22:40 15 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0047
  • 100 RUB3.9453
  • USD2.6343
მაკო იოსელიანის ნამუშევარი

ცხოვრებაში ის საქმე უნდა აკეთო, რაც ბედნიერებას განიჭებს

Photo: courtesy of Mako Ioseliani
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
29840

მაკო იოსელიანი ხელოვანების ოჯახში გაიზარდა და გასაკვირი არც არის, რომ თავადაც ეს საინტერესო და მრავალფეროვანი გზა აირჩია.

მუსიკა, ხატვა, ძერწვა, ხელსაქმე — მაკოს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი ნამუშევრები ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა მნახველში, ამიტომ გადაწყვიტა მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ ექცია.

მაკო იოსელიანი
Photo: Courtesy of Mako Ioselian
მაკო იოსელიანი

– რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი?

— სახლი ჩემთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სითბოსთან და სიყვარულთან. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ნივთს, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოს, თავისი ისტორია და ადგილი აქვს. სახლში ადამიანი ყველაზე კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ყველა ადამიანი ცდილობს შეიქმნას გამორჩეული და განსხვავებული გარემო სახლში. ინტერიერში გამოყენებული ფერები, ფორმები და დეკორაციები გამოხატავს იქ მცხოვრებთა ხასიათს.

– რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახლში ფერად, ლამაზ დეკორაციას?

— ვფიქრობ, ხელნაკეთი დეკორაცია სახლს მეტ სიმყუდროვეს და ინდივიდუალურობას სძენს. ინტერიერის დეკორაციებით ადამიანი ცდილობს, თავისი სახლის ინტერიერი სხვებისგან გამორჩეული გახადოს. მით უმეტეს, თუ ეს დეკორაციები ხელნაკეთია. წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა მოდაში შემოვიდა უფრო ფერადი შტრიხების გამოყენება, რაც საშუალებას იძლევა ინტერიერში გამოვიყენოთ ბევრი ფერი და სხვადასხვა მასალის დეკორი ისე, რომ არ დავარღვიოთ მთლიანობა და შევინარჩუნოთ ბალანსი.

მაკო იოსელიანის ნამუშევარი
Photo: Courtesy of Mako Ioseliani
მაკო იოსელიანის ნამუშევარი

– როდის დაინტერესდით ხელნაკეთი ნივთების შექმნით, როდის აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში?

— ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. მუსიკა, ხატვა, ძერწვა, ხელსაქმე ჩემთვის ბავშვობიდან ძალიან ახლობელი იყო. დიდი ხანია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. განსაკუთრებით ბოლო ორი წელია გავაქტიურდი. მას შემდეგ, რაც ჩემი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ ვაქციე, სულ ვცდილობ განვვითარდე და მომხმარებელს სრულიად ახალი და მასზე მორგებული პროდუქცია შევთავაზო. ჩემს ნაკეთობებს უფრო ფუნქციური დატვირთვა მივეცი, რათა სილამაზის გარდა გამოსაყენებელიც იყოს.

– მხოლოდ სახლის დეკორაციებს ქმნით?

— სახლის დეკორაციების გარდა ვქმნი სამკაულებს სხვადასხვა მასალით და შერეული ტექნიკით, ორიგინალურ სურათის ჩარჩოებს, გულსაბნევებს, საყურეებს, სამაჯურებს, საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებს. 

მაკო იოსელიანის ნამუშევარი
Photo: Courtesy of Mako Ioselian
მაკო იოსელიანის ნამუშევარი

– სად ყიდით ამ ნივთებს?

— თავიდან ნივთების ახლობლებზე გაჩუქებით დავიწყე. შემდეგ, როცა დავინახე, რომ დიდი მოწონებით სარგებლობდა და მოთხოვნაც გაიზარდა ჩემს ნაკეთობებზე, გადავწყვიტე ფეისბუქ-გვერდი გამეკეთებინა, რომლის საშუალებით სრულიად უცხო ადამიანებმაც ნახეს ჩემი ნამუშევრები. ამჟამად ფეისბუქია ძირითადი საშუალება, საიდანაც ვყიდი ნამუშევრებს და ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებს. ასევე ვაბარებ რამდენიმე თემატურ მაღაზიაში.

– გაქვთ ნამუშევარი, რომელსაც არასოდეს გაყიდით და გააჩუქებთ?

— დიახ, ასეთი ნამუშევრები, რა თქმა უნდა, მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ჩემთვის არასდროს შემიქმნია, მათი რაოდენობა თანდათან იზრდება.

მაკო იოსელიანის შემოქმედება
Photo: Courtesy of Mako Ioseliani
მაკო იოსელიანის შემოქმედება

– რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად და რით არის ეს მასალა გამორჩეული?

— ძირითადი მასალა, რასაც ვიყენებ, არის ხე, თეთრი თიხა, ტყავი, თექა და წყლის საღებავები. ეს მასალები ეკოლოგიურად სუფთაა. რაც, ვფიქრობ, დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩამოთვლილი მასალების კომბინაციით შექმნილი დეკორაციები გამოდის ძალიან თბილი, სადა და სიმყუდროვესა და ორიგინალობას მატებს გარემოს.

– მხატვრობას რა ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში?

— ძალიან დიდი. ბავშვობიდან ვხატავ, დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, ვმუშაობ დიზაინერად და თავისუფალ დროს ვქმნი დეკორაციებს ჩემი ბრენდისთვის. მუდმივად ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. მუშაობის პროცესი საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმაოდ სასიამოვნო. განსაკუთრებით მაშინ, როცა კლიენტისგან დადებითი ემოცია მოდის და მისთვის ჩემ მიერ შექმნილი ნივთი ძვირფასი ხდება. ეს ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის და დიდ სტიმულს მაძლევს.

მაკო იოსელიანის შემოქმედება
Photo: Courtesy of Mako Ioseliani
მაკო იოსელიანის შემოქმედება

– ყველაზე მეტად რის ხატვა გსიამოვნებთ, რა მიმართულება გაქვთ არჩეული?

— კონკრეტული მიმართულება არ ამირჩევია. მიყვარს ბოჰემურ და ვინტაჟურ სტილში ნახატების და დეკორაციების შესრულება. ასევე ძალიან მსიამოვნებს საბავშვო და საახალწლო თემატიკაზე მუშაობა. მაქვს გაკეთებული ილუსტრაციები საბავშვო წიგნისთვის და რამდენიმე წიგნის ყდა გაფორმებული. ვხატავ აბსტრაქციებსაც. 

– რა არის ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?

— ვფიქრობ, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია იყო იმ ადამიანების გვერდით, ვინც გიყვარს და აკეთო ის საქმე, რაც ბედნიერებას განიჭებს.

მაკო იოსელიანი ქალიშვილთან ერთად
Photo: Courtesy of Mako Ioselian
მაკო იოსელიანი ქალიშვილთან ერთად

– თქვენი ნამუშევრების შემფასებელი, კრიტიკოსი და ამავე დროს ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

— ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ამავე დროს კრიტიკოს-შემფასებელი არის ჩემი მეუღლე, რომლის აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ასევე მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანის აზრი, რომელიც ფეისბუქის საშუალებით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

– სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…

— სამომავლოდ ვაპირებ ახალი ტექნოლოგიების დახმარებით დავხვეწო სამუშაო პროცესი, რაც საშუალებას მომცემს უფრო დიდ მასშტაბებზე გადავიდე და ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯო ავეჯის განახლებასა და მათი ინდივიდუალური დიზაინის შექმნაში.

მთავარი თემები