08:51 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
28530

დღეს პოეტი ქეთი დოლიძე მინდა ახლოს გაგაცნოთ, მასთან საუბრის პირველივე წუთიდან გაოცებული დარჩებით და გაიფიქრებთ: ასეთი ნამდვილი ადამიანები თურმე ჯერ კიდევ ყოფილანო...

ლექსებს მეოთხე კლასიდან წერს და იმ პერიოდში ჟურნალებში: “ნობათი“ და “ცისკარი“ იბეჭდებოდა. არის შვიდი კრებულის ავტორი და მისი ლექსები გერმანიაში გამოცემულ ქართველ მწერალთა კატალოგშია შეყვანილი. საკუთარ თავს პოეზიის კონკიას ეძახის… 2013 წლიდან “ზღაპრის სახლი“ დააფუძნა და ლიტერატურაში დაამკვიდრა ისეთი ტერმინი, როგორიცაა, თეთრი პროზა, რის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს…

ქეთევან დოლიძე
ქეთევან დოლიძე

- ქეთი, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ საკუთარ თავს პოეზიის კონკიას ეძახით, რატომ?

— მე ვარ პოეზიის კონკია და მართლა მაქვს 35 ზომა ვარდისფერი ქოში, რომელიც წლების წინ მეცვა. ერთი მათგანი გამიტყდა და ახლა კარადაში მიდევს. ჩემი ლექსების ერთ კრებულს „კონკიას ქოში“ ჰქვია… ვწერ ზღაპრებსაც. ერთი ზღაპარი მაქვს ბატონებზე, რომელიც ერთ ბავშვს შეუყვარდება. კიდევ დავწერე ზღაპარი მუხის ფოთოლზე, რომელსაც მშვიდობისა ჰქვია. ამ ფოთოლს ჩიტი და ბარტყები ათბობს. დღეს ზღაპრების გმირები დაგვაკლდა.. მე მჯერა ზღაპრის და ძალიან მიყვარდა ქართული ხალხური ზღაპარი “მეჩონგურე“. იმ ზღაპარში მეჩონგურემ გველეშაპი ატირა. როცა ამ ზღაპარს ვკითხულობდი სიხარულით ვტიროდი…

ქეთევან დოლიძე პრეზენტაციაზე
ქეთევან დოლიძე პრეზენტაციაზე

- ისე, მარტო საქართველოში შეიძლება, რომ „პოეზიის კონკია“ „ზღაპრის სახლის“ პრეზიდენტი იყოს…

— დიახ, ეს იყო 2013 წელს, როცა ეს სახლი დავაფუძნე და მისი პრეზიდენტის ვარ. იქიდან მოყოლებული მერიამ მხოლოდ ორჯერ დამაფინანსა. ჩვენს “ზღაპრის სახლში“ მეზღაპრეები მოდიან და ბავშვებს ზღაპრებს უკითხავენ. ბავშვები კი ამ ზღაპრებს ხატავენ. ადრე მათ სიურპრიზებს ვუწყობდით, ჩვენგან უსაჩუქროდ არავინ მიდიოდა, მაგრამ ახლა დაფინანსების გარეშე დავრჩი. ლამაზი შეხვედრა ჩავატარეთ თბილისის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც ჩვენი ადგილი გვქონდა. 2015 წელს შეხვედრები ტარდებოდა საჯაროში, ზღაპრების დისკებიც გამოვეცით. დღეს საქართველოში ბევრი მეზღაპრეა, ისინი საოცარ ზღაპრებს წერენ, მაგრამ მიჩუმათებული არიან და არ ხმაურობენ. კარგ ზღაპრებს წერს თამრიკო გაბროშვილი, ზღაპარ-ლექსებს თხზავს ლალი ჯაფარაშვილი, რომელიც გოგი ჭიჭინაძის დონის კლასიკოსია, მაგრამ ხალხი არ იცნობს. კიდევ გყავს ზღაპარ-მელექსე ნიკოლოზ იოსებიძე, მხიარულ და საყვარელ ლექსებს წერს ლიზი ბუდაღაშვილი, რომელიც სკოლის მოსწავლე იყო, როცა ჩემს “ზღაპრის სახლში“ მივიწვიე. სხვათაშორის ჩემი ქალიშვილი, მარი, ადრე ჩემზე უკეთეს ზღაპრებს წერდა. ერთი მათგანი დისკზეა ჩაწერილი. ახლაც წერე მეთქი ვეუბნები, მაგრამ სამი შვილი ჰყავს და ვერ იცლის.

ქეთევან დოლიძე
ქეთევან დოლიძე

- ქეთი, თქვენ გერმანიაში გამოცემულ ქართველ მწერალთა კატალოგში ხართ შეყვანილი, როგორ მოხდა ეს?

— დიახ, ეს კატალოგი გერმანიაში გამოცემული. იენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართველოლოგმა, ჰაინს ფენრიხმა ქართველ მწერალთა კატალოგში შემიყვანა. 1993 წელს ეს კაცი საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ “ნობათში“ და “ცისკარში“ ვიბეჭდებოდი და მან ჩემი ლექსები ამ ჟურნალებში ნახა. მოეწონა და შეიყვანა კატალოგში, რომელიც  გერმანიაში დაიბეჭდა.

- თქვენი მეუღლე ტრაგიკულად დაღუპული არაჩვეულებრივი პოეტი ზურაბ ჯაფარიძე იყო, თუ გამოიცა მისი ლექსების კრებული?

— ზურას წიგნი მისი სიკვდილიდან 15 წლის მერე დაიბეჭდა. როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები უკვე დაცვეთის პირას მქონდა იმდენი ვიარე, მაგრამ წიგნი მაინც გამოვეცი…

ქეთევან დოლიძე
ქეთევან დოლიძე

- თეთრი პროზა — ასეთი ტერმინი მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს, თქვენ ახსენეთ ის პირველად?

— თეთრი პოეზია, თეთრი ლექსი ხომ არსებობს, მაგრამ თეთრი პროზა ბუნებაში ოფიციალურად არ არის. ესაა პროზა, რომელშიც რითმები და რიტმია. თუკი არსებობს თეთრი ლექსი, ხომ შეიძლება დავამკვიდროთ თეთრი პროზაც ლიტერატურაში? თეთრი პროზა –ტროპის სახეებით დატვირთული მინიატურული პროზაა, სადაც იგრძნობა ლექსისთვის დამახასიათებელი რიტმი და რითმა. ამავე დროს თავისუფალი აზრი და პოეტური განწყობა. თქვენს მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას, რაზეა საუბარი, ერთ ამონარიდს შევთავაზებ:“ პირველი სიტყვა მოვისმინე როდესაც გავჩნდი – შაშვის გალობა. სამშობიაროს ფანჯარასთან გალობდა შაშვი და ვარდისფრად დაფრინავდნენ ნიავ–ქარები, ვხედავდი ფერად ანგელოზებს, მიწის აჩრდილსაც და დედის ხსენად მოწვეთავდა ცის პოეზია… თვალები მსველავს – ვთქვი ერთციდა, გახელილ გულში… შევკრთი, რადგანაც დამესივნენ სიტყვები უცხო:  თოვს, პატრონმკვდარი ამინდია, არავინ უწყის, როდის იდარებს – თან დაამატა, – ბიჭის მაგივრად, გაჩნდა გოგო…და მე ვტიროდი და მტკიოდა ჩასუნთქული ჰაერის ბურთი… რა უცხო იყო ის სიტყვებიც და ის ჰაერიც“.

- ხევსურეთში ზღაპრის საძებნელად ხომ არ მიდიხართ?

— რა ვიცი, შეიძლება კიდეც მოვიდეს ერთი ზღაპარი ბაცალიგოდან…

 

მთავარი თემები