16:28 19 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1134
  • 100 RUB4.1226
  • USD2.7026
პოეტი დავით გაბისკირია

ორთაჭალის ციხე, ამერიკული დიპლომი, მართალი ლექსები და საკუთარ თავთან დაბრუნება

© Photo: courtesy of Dato Gabiskiria
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
957190

ცხოვრება სრული პაკეტით გაიარა: ბავშვობა ვერაზე გაატარა, სწავლა პოლიტექნიკურში, ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე დაიწყო. პოლიტიკური ბრალდებით ორთაჭალის ციხეც გამოიარა, რის შემდეგ მისი ცხოვრების ამერიკული პერიოდი დაიწყო.

პენსილვანიაში ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობდა, ბაკალავრის დიპლომი ფლორიდაში აიღო. ამერიკაში დაახლოებით შვიდი წელი იცხოვრა. წერს ლექსებს, გამოცემული აქვს სამი კრებული და ამჟამად მეოთხეზე მუშაობს. ეს მისი მოკლე დოსიე გახლავთ, უფრო ვრცლად საკუთარ ცხოვრებასა და განცდილზე დავით გაბისკირია თავად გვიამბობს.

დავით გაბისკირია და ირაკლი ჯაფარიძე
დავით გაბისკირია და ირაკლი ჯაფარიძე

- როგორი ადამიანია დავით გაბისკირია?

— ცოტა გაბნეული ადამიანია… დავით გაბისკირია იმ თბილისიდანაა, სადაც სხვა ურთიერთობა იყო და ხალხი ერთმანეთს სიყვარულით ექცეოდა. მამაკაცები რუსთაველზე მიმავალ მანდილოსნებს ქუდის მოხდით ესალმებოდნენ. ამ დროის თბილისელი ვარ, რომელიც მოესწრო: კომუნისტებსაც, ცუდ რეჟიმსაც და კარგ დროსაც.. ვფიქრობ, მე უფრო მეტ კარგს მოვესწარი, ვიდრე ჩემი შვილები, იმიტომ, რომ ნიაზ დიასამიძიდან დაწყებული ბევრი კოლორიტული თბილისელი, დოდო აბაშიძე და ძველი ვერელები მახსოვს. ვერაზე გავიზარდე, ბაბუას სახლი ჯანაშიას ქუჩაზე იყო. ის სახლი ახლაცაა იქ, უბრალოდ სხვები ცხოვრობენ. როცა მეხუთე კლასში ვიყავი ჩემმა მშობლებმა ბინა მიიღეს და ბახტრიონის ქუჩაზე გადავედით.

დავით გაბისკირია პოეზიის საღამოზე
დავით გაბისკირია პოეზიის საღამოზე

- ბატონო დავით, როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის ქართველი პოეტი?

— მე არ მჯერა იმ ადამიანების, ვინც ძალიან გამართულად და ლამაზად წერს, მაგრამ რეალურად სულ სხვაგვარად ცხოვრობს. უბრალოდ, სხვანაირი ცხოვრების სტილი აქვს. თუკი ადამიანი რასაც და რაზეც წერს, ისე არ ცხოვრობს, მაშინ მისი ნაწერი გულწრფელი ვერ იქნება. მე ქალი-პოეტების ჭკუის დამრიგებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ მამაკაცებზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მარტო ქაღალდზე კი არა, ცხოვრებაშიც უნდა იყვნენ რაინდები. პოეტის მერკანტილური დამოკიდებულებები ვერაფრით წარმომიდგენია.

- თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს პოეტების კატეგორია, რბილად რომ ვთქვათ, გულწრფელი არ არის?

— დიახ, ბევრი სწორედ პოზირებს, ბევრი მატერიალური სიდუხჭირის გამო წერს იმას, რაც უფრო გაყიდვადია. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, შეიძლება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა წიგნის მაღაზიაში იყიდოს პაულო კოელიოს რომელიმე წიგნი ან ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ და სიტყვაზე, გალაკტიონის ლექსებს არც შეხედოს. ლექსი ჩვენს რეალობაში, ქართულ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანია.

პოეტი დავით გაბისკირიას ლექსების კრებულები
პოეტი დავით გაბისკირიას ლექსების კრებულები

- რა პროფესიისაა პოეტი დავით გაბისკირია?

— გაგეცინებათ რომ გითხრათ იმდენ ინსტიტუტში ვსწავლობდი… თავიდან სწავლა პოლიტექნიკურში, ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე დავიწყე. 1987 წელს, გარკვეული პერიპეტიების გამო, პოლიტიკური ბრალდებით ორთაჭალის ციხეში აღმოვჩნდი. 1992 წელს გადავედი ამერიკაში, სადაც ბიზნესის ადმინისტრირება დავამთავრე. სწავლა დავიწყე პენსილვანიაში და 1997 წელს, ბაკალავრის დიპლომი ფლორიდაში ავიღე. სწავლის დროს თბილისში ჩამოვედი, რადგან მამიდა გარდამეცვალა და მეორე ღამეს, ვიღაცამ ბახტრიონის სახლში ბომბი დამიდო. ამის მერე, ისევ უკან, ამერიკაში დავბრუნდი. ამერიკაში დაახლოებით შვიდი წელი ვიცხოვრე.

დავით გაბისკირია და ირაკლი ახვლედიანი
დავით გაბისკირია და ირაკლი ახვლედიანი

- ბატონო დავით, რა მოგცათ ამერიკამ და რა გამოცდილება შეგძინათ?

— მე მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც უცხოეთში ცხოვრების სტილს არ წყალობენ. როცა ამბობენ, რომ ვიღაც ამდენი წელი ცხოვრობდა ამერიკაში და მერე ისევ უკან დაბრუნდაო- გულში ვფიქრობ: რახან ვერ გაძლო და დაბრუნდა, ჯიგარი ყოფილა მეთქი.

- რა არის ის, რაც უცხო ქვეყანაში ქართველს ვერ გააჩერებს?

— ამერიკა უზარმაზარი სამყაროა, სადაც ათასი ჯურის, რელიგიის ეროვნების და მენტალიტეტის ადამიანი ცხოვრობს. ის, რაც ქართველს უკან დააბრუნებს და იქ ვერ გააძლებინებს ეს-ტრადიციაა. უფრო სწორედ, იმ ქვეყანაში ტრადიციის უქონლობა, სისხლისმიერი ახლობლობის გაუფასურება. იქ შეიძლება ისე გავიდეს მთელი ცხოვრება, რომ ადამიანს ბიძაშვილი საერთოდ არ ჰყავდეს ნანახი. ჩვენთან კი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ბიძაშვილს ისე იცნობენ, როგორც ძუძუმტეს, ანუ ის თითქმის ძმას უტოლდება. ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა დედა წლების მანძილზე არ ნახოს- იქ კი ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც თბილი გრძნობა და მონატრება გაწუხებს, იქ არ შეიძლება მანძილმა დაგაყოვნოს. ამგვარი ურთიერთობის მოშლა, ვფიქრობ, მარტო მანძილისა და დროის  უქონლობის გამო არ ხდება. იმდენად ჩაკეტილები არიან საკუთარ ცხოვრებაში და ჩართულები რუტინულ ყოფაში, რომ ამის მოთხოვნილება საერთოდ არ გააჩნია. იქ სწორედ ეს დამაკლდა- ჩვენებური, თბილი ურთიერთობები…

დავით გაბისკირიას ვაჟის, გიორგის ილუსტრაცია
დავით გაბისკირიას ვაჟის, გიორგის ილუსტრაცია

- ლექსებს ამერიკაში უფრო ხშირად წერდით ნოსტალგიის გამო, თუ აქ წერთ?

— ლექსებს იქაც ვწერდი და აქაც ვწერ. საქართველოში მგონი, ყველა წერს. იმის ნიჭი, რასაც განიცდი ქაღალდზე გადმოიტანო-ყველა ქართველში დევს. სამი კრებული მაქვს გამოცემული და ახლა ვაპირებ, რომ მეოთხე გამოვცე. საამისოდ ცოტა დრო მინდა, რომ ხალხიც და საკუთარი თავიც ამოვასუნთქო. არც ისე დიდი ხანია, ჩემს ცხოვრებაში უცნაური რამ მოხდა. სიონის ეკლესიაში სტიქარი დიდი ხანი  მეცვა. მამა გიორგი ზვიადაძემ გამაცნო ერთ-ერთი სტიქაროსანი, ბატონი გიორგი (აიეტი) კუკავა, რომელსაც ჰოლდინგი აქვს. ამ კაცმა სამსახურში მთელი ჩემი ავკარგიანობით და 44 წლის მიუხედავად მიმიღო. ჩვენი ოფისი ჩემთვის ყველაზე საყვარელ კიროვის ბაღთანაა. დღეს, როცა ამხელი ცხოვრება გამოვიარე, უკვე ნამდვილად ვიცი, რომ მთავარი ღირსების შეგრძნებაა, ეს არის პიროვნების განმსაზღვრელი, ამოსავალი წერტილი, საიდანაც ადამიანმა უნდა განავითაროს ყველაფერი, რის გაკეთების სურვილიც აქვს…

 

მთავარი თემები