს, ვათვალიერებ არაჩვეულებრივ მუზეუმებს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ სრულიად მარტოს მიხეტიალია ბუნებაში…

ქეთევან ქართველიშვილი
ქეთევან ქართველიშვილი

- თქვენ ამერიკელზე ხართ დაქორწინებული, როგორია თქვენი „Love story”?

— ჩემი მეუღლე, ჯერემი უილიამი გავიცანი რამდენიმე წლის წინ, ინდიანას უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდი. ისიც მუსიკოსია, თუმცა სხვა ჟანრის და მის მიმართ პირველივე შეხვედრისთანავე განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ასევე შესანიშნავი მზარეულია. ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს ყველანაირად. მისი დიდი სურვილია, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიო.

ქეთევან ქართველიშვილი მეუღლესთან, ჯერემი უილიამსთან ერთად
ქეთევან ქართველიშვილი მეუღლესთან, ჯერემი უილიამსთან ერთად

- გარდა ნიჭისა, ახალბედა პიანიტისთვის რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენსავით წარმატებული გახდეს?

— ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად პირველ რიგში, საჭიროა, როგორც ახსენეთ, დიდი ნიჭი, ამას გარდა, ძლიერი პედაგოგი (პედაგოგები) შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა, სიყვარული საკუთარი საქმის მიმართ. ასევე  დავამატებდი ძლიერ მატერიალურ მხარეს, რაც უდაოდ საჭირო ფაქტორია…

 პიანისტის სევდიანი ნოსტალგია

— პირველ რიგში, ძალიან მენატრებიან ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი პედაგოგები. ძალიან ხშირად მახსენდება ბავშვობა, საქართველოში გატარებული სტუდენტური წლები. სოფელი, სადაც თითქმის ყოველ ზაფხულს ვისვენებდი. ყოველივეს ამის გახსენება ჩემში განსაკუთრებულ სევდას იწვევს…

თემები:
ქართველები უცხოეთში (125)

მთავარი თემები