22:36 15 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0047
  • 100 RUB3.9453
  • USD2.6343
გიორგი დარჩიაშვილი

„ჰოლივუდის ხეივანში“ ქართველ მსახიობს ვარსკვლავი გაუხსნეს

© Photo: Courtesy of Giorgi Darchiashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
20781533

ორი დღის წინ აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. „ბედის ლატარია“, რომელსაც „ჰოლივუდის ბილიკი“ ჰქვია და ის ქართველმა მსახიობმა გიორგი დარჩიაშვილმა მოიგო.

ყველაფერი მოხდა შემთხვევით და ერთ რიგით დღეს, როცა ის სამუშაოსგან თავისუფალ დროს ჰოლივუდის ბულვარზე სეირნობდა…

სანამ ამ სასიხარულო ამბის შესახებ უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, შეგახსენებთ, რომ გიორგი დარჩიაშვილმა თეატრალური ინსტიტუტი თბილისში დაამთავრა და ის არაერთ ფილმშია გადაღებული. მსახიობმა ამერიკაში FBI-ს საოფიცრო კურსი დაამთავრა და დღეს ბევერლი–ჰილზის საიუველირო მაღაზიის დაცვის უფროსია. სულ ახლახან კი ბროდვეის ქუჩის უსაფრთხოებაც მას ჩააბარეს. როგორ მოხდა ლატარიაში მისი გამარჯვება, ამის გასაგებად ბატონ გიორგის ლოს-ანჯელესში დავუკავშირდით. 

გიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი

– ბატონო გიორგი, გილოცავთ ამ გამარჯვებას, ეს ფაქტი ალბათ უფრო იმიტომაცაა სასიხარულო, რომ თქვენ მსახიობი ხართ…

— გაოგნებული ვარ, ასეთი იღბლიანი რომ აღმოვჩნდი. როცა ორგანიზატორებმა გაიგეს, რომ მსახიობი ვარ, მათი მხრიდანაც ამ ამბავს სასიხარულო რეაქცია მოჰყვა. მერე მკითხეს, ვინ გინდა მოგილოცოს ეს დღეო. მე ვუპასუხე, ვინც მინდა მომილოცოს, ის უკვე ცოცხალი აღარ არის–მეთქი — მერლინ მონრო ვიგულისხმე.

– როგორ მოხდა ეს ამბავი, ანუ ლატარია სად შეიძინეთ?

— ალბათ არავინ დამიჯერებს… იმ დღეს თავისუფალი დღე მქონდა და „ვარსკვლავების ხეივანში“ დიდი ხანია არ გამივლია. გავედი — აქ ვარსკვლავის გახსნა ალბათ ყველა მსახიობის ოცნებაა. ასეთი ლატარეა თუ თამაშდებოდა, არც ვიცოდი. მოკლედ, ვსეირნობდი ბულვარზე, სადაც რიგი იდგა. ჯერ ვერ გავიგე რა ხდებოდა, მერე მითხრეს, რომ 50 დოლარად შემეძლო ლატარიის ბილეთის შეძენა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც გადავიხადე ეს თანხა. მერე გავიგე, რომ თურმე 8000 ბილეთი გაიყიდა 7 თვის განმავლობაში და პირველი გამარჯვებული მე აღმოვჩნდი… ასე უბრალოდ თუ მოხდებოდა ეს ამბავი, ნამდვილად არ მეგონა!

გიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი

– ანუ, ამ ლატარიის გამარჯვებულს ვარსკვლავების ხეივანში ვარსკვლავს უხსნიან?

— დიახ, ასეა. მე, როგორც გამარჯვებულს, გადმომცეს პატარა კონვერტი, სადაც ვარსკვლავი იდო. ჩემი გვარი ბოლომდე არ დაეტია და მათ ინგლისურად შემოკლებით Giorgi Darchi დაწერეს. ვარსკვლავს გამარჯვებულს ფესტივალის წინ უხსნიან. მე ვფიქრობ, ასეთი ჟესტით ისინი „უბრალო“ ხალხის მიმართ თავის პატივისცემას გამოხატავენ. როცა ახალ ფილმზე მუშაობა მომიწევს, რასაც უკვე ველოდები, ტიტრებში ჩემი გვარი ალბათ ასევე შემოკლებით დაიწერება.

გიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი

– ახლა ამ შემოთავაზებაზეც მოგვიყევით, რა ფილმში უნდა გადაგიღონ?

— ეს ფაქტი სასიამოვნოდ დაემთხვა ლატარიაში გამარჯვების ამბავს. ფილმის გადაღებები ივნისში დამეწყება, სცენარს თვის ბოლოს მომიტანენ. ამ ფილმის შესახებ უკვე ერთი თვის წინ ვიცოდი. საქმე ისაა, სამოცი წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე ჩემმა რუსმა აგენტმა ვალოდია კრუგლოვმა, რომელიც დიდი ხანია აქ ცხოვრობს, სიურპრიზი გამიკეთა. მე რუსეთში ხუთ ფილმში მივიღე მონაწილეობა და მას ნანახი ჰქონდა ეს ფილმები. ახალ ფილმს „ემიგრანტები“ ჰქვია და ის ყოფილ საბჭოთა კავშირის მსახიობებზეა. რეჟისორი ვოლფგანგ პეტერსონია, სწორედ ის, ვინც ცნობილი ფილმი „ტროა“ გადაიღო.

– აქვე მკითხველს შევახსენოთ თქვენი შემოქმედებითი წარსული…

— 1982 წელს თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. გია და ლეო ანთაძის ჯგუფში ვიყავი. ჩემი მეტყველების პედაგოგი და მხატვრული კითხვის პედაგოგი გურამ საღარაძე იყო. მქონდა დიმიტრი ალექსიძესა და ლილი იოსელიანთან ურთიერთობის ბედნიერება. სტუდენტობის დროს შექსპირის პიესაში „მეთორმეტე ღამე” მეზღვაურის როლი ვითამაშე. მერე ორი წელი ახმეტელის თეატრში ვიმუშავე. 1996-98 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის თეატრის სპექტაკლში „მედეა” მეფე იაზონი ვიყავი. რაც შეეხება კინოს, 12 ფილმში მივიღე მონაწილეობა. სხვადასხვა ფილმებში მუშაობა მომიწია ცნობილ რეჟისორებთან – გიორგი მეგრელიშვილთან, ნიკოლოზ სანიშვილთან, გიგა ლორთქიფანიძესთან, შაში კაპურთან, ისლამ კაზიევთან, გენადი ვასილევთან, მიხეილ  კალატოზიშვილთან, ალინა აბაშმაძესთან…

– როგორც ვხედავ, 2018 ყველაზე ბედნიერი წელი იქნება თქვენთვის, საერთოდ, როგორც ვიცი, იღბლიანი ხართ…

— დიახ, ჩემი დეიდაშვილი ბავშვობიდან „ყისმათას“ მეძახდა. როცა ლატარია მოვიგე, მისი სიტყვები გამახსენდა. ისე კი, ჩემი ოცნება იმ ვარსკვლავის გაბრწყინებაა, რომელსაც საქართველო ჰქვია…

მთავარი თემები