13:21 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნათია თოდუა

ქართველი გოგო, რომელმაც გერმანული პრესა აალაპარაკა და მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი

© FB / Natia Todua
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (98)
5367100

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს ნათია თოდუას წარმოგიდგენთ.

მისით მას შემდეგ აღფრთოვანდნენ, როცა მაყურებელმა უჩვეულო, არავის მსგავსი ხმის ტემბრით ამღერებული გოგო იხილა. ეს ჯერ კიდევ საქართველოში იყო. მას შემდეგ ცხოვრებამ ბრძოლა ასწავლა, სიმღერა კი უცხო ქვეყანაშიც სცადა. რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და გერმანიაში მუსიკალურ პროექტში ამერიკელი მომღერლის ჰიტის Put A Spell On You შესრულების შემდეგ მასზე ალაპარაკდნენ… დღეს გერმანიაში ცხოვრობს და მუსიკალურ აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადება. ნათია თოდუას გერმანიაში დავუკავშირდით.

ნათია თოდუა
ნათია თოდუა

– ნათია, სცენაზე, სიმღერაზე თქვენც ბავშვობიდან ოცნებობდით?

— დავიბადე 1996 წელს თბილისში და შემდეგ აფხაზეთში გადავედით. ბავშვობის უმეტესი წლები აფხაზეთში გავატარე, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, სადაც არანაირი შესაძლებლობა არ მქონდა და თბილისზე ვოცნებობდი. მთელი ცხოვრება რუსულ ესტრადას ვუსმენდი, ოჯახში კი მეგრულ სიმღერებს ვმღეროდი. რაც თავი მახსოვს, სულ ვმღეროდი და კონცერტებს ვატარებდი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ამისთვის არ მიმიქცევია არც მე და არც სხვებს. 17 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ მინდა ჯაზი და ბლუზი ვიმღერო.

ნათია თოდუა „ვაკის პარკთან“ ერთად
ნათია თოდუა „ვაკის პარკთან“ ერთად

– დიდ სცენაზე თქვენი პირველივე გამოჩენა  წარმატებული იყო

— პირველი მუსიკალური პროექტი, სადაც სიმღერა ფაქტობრივად დავიწყე, იყო პროექტი „მაგთიფანი“, რომელიც 2013 წელს „მაესტროზე“ გადიოდა. მან უდიდესი გამოცდილება მომიტანა. სწორედ მაშინ გავიცანი ჯგუფი „ვაკის პარკი“, რომლის მომღერლებთანაც 2016 წლამდე ვთანამშრომლობდი. 2014 წელს იყო „X ფაქტორი“ საქართველოში და 2015 წელს უკრაინაში. პირველი „X ფაქტორი“ საქართველოში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. პროექტის ორგანიზატორებმა შემირჩიეს სიმღერა I put a spell on you, რომელიც 2017 წელს გერმანიაში ვიმღერე.

– ეს სიმღერა გერმანიაში შეასრულეთ, მაგრამ მანამდე როგორ მოხვდით ამ ქვეყანაში და რას საქმიანობთ?

— გერმანიაში ყოველთვის მსურდა სასწავლებლად ჩამოსვლა და რადგან დამოუკიდებლად სწავლის თანხებს ვერ გავწვდებოდი, გადავწყვიტე პირველი ეტაპისთვის ყველაზე რეალური გზა მეპოვა. ასეთი იყო 2016 წელს AU-PAIR-ის პროგრამა. ამ ეტაპზე ვაგვარებ ენის ინტენსიურ კურსებზე სწავლის საკითხს, რათა საუნივერსიტეტო დონე მივიღო და გერმანიის მუსიკალურ აკადემიაში მოვხვდე. ეს ამ ქვეყანაში ერთადერთი უფასო უნივერსიტეტია და სწორედ აქ მინდა მუსიკალური განათლება მივიღო.

– წელს გერმანიის მუსიკალურ პროექტში Voice ფლეგმატური გერმანელები აღაფრთოვანეთ და ჟიური ფეხზე წამოდგა…

— დიახ, 2017 წელს მივიღე გერმანიის მუსიკალურ პროექტში შესარჩევ ტურში მონაწილეობა, მაგრამ იქ პრობლემები შემექმნა… მათ მოგვარებაში ჩემი უსაყვარლესი ოჯახი დამეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. გერმანიაში გამოსვლის მერე ბედნიერი ვიყავი. გავოგნდი, როცა მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ იქ უკვე ბევრი მიცნობს. გერმანულ გაზეთებში ჩემ ინტერვიუს აქვეყნებდნენ და წერდნენ საქართველოს შესახებ, ამან ძალიან გამაკვირვა და გამახარა…

– ვინ არის ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა იქონია თქვენზე?

— ესაა დედაჩემი, ლალი ანჯაფარიძე, რომელიც ჩემთვის ცისარტყელასავით იყო შავ-თეთრ რეალობაში… ახლა ვხვდები, რომ  ბავშვურად აზროვნების და ქცევის უფლება არ მქონდა. დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ და ცხოვრებამ ბრძოლა მასწავლა…

– ანუ ვინ ხართ დღეს?

— დღეს ვინ ვარ?— ჩემი პასუხი ასეთი იქნება: ნათია არის გიჟი!..

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (98)

მთავარი თემები